ვინ არის დამნაშავე?!
14 ივლისს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის 14 ნომერში, საცხოვრებელი სახლის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კორპუსი ავარიული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა. ამ თემაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ნინო გელაძეს ვესაუბრეთ.
- დეტალურად არა მაქვს შესწავლილი, რა მოხდა, სახურავზე თუ არ ახვედი და ნახე, რა ჩამოინგრა, როგორი კონსტრუქციული ელემენტი იყო და რა პირობით მოწყობილი, ისე ვერაფერს იტყვი. ასე მარტივად, ხიმინჯების ვიბრაციით, ეს დეტალი არ უნდა ჩამონგრეულიყო. თბილისში ძალიან ბევრი ავარიული სახლია, მაგალითად, ხვიჩიას ქუჩაზე სახლების კედლები ისეა გადახსნილი, სახლში ღამურები შედიოდნენ, მაგრამ ის კედლები არ ჩამონგრეულა, მით უმეტეს, იქ შენობა ხიმინჯებით გაამაგრეს. ამიტომ ასე ზეპირად იმის თქმა, რომ ჩამონგრევა ხიმინჯების ვიბრაციამ გამოიწვია, შეუძლებელია. ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მასა გადმოწვა, იმხელა პარაპეტი წამოვიდა, ბევრი რამ გადმოიყოლა. ამხელა სიმძიმის და მოცულობის დეტალი რომ ვარდება, ის აუცილებლად წამოიღებდა იმას, რაზეც იყო ჩაბმული. გამაგრება-გაძლიერების პროექტების გაკეთება თბილისში 1994 წლიდან დაიწყო და 1996 წელს კომისიაც შეიქმნა. ვანო ზოდელავას მერობისას იყო კაპიტალური მშენებლობის სამმართველო, შექმნილი იყო უზარმაზარი კომისია, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა უბნები და მოწმდებოდა სახლები.
კომისიამ 10 ათასამდე ავარიული სახლი გამოავლინა. იცით, რომ მთელი პეკინის ქუჩა გამაგრებულია? კენტი ნომრების შენობები 15-დან 45-მდე სულ ხიმინჯებზეა... მერმა ძალიან კარგი პროექტი შემოიტანა - ჩანაცვლების პროგრამა, მაგრამ იყო ასეთი ფაქტი პუშკინის ქუჩაზე (თუ არ მეშლება, 7 ნომერში), საიდანაც ქალი ვერაფრით გამოიყვანეს, ცოცხალი თავით არ გავიდა, ჩამოინგრა და ის ქალი ამას შეეწირა...
- ხანდაზმულობის გარდა, კიდევ რა განაპირობებს შენობის ავარიულობას?
- ძალიან ბევრი ფაქტორი... არ შეიძლება დიდი შენობის გამაგრების პროექტი 3 და 5 ათასი ღირდეს. ეს იქნება ზედაპირული პროექტი, იმიტომ, რომ არ ტარდება სწორი გეოლოგიური კვლევა. არადა, იცვლება გრუნტის მზიდუნარიანობა, წყალი ქანებს რეცხავს.
თბილისში დიდი მოცულობის გრუნტის წყალია. ამას ემატება დაზიანებული წყალკანალიზაციის ქსელი. ამასთან, არ შეიძლება ყველაფერი იყოს კერძო სტრუქტურის საკუთრება. ბოლო 30 წელიწადში ძალიან ბევრმა ფაქტორმა კი არ გააუმჯობესა მშენებლობა, პირიქით... დაპროექტება ისე მიდის, ადამიანს გამარჯობას აივნიდან აივანზე ეუბნები. ქვეშ გრუნტის წყალი გადის, აქეთ-იქით შენობა რომ ჩაუდგი, წყალი ისეთი რამაა, სადაც გასასვლელს ნახავს, იქ წავა, გრუნტის წყლის დონემაც ზევით წამოსვლა დაიწყო...
ამასთან, ექსპერტი უნდა გავიდეს ობიექტზე და არა ზეპირად შეაფასოს. ბევრი კონსტრუქტორია დღეს, რომლებმაც ისწავლეს კომპიუტერზე ხაზვა, პროექტები მაქვს ნანახი, ძველი ნახაზიდან გადმოაქვთ ახალზე ისე, რომ ზომებიც არ არის შეცვლილი. როცა პროექტი სწორია თავის გეოლოგიაზე დაყრდნობით, მაშინ შენობის რეკონსტრუქციაც და აშენებაც სწორი იქნება. არის ობიექტები, სადაც კონსტრუქტორი არც მისულა, ისე ხაზავს პროექტს. ხაზვა რომ იცი, არ ნიშნავს, კონსტრუქტორი ხარ.
- ბრძანეთ, რომ თბილისში უამრავი ავარიული სახლია, რომელი უბნებია რისკ-ზონები?
- უმეტესად ვარკეთილში, ვაზისუბანში, ძველ თბილისსა და ავლაბარზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ძალიან ხანდაზმული შენობა-ნაგებობებია. გრუნტის წყლებმა და ავარიულმა საკანალიზაციო სისტემებმა პატარა შენობებსაც კი შეუქმნა პრობლემები. შენობას აქვს წითელი ხაზი, მას კერძო კომპანია ეუბნება, წითელი ხაზის იქით მე ვარ პასუხისმგებელი, წითელი ხაზის შიგნით შენო. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ყველაფერს ვერ გააკეთებს, შენ რომ ანგრეულს არ ალაგებ, ეს სახელმწიფოს ბრალია?
- სადგურის მოედანზე შენობის პარაპეტის ჩამონგრევა ვისი პასუხისმგებლობაა?
- როგორც ვიცი, ეგ შენობა 2017 წელს გამაგრდა, ასე უცებ პარაპეტი არ უნდა გადმოვარდნილიყო. შესასწავლია, რა პროექტი იყო, როგორ გამაგრდა... აქ არის გამგეობის პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მათ აქვთ ინფრასტრუქტურის განყოფილებები, რომლის თანამშრომლებიც უნდა დადიოდნენ და სწავლობდნენ შენობებს, მათ უნდა მოიძიონ, სად რა და როგორ ხდება, ყველაფერი აღრიცხული უნდა ჰქონდეთ.
- მერიის ზედამხედველობის სამსახურის პასუხისმგებლობაზე რას იტყვით?
- ზედამხედველობის სამსახური ასეთ რამეს არ სწავლობს, ეს გამგეობამ უნდა გააკეთოს, მან უნდა მოიძიოს, შექმნას სია, დაურთოს ფოტომასალა, რომ სადღაც რთული მდგომარეობაა და მიმართონ მერიას. როცა ხედავ, ასეთ მდგომარეობაშია შენობა და რაღაც ვარდება, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. როცა დეტალი უკვე გადმოვარდა, ახლა დარბიან და ვიშვიშებენ, ხელის შეწმენდა სხვაზე ძალიან ადვილია.
- სოცქსელებში 2 წლის წინ ვრცლდებოდა ამ შენობის ავარიული ნაწილის ვიდეოები, მოქალაქეები ყურადღებას სთხოვდნენ მერიას...
- რამდენადაც ვიცი, 2 წლის წინ მერია მივიდა მოსახლეობასთან და შესთავაზა შენობის გამაგრება. მაგრამ ზოგიერთი შენობის გამაგრება იმდენად ძვირი ჯდება, ჯობია დაშალო და თავიდან ააშენო, მით უმეტეს, სახელმწიფო გარანტიას გთავაზობს - გაგიყვან ქირით, მოგცემ კომპენსაციასო... შენ თუ ახლა ურემონტო სახლში ცხოვრობ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მოინდომე, ესეც არასწორია. ახლა ხომ გადიან ბინიდან? სანამ ვიღაც არ მოკვდა, არ გავიდნენ. ქალაქის მერიამ უნდა მიიღოს დადგენილება, სადაც მობინადრეთა 100%-იანი თანხმობა კი არა, თუ შეხედა, რომ 100-დან 90% თანახმაა და 10 ოჯახი არა, ისინი იძულებით უნდა გამოასახლოს. იმ 10-ის გულისთვის 90 კაცი ზარალდება. როცა შეისწავლეს ეს შენობა, მოხდა მისი შეფასება, რა დაჯდებოდა ამ შენობის სართულ-სართულ და საძირკვლების გამაგრება (საკმაოდ გრძელი და დიდი შენობაა). მარტო საძირკვლების გამაგრება 500-600 ათასი ჯდებოდა. გამგეობამ თქვა, ამას სჯობს ახალი ავაშენოთო. ახალაშენებულ, გარემონტებულ სახლში გიშვებენ და მობინადრეებს ეს კი არა, ფართობის დამატება უნდათ. შესთავაზეს, ჩანაცვლების პროგრამით 2 წელიწადში შემოგიყვანთო, ამ ორ წელს გაიჭირვებს ადამიანი და მერე შევა დასუფთავებულ, კარფანჯრიან და გარემონტებულ ბინაში.
- როგორც აღმოჩნდა, ავარიულობის ხარისხი დადგენილი იყო. კახა კალაძის არგუმენტია, რომ მობინადრეთა 100%-იანი თანხმობა იყო საჭირო შენობის ჩანაცვლებაზე. ოპონენტებს ამის საპირწონედ მოჰყავთ 2023 წლის 27 იანვრის #21-1 დადგენილება, რითაც თანხმობის ნაწილში ცვლილებები შევიდა, რომ ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლებას მესაკუთრეთა 100 პროცენტის თანხმობა აღარ სჭირდება.
- ტყუილს ამბობენ! იქ გამოყვანაზე არ არის ლაპარაკი, ტყუილია! თუ მართლა დიდი საფრთხე აქვს შენობას, მათი თანხმობის გარეშე შეუძლია მერიას მისი შემოსაზღვრა, მაგრამ გამოყვანით მაინც ვერ გაჰყავთ, თუ ასივე არ იტყვის, გავდივართო. ინგოროყვას ქუჩაზე ბევრ კორპუსში კატასტროფული სიტუაციაა, იწყება მათი რეაბილიტაცია და გამგეობიდან თუ ვიღაცამ არ აცნობა მერიას, რომ სადღაც ცუდადაა საქმე, კალაძე ხომ არ ივლის უბან-უბან? მაშინ რისთვისაა გამგეობები, თუ ყველგან მერმა უნდა იაროს?
- შემოეფარგლათ მაინც, გამვლელები რომ არ შეეწირა? რატომ მისცა მერიამ ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა, რატომ მოეწყო შენობის წინ პარკინგი?
- მერია გამგეობას უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში, ეთქვა, რომ არის საგანგაშო მდგომარეობა, ამიტომ ვალდებული ვართ უსაფრთხოების ზომები მივიღოთო და ხმას ვერავინ ამოიღებდა. თუმცა არც ადგილზე და არც მერიაში არავინ მისულა.
პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამგეობას, რომელსაც არ აინტერესებს, სად რა ავარიული შენობაა. მეტი რა საქმე აქვთ? გამგეობა იმიტომაა, რომ მიხედოს რაიონს, ამისთვის ჰყავს მას ხალხი, იურისტები, გაუშვან და იარონ, შეამოწმონ, შეაფასონ, კაბინეტში კი არ უნდა ისხდნენ. მათ რომ ასე ემუშავათ, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა.
ეს ავარიული შენობები იმდროინდელი შესწავლილია, 1996 წელს რომ შეიქმნა კომისია, რომელიც 2000-2002 წლამდე იყო. ფეხით დავდიოდით და ყველა შენობას ვსწავლობდით, ახლა აღარავინ დადის. როცა იცი, რომ ავარიული უბნები და სახლები გაქვს, ნახევარ წელში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმე. ვთვლი, რომ კახა კალაძემ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ გამგეობების ინფრასტრუქტურის სამსახურებზე, მათ თვეში ერთხელ თუ არა, 3 თვეში ერთხელ მაინც მოსთხოვოს ანგარიში, სად რა ხდება. მერიაში უნდა შევიდეს ყველა ასეთი ინფორმაცია და აი, მერე თუ არ მიიღებს მერია ზომებს, მაშინ გავიშვიროთ ხელი მისკენ.
- უნდა შეიცვალოს თუ არა კანონმდებლობა და საბინაო პოლიტიკაც ისეთი გახდეს, რომ ავარიული ბინების მობინადრეებმა თამამად მიიღონ ჩანაცვლების პროექტში ჩართვის გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს და მოგახსენებთ, რას უნდა მიექცეს ყურადღება: 1. არ შეიძლება პროექტი ღირდეს იაფი, ისეთი საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც იტყვის, პროექტს იაფად ვაკეთებო, ავტომატურად უნდა დაიბლოკოს და აეკრძალოს პროექტის კეთება. 2. აუცილებლად ყველა შენობაზე უნდა გაკეთდეს გეოლოგია, რაც საკმაოდ ძვირია. სახლები იმიტომ ჯდება, რომ გრუნტის მზიდუნარიანობა შეიცვალა, გეოლოგია კი არ იცვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოირეცხა გრუნტი, გაიზარდა გრუნტის ფორიანობა, რამაც შენობა დასვა. ვერც ერთი საპროექტო ორგანიზაცია სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ პროექტი 5-6 და 10 ათასი ეღირება. პროექტის გაკეთების უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს, ბევრმა არ იცის, რა გააკეთოს, დეტალურად არ სწავლობს შენობას, ამიტომაა ყველაფერი ზედაპირული. პროექტი უნდა გაკეთდეს ძვირად, რომ შენობა აშენდეს იაფად. ესენი პროექტს აკეთებენ იაფად და მერე შენობა უჯდებათ ბევრად ძვირი. 3. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურებს უნდა მოეთხოვოს იარონ და მიხედონ ობიექტებს, სამ თვეში ერთხელ მაინც ჩამოიარონ და შეამოწმონ ავარიული ნაგებობები, აღრიცხონ, სად რა ხდება. 4. აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, ამას პარლამენტის დადგენილება სჭირდება, რათა მობინადრეთა 100%-იანი თანხმობა შეიცვალოს თუნდაც 95%-იანი თანხმობით იმიტომ, რომ 2 და 3 კაცი აფუჭებს 100 კაცის ცხოვრებას. ჩემი დიდი თხოვნა იქნება ბატონ მერთან, რომ დიდი ყურადღება მიექცეს ამ ყველაფერს.