თბილისური ამბები: "გამოცდაზე დოდო აბაშიძეს ჰკითხა პუშკინის მიერ ნატალია გონჩაროვასადმი მიწერილი წერილის შესახებ, რაზეც დოდომ ამაყად უპასუხა რუსულად: " - კვირის პალიტრა

თბილისური ამბები: "გამოცდაზე დოდო აბაშიძეს ჰკითხა პუშკინის მიერ ნატალია გონჩაროვასადმი მიწერილი წერილის შესახებ, რაზეც დოდომ ამაყად უპასუხა რუსულად: "ბოდიში, რუსუდან სოლომონოვნა, მე სხვის წერილებს არ ვკითხულობო!"

თბილისური ამბები

როგორი ურთიერთობები იყო თბილისში, გასული საუკუნის 40-60-იან წლებში?

როგორ მეგობრობდნენ, ერთობოდნენ, მეზობლობდნენ, უმკლავდებოდნენ გაჭირვებას...

ლანა ღოღობერიძე და გურამ კალადაძე (ტურკეცა) იხსენებენ მეგობრებს და ძველ თბილისურ ამბებს.

ლანა ღოღობერიძე:

სახლი სულხან-საბას ქუჩაზე

- ჩემი მამიდების სახლი სულხან-საბაზე - დიდი, ხის განიერკიბეებიანი და უზარმაზარ შუშაბანდიანი სახლი, პატარა, შიდა ეზოთი... ახლაც თვალწინ მიდგას მამიდაჩემის - ლიზას ხელით გაკეთებული ხეივანი. ყურძენი, ე.წ. „დამსკიე პალჩიკი“, რომელსაც ტრადიციულად, ყველა ერთად ვკრეფდით. ლიზას დარგული ვარდები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ თანდათან განადგურდა; პატარა დაწნული ქოხი - ჩვენი შტაბი, სარეპეტიციო დარბაზი და საიდუმლოების განდობის ადგილი.

lanaroroberidze.png

ამ აზნაურთა ბუდეში, განგების ძალით, თუ ჩეხოვის სამი დის „გავლენით“, მართლაც, თავადური წარმოშობის სამი და ცხოვრობდა: ლიზა, ლილი და ბაბი. ლილის მეუღლე - ვალიკო ერისთავი, ტიპური ქართველი თავადი - მაღალი, მოხდენილი, შესანიშნავი ცხენოსანი; მას ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ აზიაცკები და გალიფე შარვალი ეცვა. ოთახებში ისე დადიოდა, თითქოს გაშლილ ველზე ცხენს მიაჭენებსო, ყველასადმი კეთილგანწყობილი და ამავე დროს, უდარდელი კაცი იყო. ოჯახის ჭაპანს, ძირითადად, მამიდაჩემი ეწეოდა, დილიდან ღამემდე ქართული და რუსული ტექსტების მანქანაზე ბეჭდვით თვალები ჰქონდა ამოღამებული. სადილის შემდეგ ვალიკო წინსაფარს გაიკეთებდა, მხიარულად დაიძახებდა:

"მაშა, პაშლა მიც პასუდუ" (მაშა წავიდა ჭურჭლის გასარეცხად) და ხალისიანად შეუდგებოდა ჭურჭლის რეცხვას.

ბაბი გექტორ იოსელიანზე გათხოვდა. გექტორი იყო უფროსი ძმა იოსელიანთა დიდ კლანში - მას ექვსი ძმა და ერთი და ჰყავდა. ლამაზი, წარმოსადეგი, გულჩვილი, კეთილი, მოქეიფე გექტორი იყო მეგობარი ტუპია იაშვილის, გოგი ლორთქიფანიძის და მამია ჩიქოვანის. მან დასავლეთზე ორიენტირებულ ჩვენს ოჯახში ქართული სუფრისა და სადღეგრძელოების ტრადიცია დაამკვიდრა. გული მიჩუყდება, როდესაც მახსენდება ამ მოქეიფე ქართველი კაცების საოცრად ნაზი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ყოველი ქეიფის დროს, უსათუოდ ლექსი უნდა მეთქვა. ჩემი რეპერტუარი ქართული ქეიფისათვის არც მაინცდამაინც შესაფერისი იყო. ხან „ვეფხსიტყაოსანს“ ვკითხულობდი, ხან ესენინს, ხან გრიშაშვილის „ჩემს გველს“.

დედაჩემის უახლოესი მეგობარი რუსუდან მიქელაძე ხშირად ჰყვებოდა სიცილით, როგორ ამოდიოდა ერთხელ ჩვენი სახლის კიბეებზე და შორიდან გაიგონა, რომ ვიღაცა ათრთოლებული ხმით და თეატრალური განცდით კითხულობდა ესენინს. იფიქრა, რომ ჩვენებთან რომელიღაც მსახიობი იყო სტუმრად. მერე შუშაბანდში შემოვიდა და დაინახა სუფრასთან შემომსხდარი შეზარხოშებული თვალცრემლიანი კაცები, რომლებიც გარინდებულები უსმენდნენ პატარა, ჩაპუტკუნებულ და სასაცილო გოგოს...

natela-urushaze-da-rusudan-mikelaze-1753001687.png
ნათელა ურუშაძე და რუსუდან მიქელაძე

რუსუდან მიქელაძე

- ე.წ. ბესტუჟევკა, პეტერბურგის განთქმული ბესტუჟევის სასწავლებლის კურსდამთავრებული რუსუდან მიქელაძე - განათლებული, რაფინირებული, იუმორით სავსე. ბავშვობაში უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მის რვეულში ბალმონტის ხელით ჩაწერილი მისდამი მიძღვნილი ლექსი.

მთელი სიცოცხლე მარტო ცხოვრობდა, მოყოლებული 24 წლიდან, როცა დახვრიტეს სიმონ ჯაფარიძე, კაცი, რომელიც უყვარდა ერთადერთი სიყვარულით.

marjvniv-rusudan-mikelaze-1753000901.jpg
მარჯვნივ - რუსუდან მიქელაძე

მისი სიკვდილის მერე, უარი თქვა პირად ცხოვრებაზე და საყვარელი წიგნებით გარშემორტყმული ცხოვრობდა. განაგებდა თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკას, კითხულობდა რუსული ენისა და ლიტერატურის კურსს და ათეული წლების განმავლობაში, სხვადასხვა თაობის სტუდენტები, მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები იყვნენ. ერთხელ, მსახიობების კურსთან პუშკინის მიმოწერას ამუშავებდა. გამოცდაზე დოდო აბაშიძეს ჰკითხა პუშკინის მიერ ნატალია გონჩაროვასადმი მიწერილი წერილის შესახებ, რაზეც დოდომ ამაყად უპასუხა რუსულად: „ბოდიში, რუსუდან სოლომონოვნა, მე არ ვკითხულობ სხვის წერილებს!“ ამ პასუხმა რუსუდანი ისე აღაფრთოვანა, რომ დოდოს ბევრი სხვა რამის უცოდინრობაც აპატია.

თავის მშვენიერ ოთახში ბროსეს ქუჩაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა მე-19 საუკუნის ტიპის ლიტერატურულ სალონს, ასე გვეპატიჟებოდა ხოლმე: „უ მენია ესწ ჩაი, ს იზუმიტელნიმ აპელსინამ“ (მაქვს ჩაი საოცარი ფორთოხლით). რაც იმას ნიშნავდა, რომ სახლში მართლაც არ მოეპოვებოდა არაფერი ერთი ფორთოხლის გარდა, მაგრამ ამ ფორთოხალს ისე დაჭრიდა, კუზნეცოვის ლანგარზე ისე დააწყობდა და ისეთი საუბრით შეაზავებდა, რომ ჩვენ, მის ახალგაზრდა მეგობრებს, გვეუფლებოდა განცდა რაღაც ამაღლებულთან ზიარებისა.

guram-kalandaze-1753001972.jpg

გურამ კალანდაძე:

სკოლა, მეგობრები...

- ვერაზე, ფილარმონიის ადგილზე შენობა იდგა, იმ სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობდა ჩემი ოჯახი. უბნის (და არამხოლოდ) უფროს-უმცროსი ბიჭები ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. უახლოესი მეგობარი და კლასელი მყავს ნუგზარ ჭიჭინაძე, ჩვენ მეზობლებიც ვიყავით და იმ დროიდან დღემდე ვმეგობრობთ. კლასელები იყვნენ თენგიზ კახიძე (ჯანოს ძმა), თამაზ გოდერძიშვილი, გიზო ოთარაშვილი... სკოლიდან სულ სიმღერ-სიმღერით მოვდიოდით, ერთი შეუხვევდა ყაზბეგის ქუჩის ბოლოში, თავის სახლში, მეორე - ვაშლოვანზე, მე - დღევანდელ კოსტავას ქუჩაზე, რომელსაც მაშინ ლენინის ქუჩა ერქვა. ჩვენი თამაშები იყო ლახტი, გრძელი და მოკლე ვირი, ჩიკორა, კოჭობანა... ნიძლავზეც ვთამაშობდით და ერთ-ერთი იყო პურ-მარილზე წასვლა.

kalandaze-gurami-1753000845.png
გურამ კალანდაძე

სკოლაში ყველანი კარგად ვსწავლობდით, ბევრი მედალოსანი გვყავდა. ვისაც მედალი არ გვქონდა, ჩვენც უმაღლესში საგნები ძალიან კარგად ჩავაბარეთ, მით უმეტეს, ქართულში თითქმის ყველამ მაღალი ქულა მიიღო. ამ საგანს ხომ ცნობილი პედაგოგი ვარო ვარდიაშვილი გვასწავლიდა და პირველ რიგში, ქართულ ენას ვსწავლობდით კარგად. ეს ის ქალბატონია, ვისაც იოსებ ნონეშვილი „მეორე დედას“ უწოდებდა. მან მშობლები ადრე დაკარგა. ვარო მასწავლებელი იყო მომავალი პოეტის ნიჭის პირველი შემფასებელი. ჩვენთვის ორი მთავარი საქმე - სიმღერა და სწავლა იყო.

varo-vardiashvili1-1753002160.png
ვარო ვარდიაშვილი

ბიჭები ვერის ბაღში ვატარებდით დიდ დროს. შეხვედრის ადგილი გვქონდა ბელინსკისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში, ე.წ. „პიტაჩოკი“. იქ ვგეგმავდით, იმ დღეს სად უნდა წავსულიყავით. შევაგროვებდით კაპიკებს და ვინც ყველაზე მეტ ფულს დებდა, ეს იყო 5 ან 6 მანეთი, ის გადაწყვეტდა, სად მივდიოდით. ფულის შეგროვებას ჰქვია „არიფანა“, იგივეა, რაც „ნემეცკი სჩიოტ“. უმეტესწილად, რესტორან „თბილისში“ შევდიოდით. შეგროვილ თანხას დავითვლიდით, რომ გაგვეგო რამდენი ლიტრი ღვინო მოგვდიოდა. ეს იყო მთავარი. ვანიკო მაჭავარიანი, დემურ ცქიტიშვილი, თენგიზ კახიძე, ნუგზარ ჭიჭინაძე და ბევრი სხვა, კარგად ვმღეროდით და ასე ვვარაუდობდით: რესტორანში შევალთ, ვიმღერებთ და სამ ბოთლს ხომ მაინც გამოგვიგზავნიან, ე.ი. სამი ბოთლი ღვინის ფული გვაქვს და სამიც დაემატება. აი, ასე ხდებოდა და ჩვენც კმაყოფილები ვიყავით.

temur-chirgaze-1753002344.jpg

რესტორანში ხშირად ვხვდებოდით თემიკო ჩირგაძეს (ახლოს ვიცნობდი) და მის მეგობრებს. ამათი გუნდიც თითქმის ყოველდღე იქ იყო. სიმღერა ყველას ძალიან გვიყვარდა და კარგადაც ვმღეროდით, ვასრულებდით ქართლ-კახურ, ქართულ ქალაქურ, რუსულ რომანსებს. მოლხენას მრავალჟამიერით ვიწყებდით და ამავე სიმღერით ვამთავრებდით.

სკოლის დამთავრების შემდეგ, კლასელები ბევრჯერ შევკრებილვართ და ვამბობთ ხოლმე: იმ დროიდან რამე ცუდი ერთმანეთზე გვახსენდება? მსგავსი რამ არ ყოფილა! ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველია ეს ფოტო (მიჩვენებს სურათს), აწერია 2008 წლის 8 სექტემბერი. ხვალ, ჩემი კლასელისა და მეგობრის, დრამატურგ თამაზ გოდერძიშვილის დაბადების დღეზე მივდივარ...

centrshi-guram-kalandaze-megobrebtan-ertad-1753000775.jpg
ცენტრში - გურამ კალანდაძე მეგობრებთან ერთად

ლამაზი გოგონები

- ჩემი პირველი სიყვარული კლასელი იყო - მერცია მახარაძე. ის მარტო მე კი არა, უამრავ ბიჭს მოსწონდა. იმ დროის თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა: მანანა ქიქოძე, ნათია ამირეჯიბი, მარიკა საყვარელიძე, მანანა შენგელაია, ნინა ყიფიანი, ლიანა თავაძე - რეზო ამაშუკელის მუზა, რუსუდან თიკანაძე ოთარ ლითანიშვილის მეუღლე გახდა...

rusudan-tikanaze-1753002598.png

თითოეული იყო თბილისის მშვენება, გამორჩეული გარეგნობით და სულიერებით. ამასთან ერთად, ყველას ინდივიდუალური სილამაზე ჰქონდა. ქუჩაში რომ მოდიოდნენ, პირდაპირ ანათებდნენ. ბიჭებს თავები გვწყდებოდა უკან ყურებით. ხშირად ჩავილაპარაკებდით - „დაილოცოს შენი გამჩენი“. იმ დროის ულამაზესი ქალბატონი გახლდათ (ჩვენზე უფროსი) მერი გაბაშვილი. ვგიჟდებოდი, როცა მას დავინახავდი, ისეთი საოცარი სახე ჰქონდა. რუსთაველზე იმდენი ლამაზი ხალხი დადიოდა (რა თქმა უნდა, ვაჟებიც), რომ თავი თეატრში გეგონებოდა.

kikoze-manana-1753002768.jpg
მანანა ქიქოძე

დაბადების დღეებზე დავდიოდით და აღნიშვნას ღამის 12 საათიდან ვიწყებდით იმიტომ, რომ გაჭირვების წლები იდგა, საჭმელი იმდენი არ იყო, ჩვენ კი ღამის გათენება გვინდოდა და სუფრასთან გვიან ვსხდებოდით. სამამულო ომის დროს პირველი კერძი იყო „ვინეგრეტი“, ადვილად კეთდებოდა და ამიტომ.

გათენებას ამ სიტყვებით ვხვდებოდით - „გათენებულა, გამიშვი, გამიჯავრდება დედაო“ და ჩვენი თავშეყრაც მთავრდებოდა.

ზოგჯერ ერთი ოჯახიდან მეორესთან გადავდიოდით. ახალგაზრდები ვიყავით და სულ ერთად ყოფნა გვინდოდა. ამ შეკრებებზე ჩხუბი და კამათი არასდროს ყოფილა, ეს იყო სიამოვნების და სიყვარულის საღამოები. სხვანაირი თბილისი იყო, გოგონებსა და ბიჭებს ურთიერთპატივისცემა ჰქონდათ.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)