"ბლეფი"და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები - კვირის პალიტრა

"ბლეფი"და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები

"მარკირებას ნებისმიერი მზის სხივებისაგან დამცავი ლოსიონი ანეიტრალებს"

"კვირის პალიტრაში" არჩევნების გაყალბების მეთოდოლოგიაზე გამოქვეყნებულმა სტატიამ სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომელს გადააწყვეტინა, გაეხმაურებინა გაყალბების ის მექანიზმი, რომელსაც ხელისუფლება სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლების მეშვეობით იყენებს არჩევნების წინ:

- არჩევნების გასაყალბებლად მუშაობა არჩევნებამდე 6 თვით ადრე იწყება. თავდაპირველად, ნდობით აღჭურვილ კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელს გზავნიან ბანკში, სადაც წინა არჩევნების ჟურნალებია დაცული. იმ ჟურნალებიდან მონაცემებს ვამუშავებდით. კერძოდ, შევადგენდით იმ პირთა სიებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ, მათ სახელებსა და გვარებს ვიწერდით. შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად არჩევენ დაახლოებით 25-დან 50 წლამდე პირებს, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან. დაახლოებით 3 ათასზე მეტი ხმის გასაყალბებლად სულ 100 კაცის მობილიზებაა საჭირო.

ჩემს რაიონში 31 საარჩევნო უბანი იყო, ამიტომ ყველა თანამშრომელს 31 სურათს ვუღებდით. შემდეგ დაიბეჭდებოდა იმ პირთა ყალბი პირადობის მოწმობები, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ მონიშნული (ისინი, ვინც არჩევნებზე არასოდეს მისულა). შემდეგ ყალბ მოწმობებს გზავნიდნენ ბათუმში, სპეციალურ ბაზაში. პირადობის მოწმობებს სწორედ იქ არტყამდნენ ბეჭედს. 31-ვე მოწმობაში კუდ-ის ერთი და იმავე თანამშრომლის ფოტოებს აკრავდნენ. ამ გზით 100 კაცი 3100 "ამომრჩევლად" გადაიქცეოდა, შემდეგ თითო ავტომანქანაში 5-5 "ამომრჩეველს" ვანაწილებდით და უბნიდან უბანში გადავდიოდით(!).

- კი მაგრამ, ეს "ამომრჩევლები" მარკირებას ხომ გადიოდნენ?

- მარკირება დამკვირვებლების თვალის ასახვევი ფანდია, ნებისმიერი მზის სხივებისაგან დამცავი ლოსიონი ანეიტრალებს. როგორც კი თანამშრომელი ერთ უბანზე ხმას მისცემდა, მარკირებას ლოსიონში დასველებული ბამბით ვაშორებდით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომისიის წევრი ან დამკვირვებელი ჩვენს თანამშრომელს რომელიმე უბანზე იცნობდა, ნაბრძანები გვქონდა, პირადობის მოწმობისთვის სწრაფად დაევლოთ ხელი და გამოქცეულიყვნენ, მაგრამ ასეთი იაღლიში არასოდეს მოგვსვლია. იმ ქალაქში სულ 36 000 ამომრჩეველი იყო, არჩევნებზე 17 ათასის მისვლა დაფიქსირდა, აქედან 5 000-მდე კაცმა ჩვენი სქემით "მისცა" ხმა "ნაცმოძრაობას".

საკმაოდ დიდი რეზერვია უცხოეთში წასული ემიგრანტები და დემოგრაფიული მონაცემების გაყალბება. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ზუსტი მონაცემები საზღვარგარეთ წასულთა რაოდენობის შესახებ. 1989 წლიდან არც მოსახლეობის აღწერა ჩატარებულა. ხელოვნურად შეცვლილია დემოგრაფიული სურათი და არც მის დადგენას ეშურებიან, რადგან ეს ადმინისტრაციულ რეზერვთან ერთად არჩევნების გასაყალბებელი კარგი საშუალებაა.