ურანის კონტრაბანდაში 3 მლნ დოლარის გადამხდელს იმედია, მისი „გამოყენება“ ბათუმშივე არ სურდა - სპეცოპერაცია აჭარაში და ურანის კონტრაბანდის ქრონოლოგია საქართველოში
ისევ ურანის კონტრაბანდა და ისევ ბათუმში - და ისევ... რისთვის?
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაფაციცებით ცდილობს გაერკვეს, თუ რა ბედი ეწია ირანის 60 %-მდე გამდიდრებული ურანის 408 კგ-ს, ჩაიმარხა ის ამერიკული დაბომბვების შემდეგ მიწისქვეშა ლაბორატორიებში თუ ირანელებმა მოასწრეს მისი გადამალვა დაბომბვებამდე, მოულოდნელად,საქართველოს ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო კურორტზე - ბათუმში ურანის კონტრაბანდისტებს აკავებენ...
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის - ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა. აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის", - აცხადებენ სუს-ში და ბევრ კითხვას ბადებენ...
ოფიციალურ განცხადებაში რატომღაც არ არის დაკონკრეტებული, თუ ურანის რომელი რადიოაქტიური იზოტოპი ამოიღეს, რამდენად იყო ის გამდიდრებული, რა სიმძლავრის ალფა და გამა გამოსხივება ჰქონდა.
ამის გარეშე ძალიან ძნელია იმის მტკიცება, თუ რამდენად საშიში იყო თუ არა ამოღებული ურანის შემცველი მასალა, იყო ის განცალკევებული თუ რომელიმე ხელსაწყოს შიგთავსის სახით...
ნებისმიერი რადიოაქტიური ნივთიერება, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დიდ საფრთხეს. არა იმიტომ, რომ მისი გამოყენებით ბირთვული აფეთქების მოწყობა შეიძლება, არამედ - „ჭუჭყიანი ბომბის“ დამზადების საფრთხის გამო, როდესაც ჩვეულებრივი, მაგალითად, ტროტილის აფეთქება რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში გაფანტავს რადიოაქტიური ნივთიერების ნაწილაკებს და რადიაციულად დააბინძურებს კონკრეტულ ტერიტორიას, რაც ძალზე სახიფათოა მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისების შემთხვევაში.
მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომში, მართალია, რუსეთს არ გამოუყენებია ბირთვული იარაღი, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე მაინც გაზრდილია რადიაციული ფონი, რადგან მეოთხე წელია, მიმდინარე ბრძოლებში ორივე მხარეს ათი ათასობით განადგურებული სამხედრო ტექნიკიდან გაიფანტა რადიოაქტიური ელემენტების (რომლებიც სხვადასხვა ხელსაწყოში გამოიყენებოდა) ნაწილაკები, რასაც დაემატა გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სატანკო ჟავშანგამტანი ჭურვების მოქმედებებიც...
ურანის კონტრაბანდაში 3 მლნ დოლარის გადამხდელს იმედია, მისი „გამოყენება“ ბათუმშივე არ სურდა.
ისე კი, ბათუმი პირველად არ ფიგურირებს საქართველოში „ურანის კონტრაბანდის“ ქრონიკაში...
საკუთარ ისტორიას გავიხსენებ - 2004 წელს ბათუმში, მწვანე „ჟიგულის“ საბარგულში, რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი ხელსაწყო აღმოაჩინეს და ეს „ჟიგული“ თავის საშიშ ტვირთთან ერთად მცხეთის ყოფილი ატომური რეაქტორის ობიექტზე ჩამოიყვანეს. მაშინ მომეცა საშუალება გამეზომა რადიაციული ფონი უშუალოდ მანქანის საბარგულში და შედარებისთვის... გაჩერებული ატომური რეაქტორის გულში კიბით ჩავედი 1,5 წთ-ით... შეგრძნება იმისა, თუ სად ვიმყოფებოდი, ძალზე დამრთგუნველი გახლდათ, მაგრამ ეს საშიში ექსპერიმენტი ღირდა - „ჟიგულის“ საბარგულში მოთავსებული რადიაქტიური ნივთიერების შემცველი ხელსაწყოს რადიაციული ფონი უფრო მეტი გახლდათ, ვიდრე - გაჩერებული ატომური რეაქტორის გულში!
ქვემოთ გთავაზობთ საქართველოში ამოღებული რადიაქტიური ნივთიერებების არასრულ ჩამონათვალს, რომელშიც ბათუმი რამდენჯერმე ფიგურირებს:
2006 წელი:
1-ლი თებერვალი, თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 110 გრამი. დაკავებულია ხუთი პირი (ერთი რუსეთის და ოთხი საქართველოს მოქალაქე). ურანი ჩამოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.
17 ივლისი, ბათუმი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (თურქეთის მოქალაქე), ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
1-ლი აგვისტო, ბათუმი. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1,5 კგ. დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
2007 წელი:
9 ივნისი, ბათუმი. ამოღებულია გაუმდიდრებელი ურანი, 14 გრამი. დაკავებულია ორი პირი (უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები). ურანი, სავარაუდოდ, მოპარულია რუსეთის ფედერაციაში.
24 ოქტომბერი, ბათუმი. მომწამვლელი ნივთიერება (ასაღებდნენ რადიოაქტიურად). დაკავებულია სომხეთის ოთხი მოქალაქე. ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.
2 ნოემბერი, ქ. ზუგდიდი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
2008 წელი:
14 ოქტომბერი, თბილისი, "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია მცხეთის საცავიდან.
5 დეკემბერი, თბილისი. პროფილაქტიკური მუშაობის შედეგად ამოღებულია ""ცეზიუმ-137"-ის წყარო. არავინ დაუკავებიათ.
2010 წელი:
11 მარტი, თბილისი. ამოღებულია მაღალგამდიდრებული ურანი, 17 გრამი. დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი სომხეთის მოქალაქე). ურანი შემოტანილია სომხეთიდან.
12 ნოემბერი, თბილისი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
2011 წელი:
3 თებერვალი, ქობულეთი. ამოღებულია "ევროპიუმ-152"-ისა და "ირიდიუმ-192"-ის წყაროები, დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერებები მოპარულია ქუთაისში.
4 აპრილი, სოფელი აღაიანი. "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია საქართველოში, რუსული სამხედრო ბაზიდან (ვაზიანი).
2012 წელი:
6 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი 36 ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
5 აპრილი, სამტრედია. გაუმდიდრებელი ურანი, საერთო წონა 1 კგ. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
10 აპრილი, ბათუმი. სხვადასხვა ნივთიერება ("ცეზიუმ-137"-ის, "კობალტ-60"-ის, "ამერიციუმ-241"-ის წყაროები). დაკავებულია სამი პირი (ერთი საქართველოს და ორი თურქეთის მოქალაქე). ნივთიერებები შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
20 აპრილი, ბათუმი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი სამი ამპულა. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
17 ივნისი, ზუგდიდი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ცხრა ამპულა. დაკავებულია ოთხი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
17 ივნისი, ქობულეთი. ამოღებულია "ცეზიუმ-135"-ის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ერთი პირი (საქართველოს მოქალაქე). ნივთიერების წარმომავლობა ვერ დადგინდა.
2013 წელი:
29 მაისი, სამტრედია. ამოღებულია "სტრონციუმ-90"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.
25 სექტემბერი, დაბა ბეთანია. ამოღებულია "ამერიციუმ-241"-ით დაფარული 12 ფირფიტა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება მოპარულია თბილისში.
2014 წელი:
1-ლი აგვისტო, სოფელი სადახლო. ამოღებულია "ცეზიუმ-137"-ის წყარო. დაკავებულია ორი პირი (სომხეთის მოქალაქეები). ნივთიერება შემოტანილია სომხეთიდან.
2015 წელი:
11 აგვისტო, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 135"-ისა და "ცეზიუმ 137"-ის ნარევის შემცველი ორი ამპულა. დაკავებულია ხუთი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერება, სავარაუდოდ, შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან.
2016 წელი:
5 იანვარი, თბილისი. ამოღებულია "ცეზიუმ 137"-ის წყარო. დაკავებულია სამი პირი (საქართველოს მოქალაქეები). ნივთიერების წარმომავლობას ადგენენ.
15 აპრილი, ქ. თბილისი. ამოღებულია გაღარიბებული ურანისგან დამზადებული კონტეინერი (ე. წ. მაგისტრალი). დაკავებულია ექვსი პირი ( საქართველოს სამი და სომხეთის სამი მოქალაქე). შემოტანილია სომხეთიდან.
თუკი სუსი დააზუსტებს, თუ რა ტიპის და რა მდგომარეობაში მყოფი რადიოაქტიური ნივთიერება ამოიღეს „ბირთვული“ კონტრაბანდისტებისგან, იყო ეს გაღარიბებული ურან-238 ან გამდიდრებული (რამდენი პროცენტით) ურან-235, მაშინ უფრო ზუსტად შეიძლება იმის დაწერა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ეს მორიგი „ბირთვული კონტრაბანდა“...