"რას ინატრებდიო, რომ მკითხოთ, ვინატრებდი - ის პერიოდი განმეორდეს!" - რას იხსენებს ნანი ბრეგვაძე ადრეულ წლებზე?
"ერთხელ, კლასელებმა მითხრეს, წამოდი და რაც შენ გინდა, იმას გიყიდითო. უნივერმაღში საუკეთესო და ძვირიანი ნივთი შევარჩიე და უმისოდ წამოვედით..."
21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. ქალბატონ ნანის ვთხოვე, ამ თემასთან დაკავშირებით, ძველი ამბები გაეხსენებინა. მაშინვე დამთანხმდა, მხოლოდ ეს მითხრა: საუბარს დიდხანს ნუ გავაგრძელებთო და ეს პატარა ინტერვიუც შედგა.

- ქალბატონო ნანი, ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები გაიხსენეთ.
- ამ დროს ყოველთვის სადღაც ვისვენებდით და დედაჩემი აუცილებლად იქ მიხდიდა დაბადების დღეს, სადაც ვიყავით. ადგილს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. არ მახსოვს, რომ ჩემი დაბადების დღე დედას არ გადაეხადოს. ძალიან ლაღი, სიყვარულით სავსე ბავშვობა და ახალგაზრდობის პერიოდი მქონდა. იმ წლებთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, უფრო ზუსტად რომ გამოვხატო - საუკეთესო.
ჩემი დაბადების დღეს ყველანი - დეიდები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები ვიკრიბებოდით აგარაკზე მანგლისში, კიკეთში... ქვეყანა ხალხი ჩამოდიოდა. ერთ წელს ზაფხულში დედაჩემმა წამიყვანა აბასთუმანში. მამაჩემი ახალციხეში ხე-ტყის ქარხანაში მუშაობდა და მან შეარჩია დასასვენებელი ადგილი: დიდ მინდორში იდგა პატარა ქოხი და იქვე მდინარე ჩამოდიოდა. ისეთი სილამაზე იყო... ბუნება, ტყე მიტაცებს. ჰოდა, აბასთუმანში ჩამომაკითხეს გოგო-ბიჭებმა - ოცი მეგობარი შეიკრიბა, დედაჩემმა ისეთი დაბადების დღე გადამიხადა, არასოდეს დამავიწყდებ.

- თუ გაგიმჟღავნებიათ თქვენი სურვილი, რა გინდოდათ საჩუქრად?
- არ ვიყავი ასეთი, მაგრამ ერთი ეპიზოდი მახსოვს: მე-8 კლასში ვსწავლობდი, მამა მოსკოვში მიდიოდა და ვთხოვე - კარგი თოჯინა ჩამომიტანე-მეთქი. დედაჩემი ნინოობას მიხდიდა ყოველ წელს 14 იანვარს, ბევრი ხალხი მოდიოდა სტუმრად, რა თქმა უნდა, კლასელებიც. პირველ გიმნაზიასთან შესანიშნავი უნივერმაღი იყო. ერთხელ, კლასელებმა მითხრეს, წამოდი და რაც შენ გინდა, იმას გიყიდითო. შევარჩიე საუკეთესო და ძვირიანი ნივთი და წამოვედით უმისოდ...
- გასტროლებზე ყოფნისას, ანსამბლის წევრები როგორ გილოცავდნენ დაბადების დღეს?
- ჩვენ ასეთი წესი გვქონდა, რომ ივლისი და აგვისტო ვისვენებდით. ეს იყო ჩემი თხოვნა და იმათაც მოეწონათ. მთელი ზამთარი, შემოდგომა - დავდიოდით გასტროლებზე და ვმუშაობდით. ზაფხული კი მინდოდა, რომ ოჯახში, ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან, მეგობრებთან ერთად გამეტარებინა.

- სად უფრო გიყვართ დასვენება - ზღვაზე თუ მთაში?
- მთა და სიმწვანე მიყვარს... მთამინდაზე დავიბადე და გავიზარდე, შეჩვეული ვარ მთის ფერდობზე ბობღვას. ზღვაც მიყვარს (ვის არ უყვარს?). ახლახან, ქობულეთში ვიყავი და ბოლო ხანებში, ვერ ვიტყვი, რომ მზე და ზღვა არ მიყვარს, მაგრამ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ცურვა ვიცი და ერთხელ, ვიხრჩობოდი კიდეც, მაგრამ მეორე დღესვე ისევ გავცურე. ახლა, ჩემს წლოვანებაში, ცოტა შიშები დამეწყო. ცურვა უკვე აღარ მსიამოვნებს.
- დარწმუნებული ვარ, ყოველ 21 ივლისს თქვენს ტელეფონზე ზარები არ წყდება...
- კი და ძალიან სასიამოვნოა, დიდი მადლიერი ვარ ყველასი. ზოგჯერ, ისეთი ადამიანი დარეკავს, მიხარია, რომ გავახსენდი.
- როგორი განწყობა გაქვთ ხოლმე იმ დღეს?
- ბოლო წლებია, ჩემი ახლო მეგობრებიდან ბევრი აღარ მყავს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. ჩემი ტოლები 2-3 ადამიანი თუ დარჩა. მამაკაცებიც მყავდა მეგობრები, არაჩვეულებრივი პიროვნებები...

- რომელია თქვენი დაბადების დღის სიმღერა ან რას უკრავთ ხოლმე გამორჩეულად, ასე ვთქვათ, პირადად თქვენთვის?
- დაკვრა ჩემი ყოველდღიურობაა... სიმღერასაც, ასე ცალკე ვერ გამოვყოფ. ადრე დედაჩემი, დეიდები, დეიდაშვილები - ერთი დეიდაშვილი დამრჩა - ჩიტოლია ჩხეიძე - შესანიშნავად მღეროდნენ და ჩვენთან არაჩვეულებრივი სიმღერები ისმოდა ყოველთვის, ან რა ბანები ჰქონდათ... რას ინატრებდიო, რომ მკითხოთ, ვინატრებდი - განმეორდეს ის პერიოდი!
- ქალბატონო ნანი, დაბადების დღეს წინასწარ გილოცავთ, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.
- მადლობა, გენაცვალე. ძალიან მინდა, სიმშვიდე და სიყვარული იყოს... თუ სიყვარული არ გვინდა, ერთმანეთის პატივისცემა მაინც გვქონდეს.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)