"მორიგ მიუნჰაუზენობასთან გვაქვს საქმე" - კვირის პალიტრა

"მორიგ მიუნჰაუზენობასთან გვაქვს საქმე"

"1-ლი სექტემბრიდან ყველა პენსიონერის დაზღვევა აბსურდია, რადგან საამისოდ არანაირი რესურსი

არა აქვთ"

"სახელმწიფო კლინიკებს გაკოტრებისთვის წირავს"

2012 წლის 9 ნოემბერს, ანუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების გაცხადებიდან ერთ თვეში, ხელისუფლებამ ახალი საპენსიო და სადაზღვევო რეფორმის დაწყება ამცნო საზოგადოებას. პენსიონერების დაზღვევის იდეა პრეზიდენტს თურმე მას შემდეგ გასჩენია, რაც პრეზიდენტის დედას დაზღვევაზე უარი უთხრეს.

მიხეილ სააკაშვილი: "რამდენიმე ჩემს მეგობარს თუ ნათესავს რაღაც რომ წამოსტკივდა და დაზღვევა არ ჰქონდა, საავადმყოფოს ხარჯები 17, 18, 20 ათას ლარზეც ავიდა. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა და ვუთხარი დედაჩემს, რომ დაზღვეულიყო, თუმცა, ვერ დაეზღვია".

ინიციატივის თანახმად, 67 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსია 140 ლარამდე გაიზრდება და ყველა მათგანი თხუთმეტლარიან სადაზღვევო პაკეტს მიიღებს, დაზღვეული იქნებიან ასევე 5-წლამდე ასაკის ბავშვები. ლაპარაკია 800.000 მოქალაქის დაზღვევაზე.

როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, "2012 წლის ბიუჯეტში მოიძებნა რესურსი, რომლითაც 1-ლი სექტემბრიდან ყველა პენსიონერი იქნება დაზღვეული, - იგულისხმება უფასო მკურნალობა, ულიმიტო სასწრაფო ოპერაცია, უფასო სისხლისა და სხვა ანალიზები. უფრო მეტი განმარტებისთვის დავამატებ, - გაზრდილი პენსია, ანუ 140-დან 125 ლარი იქნება, ხოლო 15 ლარი სადაზღვევო თანხა... ამ ინიციატივისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 70 ათასი ლარი დაიხარჯება".

ტარიელ ლომინაშვილი, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე: - ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სამზარეულოს კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ მორიგ მიუნჰაუზენობასთან გვაქვს საქმე. ყველა მთავრობის დროს, მათ შორის შევარდნაძის პერიოდსა და მოგვიანებით "ვარდების" მთავრობაში, ჯანდაცვისა  და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სამსახურები ხალხისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს არჩევნებს ახმარდნენ. შორს წასვლა არ არის საჭირო, რომ სააკაშვილის მთავრობის დაპირებებზე იმსჯელოს კაცმა. ჯერ წინა არჩევნებზე დაპირებული 5-ლარიანი პაკეტი რად ღირს! ამ ინიციატივის გაცხადებიდან ზუსტად ერთ თვეში თქვეს, შეგვეშალა 5-ლარიანი პაკეტი თურმე ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დაზღვევას, აი, 20-ლარიანი კი ნამდვილად ქმედითი იქნებაო. ოკლედ, ყველა რეფორმა შეეშალათ და ყველაფერში მოტყუვდნენ. 1-ლი სექტემბრიდან ყველა პენსიონერის დაზღვევა აბსურდია, რადგან საამისოდ არანაირი რესურსი არა აქვთ.

- გილაურმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 70.000 ლარი მოიძებნა.

- ჭკუასუსტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, 800.000 კაცის სადაზღვევო უზრუნველყოფას 70.000 ლარი რომ ვერ გასწვდება. ამ პაკეტით, ესენი ხალხს რომ ჰპირდებიან, ერთი პენსიონერისთვის, სულ ცოტა, 500 ლარია საჭირო. გამოდის, 400 მილიონი ლარი ფინანსური უზრუნველყოფის სახით უკვე ჩადებული უნდა იყოს ბიუჯეტში.

- ყველა პენსიონერს და 5 წლამდე ასაკის ბავშვს ასე ერთბაშად ხომ არ დასჭირდება მკურნალობა?

- უსახსრობის გამო უმეტესობა დიდი ხანია მოკლებულია ექიმთან ვიზიტისა და გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობას, ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, საავადმყოფოებს მიაწყდებიან. სამკურნალოდ თუ არა, გამოკვლევებზე მაინც 800.000 დაზღვეულისგან 300.000 აუცილებლად მოინდომებს სადაზღვევო პაკეტით სარგებლობას.

ამ დაპირების შესრულება წარმოუდგენელია სხვა მიზეზის გამოც, - სრულიად მოშლილია პირველადი ჯანდაცვა, მას არა აქვს ისეთი გამტარუნარიანობა, რომ ამდენი ხალხი ერთბაშად მიიღოს და სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევით უზრუნველყოს. გარდა იმისა, რომ ეს ცრუდაპირება და მოქალაქეების მოტყუებაა, ხელისუფლება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთაც სახელმწიფო პროგრამის მომსახურება დაევალებათ, გაკოტრებისთვის წირავს.

ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად დაამუღამა სამედიცინო დაწესებულებების გადაგდების სქემა, - ხშირად სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების საფასურს არ უხდიან. მე შენ გეტყვი, პასუხს მოსთხოვს ვინმე?

არადა, პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების საფასურს საავადმყოფოებს საგადასახადო სამსახური შესრულებულ სამუშაოებში უთვლის და შესაბამის საგადასახადო ვალდებულებასაც აკისრებს. მას შემდეგ, რაც მომსახურების საფასური შესრულებულ სამუშაოებში აღირიცხება, მონაცემები საგადასახადოს გადაეცემა, რომელსაც სულ არ აინტერესებს, ჩაურიცხა თუ არა სახელმწიფომ ფული ამა თუ იმ კლინიკას. გადაუხდელობა აუცილებლად გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების ზრდას და საბოლოოდ კლინიკების გაკოტრებას. ბევრი დაწესებულება გაკოტრებულია და ვისაც ჯერაც სული უდგას, იმასაც გააკოტრებენ!