"ტყუპზე ვიყავი ორსულად, ჩვილების ტირილის ხმა კი გავიგონე, მაგრამ ჩემებს გამოუცხადეს, გარდაცვლილები დაიბადნენ, ერთი ნაყოფი გაფუჭდა მუცლად ყოფნის დროს და მეორეც გააფუჭაო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც შვილებს ეძებს?
"მითხრა, პალატაში რომ გადმოგიყვანეს, ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა და მიკვირდა, შენ გარდა იქ მშობიარე არავინ იყო და ვისი ბავშვები ტირიან, ჩვენები ხომ გარდაიცვალნენო?! მეც გამახსენდა, ნარკოზიდან გამოსვლისას ჩვილების ტირილის ხმა რომ გავიგონე. ეს ხმა დაღამებამდე არ შემწყდარა...“ - ამბობს თეონა გაბადაძე (მუშკუდიანი), რომელსაც 22 წლის მანძილზე ეგონა, რომ ტყუპი ქალ-ვაჟი დაკარგა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით, ინფორმაცია გადაამოწმა და ბევრი შეუსაბამობა აღმოაჩინა, ეჭვები გაუჩნდა და აპირებს, არ გაჩერდეს მანამ, ვიდრე შვილებს არ ჩაიხუტებს…
- 2000 წლის ივნისში, ქუთაისის ყოფილი მეორე, ახლანდელი - ხონელიძის კლინიკაში შემიყვანეს საკაცით, სახლში დაწყებული მშობიარობით. ჩემი ოქროს მოწმე, რომელიც მაშინ ჩვენს სახლში იყო, ამტკიცებს, ბავშვის თმის ბუსუსებიც კი ჩანდა უკვეო. სამშობიაროში მისულს რატომღაც, გამიკეთეს ნარკოზი და დედას უთხრეს, ახლა მთავარია გოგო გადავარჩინოთ, ამდენ ხანს როგორ არ მოიშხამაო?! მერე ჩემებს გამოუცხადეს, რომ ბავშვები გარდაცვლილები დაიბადნენ, ერთი ნაყოფი გაფუჭდა მუცლად ყოფნის დროს და გააფუჭა მეორეცო. ტყუპზე ვიყავი ორსულად, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე ამავე კლინიკის #2 ქალთა კონსულტაციაში დავდიოდი. გინეკოლოგი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ ტონუსი იყო ჩემი პრობლემა და მედიკამენტოზური მკურნალობა მქონდა დანიშნული. 7 თვეზე დამეწყო მშობიარობა… ნარკოზიდან გამოსვლის დროს გავიგონე, საუბრობდნენ, ორივე მოკვდაო. ჩემი უფროსი შვილი მაშინ 11 თვის გახლდათ, ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ამიტომ, ჩემს დას მისცეს უფლება, ღამით პალატაში დარჩენილიყო და ბავშვისთვის მიეხედა.
ჩემმა დამ მითხრა, შენ გარდა იქ მშობიარე არავინ იყო. პალატაში რომ გადმოგიყვანეს, ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა და მიკვირდა, ვისი ბავშვები ტირიან, ჩვენები ხომ გარდაიცვალნენო?! მეც გამახსენდა, ნარკოზიდან გამოსულმა ბავშვების ტირილი გავიგონე. ეს ხმა დაღამებამდე არ შემწყდარა, ძალიან მაღიზიანებდა და ღმერთს ვევედრებოდი, ოღონდაც ახლა გადამარჩინე, ნინიკოს რომ მივხედო და შვილებს კიდევ გავაჩენ-მეთქი.

ბოლო დროს, არაერთი ქალი გავიცანი, რომლებსაც 7 თვეზე დაეწყოთ მშობიარობა, მიადგნენ ხონელიძის კლინიკას და არ მიიღეს, რადგან დღენაკლულებისთვის საჭირო სათანადო აპარატურა არ ჰქონდათ. თუ ასე იყო, მე რატომ არ გამიშვეს სხვაგან? რა ისტორებიც ვიცი, იქიდან ვასკვნი, რომ მანდ ნადირობა ტყუპზე ხდებოდა. მიმიღეს, რადგან ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. ახლა, როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედე დეტალებში, ვიცი, რომ თუ ნაყოფი მუცელშივე მოკვდა, მშობიარობა არ იწყება. შესაბამისად, ჩემი ბავშვები იყვნენ სრულიად ჯანმრთელები და ექიმებს ერთადერთი, ჭიპლარების გადაჭრა და ბავშვების მიღება ევალებოდათ…
იმ დროს, ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, გამოცდები მქონდა ჩანიშნული და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ნარკოზი ან იმ დოზით მქონდა გაკეთებული, რომ სამშობიაროდან გამოსულიც ვერ ვაზროვნებდი, ვერ გადავაადგილდებოდი, ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. 6 თვე არ მივსულვარ უნივერსიტეტში.
- იქნებ არა ნარკოზის, არამედ, ჯანმრთელობის რაიმე სხვა პრობლემის გამო იყავით შეუძლოდ? ან დეპრესიის გამო…
- სხვა რაიმე დაავადება არ მქონდა. ნარკოზიდან თითქოს ბოლომდე ვერ გამოვედი კარგა ხანს: მაწუხებდა თავბრუსხვევა, გულისრევა, თან, უფროსი შვილი, რომელიც ბუნებრივ კვებაზე მყავდა, არ მცილდებოდა...
- როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა თქვენი შვილები არ მომკვდარან?
- თავიდან მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროში არანაირი საბუთი არ მოუციათ… 2022 წელს, დედაჩემმა თავისი ეჭვი გამანდო. მაშინ უკვე ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეში აქტიურად საუბრობდნენ გაშვილებულ პატარებზე; მაია ასათიანი თავისი გადაცემებით ძალიან დამაჯერებელ ფაქტებს აშუქებდა, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები სხვის შვილებს, ფაქტობრივად, იტაცებდნენ… დედამ დაიჟინა, - გადავამოწმოთ, შვილო, ინფორმაცია. იგივე სიტყვები მესმის სხვის ისტორიებს რომ ვუსმენ, რასაც მაშინ მეუბნებოდნენ შენზე და ბავშვებზე, - გილოცავთ, გოგო გადავარჩინეთ... ერთი ნაყოფი გაფუჭდა მუცლად ყოფნის დროს და მეორეც გააფუჭაო. კი ვიფიქრე, ახალი ნამყოფი იყავი და მაშინ მსგავსი არაფერი რომ არ უთქვამთ-მეთქი?.. მერე ისიც დასძინეს, - ვერ გაგატანთ გვამებს, რადგან მუცლად მყოფი ბავშვების დანაწევრება მოგვიხდა და აქვე დავასაფლავეთ, სამშობიაროს სასაფლაოზეო...

მოკლედ, წავედი იუსტიციის სახლში, თან მეცინებოდა, დედას ვეუბნებოდი, ამოვიღებ გარდაცვალების ცნობებს და დაისვენებ-მეთქი. თურმე, სად ხარ… დავწერე განცხადება და ჰოი, საოცრებავ! რომ მგონია, გარდაცვლილი ბავშვები მყავს, ჩემს საბუთებში არეულია ყველაფერი. მესამე მშობიარობა მიწერია რიგით მეორედ. უფროსი გოგონა ხომ მყავდა, ტყუპზე რომ ვიმშობიარე და რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი ქალიშვილი გამიჩნდა, მასზე მშობიარობა მიწერია, როგორც რიგით მეორე, ხოლო ტყუპის ისტორია გამქრალია. მოვითხოვე შვილების დაბადების რიგითობა, რამდენი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ფიქსირდებოდა ჩემზე. პასუხად მივიღე: ციფრით 2 და ფრჩხილებში სიტყვა „ოთხი“, თან მიწერენ მხოლოდ ჩემი უფროსი და უმცროსი გოგონების მონაცემებს. ვიკითხე, ეს რას ნიშნავს? თუ 4 მაწერია, სად არის დანარჩენი ორის ისტორია-მეთქი? ნახევარი საათი დამაყოვნეს, ოთხი გადამიკეთეს ორად და ბოდიში მომიხადეს, მექანიკური შეცდომა მოგვივიდაო, რაც აბსურდია. როგორ შეიძლება სამასოიან სიტყვაში ორი კორექტურა დაუშვა საჯარო მოხელემ?..
მოკლედ, დავიწყე გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვების ისტორიის მოკვლევა ჩემი და ჩემი შვილების მამის გვარით, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, თითქოს ეს ამბავი არც მომხდარა. იუსტიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ 2000 წელს, დასავლეთში, სულ ფიქსირდება 3 გარდაცვლილი ახალშობილი და სამივეს გვარი ემთხვევა ჩვენსას, მუშკუდიანი-აბაზაძე. 2 გოგონა გატარებული ჰყავთ 26 აპრილს, ბიჭი კი გატარებულია აგვისტოს თვეში და ის არის ჩემი შვილების მამის გვარზე. არც ერთი ბავშვის მშობლის მონაცემები არ იძებნება. წერია, რომ გარდაცვლილ ჩვილებზე განაცხადი გააკეთა ქუთაისის ბავშვთა რეანიმაციულმა განყოფილებამ . მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ სამართალდამცველებს მივაკითხე და საქმე აღიძრა.
გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებს ხელს ვინც აწერს, არის რეანიმაციული განყოფილების იმდროინდელი თანამშრომელი, რომელსაც დავურეკე და ვკითხე, რა უფლებით დაარეგისტრირე ბავშვების გარდაცვალება მშობლების ნებართვის გარეშე-მეთქი? ქალმა მიპასუხა: რაღაც გეშლებათ, მე სხვა პიროვნება ვარო. თუმცა, როცა პოლიციაში დაიბარეს, დაკითხვის დროს ამტკიცებდა, რომ უფლება ჰქონდა დაერეგისტრირებინა ბავშვების გარდაცვალება. მივყევი ძიებას და გავარკვიე, არც ერთ ბავშვზე არ ფიქსირდება დაბადების აქტი, ანუ ეს ბავშვები არც დაბადებულან, მაგრამ გარდაიცვალნენ. ხომ უცნაურია არარსებული ბავშვების სიკვდილი? ვის არ მივმართე, სამშობიარო სახლიდან 7-8 პასუხი მაქვს მიღებული, სადაც მიმტკიცებენ, რომ ჩანაწერები არარსებობს, განადგურებულია. მომიწია ხმამაღალმა საუბარმაც. კლინიკის ახლანდელ უფროსს შევხვდი. მითხრა, რომ ჩემი მონაცემები არსად არის გატარებული და არც ბავშვების გარდაცვალება ფიქსირდება. ალბათ მიმანიშნა რაღაცაზე… ვინც იყო კონსულტაციის გინეკოლოგი და ამჟამადაც ხონელიძის კლინიკაში მუშაობს,როდესაც დამინახა, მომეფერა: რას ამბობ, ასეთი რამ არ მოხდებოდა, თავიდან ამოიგდე ეგ აზრიო. ვთხოვე, დამხმარებოდა არქივებიდან ჩემი ისტორიის ამოღებაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 3-თვიანი გამოძიება ჩატარდა და დადგინდა, თითქოს 2002 წელს იყო ხანძარი და მშობიარეების ისტორიების ნაწილი განადგურდა.
- ხანძარი რეალურად იყო?
- მითხრეს, ისეთი ხანძარი არ იყო, რომ რამე გაენადგურებინა. უბრალოდ, სახურავზე გაჩნდა ცეცხლი და მალევე მოხდა ლიკვიდაციაო. პოლიციას გადავამოწმებინე, გამოძახება თუ იყო იმ კონკრეტულ წელს ამა და ამ კლინიკაში ხანძრის თაობაზე-მეთქი და არანაირი ჩანაწერი არ ფიქსირდება…
აღვიდგინე, ასევე, ერთ-ერთი ექთანის სახე, ვიპოვე „ფეისბუკზე“ და დავპირდი, ოღონდ დამეხმარე და არავისთან არაფერს ვიტყვი-მეთქი. წარმოიდგინეთ, გააქრო საკუთარი გვერდიც კი. მისი შვილიც კლინიკაში მუშაობს. მასაც ვთხოვე დამხმარებოდა და, - მსგავსი რამ არ ხდებოდაო, გინეკოლოგის ეკლესიურობასა და ღვთისნიერობაზე მელაპარაკა. მერე გაყიდეს სახლი იმ უბანში, სადაც ცხოვრობდნენ და სხვაგან გადავიდნენ. ეს ყველაფერი დამთხვევაა? თავიდანვე მოვითხოვე დასავლეთის პროკურატურაში ჩემი საქმის მსვლელობის დეტალებში ჩახედვა, რის შედეგადაც, 2024 წლის მარტიდან თავად დავდივარ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის მე-5 განყოფილებაში, ვეცნობი, ვუთითებ, ვითხოვ იმ დეტალებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი საქმისთვის.

მაქვს მტკიცებულები და 2 კვირის წინ, გენერალურ პროკურატურას მივაწოდე მასალები, რომ ჩვეულებრივი სარეგისტრაციო ჩანაწერები, რასაც გზავნიან მშობიარესთან ან სტრუქტურებში, ეს ის ჩანაწერებია, რაც თავად აწყობთ და არსებობს კიდევ „შავი ბუღალტერია“, სადაც ყველა ინფორმაცია რეალურია... ხონელიძის კლინიკაში ასევე მოვითხოვე ბავშვთა შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერები. ჩვილ ბავშვთა ჩანაწერებში საერთოდ არ აქვთ სტამბური წესით დაბეჭდილი წიგნის ფორმატი, არ აქვთ ბოლო უჯრები, სადაც სავალდებულო წესით იწერება ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის ნომერი, სახელი, გვარი და როდის გაეწერა ბინაზე. სარეგისტრაციო ჩანაწერები თვითნებურად აუკინძავთ. 2000 წელს 4 ბავშვი ჰყავთ „გამქრალი“. პერსონალი ამბობს, - არ ვიცით, ამის შევსება არ გვევალებოდაო. არადა, მეც კი ვიცი, რომ ეს სავალდებულოა… ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამომძიებელი პასუხსაც არ მცემს. პროკურატურაში ბოლოს 12 შეკითხვა გავგზავნე. ერთ ჩანაწერში მშობიარეს სახელი და გვარია მითითებული, ჩვილის მამის სახელიც, მისამართიც და ბავშვს „უპატრონო“ უწერია. თუ დედ-მამა ჰყავდა, უპატრონო რატომ იყო?
როცა სამართალდამცველებს პირველად მივმართე, გამომძიებელმა მითხრა, ნახევრად გამოძიებული საქმე გაქვს მოტანილიო. მერე რატომღაც, ეს საქმე გადააბარეს მეხუთე განყოფილებას, სადაც ყველა ასეთი საქმე ერთ ქვაბში იხარშება. პროკურორს შევხვდი და მოვითხოვე 2000 წელს დაბადებული ბავშვების (პლიუს-მინუს 5-6 თვე - მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით ოფიციალურად შვილად აყვანის დროს მშვილებელს შეუძლია 6 თვის შუალედში გადაწიოს თარიღები და შეცვალოს ბავშვის მონაცემები) დნმ ტესტით გადამოწმება, მაგრამ გამოძიება არაფერს აკეთებს. არადა, ჩემების მოსაძებნად იმდენი რამ გამოვიძიე, რომ ამ კლინიკაში 2000 წელს 74 უცნაური, გადასამოწმებელი ფაქტი მაქვს დაფიქსირებული. და კიდევ, ვინმემ რომ არ იფიქროს, იქნება აბორტი გაუკეთეს და ამიტომ დასჭირდა ნარკოზიო: ჩემზე არც სააბორტო ჩანაწერებშია არაფერი, თითქოს ფეხიც არ დამიდგამს ამ კლინიკაში. გამოძიებისას დამიწერეს, თითქოს საკეისრო კვეთაზე მივედი ორსულობის მე-7 თვეზე, ბავშვები გარდაცვლილი დაიბადნენ და ახლა ვადანაშაულებ მედპერსონალს მათ გაყიდვაში. მოვითხოვე ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, რადგან ნაკეისრალი არ ვარ და თან, ის მაინც გაიკითხეთ, 7 თვეზე საკეისროს ვინ აკეთებს-მეთქი?.. არაერთხელ მივმართე პროკურატურას და სასამართლოს, მაგრამ დაზარალებულად არ მცნობენ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ არის დასასრული. ჩემი სტატია გავრცელდება ინტერნეტსივრცეში და ვფიქრობ, ესეც დამეხმარება მიზნის მიღწევაში არა მარტო მე, არამედ, ძალიან ბევრ მოტყუებულ დედას…
აქვე გეტყვით, ვარ ჯგუფის „ჩვენ გეძებთ“ ადმინისტრატორი, სადაც უმეტესად არიან ის დედები, რომლებსაც სხვადასხვა წელს ერთი, ორი, სამი, ოთხი შვილი მკვდრად გამოუცხადეს.
დაწერილი მაქვს პოსტები მსოფლიოს არაერთ ჯგუფში, იქნებ ვინმემ შემამჩნიოს და ამოიცნოს ჩემში მისი შვილ(ებ)ის ბიოლოგიური დედა, თავად ბავშვებმა ნახონ ჩემსა და მათ შორის მსგავსება.
გაკეთებული მაქვს დნმ ტესტი ანცესტრისგან და ატვირთულია მსოფლიოს ცნობილ ბაზებში.
1999-2001 წელს გაშვილებული ბავშვების გვერდით ვარ და ვეხმარები მათ ოჯახების პოვნაში. თან ვიმედოვნებ, რომ მალე ჩემებსაც გადავეყრები. თითოეულ მოტყუებულ დედასა და ოჯახის მაძიებელ ადამიანს მხარში ვუდგავარ და ვაკვალიანებ. ვიდრე შვილებს არ ვიპოვი, ვიქნები მებრძოლი დედა, რომელიც ყველა საფეხურს და ინსტანციას გათელავს. მყავს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ადამიანებს ინფორმაციის მოძიებაში; გაჭირვებულებს ვასაჩუქრებთ ტესტებით, ვეხმებით ბაზებში გადატვირთვაში, ნათესაური კავშირების დადგენაში და რასაც ჰქვია, მივყვებით ბიოლოგიური ოჯახის კარამდე.
მინდა მოვუწოდო ყველა აღმზრდელ დედას, სიმართლე უთხრან ბავშვებს, ნუ გაიმეტებენ აღზრდილი შვილის მომავალს უდიდესი ცოდვისთვის, რასაც სისხლის აღრევა ჰქვია. შესაძლოა, თქვენც მოტყუებული ხართ და არ იცით, რომ ბავშვი მოპარულია, სხვა მონაცემები გითხრეს კვალის ასარევად. უთხარით და დატესტეთ ბავშვი...
დღეს, როდესაც ჩემნაირი მოტყუებული დედების ისტორიებმა და ცრემლებმა ცა ახადა დედამიწას, როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეთ სიმართლე, გვიყუროთ შორიდან და იყოთ ჩუმად? ცოდვას ხომ ვერავინ გავექცევით?! უშუალოდ ჩემი შვილების აღმზრდელ დედ(ებ)ას ველოდები პირადში. მე ვიქნები თქვენი და თქვენი ოჯახის სიმშვიდის გარანტი, ოღონდაც გამოჩნდით, ჩემამდე მოიყვანეთ ჩემი შვილები და საჯაროდ გპირდებით, რომ შევძლებთ ერთად, დიდ ოჯახად ვიცხოვროთ.
გპირდებით, რომ თქვენი გაზრდილი შვილ(ებ)ი არასოდეს შეგაქცევთ ზურგს.
ლიკა ქაჯაია
(სპეციალურად საიტისთვის)