"თბური ტალღები ევროპიდან საქართველოსკენ მოიწევს და..." - ზაფხულის რისკები ანუ როგორ გავუმკლავდეთ გაუსაძლის სიცხეს
ზაფხულის ცხელი დღეები პიკზე ადის. თბური ტალღები ევროპიდან საქართველოსკენ მოიწევს და უკვე აშკარაა თბური ტალღების შემოტევა, რომლის დროსაც უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გრძელდება. როგორ მოვუაროთ ასეთ პირობებში თავს, ვინც დედაქალაქის სამუშაო რუტინაში ვართ ჩაფლული, ან მათ, ვინც ქალაქს დააღწია თავი. ამ თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძეს დაუკავშირდა.
- როცა ზაფხულის რისკებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელობა არა აქვს, ეს ეხება მათ, ვინც ზღვის კურორტებზეა წასული, თუ მათ, ვინც მიზეზთა გამო ვერ მოახერხა ქალაქიდან გასვლა, რისკები თანაბარია ყველასთვის.
პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის წყლით სწორი მომარაგება, იმიტომ, რომ გაუწყლოება ის ყველაზე რთული და მძიმე გართულებაა, რაც ზაფხულში შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ორგანიზმს. განსაკუთრებით გაუწყლოების რისკი მაღალია ბავშვებში.
როცა ვსაუბრობთ გაუწყლოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ 2 ფაქტორი: მაღალი ტემპერატურა ნიშნავს მომატებულ აორთქლებას და მეტი სითბოს დაკარგვას და ასევე მაღალი ტემპერატურა ნიშნავს ჭარბოფლიანობას, რომელიც ორგანიზმს ართმევს ბევრ სითხეს. შესაბამისად, ეს რისკები ზაფხულის განმავლობაში მაღალია და ჩვენს გვაქვს განსაზღვრული, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა, იმისათვის, რომ გაუწყლოებისაგან დაიცვას თავი.
- რა ასაკისამ რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს?
- რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო მცირე რაოდენობით სჭირდება, მაგალითად, 1 წლამდე შეიძლება ეს სითხე 1 ლიტრამდე საკმარისი იყოს, 1-დან 4 წლამდე - ლიტრ-ნახევარი, 4 წლის შემდეგ უკვე 2 ლიტრი. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რაც უნდა დავიცვათ ზაფხულის განმავლობაში. მოზრდილმა ადამიანმა მინიმუმ 2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს გაუწყლოებისა და სხვა მძიმე გართულებისაგან თავის დასაცავად.
მთავარი კითხვაა, რა სახის სითხეზეა საუბარი. \სითხის ხარისხი და ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია და არ ეხება, მაგალითად, ლიმონათს, ტკბილ გაზირებულ სასმელს, ან თუნდაც მცირეალკოჰოლიან სასმელს, როგორიც არის ლუდი - ამ სასმლის მიღება არ არის რეკომენდებული და მათი ზეგავლენა გაუწყლობის შემცირებაზე მინიმალურია, შეიძლება ტკბილი გაზირებული სასმლის მიღებამ უფრო გააძლიეროს წყურვილის შეგრძნება.
- რომელი სითხეებია რეკომენდებული?
- სუფთა წყალი, მინერალური წყალი, სახლში მომზადებული ხილის წვენი, ჩაი.... ასევე კარგია საზამთრო, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.
- მნიშვნელოვანია ასევე კვება და მასთან დაკავშირებული რისკები.
- საკვები უმჯობესია იყოს მსუბუქი, კვების ჯერადობა შეიძლება გაიზარდოს და მცირე რაოდენობით მივიღოთ. რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, მაგალითად, საზამთრო, ნესვი, კიტრი და იმავდროულად, შეიძლება შიმშილის გრძნობაც მოუკლას ადამიანს.
საკვები პროდუქტების შენახვის წესების დარღვევა ხშირად ხდება კუჭ-ნაწლავის ინფექციების მიზეზი, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს როგორც შეუპოვარი ღებინებით, ისე დიარეით, რომელიც თავისთავად ორგანიზმის გაუწყლოების ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორია. პროდუქტების შენახვის მარტივი წესი არსებობს, - ორიანისა და ოთხიანის წესი: არსებობს გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც პროდუქტის შენახვას აქვს მნიშვნელობა. 2 საათამდე მაცივრის გარეთ არსებული პროდუქტი უსაფრთხოა, შეიძლება მისი დაბრუნება მაცივარში. 2 საათამდე პერიოდი ითვლება ოქროს პერიოდად, თუმცა, თუ ზაფხულში ტემპერატურა 32 გრადუსზე მეტია, მაშინ უსაფრთხო დაბრუნების ხანგრძლივობა მცირდება 1 საათამდე. თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, ეს ნიშნავს, რომ თუ საუზმობთ, სადილობთ ან ვახშმობთ და მაცივრიდან პროდუქტი გამოიღეთ 1 საათის განმავლობაში, მისი ჭამა უსაფრთხოა, უფრო მეტი დროის შემთხვევაში რისკები მატულობს. 2-დან 4 საათამდე პერიოდში თქვენ შეგიძლიათ ეს პროდუქტი შეჭამოთ, მაგრამ მისი მაცივარში დაბრუნება რეკომენდებული არ არის, ანუ თუ მაცივრის გარეთ 3 საათის განმავლობაშია პროდუქტი, ის უნდა გამოიყენოთ საკვებად, მაგრამ მისი დაბრუნება მაცივარში რეკომენდებული არ არის. აი, თუ 4 საათზე მეტია მაცივრის გარეთ, მისი საკვებად მიღება ინფექციების განვითარების მაღალ რისკს შეიცავს და ის უნდა გადაიყაროს.
ყურადღებით უნდა ვაკონტროლოთ ის დრო, რა დროის განმავლობაშია პროდუქტი მაცივრის გარეთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულების მქონე ნაწლავური ინფექციები, რომლებიც მცირე ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება იმდენად მძიმედ მიმდინარეობდეს, რომ მათი საავადმყოფოებში მოთავსებაც გახდეს აუცილებელი...
- გადავიდეთ შემდეგ თემაზე - ზაფხული და კანის დაზიანებები.
- კანის დაცვა და მოვლა ერთ-ერთი მთავარია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადგილას დასჭირდეს ბავშვს თუ მოზარდს, არა აქვს მნიშვნელობა, დედაქალაქში რჩება თუ მიდის დასასვენებლად. მზის მაღალი გამოსხივებისა და აქტიურობის გამო კანის დაზიანება ზაფხულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხია. კანის დაზიანება შეიძლება იყოს სწრაფად განვითარებული, მომენტალური, რასაც კანის დამწვრობა ჰქვია, თუმცა კანის დაზიანებასა და დამწვრობას შეიძლება შორს მიმავალი ნეგატიური შედეგებიც ჰქონდეს რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს - ზაფხულში გასარუჯად ხშირად რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ.
შუადღისას დიდი ხნის განმავლობაში არიან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ. ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება კანის სერიოზული დაზიანება და დამწვრობა გამოიწვიოს. დამწვრობა მტკივნეულობის, კანის მთლიანობის დარღვევის და ძალიან სერიოზული და მძიმე დისკომფორტის გამო ამ პერიოდში საშიშია. თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს დამწვრობის მოგვიანებითი შედეგები, როცა ათეული წლების შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული დაზიანება, მათ შორის შეიძლება გაიზარდოს კანის ონკოლოგიური პათოლოგიის რისკი, ამიტომ კანის დაცვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელიც ეხება როგორც მოზრდილებს, ისე განსაკუთრებით ბავშვებს.
კანის დაცვას 2 შემადგენელი კომპონენტი აქვს: პირველი - როგორი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ ზაფხულში. სასურველია, ტანსაცმელი იყოს ღია, ნათელი ფერის, ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული და სხეულის რაც შეიძლება მეტ ნაწილს ფარავდეს. როცა არჩევანია მაისურსა და გრძელსახელოიან პერანგს შორის, რა თქმა უნდა, გრძელსახელოიანი შეიძლება იყოს რეკომენდებული ზაფხულის განმავლობაში. ასევე აუცილებელია თავის დაცვა, ქუდის დაფარება და თვალების დაცვა მზისგან დამცავი სათვალით. ეს მნიშვნელოვანია.
მეორე მხარე კანის დამცავი კრემების გამოყენებაა, რომელთა რაოდენობა და არჩევანი დიდია. მნიშვნელოვანია, რა დაცვითი ფაქტორი აქვს კრემს - რეკომენდებულია დაცვითი ფაქტორი იყოს 30 და მეტი პროცენტი, 50% და მეტის გამოყენება მიზანშეწონილია ბავშვებში. საერთოდ, რამდენადაც უფრო მეტია დამცველობითი ფაქტორი, მით მეტია მისი დამცველობითი უნარი და ადამიანს თუ გარუჯვა არ სურს, რა თქმა უნდა, მაღალი დამცველობითი რიცხვის მქონე კრემები უნდა გამოიყენოს. ოღონდ არა ისე, რომ ერთხელ, დილით წაისვას და ჰგონია, რომ მთელი დღის განმავლობაში საკმარისია.
დამცავი კრემი ყოველ 2 საათში ერთხელ თავიდან უნდა დაიტანოთ კანის ზედაპირზე. ზღვაში, აუზში ან მდინარეში ყოველი ჩასვლის წინ და წყლიდან ამოსვლის შემდეგ კრემი თავიდან უნდა წაისვათ, ვინაიდან წყალი რეცხავს და ამცირებს მის დამცველობით უნარს.
ბოლოს, ზაფხულთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი რისკი არის მწერის ნაკბენი: კოღოს, ტკიპას... ყველაზე მნიშვნელოვანია ტკიპას ნაკბენი. მისგან გადაცემული დაავადებები შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს, მაგრამ მათ შორის ჩვენ ყველაზე მეტად გამოვარჩევთ ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას, რომელიც შეიძლება მწვავე ფორმაშიც მძიმე იყოს, შეიძლება ქრონიკული მიმდინარეობა მიიღოს, სახსრები და ნერვული სისტემა დააზიანოს და ა.შ. ამიტომ აუცილებელი და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, თუ გარეთ გადიხართ, ბავშვს უშვებთ ტყის პირას თუ მინდორზე, შინ დაბრუნების შემდეგ აუცილებლად უნდა დაუთვალიეროთ კანი. ითვლება, რომ ამ ტკიპის ნეგატიური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ვლინდება მაშინ, თუ ის არის მიკრული კანზე 36 საათისა და მეტის განმავლობაში (უფრო მეტი სიფრთილისთვის ლიტერატურაში 24 საათსაც ნახავთ). ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ტკიპა ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს, გადასცემს ადამიანს იმ დაავადებას, რომელსაც ბორელიოზი ჰქვია.
თუ დათვალიერების შემდეგ ტკიპას ნახავთ, თუ ის გაჯირჯვებულია, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე სისხლი დიდი რაოდენობით აქვს გამოწოვილი ორგანიზმიდან. არსებობს მისი მოცილების წესები. უმჯობესია, ტკიპა მოაცილონ სამედიცინო დაწესებულებაში, მისი უბრალოდ ხელის მოკიდებით მოცილება არ არის რეკომენდებული, ასე შეიძლება უფრო გაზარდოთ ტკიპას ზემოქმედება ორგანიზმზე, შეიძლება ორგანიზმში დარჩეს მისი სხეულის რომელიმე ნაწილი, რამაც შეიძლება გააგრძელოს მისი ზემოქმედება. ამიტომ უმჯობესია ექიმმა სპეციალური პინცეტით მოაშოროს და კანი დაამუშაოს.
ყველა ტკიპას, რა თქმა უნდა, არ გადააქვს მძიმე დაავადება. არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ორგანიზმზე მხოლოდ მისი მიკვრა ნიშნავს დაავადების განვითარების რისკს.
- ბორელიოზის გამომწვევი ტკიპა საქართველოს რომელ რეგიონებში გვხვდება?
- ყველგან არის, სადაც მინდორია, ასევე გადააქვთ შინაურ და გარეულ ცხოველებს. თბილისში არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალაქს რომ გაცილდებით, უკვე მისი ნაკბენისგან დაავადების განვითარების რისკი იზრდება.