„თუ ამერიკელები ამ კონფლიქტს არ ჩააქრობენ, შეიძლება სერიოზული დეტონაცია მოხდეს და საქმე სრულმასშტაბიან ომამდე მივიდეს“ - კვირის პალიტრა

„თუ ამერიკელები ამ კონფლიქტს არ ჩააქრობენ, შეიძლება სერიოზული დეტონაცია მოხდეს და საქმე სრულმასშტაბიან ომამდე მივიდეს“

სირიის სამხრეთით, სუვეიდაში მიმდინარე შეიარაღებულმა დაპირისპირებამ არა მხოლოდ ქვეყნის შიდასტაბილურობას, რეგიონულ უსაფრთხოებასაც­ შეუქმნა­ საფრთხე. დრუზების უფლებების დაცვასა და კონფლიქტის დეესკალაციაზე ლაპარაკობს თვით სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარააც, რომელიც საჰაერო დარტყმებზე პასუხისმგებლობას თელ-ავივს აკისრებს და ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ ამერიკის, არაბული სამყაროსა და თურქეთის დიპლომატიურმა ჩარევამ რეგიონი სრულმასშტაბიანი ომისგან იხსნა. შეტაკებები სამი მხარის მონაწილეობით მიმდინარეობდა - დრუზების ლოკალური შეიარაღებული­ რაზმები, სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალები და ბედუინთა ტომები. მხოლოდ­ ერთ კვირაში 350-ზე მეტი კაცი დაიღუპა. როგორ დაიწყო სუვეიდაში ესკალაცია, ვინ არიან ამ კონფლიქტის მთავარი მოთამაშეები, ეს მორიგი ესკალაციაა,­ დრუზების ცდა ბუფერული ზონის შექმნისა თუ ფართო გეოპოლიტიკური გათვლა, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების­ სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრა.

- სამხრეთ სირიაში მიმდინარე მოვლენები კლასიკური ჰიბრიდული ომის მაგალითია, სადაც შეიარაღებული ძალების გადაფარვა, ეთნიკური მანიპულაცია და გეოპოლიტიკური გავლენის ბრძოლა ერთად მოქმედებს. ისრაელის ღამის დაბომბვები და "ბედუინებად" შენიღბული სამთავრობო მებრძოლები მხოლოდ ამ კრიზისის ზედაპირული გამოვლინებაა - ფესვებში კი დიდი თამაშებია...

- ე.ი. ეს არის მორიგი ესკალაცია და დრუზების მიერ ბუფერული ზონის შექმნის ცდა, და არა ფართო გეოპოლიტიკური მიზნებით გათვლილი ოპერაცია რეგიონში?

- ჯერ ფართო გეოპოლიტიკური მიზნებით გათვ­ლილ ოპერაციაზე ნაადრევია ლაპარაკი. თუმცა, თუ ამერიკელები ამ კონფლიქტს არ ჩააქრობენ, შეიძლება სერიოზული დეტონაცია მოხდეს და საქმე სრულმასშტაბიან ომამდე მივიდეს. საქმე ის არის, ამ რეგიონში ერთმანეთთან დაპირისპირებული მოთამაშეები მუდმივად უთვალთვალებენ ერთმანეთს და არავის აწყობს, რომ რომელიმეს გავლენა გაიზარდოს. ამიტომაც ნებისმიერი კონფლიქტი, თუ ის დაუყოვნებლივ არ ჩახშვეს, სწრაფად იძენს ფართო ჩართულობას, მით უმეტეს, რთულადაა სააქმე დრუზების შემთხვევაში. ისინი არ ცხოვრობენ მხოლოდ სირიაში - საკმაოდ დიდი თემია ლიბანსა და ისრაე­ლშიც. ისრაელში მათ ქნესეთშიც ჰყავთ­ წარმომადგენლობა. ასე რომ, კონფლიქტს სერიოზულ მასშტაბზე გადასვლის პოტენციალი აქვს. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ საქმეში პირველივე დღიდან ჩაერთო ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

- სირიის დღევანდელი რეჟიმის თურქეთის მიერ პატრონირება ამერიკისთვის მისაღებია?

- ეს ბევრს არ მოსწონს და პირველ რიგში, ამერიკას. სირიაში რეჟიმი ტრამპის ოჯახისა და ერდოღანის ჩართულობით შეიცვალა, ხოლო რუბიოს ჯგუფისთვის, ანუ ტრადიციული რეიგანისტებისა და ნეოკონსერვატორებისთვის თურქეთის გავლენის ზრდა რეგიონში ყოველთვის მიუღებელი იყო. როცა გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკური კონტროლი დაამყარეს კავკასიასა და წინა აზიაზე, რუბიოს დაჯგუფებისთვის პრიორიტეტად იქცა თურქეთისთვის "ლაგმის ამოდება". ჩანს, ეს გავლენები კავკასიასაც მოიცავს და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ იმის მიზეზიც, რომ ზანგეზურის კორიდორის საკითხში ამერიკის ჩართულობაზეც დაიწყო საუბარი, და არა თურქეთის ორგანიზებულ ლოჯისტიკაზე. რატომ? იმიტომ, რომ თუ ლოჯისტიკა თურქეთს დარჩებოდა, ეს შეიძლება თურანის იდეის გაძლიერების წინა პირობად ქცეულიყო, ხოლო თურანის პოლიტიკური გეგმების გაძლიერება ოფიციალური ვაშინგტონისთვის პირდაპირ გულში დანის ჩაცემას უდრიდა.

- ისრაელის ინტერესი სირიის კონფლიქტში­ არ შემოიფარგლება დრუზების მხარდაჭერით...

- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა­ ისრაელ კაცმა რაც არ უნდა თქვან,

ფაქტია ერთია - ისრაელის გენშტაბის უფროსს ყოველთვის კურატორობდა ვაშინგტონი და დღესაც ასეა. როგორი ბრძანებაც არ უნდა მისცეს ნეთანიაჰუმ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს, თუ ეს გადაწყვეტილება ამერიკის მიერ არ იქნება ვიზირებული, ის ვერ შესრულდება.

ეს კარგად ნაცნობი პოლიტიკური ფორმულაა, რომლის შესახებაც მთელ მსოფლიოში იციან. როდესაც ისრაელის ავიაცია რომელიმე ობიექტს ბომბავს, ეს ნიშნავს, რომ ამაზე მიღებულია ამერიკელების თანხმობა. თუმცა საქმეში აშშ-ის პირდაპირი ჩართულობა არ იკვეთება, რაც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს მეტი მოქნილობით იმოქმედოს ახლო აღმოსავლეთის ჩახლართულ და მრავალპოლუსიან პოლიტიკურ გარემოში.

- ასევე მთელ მსოფლიოში იციან, რომ ბრიტანეთიც ამერიკის კურატორობით მოქმედებს, მაგრამ კულუარულად თურქეთს ეხმარება თურანის იდეის ხორცშესხმაში...

- კი ბატონო. მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულ თურქეთს, ფაქტობრივად, აჩუქეს კონსტანტინოპოლი და იურიდიულადაც დაუმტკიცეს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელზე, ბრიტანული საგარეო პოლიტიკის ორგანული ნაწილი და პირველ რიგში, ლონდონის ფინანსურ სისტემაზე დამოკიდებული­ ქვეყანა გახდა. პრაქტიკულად,­ ყველა სერიოზულ პროექტს, რომელიც თურქეთში ხორციელდება, ლონდონის სიტი აფინანსებს. ბრიტანელებს თურანის პროექტი სჭირდებათ არა იმიტომ, რომ თურქული ნაციონალიზმის მხარდამჭერები არიან, არამედ იმიტომ, რომ თურქეთის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენება სურთ შუა აზიასა და ნაწილობრივ ციმბირში.

თურანის იდეა, როგორც ბრიტანელები ამბობენ, ალტერნატიული გეოპოლიტიკური არქიტექტურაა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის­ იმპერია დაიშლება. ეს იქნება ახალი გავლენის ზონა აღმოსავლეთის სივრცეებში. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბრიტანელები აქტიურად არიან ჩართული ამ გეგმაში. გასაკვირი ის არის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გავარკვიოთ, რას გეგმავენ ბრიტანელები ან ამერიკელები ამ რეგიონში.

ჩვენი ყურადღება მხოლოდ იმაზეა ფოკუსირებული, რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი. სამხრეთი კავკასია და ახლო აღმოსავლეთი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სივრცეებია - ეს არის ერთგვარი ზიარჭურჭელი. თუ სადმე რამე ხდება, ის აუცილებლად აისახება ჩვენზეც.

კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი: ოფიციალურად ალიევი ჩვენი ხელისუფლების მეგობრად მიიჩნევა. როდესაც ალ-შარაა ბაქოში იმყოფებოდა, რატომ არავინ დაურეკა ალიევს და არ სთხოვა, შუამავლობა გაეწია, რომ სირიას უკან წაეღო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება? ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული დიპლომატიური მიღწევა და პოლიტიკური კაპიტალი, მით უფრო წინასაარჩევნოდ.

- "ქართული ოცნება" ყოველთვის სახიფათოდ აღიქვამდა რუსეთის გაღიზიანებას.... თურანის პროექტის გააქტიურების ფონზე კი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ფრთხილი გახდება.

- რასაკვირველია, საფრთხეა. მაქვს­ ინფორმაცია, რომ ერდოღანმა აიათოლა ჰამეინის შესთავაზა, ირანი თურქულ სახელმწიფოებთან გაერთიანებულ სივრცეში შესულიყო. არგუმენტი ასეთია: "თქვენი მოქალაქეების 35 მილიონი თურქია, შემოდით გაერთიანებაში, ეს გაძლიერებულ პოლიტიკურ წონას მიანიჭებს როგორც გაერთიანებას, ისე თქვ­ენც". წარმოიდგინეთ, ეს რომ მოხდეს, რა მასშტაბის გამოწვევების წინაშე დავდგებით! ჩვენ კი კვლავ ევროპარლამენტის რეზოლუციების განხილვით ვართ დაკავებული.

სხვათა შორის, თურანის იდეოლოგიას­ რეგიონში ჰყავს მოწინააღმდეგეები, მათ შორის, არაბული სამყაროც. საუდის არაბეთი, რომელიც პანთურქიზმის ნომერი პირველი ანტაგონისტია, დღეს უმნიშვნელოვანესი ფინანსური მოთამაშეა გლობალურ არენაზე. რატომ არ ვცდილობთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტად ვიქცეთ და მოკავშირეები და ფინანსური სპონსორები შევიძინოთ?

- ცოტა ხნის წინ სწორედ არაბული ინვესტიციების შემოსვლა დააანონსა ხელისუფლებამ.

- კი, მაგრამ ეს მხოლოდ რივიერის განვითარებით არ უნდა შემოიფარგლოს. არაბულმა ინვესტიციებმა ისეთი სტრატეგიული წონა უნდა მოიტანოს, რომ საქართველოს რეგიონის მასშტაბით დიდი თურანის ოპონირების ფუნქცია ჰქონდეს. 7-8 წლის წინ, როცა საბერძნეთი ეკონომიკური კოლაფსის პირას იდგა, ორმა ქვეყანამ­ გადაარჩინა - გერმანიამ, იმიტომ, რომ საბერძნეთის ფინანსურ ჩამოშლას შეიძლებოდა ევროკავშირისთვის შეექმნა პრობლემები, და საუდის არაბეთმა, იმიტომ, რომ საბერძნეთი თურქეთის საპირწონედ მიაჩნია და მისი წაქცევა არ ისურვა. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონის შეიძლება იყოს არაბული ინვესტიცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნების საქმეში, თუ სწორად წარმოვაჩენთ ჩვენს პოზიციას.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უკვე 8 თუ 10 წელია სატესტო რეჟიმშია. რატომ არა გვაქვს პრეტენზია? ამ დერეფანში ტვირთები მხოლოდ იმიტომ არ გადის, რომ თურქეთს არ სურს მისი დატვირთვა, და იცით, რატომ? - ზანგეზურის დერეფნის გააქტიურება უნდა. თურქეთს, რომელსაც დღეს ჩვენ ასე "ჩამოვეკიდეთ", ძალიან ცუდი ზრახვები აქვს საქართველოზე. იმ დროს, როცა რუსეთი ამიერკავკასიიდან ფაქტობრივად გადის, ჩვენ ვრჩებით თურქულ-აზერბაიჯანული პოლიტიკური დომინაციის წინაშე. საქართველოს ხელისუფლებას არც რუსეთის რეგიონისგან გასვლის აღიარება უნდა და არც ალტერნატივების ძიება. თუ თავს ქვიშაში ჩავრგავთ, რეალობა ამით შეიცვლება?

- გასაგებია, რომ საუდის არაბეთი შეიძლება სერიოზული ფინანსური სპონსორი იყოს, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მას ხომ ვერ დავეყრდნობით?

- სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი მთავარი დასაყრდენი უნდა იყვნენ ამერიკა და ყველა ის ძალა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას თურქული გავლენის ალტერნატივად ხედავს.პ

პ.ს. სტატია უკვე მზად იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სირიაში ცეცხლი შეწყდა. იმედია, მშვიდობა დიდხანს შენარჩუნდება.

ხათუნა ბახტურიძე