დიდი ბრძოლა პატარა კავკასიისთვის - მამუკა არეშიძის პროგნოზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკური "ვეშაპების" დაპირისპირებისას?!
კავკასიაში გავლენების გაძლიერებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, საქართველოში კი ისევ პოლიტიკური კრიზისია. რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის თუნდაც კავკასიაში მიმდინარე პროცესები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- დღეს მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს, ამიტომ ბრძოლა გავლენებისთვის უფრო მძაფრი და, შეიძლება ითქვას, უფრო თავხედური ხდება. ყოველთვის ასე იყო კავკასიაში, იმიტომ, რომ კავკასია გარკვეულწილად გასაყარზეა, ის სივრცეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ზღვას, კასპიისა და შავი ზღვის აუზებს. შეიძლება ჩავთვალოთ, ერთი მხრივ, არის დასავლეთი, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი და ეს ყველაფერი კვეთს კავკასიას. აქედან გამომდინარე, ყველა ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას, როგორც მსხვილი მოთამაშეები, ასევე საშუალო პოლიტიკური მოთამაშეები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია დაპირისპირება, გათიშე და იბატონეს პრინციპით მოქმედება, რეგიონში დაძაბულობის შექმნა, რათა დასუსტებულ სუბიექტებში უფრო მარტივად გაათამაშონ საკუთარი კარტი. ის, რომ ჩვენი რეგიონი საბჭოთა კავშირის დაშლისას უკვე იქცა დაპირისპირების არენად, ეს ყველამ კარგად იცის და ეს ხდებოდა დიდწილად ხელოვნურად. სამი მსხვილი კონფლიქტი იყო მარტო სამხრეთ კავკასიაში და სამივე წლების განმავლობაში იყო გაყინული. ეს მსხვილ მოთამაშეებს აწყობდათ, რომ კი არ მოგვარებულიყო კონფლიქტი, პირიქით, ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში, რათა საკუთარი გავლენა უფრო გაეძლიერებინათ. ეს ხდება დღესაც, ახალი არაფერია. უბრალოდ, შეთანხმებული თამაშის წესები აღარ არსებობს, ამიტომ ბევრად უხეშად ხდება ეს და ბევრად მაღალია ნგრევის რისკი, სახელმწიფოებრიობის, ფსიქოლოგიის, საზოგადოების, ეკონომიკის და ასე შემდეგ. ეს ეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანას.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა წელში გამართულად გრძნობს თავს, მაგალითად, აზერბაიჯანი, ასევე ახალი პოლიტიკის შექმნას ცდილობს სომხეთი, საქართველო კი ცდილობს, ასე ვთქვათ, ბალანსის პოლიტიკა შეინარჩუნოს, რისკი მაინც იმდენად მაღალია, რომ ვითარების პროგნოზირება ძალიან რთულია.
- ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, ხომ არ რჩება საქართველო განზე?
- ხაზგასმით მინდა ვთქვა - დედამიწის ზურგზე არ არის მსხვილი და საშუალო დონის პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც აინტერესებდეს ან საქართველოს, ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის ბედი. ყველას სურს თავისი გავლენების გავრცელების სივრცის შექმნა. პატარა ქვეყნის ინტერესები დღევანდელ მსოფლიოში მეორეხარისხოვანია, მით უმეტეს, თუ ეს ქვეყნები მდებარეობენ გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილას.
აზერბაიჯანი, რომელიც მოსახლეობით ყველაზე დიდია, მაინც პატარა ქვეყნად აღიქმება, არ არის ისეთი მყარი, როგორიც ალიევის ხელისუფლებას ჰგონია. ეს გამოჩნდა კიდეც რუსეთთან დაპირისპირებაში. რაც შეეხება საქართველოს, ის ბევრად სუსტი სახელმწიფოა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გამოც, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში იძულებული ვიყავით, ისეთ სპეციფიკურ რეჟიმში გვეცხოვრა, რომელიც გულისხმობს მუდმივად სხვაზე ორიენტაციას და სხვაზე დაყრდნობას. აქ ქართულმა ხასიათმაც თავისი როლი ითამაშა, რომელიც ბევრად არხეინია სხვადასხვა მიდგომასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობასთან. იმანაც ითამაშა როლი, რომ სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, მიუხედავად ისტორიული წარსულისა და მართლა დიდი გამოცდილებისა, თვითონ იმ პირების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ქმნიდნენ, გამოცდილების დონე ძალიან დაბალი იყო. მართალია, ცალკეულ პიროვნებებს ჰქონდათ გამოცდილება, მაგრამ არ იყო ეს მასობრივი. ამ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია.
საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დგას. ცუდია ეს გზა თუ კარგი, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გზა არის. მაგრამ არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომლებიც მის წინაშეა, მარტო გაუმკლავდეს.
- ამერიკას რამდენად აქვს ინტერესი, თუნდაც აზერბაიჯანის, სომხეთის?
- ყველას აქვს ინტერესი ამ რეგიონში გაძლიერების. რასაკვირველია, კრებსით დასავლეთს - ერთი არის ბრიუსელის გარშემო კონსოლიდირებული ძალები და მეორე ცალკეული ქვეყნები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთი, რომელსაც კავკასიაში აქტიურობის ორი საუკუნის ტრადიცია აქვს. რაც შეეხება რუსეთს, რა თYქმა უნდა, მას აშკარად აქვს ინტერესი. გარდა ამისა, არსებობენ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები, ირანი იქნება ეს, თურქეთი თუ არაბული სამყარო - ყველას თავისი ინტერესები აქვს. არის მსხვილი ახალი მოთამაშეც აღმოსავლეთიდან - ჩინეთი. დაინტერესებული ქვეყნების ასეთი თაიგული გვაქვს.
- როგორ მუშაობენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი გავლენის გასაძლიერებლად?
- ეს არის სხვადასხვა ტიპის გავლენის ჯგუფები, სასწავლებლები - რელიგიური თუ საერო, არასამთავრობო, საზოგადოებრივი თუ კულტურული ორგანიზაციები, ეთნიკური გავლენის ჯგუფები; ეს არის პერსონალიები, რომლებიც სხვადასხვა საფარქვეშ მუშაობენ ამა თუ იმ ქვეყნის სასარგებლოდ. რასაკვირველია, ჩვენ ხელებჩამოყრილი არ ვუყურებთ ამ რისკებს და გამოწვევებს, ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად დიდია მათი რაოდენობა, რომ ხშირად ყველაფერის ერთდროულად მოგიერებას ვერც მოახერხებ.
- მაშინ, როცა რუსეთი ებრძვის უკრაინას, აზერბაიჯანი მაქსიმალურად ცდილობს გაძლიერებას, მას ზურგს უმაგრებს თურქეთიც. როგორ შეეგუება ამ ყველაფერს რუსეთი?
- ვერ შეეგუება, უბრალოდ ახლა ხელები აქვს შებოჭილი უკრაინასთან ომის გამო, მაგრამ რუსეთი არ დათმობს კავკასიას, იმიტომ, რომ რუსეთის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ისეა მოწყობილი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის აუზის გაკონტროლება. ოთხი საუკუნის განმავლობაში ჰქონდა სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლა თურქეთსა და ირანთან, უფრო მეტად თურქეთთან. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირებას შეიარაღებული ფორმა არა აქვს, გააფთრებული პოლიტიკური ბრძოლაა რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენებისთვის სამხრეთ კავკასიაში.
თურქეთმა ყველაფერი გააკეთა, თანაც ეფექტურად, რომ რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში შეემცირებინა. ეს ყარაბაღის მოვლენებმაც დაადასტურა. დღეს თურქეთის ინტერესების მთავარი გამტარებელი რეგიონში აზერბაიჯანია. ის აგრძელებს იმ დავალების შესრულებას, რომელიც ანკარიდან აქვს მიღებული რუსეთის გავლენების შეზღუდვისთვის სამხრეთ კავკასიაში. რუსეთი ამას არ დატოვებს უპასუხოდ და ეს ჩანს კიდეც მის ზოგიერთ ნაბიჯში. გარკვეულწილად დაიწყო ახალი ძალების გადმოსროლა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაიწყო კასპიის ფლოტილიის გაძლიერება და ეს აზერბაიჯანის ქმედების საპასუხო ღონისძიებაა. დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საყრდენი ძალების დაგეშვა, მაგალითად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ... საინტერესო ეპიზოდი იყო ჩეჩნეთის ხელმძღვანელის გაფრთხილება, რომელიც მან ალიევს გაუგზავნა, რომ 48 საათში გაეთავისუფლებინა ბაქოში დაკავებული "სპუტნიკის" ჟურნალისტები. ბუნებრივია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ შეასრულა ეს მოთხოვნა და როგორც კი ამოიწურა 48 საათი, ერთი ძალიან ცნობილი პიროვნება ბაქოში უცებ გაქრა.
ის თადარიგში გასული ოფიცერია, ძალიან მაღალი ჩინის, რომელიც ხელმძღვანელობდა უშიშროების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმს ყარაბაღის ბოლო ომში, აზერბაიჯანის გმირია. როგორც ამბობს აზერბაიჯანული პრესა, ეს ჩეჩნების გაკეთებულია.
ეს გარკვეული აქტივობების დემონსტრირებაა რუსეთის მხრიდან. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება თავისი გავლენების დაკარგვას სამხრეთ კავკასიაში. ერთადერთი, დღეს უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთი შეიძლება შეურიგდეს გარკვეული ბალანსის ვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ვთქვათ, დასავლეთის, ჩინეთის ან სამხრეთის გარკვეულ მონაწილეობას, მაგრამ ის, რომ ფეხი ამოაკვეთინონ რუსეთს, გამორიცხულია, რადგან რუსეთი თუ დაკარგავს სამხრეთ კავკასიას, აუცილებლად დაკარგავს ჩრდილოეთ კავკასიასაც. ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვის შემდეგ დაიკარგება შავი ზღვის უდიდესი ნაწილი.
- საქართველოს დავუბრუნდეთ. დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ბოლომდე მისცა ვადა რეკომენდაციების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერებით იმუქრებიან.
- ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, დიდი დარტყმა იქნება ხელისუფლებაზე, მის პრესტიჟზე. მე მგონია, აქამდე საქმე არ უნდა მიიყვანონ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ბევრად მოქნილი პოლიტიკა გვჭირდება იმისათვის, რომ საქმე იქამდე არ მივიყვანოთ, რომ ასეთი განხეთქილება მოხდეს საზოგადოების დიდ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. კომპრომისის პოლიტიკაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ არავისთვის ეს საინტერესო არ აღმოჩნდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაშია, არამედ ფსიქოლოგიური, რომელიც ადამიანების ერთმანეთის მიმართ უზარმაზარ ზიზღს შეიცავს. პირველ რიგში ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ბატალიები ყველა ქვეყანაში მომხდარა და ჩაუვლია, მაგრამ ზიზღი და დაპირისპირება, რაც საზოგადოებაშია, ამის კვალი ძალიან დიდხანს რჩება, რისი მაგალითიც იყო 90-იანი წლების დასაწყისი, რომლის ექოც დღემდე გვესმის. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ დასავლეთის რიგ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოს ჩართვა რომ უნდოდათ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, ეს ჩემთვის ცნობილია - 2022 წლის მარტში მე ამ ტიპის ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, სადაც ეს ითქვა ჩემი დასავლელი კოლეგების მიერ.
- რამდენად გამოიყენებს ჩვენი ხელისუფლება ამ ვადას?
- ეგ კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. მე მაინც მგონია, რომ პოლიტელიტას მოქნილობა მართებს, რათა სიტუაცია უფრო არ გართულდეს და ეს მუქარა არ შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სუვერენიტეტის ხარისხის გაზრდისთვის ბრძოლა, გარკვეული ტრადიციული ურთიერთობების წესის შენარჩუნება აუცილებელიც და სწორიც არის, მაგრამ არის ვითარება, როდესაც გამოსავლის პოვნას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბრძოლის გაგრძელებას.