„1-ლ სექტემბერს საქართველოსთვის ახალი რეალობა დადგება და ...“ - ვალერი ჩეჩელაშვილის პროგნოზი: შეგვიწყდება თუ არა ევროპასთან უვიზო რეჟიმი
დემოკრატიაზე "ქართული ოცნების" თავდასხმა სულ უფრო მძიმდება" და "დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 ივლისს, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ეს ფასი შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება აღმოჩნდეს. ევროკავშირის სხვა შესაძლო ზომებად კაია კალასმა ასევე დაასახელა ასოცირების შეთანხმების შეჩერება და სანქციები. ევროპელმა მინისტრებმა განიხილეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაც. კაია კალასმა დაადასტურა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას" გაეგზავნა წერილი და მიეცა ვადა აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში 8 პუნქტად გაწერილი რეკომენდაციები. ევროკომისიის მე-7 ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბრით არის დათარიღებული. რეკომენდაციების სიაში ასახულია შემდეგი საკითხებიც: ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან -ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ და ა.შ. "ჩვენ არ გვსურს ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და უკან წავიღოთ უვიზო რეჟიმი, რადგან ეს მართლაც მოახდენს ზეგავლენას მათზე, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ევროკავშირის ავტორიტეტის საკითხიც", - განაცხადა კაია კალასმა. მან ასევე განმარტა, რომ შესაბამისი შედეგები მოჰყვება, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას იღებს, ხოლო ვალდებულებებს არ ასრულებს. მიღებული ზომებით საზოგადოებაც დაინახავს, რომ "მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს".
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვების პასუხად, აპირებს თუ არა ევროკავშირის იმ რეკომენდაციების შესრულებას აგვისტოს ბოლომდე, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება, განაცხადა, რომ "თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია - რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია". ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვალერი ჩეჩელაშვილთან:

- ის, რაც ახლა ხდება, "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, განსაკუთრებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ უკვე უნდა მოვემზადოთ იმ სამწუხარო შედეგისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მინისტრების წერილში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მოთხოვნები, მოულოდნელი ამაში არაფერია. ეს უკავშირდება ფუნდამენტურ უფლებებს, რაც, ევროკომისიის შეფასებით, ირღვევა საქართველოში. ამ შეფასებას ეთანხმება ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ ძალიან გასაგები პასუხები გასცა ამ მოთხოვნებს "ქართულმა ოცნებამ" - ანუ თუ იქნება არჩევანი ამ კანონების გაუქმებასა და ვიზალიბერალიზაციას შორის, ამ უფლების შემლახავ კანონებს არავინ გააუქმებს. შესაბამისად, ჩვენ გარდაუვალად ვუახლოვდებით იმ სამწუხარო თარიღს, როდესაც ევროკომისია გამოაცხადებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებას.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება "ქართულ ოცნებას" იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოპოზიციას ამაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მას ამ მოთხოვნების შესასრულებლად არანაირი ინსტრუმენტები არ გააჩნია. შეუძლია მხოლოდ საზოგადოების მობილიზება, დანარჩენ ყველა ინსტრუმენტზე მონოპოლია აქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ერთი ნიუანსიცაა - პროცედურულად ამ გადაწყვეტილებაზე ევროპაში პასუხისმგებელი იქნება ორბანის მთავრობა, რომელმაც ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაბლოკა ინდივიდუალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. ეს საკითხი რომ გადაწყვეტილიყო კონსენსუსით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიგში. ევროკავშირი იძულებული გახდა მიმართოს ხერხს, რომელსაც არ სჭირდება კონსენსუსი - ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ 27-დან 15 ქვეყნის მხარდაჭერით.
- "ქართულ ოცნებას" ამ 8-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე მისცეს. ცნობილია, რომ სექტემბერში იგეგმება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეკრება. გამოდის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას უკვე სექტემბერში მიიღებენ?
- აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აპირებს, და ამის მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ თურმე პარლამენტში არდადეგებია და კანონების გაუქმება და ახლის მიღება ვერ მოხერხდება. მოკლედ, საგანგებო სესიას "ქართული ოცნება" ნამდვილად არ მოიწვევს. შესაბამისად, უკვე 1-ლ სექტემბერს საქართველოსთვის ახალი რეალობა დადგება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველივე სხდომაზე, ალბათ, მიიღებენ ამ სამწუხარო გადაწყვეტილებას.
- ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას რა მძიმე პოლიტიკური შედეგები ექნება, ყველა ვხვდებით, მაგრამ ამას ასევე ექნება ნეგატიური ეკონომიკური ეფექტიც.
- რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვეზღუდება ევროპულ სივრცეში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა. ეს ავნებს მთელ ქვეყანას, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც. ეკონომიკურადაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყანას. საქმე ის არის, საქართველოდან გასული ჩვენი მოქალაქეები დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ ქვეყანაში ყოველწლიურად და აქედან ყველაზე დიდი წილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის. სხვათა შორის, ამ გადმორიცხვებით აშშ-ის შემდეგ იტალია მეორე ადგილზეა.
უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნა ვიზალიბერალიზაციის წყალობით. ძალიან შეეზღუდებათ ასევე ჩვენს ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის შესაძლებლობა. ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს სასწავლო პროგრამების შეზღუდვაზეც. საბოლოოდ ქვეყანა, რომელიც ამდენს იბრძოდა იმისთვის, რომ დაახლოებოდა ევროპას, დღეს თვითონ ამბობს უარს ამდენ შესაძლებლობაზე. ბევრი რამ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში ამ დაახლოებისთვის, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი შესვლა ევროპულ სივრცეში, იყო განსაკუთრებული ნიშნული, რამაც დაგვარწმუნა, რომ ვხდებოდით ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ,
სამწუხაროდ, რაც ხდება, დიდი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს ჩვენი მეზობელი სომხეთი, მიუხედავად იმ რთული ვითარებისა, რომელშიც ის აღმოჩნდა, თანამიმდევრულად უახლოვდება ევროპის კავშირს.
მალე შეიძლება იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უვიზო კავშირი ევროპასთან, სომხეთის მოქალაქეებს კი ექნებათ.
- ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ევროპასთან კონფრონტაციაზე წასვლით და ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმით კრემლის დავალებას ასრულებს. თქვენი შეფასებით, რა არის "ქართული ოცნების" მოტივი, როდესაც, ფაქტობრივად, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილ დასავლურ გეზზე ამბობს უარს სრულიად გაუგებარი შეთქმულების თეორიების მოშველიებით?
- კრემლი უკვე აღარ მალავს, რომ არა მხოლოდ ნატოა მისი მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი, არამედ ევროკავშირიც. ადრე ამას ნიღბავდნენ, არადა, ჩემი აზრით, ყოველთვის ასე იყო. გავიხსენოთ 2013 წელი, როდესაც რუსეთმა სომხეთსა და უკრაინაზე მასშტაბური ზეწოლა მოახდინა, რათა მათ არ მოეწერათ ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს დიდ გამოწვევას რუსეთისთვის. საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან კონკურენციაში რუსეთი ყველანაირად აგებს. გასაგებია ევროპული პოლიტიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესშესაძლებლობები, სწავლის თუ სოციალური დაცვის სტანდარტები რამდენად განსხვავდება რუსულისგან. ჰკითხეთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერს ან ფუნქციონერს, სად ურჩევნია გაგზავნოს შვილი სასწავლებლად: ოქსფორდში, კემბრიჯში, სორბონაში თუ მოსკოვის, პეტერბურგის ან ტვერის უნივერსიტეტებში, 100%-ით დასავლურ განათლებას აირჩევს... მოკლედ, რუსეთი ევროკავშირს კონკურენციას ვერაფერში უწევს, ამიტომაც მის ხელთ რჩება მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტები, კონფლიქტების გაღვივება და მღვრიე წყალში სარგებლის ნახვა. "ქართული ოცნების" ნარატივები პირდაპირ ემთხვევა კრემლისას. თურმე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, "დიფ სთეითი" ომს გვაიძულებს და ა.შ. ეს ხალხი ახალგაზრდები არიან, სავარაუდოდ, არ მოუწიათ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ და ისედაც, წარმოდგენა არა აქვთ, რა ხილი იყო ის ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც პოლიტბიუროს 15 წევრი მართავდა. არც ერთ რესპუბლიკას სიტყვა არ ეთქმოდა და ვერავინ მოახდენდა გავლენას პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებზე. დღეს კი ევროკავშირში კონსენსუსის აუცილებლობის გამო ერთმა უნგრეთმა, შედარებით პატარა ქვეყანამ, დაბლოკა გადაწყვეტილება და ამის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, იმის მიუხედავად, რამხელაა... თუ ამ განსხვავებებს საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის ვერ ხედავენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, უკიდურესად სამწუხაროა.
რატომ აკეთებენ ამას, ამაზე ჩემი პასუხი მაქვს: "ქართულ ოცნებას" არ უნდა იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. არადა, ეს არის ინსტიტუციური დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება. ჩვენ ვიცით, რა სივრცეში არ ხდება არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა - რუსეთში, ბელარუსსა და მსგავს რეჟიმებში... იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" ამ მთავარ მიზანთან ვერ არის თავსებადი ევროპული ფასეულობების სისტემა, ხელისუფლება ევროკავშირს უპირისპირდება. დავუშვათ, "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს ევროკავშირისგან ასეთი გარანტია, შიგნით რაც გინდათ გააკეთეთ, თვალს დავხუჭავთ, მთავარია, ჩვენი პარტნიორები იყოთო, მაშინ აღარც "გლობალური ომის პარტია" გაახსენდებოდათ, არც "დიფ სთეითი" და ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპელებს ასე მოქცევა არ შეუძლიათ, რადგან ეს არის ფასეულობებსა და თანამშრომლობის სტანდარტებზე დაფუძნებული სივრცე. ამ სტანდარტებთან თანხვედრა "ქართულ ოცნებას" ხელს არ აძლევს, რადგან, სულ ცოტა, ამისთვის უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ის, დიდი ალბათობით, ვერ დარჩება ხელისუფლებაში.
- აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი გადაჭრასთან ახლოსაა. ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა ვაშინგტონში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე. "ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გადავჭერით... აზერბაიჯანი და სომხეთი. როგორც ჩანს, [კონფლიქტი] ახლოსაა წარმატებულ დასასრულთან", - თქვა მან. მანამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა მოლაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ გამოვიდა წინადადებით ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.
- აბუ-დაბიში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ არავინ თამაშობდა შუამავლის როლს, არც რუსეთი და არც აშშ. ეს იყო დადებითი მხარე, რადგან აჩვენა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატები შეეჩვივნენ ორმხრივ ფორმატში მუშაობას. ჩვენ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ძალიან კარგად იყო მომზადებული. ეს იყო სრულფასოვანი შეხვედრა არა მხოლოდ ლიდერების, არამედ დელეგაციების. აშკარაა, რომ ჩვენი მეზობლები ძალიან დაუახლოვდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს.
რაც შეეხება ამერიკელების შეთავაზებას, ჯერ არ არის ნათელი, შეთანხმდებიან თუ არა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება, თუ სულ არ გაუჩინარდა.
მინდა შეგახსენოთ - 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ ზანგეზურის დერეფნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა ეფ-ეს-ბე. ეს გასაგებიც იყო, რადგან სწორედ მას ეკუთვნის სასაზღვრო ძალები, რომლებიც განლაგებულია სომხეთ-ირანის საზღვარზე. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელები განდევნეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და სომხეთიც თანამიმდევრულად იწყებს რუსი მესაზღვრეების საკუთარი ჯარებით ჩანაცვლებას. ეს დაიწყო აეროპორტიდან და მიმდინარეობს საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, მე ამ თვალსაზრისით საშიშროებას ვერ ვხედავ. პირიქით, არის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა ვიაზროვნოთ არა დერეფნების, არამედ სივრცული ლოგიკით. ჩვენ ისეთი სივრცე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი ერთი წერტილიდან ნებისმიერ მეორე წერტილში ტვირთის გადაადგილება იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, სწრაფი და უსაფრთხო. ამით სამხრეთკავკასიური სივრცისა და მისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფონდის მიმზიდველობა იმდენად გაიზრდება, იმდენი ტვირთი შემოვა, ვშიშობ ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დონემ შეძლოს მათი სრულყოფილად გატარება. გარდა ამისა, ამ დერეფნებს ექნებათ აბსოლუტურად სხვადასხვა დანიშნულება და მიმართულება. ზანგეზურის დერეფანი უფრო ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება იქნება. რაც შეეხება ევროპას, განსაკუთრებით, ცენტრალურსა და ჩრდილოეთს, იქ საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ალტერნატივა არ ექნება. აქ მივდივართ ისევ შექმნილ ვითარებასთან, ანუ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე. რაში მდგომარეობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია - ეს არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირება. როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ზღუდავ ურთიერთობას და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, როგორშიც დღეს ვართ, ეს ნამდვილად ვერ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის განვითარებისთვის. ეს აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, პერსპექტივებსა და ასევე სატრანზიტო შესაძლებლობებზე.
- ბოლო ხანს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რიტორიკა და მოქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვიცით, რომ უკრაინისთვის "პეტრიოტის" სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც ამბობენ, ტრამპი უკრაინაში "ტომაჰავკის" რაკეტების გაგზავნასაც განიხილავს...
- ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები იმედისმომცემია და ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი გაუთავებელი და გაუგებარი მანევრებით ცდილობდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოტყუებას. ის ამბობს, რომ ვითომ მშვიდობა სურს, მეორე დღეს კი ბარბაროსულად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ბუნებრივია, თეთრ სახლს ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, ტრამპმაც დაინახა.
აქვე უნდა აღინიშნოს ზელენსკისა და მისი გუნდის ძალიან კარგი მუშაობა, განსაკუთრებით იმ ცნობილი სკანდალური შეხვედრის შემდეგ ოვალურ კაბინეტში. ბევრს უკვე ეგონა, რომ ნორმალურ კალაპოტში ვეღარ ჩადგებოდა ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობა. არადა, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა და ყოველი შემდგომი შეხვედრა უკეთესი და უკეთესი იყო. შეუძლებელია არ ვახსენოთ ნატოს გენერალური მდივნის, ბატონი რუტეს ძალიან პროფესიონალური და სწორი მოქმედებებიც. ნატომაც გაიარა ძალიან სახიფათო ფაზა, მაგრამ ბოლო სამიტის შემდგომ ბევრი რამ ცხადი შეიქნა - მოგეხსენებათ, უკრაინის დახმარების პროგრამები უნდა ინტეგრირდეს ნატოს სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტებში. ეს იძლევა იმის პირობას, რომ უკრაინა რესურსებით უზრუნველყოფილიყო იქნება, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამასთანვე, პუტინიც ვეღარ მალავს, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები ექმნება. ის იძულებული შეიქნა ეთქვა, სამხედრო მიზნებზე დიდი ხარჯების გაღება გვიწევს, რაც თანდათან უნდა შემცირდესო. ეს არის ირიბად აღიარება იმისა, რომ რუსეთი ომის გამო დიდ ეკონომიკურ წნეხშია. რაც მთავარია, ევროპა აბსოლუტურად განსხვავებულ როლს და პოზიციას იძენს პროცესების განვითარებაში -
თუ ადრე ევროპელები ამბობდნენ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ და გადავარჩინოთო, დღეს სულ უფრო ხშირად ამბობენ, უნდა დავეხმაროთ უკრაინას და გადავარჩინოთ ევროპაო.