ვიქტორ ორბანის განსაცდელი: მტრად ქცეული მეგობრის ამბავი - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ორბანის ეპოქა დაასრულოს - კვირის პალიტრა

ვიქტორ ორბანის განსაცდელი: მტრად ქცეული მეგობრის ამბავი - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ორბანის ეპოქა დაასრულოს?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებსაიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვიქტორ ორბანი უნგრეთს 15 წელია, მართავს, მაგრამ ახლა მისი ხელისუფლება ირყევა“ (ავტორი - ნიკ ტორპი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის შუქ-ჩრდილები და 2026 წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის - „ფიდესისა“ და ოპოზიციური „ტისას“ გამარჯვების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც მინიმუმი, 20 წლის განმავლობაში უტევს ლიბერალურ მსოფლმხედველობას და უნგრეთის „არალიბერალურ დემოკრატიად“ და „ქრისტიანული თავისუფლების ქვეყნად“ გადაქცევას ცდილობს. ამ ხნის განმავლობაში მან მთელ მსოფლიოში მრავალი მომხრე შეიძინა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსისა და საქართველოს პრმიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩათვლით. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს „ჭკვიან“ და „მკაცრ ადამიანს“ უწოდებს. „იგი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული პიროვნებაა, რომელიც ქვეყანას ძლიერი ხელით მართავს“, - ასე დაახასიათა ტრამპმა ორბანი 2024 წლის სექტემბერში.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2026 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, ვიქტორ ორბანმა, როგორც ჩანს, ისევ შეარჩია „ლგბტ-საზოგადოება“ თავის ერთ-ერთ სამიზნედ: მისმა პარტიამ - „ფიდესმა“ (FIDESZ), რომელმაც წარსულში სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, პარლამენტში ახალი კანონი გაიტანა, რომელიც გეი-აღლუმების (პრაიდების) ჩატარებას კრძალავს. და მაინც, აკრძალვის მიუხედავად, ამას წინათ ბუდაპეშტის ქუჩებში 100-დან 200-ათასამდე ადამიანი გამოვიდა. გასულ წელს გამართულ გეი-აღლუმში კი მხოლოდ 35-ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა.

როცა უყურებ, თუ როგორ მარშირებენ ადამიანთა მრავალათასიანი ჯგუფები გეი-პრაიდების მხარდასაჭერად, როგორ ითხოვენ თავიანთი სურვილების განხორციელებას და ლეგალურ მოქმედებას, ბევრ უნგრელს კითხვა უჩნდება: ხომ არ დადგა დრო, რომ ლიბერალური მსოფლმხედველობის მიმდევრებს საპასუხო დარტყმა მიაყენონ?

მაგრამ კითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, არასწორად არის დასმული: ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ნამდვილად აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ, მაგრამ არა მათი მხრიდან, ვისგანაც ეს მოსალოდნელი იყო.

ნამდვილი საფრთხე მომდინარეობს არა მემარცხენე ლიბერალებისაგან, არამედ -მემარჯვენე ცენტრისტებისაგან.

მოულოდნელი მეტოქე ყოფილი გარემოცვიდან

2024 წლის თებერვალში 44 წლის პეტერ მადიარმა, ვიქტორ ორბანის ყოფილმა თანამებრძოლმა, მოულოდნელად წამოაყენა საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ მეტოქედ. ეს მოხდა გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რომელიც პედოფილიაში ბრალდებული დამნაშავის შეწყალებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ეს ფაქტი იმდენად ნეგატიურად იქნა აღქმული უნგრეთის საზოგადოების მიერ, რომ ვიქტორ ორბანის თანაპარტიელი პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, რომელმაც იგი შეიწყალა, იძულებული გახდა, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გამოსვლისას პოსტიდან გადამდგარიყო. თანამდებობიდან, ასევე, გადადგა იუსტიციის მინისტრი იუდიტ ვარგაც (პეტერ მადიარის ყოფილი ცოლი). ამ ინციდენტმა ვიქტორ ორბანის, როგორც ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დამცველის იმიჯი სერიოზულად შელახა.

პეტერ მადიარმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ოპოზიციურ ვიდეოარხ Partizán-ს, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა მმართველი პარტია, ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ: ვიქტორ ორბანის საოცარი განცხადება - "რუსები სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ..."

სკანდალური სტატია: "როგორ გადაინაწილებენ მსოფლიოს ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი - ევროკავშირს არავინ არაფერს ჰკითხავს"

"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?

"მსოფლიო დაინგრევა, უკრაინა დაიშლება, ხელოვნური ინტელექტი უბედურებას მოიტანს, ამინდი კატასტროფული იქნება" - რას წერს ბრაზილიელი წინასწარმეტყველი, რომელსაც „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ შეარქვეს.

რობერტ პუჟერი, ოპოზიციონერი აქტივისტი და უპარტიოთა ინიციატივის „სამოქალაქო წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პეტერ მადიარი ფრთხილად მოქმედებს, რადგან მმართველი „ფიდესი“ და სამთავრობო მასმედია მის ლიბერალად და მემარცხენედ წარმოჩენას ცდილობს. „პეტერ მადიარმა ის ამომრჩეველი მიიმხრო, რომლებიც ადრე ვიქტორ ორბანის საყრდენს წარმოადგენდა, მაგალითად - სოფლის მცხოვრებლები. მას არ სურს, დაკარგოს სოფლის კონსერვატიული ელექტორატი, რომელიც ადრე „ფიდესის“ ამორჩევლებს წარმოადგენდნენ. ახლა მადიარი საკუთარ ძლიერ ნარატივს რეკლამირებს - „გადავარჩინოთ უნგრეთი, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში სუსტდება“.

ამჟამად ეროვნული გამოკითხვების შედეგად ირკვევა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ტისა“ (TISZA - Tisztelet és Szabadság Párt – „პატივისცემისა და თავისუფლების პარტია“), რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, ვიქტორ ორბანის „ფიდესს“ 9-18%-ით უსწრებს. მხოლოდ ერთადერთი ინსტიტუტი - მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ანალიტიკური ცენტრი Viewpoint Institute აცხადებს, რომ „ფიდესი“, მართალია, მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც ლიდერობს.

პეტერ მადიარი აქტიურად სარგებლობს ნეგატიური ფაქტებით - სახელმწიფო საავადმყოფოებისა და სკოლების ცუდი მდგომარეობით, ტრანსპორტისა და, საერთოდ, სოციალური სფეროს კრიზისული სიტუაციით. ვიქტორ ორბანის სტრატეგია, რომლის მიმართ ესოდენ აღტაცებას გამოხატავ(დნენ)ენ საზღვარგარეთ, საშინაოდ უკვე კრიტიკის ობიექტი ხდება. უნგრელები სულ უფრო უახლოვდებიან იმ ადამიანის გადაყენების დროს, რომელიც ქვეყანას ბოლო 15 წელია, მართავს.

სტრატეგია, რომელსაც ორბანი ეყრდნობა

უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის დაცემიდან 35 წელი გავიდა. 35-დან 19 წელი ვიქტორ ორბანი ხელისუფლებაში იყო. იგი ევროკავშირში ერთ-ერთ გამოცდილ ლიდერს წარმოადგენს. სხვათა შორის, „ფიდესი“ თავდაპირველად ლიბერალური პარტია იყო, მაგრამ ადრეულ 1990-იან წლებში თავის ფესვებს დაშორდა. ვიქტორ ორბანმა მისი ახალი იდენტობა ჩამოაყალიბა: კონსერვატიული, ნაციონალისტური და მემარჯვენე.

2015 წლიდან, როცა ევროპაში ლტოლვილების ნაკადი შეიჭრა, ვიქტორ ორბანი მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის. 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, უნგრეთის პრემიერი კიევის დახმარებას ეწინააღმდეგება და არ სურს უკრაინის მიღება ევროკავშირში.

ორბანის პოლიტიკური სტრატეგიის საკვანძო ელემენტი ყოველთვის იყო იმის უნარი, რომ ზუსტად განესაზღვრა - რისი ეშინია მის ამომრჩეველს. ამ სტრატეგიამ კარგად იმუშავა 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში.

ახლაც, უნგრეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - ბუდაპეშტის მცხოვრებლებთა დიდი ნაწილი ნეგატიურად უყურებს გეი-პრაიდის მომხრე-მონაწილეებს. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ კარგად სარგებლობს ამით და ავრცელებს პროვოკაციულ ფოტოსურათებს შიშველი ჰომოსექსუალებისა და პირების გამოსახულებით, რომლებიც არ ერიდებიან... საჯარო მასტურბაციას. აღსანიშნავია, რომ ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, მარიანა მაიორიშის განცხადებით, იგი ძალიან გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ გეი-პრაიდის მესვეურებმა მისი სიმღერები და ხმა აღლუმის მელოდიად გამოიყენეს. ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში მარიანა შეაქო და მის პროტესტს მხარი დაუჭირა.

2022 წელს ორბანის მთავრობამ არჩევნებთან ერთად „ბავშვთა დაცვის“ მიზნით, რეფერენდუმიც ჩაატარა კითხვით - „მხარს უჭერთ თუ არა საზოგადოებრივ სკოლებში სექსუალური ორიენტაციის გაკვეთილების ჩატარებას მშობელთა თანხმობის გარეშე“ და „მხარს უჭერთ თუ არა სქესის შეცვლის პროპაგანდას არარულწლოვანთა შორის?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3,7 მილიონმა უნგრელმა და აბსოლუტურმა უმრავლესობამ კითხვებს ნეგატიური პასუხი გასცა: „არ ვუჭერ“. შესაბამისად, ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგს ყოველთვის იყენებს მათ წინააღმდეგ, რომლებიც პრაიდს მხარს უჭერენ.

„გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს“

ვიქტორ ორბანის სტრატეგიის კიდევ ერთი საკვანძო მომენტია პრინციპი: „გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს“. ორბანმა ხელისუფლება დაკარგა 2002 წელს, მაგრამ თანამდებობაზე დაბრუნდა 2010 წელს და უკვე 2011-ში შეცვალა საარჩევნო კანონი, რომლის თანახმად დეპუტატთა რაოდენობა 386-დან 199-მდე შემცირდა, გააუქმა მეორე ტური და „ფიდესი“ საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტურ უმრავლესობად გადააქცია.

სანამ ოპოზიცია დაქსაქსული იყო და „ნამცეცებით იკვებებოდა“, „ფიდესმა“ მთელი ტორტი მიითვისა: 2014 წელს პარტიამ არჩევნებში ხმების 45% მიიღო, მაგრამ კანონის კიდევ ერთი ცვლილებით მას ადგილების 67% შეხვდა. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ ყველგან - საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში ლოიალური მოსამართლეები დანიშნა.

როგორ მოიპოვა ორბანმა მსოფლიო ლიდერების სიმპათიები

ვიქტორ ორბანი ქვეყანას და პარტიას მოკლე თეზისებისა და უბრალო მესიჯების მეშვეობით მართავს, რომლებიც ჩამოყალიბებულია დახურული გამოკითხვების შედეგად. გამოკითხვებს მისი მთავრობა უკვეთავს, რათა გაარკვიოს, რა აღელვებს მოსახლეობას. შემდეგ ორბანის მესიჯებს სახელისუფლებო მასმედია იყენებს და სოციალური ქსელებით ავრცელებს, იქმნება ე.წ. ექო-კამერის ეფექტი.

ზოგიერთი უცხოელი ლიდერი, როგორც ჩანს, აღტაცებულია ვიქტორ ორბანის მიდგომებით, მათ შორის არიან ტრამპისეული ამერიკული MAGA-ს მომხრეებიც. ისინი ორბანს, „მემარცხენე კულტურასთან“ დაპირისპირების გამო, აღმრთებენ.

სლოვაკეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, როგორც ჩანს, ასევე შედიან თავიანთი უნგრელი კოლეგის ერთგულ პოლიტიკოსთა რიგებში, მათთან ერთად კი ალისა ვაიდელი („გერმანული ალტერნატივა“), ჰერს ვილდერსი (ნიდერლანდების თავისუფლების პარტია) და ჰერბერტ კინკლი (ავსტრიის თავისუფლების პარტია).

მაგრამ ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ ორბანის პოპულარობის პიკმა საზღვარგარეთ მაშინ მიაღწია, როცა ქვეყნის შიგნით მისი პოზიციები მყიფე გახდა.

ეკონომიკა წინ არ მიდის

პეტერ მადიარი, პრაქტიკულად, შეუსვენებლივ დადის ქვეყანაში, აკრიტიკებს მთავრობას, რომ უნგრელ სახელმწიფო მოსამსახურეებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ მთელ ევროპაში. მისი ყოფნა საავადმყოფოებში, სკოლებში, მოხუცთა და მიუსაფართა სახლებში, ტრანსპორტში პირდაპირი ეთერით გადაიცემა სოციალურ ქსელებში. ფეისბუქში მას უამრავი მხარდამჭერი და გამომწერი ჰყავს.

„ჩვენ ახალ უნგრეთს ერთად ავაშენებთ, აგურ-აგურ!“, - აცხადებს მადიარი.

„დიახ, აგურ-აგურ!“ - სკანდირებს ხალხი.

„ფიდესის" პიარსპეციალისტები მადიარს „ყალბ მესიას“ და მოღალატეს უწოდებენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უნგრელებს იგი ალტერნატივას და ქვეყნის აღდგენის გზას სთავაზობს.

ვიქტორ ორბანმა შეცდომების დაშვება დაიწყო. მაგალითად, ამას წინათ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე კანდიდატს ჯორჯე სიმეონს, რომელიც ადრე უნგრელების წინააღმდეგ გამოდიოდა (რუმინეთში ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს, კომპაქტურად). მიუხედავად ამისა, ვიქტორ ორბანმა საჭიროდ ჩათვალა მისი მხარდაჭერა, რადგან სიმეონი მხარს უჭერდა იდეას - „ქრისტიანული ევროპა“. მაგრამ ჯორჯე სიმეონმა მოულოდნელად არჩევნების მეორე ტური წააგო.

გეი-პრაიდის წარუმატებელი აკრძალვა (ორბანი მომხრეებს დაჰპირდა, რომ აღლუმი არ ჩატარდებოდა) იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის გავლენა მცირდება.

მაგრამ ყველაზე მთავარ პრობლემას მაინც უნგრეთის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული გერმანიის ბაზარზე, განსაკუთრებით - გერმანული ავტომობილების წარმოებაზე უნგრეთში. ეკონომიკა სტაგნაციის ეტაპზე გადადის და ვიქტორ ორბანს არ შეუძლია ცხოვრების დონის მატების უზრუნველყოფა.

ოპოზიციურად განწყობილი ფილოსოფოსი ანდრაშ ლანცი, რომელიც თვლის, რომ ვიქტორ ორბანი მომავალ არჩევნებში, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვებს, ამბობს, რომ „ხელისუფლებაში ასე ხანგრძლივად ყოფნა მმართველი პარტიისადმი ნდობას ამცირებს. პარტიის ირგვლივ ჩნდება კონფლიქტური გარემო, რომლის შედეგად ქრება პატივისცემა და ერთგულების გრძნობა ანუ რაც ადრე მას აერთიანებდა, ახლა ის აღარ არის“.

ბრძოლა უნგრელთა გულებისათვის

ვიქტორ ორბანის დამარცხება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში უწყვეტად 15 წლის განმავლობაში იმყოფება, კოლოსალური მასშტაბის მოვლენა იქნებოდა.

„ორბანს აქვს თავისი ძირითადი ელექტორალური ბირთვის - ორი მილიონი ამომრჩევლის მობილიზების უნარი, მაგრამ ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის“, - ამბობს პოლიტოლოგი ზოლტან კისელი, რომელიც „ფიდესთან“ არის დაახლოებული.

პარტია „ტისასაც“ მხარს, დაახლოებით, ორ მილიონამდე ამომრჩეველი უჭერს. 2022 წლის არჩევნებში მონაწილეობა 5 მილიონზე მეტმა უნგრელმა მიიღო, რაც 69%-ს შეადგენს. ასე რომ, 2026 წლის არჩევნების ბედს, ალბათ, ის ადამიანები გადაწყვეტენ, რომლებსაც პოზიცია ჯერ არ აქვთ განსაზღვრული.

„ჩვენ ვეძებთ ისეთ პოლიტიკურ თემებს, რომლებიც 500 ათასიდან ერთ მილიონამდე ამომრჩეველს დააინტერესებს - სწორედ ამდენი ხმის მოზიდვა გვჭირდება, რომ ოპოზიციას ვაჯობოთ“, - განმარტავს ზოლტან კისელი.

2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ვიქტორ ორბანი პოზიციონირებდა, როგორც „მშვიდობის კანდიდატი“ და ამბობდა, რომ „ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევა სურდა“. ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა და წარმატებული აღმოჩნდა იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიას წარსულში უცხოური არმიები ხშირად იპყრობდნენ.

„2026 წლის არჩევნებში რუსეთ-უკრაინის ომის თემას ისევ შეუძლია ვიქტორ ორბანის სასარგებლოდ მუშაობა“, - თვლის ზოლტან კისელი.

თუ ომი არჩევნების თარიღამდე დასრულდება, ვიქტორ ორბანს - როგორც დასავლელ „პოლიტიკურ რეალისტს“ - შეუძლია ქულების დაგროვება იმ საფუძველზე, რომ ყველას აფრთხილებდა - უკრაინას რუსეთის ძლიერებისადმი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. და თუ ომი კვლავაც გაგრძელდება, „ფიდესს“ შეუძლია, გააძლიეროს კამპანია მანფრედ ვებერის - ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაწევას დასავლეთის მხრიდან. „ვიქტორ ორბანს ამ შემთხვევაშიც შეუძლია „მშვიდობის მტრედის“ სახით პოზიციონირება“, - აღნიშნავს ზოლტან კისელი.

ვლადიმერ პუტინთან თავის კარგ ურთიერთობას ვიქტორ ორბანი წარმოსახავს გარანტიად, რუსული იაფი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მისაღებად - უნგრელი მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები ემუქრება (თავის მხრივ ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირის ვერც ერთი სანქციის დაბლოკვა ვერ მოახერხა).

ვიქტორ ორბანის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ გამოკითხვებში „ტისა“ და პეტერ მადიარი ლიდერობას შეინარჩუნებენ. რობერტ პუჟერი თვლის, რომ ადრე თუ გვიან „ტისა“ აუცილებლად გაიმარჯვებს. „ამჟამად უნგრეთი გზაგასაყარზე დგას: არსებობს გზა ნახევრად ავტორიტარული და ნახევრად კონსტიტუციური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასასვლელად და არის დესპოტური გზა, რომელსაც საბოლოოდ დიქტატურის დამყარებამდე მივყავართ“, - ამბობს იგი.

მარტში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა „დასავლური სამყაროს გულის“ მოსაპოვებლადო, მაგრამ ზოგიერთები თვლიან რომ 2026 წლის არჩევნები იქნება ბრძოლა უნგრელთა გულების მოსაპოვებლად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო