დიდი ქართული სენსაცია - სად "გაქრა" აშოტ კურაპალატის საფლავი?!
ჩვენი ისტორიული სამშობლო და ტკივილი ტაო-კლარჯეთი. თაობები ისე წავიდნენ, რომ მისი თვალის მოკვრის საშუალებაც არ ჰქონდათ. ჩვენ კი იმ თაობის ვართ, რომელთაც, საბედნიეროდ, მისი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცა. პარალელურად იმის მოწმეც გავხდით, რომ ისტორიული საქართველოს ამ ძეგლების არქეოლოგური შესწავლა დაიწყო. 2007 წლიდან ამ სამუშაოებს წარმოშობით ქართველი ადგილობრივი არქეოლოგი, ვანის უნივერსიტეტის პროფესორი ოსმან აითექინი უძღვებოდა. ამიერიდან ეს საქმეც, სავარაუდოდ, არაერთ ჩვენს საიდუმლოს მოჰფენს ნათელს. პროფესორ აითექინთან შეხვედრის საშუალება კი ისტორიის დოქტორ ბუბა კუდავას ჰქონდა. ამჯერად გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს და პირველ სენსაციასაც - აშოტ კურაპალატის საფლავი ტაო-კლარჯეთში იქ არ აღმოჩნდა, როგორც აქამდე "ქართლის ცხოვრება" გვიყვებოდა. წარმოშობით ქართველ არქეოლოგს არტანუჯში აშოტ კურაპალატის ეს საძვალეც ცარიელი დახვდა. რა მოხდა? სად გაქრა ბაგრატიონთა მამამთავრის, აშოტ კურაპალატის საფლავი? მისი შთამომავლების - თამარ მეფისა თუ სხვა მეფეების საფლავების მსგავსად, ვერც მის ზუსტ ადგილმდებარეობას მიაკვლიეს ჯერჯერობით!
- რეგიონი, რომელსაც პირობითად, ძირითადი პროვინციების მიხედვით, ტაო-კლარჯეთად მოვიხსენიებთ, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. აქ სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ასეულობით ძეგლია: ეკლესია, მონასტერი, ციხე, ნაქალაქარი, ნასახლარი... დიახ, არ მოგესმათ, ასეულობით! და ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ძეგლები, და წარმოიდგინეთ, ასეთი მდიდარი მხარე არქეოლოგიურად დღემდე, ფაქტობრივად, შეუსწავლელია! გათხრები (ხანდახან, სამწუხაროდ, არცთუ კვალიფიციური), ისიც თითებზე ჩამოსათვლელ ძეგლებზე, მხოლოდ ბოლო პერიოდში, სულ 20 წელიც არ არის, რაც დაიწყო. პირველი ასეთი ობიექტი სათლეს (სათლელის) ციხესიმაგრე იყო, რომელსაც დღეს შავშეთის ციხედ ("შავშათ-ქალე") მოიხსენიებენ. ეს საფორტიფიკაციო კომპლექსი შავშეთის პროვინციის ერთ-ერთი გამორჩეული სიმაგრეა - მასშტაბითაც, უკეთ დაცულობითაც და არსებობის უწყვეტობითაც (გამოიყენებოდა ოსმალურ პერიოდშიც). გვიან შუა საუკუნეებში სათლეს ციხე, მიმდებარე ქალაქური ტიპის დასახლებით, შავშეთის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. 2007 წლიდან აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს ადგილობრივი არქეოლოგი, ვანის უნივერსიტეტის პროფესორი ოსმან აითექინი უძღვებოდა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად გაიწმინდა და გამოვლინდა ციხის ტერიტორიაზე არსებული არაერთი ნაგებობა: დარბაზული ეკლესია, მარანი, სამტრედე, სასახლე და სხვ.
ბატონი ოსმანი ეთნიკურად ქართველია. წარმოშობით ის სწორედ შავშეთიდან, იმერხევის ერთ-ერთი სოფლიდანაა (იმერხევი, დაახლოებით 20 სოფლით, ამ რეგიონში ქართველებით კომპაქტურად დასახლებული ყველაზე დიდი მხარეა). უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაოები პროფესიულად არის შესრულებული. გამოვლინდა დიდძალი არქეოლოგიური მასალა, ჩატარდა საკონსერვაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები ძეგლის ტურისტულად გამოყენების მიზნით. დროდადრო ოსმან აითექინი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგებს ჩვენ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, სახელწოდებით "ტაო-კლარჯეთი" გვაცნობდა.
2013 წლიდან არქეოლოგიური გათხრები წარმოებდა იშხანშიც, ტაოს ორი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთში. აქ სარესტავრაციო სამუშაოების მოსამზადებელმა ეტაპმა, ამაღლებული მიწის ფენის მოხსნამ ტაძარსა და მის გარშემო არქეოლოგების ჩართვის აუცილებლობა დააყენა. მათი მონაწილეობა თავიდანვე იყო საჭირო, რაც აგვარიდებდა უხეშ შეცდომებს, არქეოლოგიური ფენების დაზიანებას, არტეფაქტების გაბნევასა და განადგურებას. პროცესიც უფრო დოკუმენტირებული იქნებოდა. სამუშაოებს რიზეს მუზეუმი კურირებდა. საბოლოოდ, გამოვლინდა ტაძრის უნიკალური იატაკი, ორი უცნობი ეკლესია ეზოს დასავლეთ მონაკვეთში, ძალზე საინტერესო რელიეფით შემკული ტიმპანი - სარკმლის ან კარის ნიში. აქვეა დღეს უკვე დაცული მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, მათ შორის, ტიმპანიც.
პირად საუბრებში ბატონ ოსმან აითექინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი გეგმები ტაო-კლარჯეთის უძველეს პოლიტიკურ ცენტრს - ციხე-ქალაქ არტანუჯს უკავშირდებოდა. ერთგვარ შემაფერხებელ გარემოებად ჩანდა, რომ ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორია, რომელიც ციხის ქვეშ, ფერდობზე მდებარეობს, დღემდე ინტენსიურადაა განაშენიანებული. აქ თანამედროვე არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) გარეუბანია, მოძველებული კერძო სახლებითა და ვიწრო ქუჩებით.
ალბათ, ამ მიზეზით არქეოლოგიური სამუშაოები ნაქალაქარის განაპირას, გალავანთან განმარტოებით მდგარი ეკლესიის ნანგრევების გათხრით დაიწყო. ეს ტაძარი მეტ-ნაკლებად კარგად იყო დაცული 1904 წლისთვის, როცა ის ნიკო მარმა შავშეთ-კლარჯეთში თავისი ცნობილი მოგზაურობისას აღწერა. გვაქვს იმდროინდელი ფოტოც, სადაც ჩანს, რომ ნაგებობას მართალია გუმბათი უკვე ჩამოქცეული ჰქონდა, მაგრამ კედლები თითქმის სრულად იყო მოღწეული. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ტაძარი საგრძნობლად დაზიანდა და დღეისათვის კედლები ლამის საძირკვლამდეა დასული. კედლის ერთადერთი, სასწაულებრივად შერჩენილი მაღალი და ვიწრო ნაწილი დღემდე სვეტივით ადგას ნანგრევებს.
2023 წლის გაზაფხულზე, როცა პანდემიის შემდეგ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შესაძლებლობა კვლავ მომეცა, ქართველ მკვლევართაგან, ალბათ, პირველს მერგო პატივი გათხრების შედეგები და იატაკის დონემდე სრულად გაწმენდილი ტაძარი მენახა (როგორც ჩანს, სამუშაოები წინა წელს იყო). ნანგრევების სრულად გამოჩენამ გარკვეული კორექტივი შეიტანა ეკლესიის გეგმაში. გარდა ამისა, გამოვლინდა აქამდე უცნობი, საკმაოდ დიდი წყლის რეზერვუარი, რომელიც უშუალოდ ეკვრის ტაძარს. არტანუჯის ქალაქის ეკლესიას ქართველი ხელოვნებათმცოდნეები IX-X საუკუნეთა მიჯნით ათარიღებენ, თუმცა ბატონი ოსმანი ფიქრობს, რომ ის შესაძლოა უფრო ადრეულიც იყოს.
- შესაძლოა მართლაც არის უფრო ადრეული, საქართველოში დიდებული ტაძრების მშენებლობა ხომ ბევრად ადრე დაიწყო. მაგალითად, ბოლნისის სიონი V საუკუნეშია აშენებული.
- დიახ. უკვე შარშან გათხრებმა ნაქალაქარიდან არტანუჯის დედაციხეზე აინაცვლა, ამ წლის აპრილში კი არტანუჯის ციხეზე ასვლისა და ეკლესიაზე უკვე ჩატარებული გათხრების დათვალიერების საშუალება მომეცა. პეტრე-პავლეს სახელობის არტანუჯის ციხის ეკლესია უპირველესად იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იქ, "ქართლის ცხოვრების"“ცნობით, დაკრძალულია არტანუჯის განმაახლებელი და მისთვის "ახალი სიცოცხლის" მიმცემი, ტაო-კლარჯეთში ახალი ქართული პოლიტიკური ერთეულის (ცენტრით არტანუჯში) დამაარსებელი, ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი აშოტ კურაპალატი. აქ პირველი სამუშაოების, ტაძრის პირველი გათხრების ფოტო ბატონი ოსმანის ფეისბუკპოსტის წყალობით ვიხილე. მაშინაც და ადგილზე ნახვისასაც პირველი რეაქცია გაოცება იყო. გაცილებით დიდი ყოფილა, ვიდრე აქამდე გვეგონა! აღმოჩნდა, რომ არტანუჯის ციხის IX საუკუნის დამდეგის დარბაზულ ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან არცთუ მცირე ზომის მინაშენები ჰქონია, რომლებიც მიწით იყო დაფარული, აქამდე კი მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე იკითხებოდა.
ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, რომ ჩრდილოეთის ის მინაშენი, რომელიც აქამდე თითქმის უცილობლად აშოტ კურაპალატის საძვალედ და აკლდამად ცხადდებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, წყლის რეზერვუარი ყოფილა. ამაზე მისი მასშტაბი, სიღრმე, საგანგებოდ ამოლესილი კედლები და იატაკის დონეზე დატანებული წყლის მილი მეტყველებს.
თუმცა სამხრეთის მინაშენში აღმოჩნდა ერთი მოკრძალებული ზომის სამარხი, საგანგებოდ ამოყვანილი კედლებით, რომელიც ტაძრის სამხრეთ მინაშენში გამოვლინდა. თითქოს აქ შეიძლებოდა გვეგულისხმა აშოტის საძვალე, თუმცა უცნაურია, რომ ბატონი ოსმანის ინფორმაციით, ის აბსოლუტურად ცარიელი აღმოჩნდა. ვისთვის იყო სამარხი განკუთვნილი? არავინ დაკრძალულა თუ მოგვიანებით გაიძარცვა? ხომ არ გადაასვენეს ძვლები სხვა ადგილას? ეს ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვებია. მაშ, სადაა საფლავი აშოტ კურაპალატისა, რომლის დაკრძალვას ციხის ეკლესიაში ასე პირდაპირ მიუთითებს წერილობითი წყარო?! ვფიქრობ, პირველ რიგში, ბოლომდე უნდა იქნეს შესწავლილი ტაძრის ქვედა ფენები, უნდა გაისინჯოს როგორც ყველა მინაშენი (ეგვტერი, სტოა), ისე ტაძრის ძირითადი ნაწილი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უწინ წარჩინებულები, მათ შორის მეფე-მთავრებიც, როგორც წესი, არა მთავარ სივრცეში, არამედ ეგვტერებსა და საგანგებოდ მოწყობილ საძვალეებში იკრძალებოდნენ. ერთი დაშვებით ესეც შეგვიძლია ვიფიქროთ: ხომ არ დაკრძალეს აშოტი საკუთრივ ქალაქში, "ციხე-ქალაქში", რომელიმე ეკლესიაში? თუმცა, მეორე მხრივ, წყაროს ავტორი, სუმბატ დავითის ძე (თავადაც ბაგრატიონი) იმდენად დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ აშოტი ციხის ეკლესიაში დაიკრძალა, თითქოს ეჭვი არ უნდა დარჩეს, რომ იგულისხმება სწორედ დედაციხე და მისი ეკლესია. არტანუჯის დედაციხეზე კი ეს ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც, არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, სწორედ აშოტის მოღვაწეობის პერიოდით თარიღდება. დიდი ალბათობით, სწორედ აშოტის სასახლის ნაშთი უნდა იყოს მოზრდილი შენობის ის ნანგრევები, დედაციხის უმაღლეს ნაწილში დღემდე რომ არის შემორჩენილი.