„თავად ჩამოიცვეს თავზე ყულფი და ახლა გახარიას სთხოვენ, შენც ჩამოიცვიო“ - გია ხუხაშვილის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!
"ლელოს" - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს ავრეცელებს და ოპოზიციაში მყოფ პარტიებს პირადი ამბიციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და ადგილობრივ არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლის ინიციატივით გამოდის, რაც, მისი ხედვით, "ოცნების" ადგილობრივ დონეზე "ჩაბეტონებას" შეამცირებს. მის გზავნილს საფუძვლად ახალგაფორმებული მემორანდუმი უდევს, რომელსაც ხელი ირაკლი კუპრაძემ ("ლელო") და ბერდია სიჭინავამ ("გახარია - საქართველოსთვის") მოაწერეს. გვესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
- საქართველოს უახლოეს ისტორიაში მსგავსი ცდები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა უშედეგოდ დასრულებულა. ახლაც ისევ დაპირისპირებას და აბსოლუტურად უაზრო კამათს ვუყურებთ. ხშირ შემთხვევაში ოპოზიციონერი ლიდერები ისევ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს, ისმის შეთქმულების თეორიები, ურთიერთშეურაცხყოფა, ცილისწამება... მათ შორის ისიც, თითქოს ვიღაც "ბიძინას თამაშს თამაშობს". მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, ოპოზიცია სრულფასოვნად ჩაერთოს არჩევნებში.
- ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, სატუსაღოში იმისთვის ჩასვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მისივე აზრით, გახარიაზეც ამიტომ აღიძრა საქმე...
- დიახ, ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ თამაშიდან გაიყვანონ ისინი, ვისაც შეუძლიათ რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ. სურთ არჩევნების ჩატარება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ავტორიტარიტარული ძალაუფლების გაფორმება. ამიტომ მათთვის მიუღებელია ისეთი პარტიების მონაწილეობა, რომლებიც შეიძლება ფეხში გაებლანდონ ან არჩევნების ლეგიტიმურობას საფრთხე შეუქმნან.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილი გახარიას საყვედურობენ, ციხეში რატომ არ ჩაჯექიო. როცა იცი, რომ ქვეყანას სჭირდება ფუნქციური პოლიტიკოსები, რატომ უნდა წახვიდე და ხელოვნურად დაკარგო თავისუფლება. პოლიტიკოსის ამოცანა არ არის პირადი თავგანწირვის დემონსტრირება. მისი მიზანია გონივრული სტრატეგია და ეფექტური მოქმედება. თავად ჩამოიცვეს თავზე ყულფი და ახლა გახარიას სთხოვენ კატეგორიულად, შენც ჩამოიცვიო.
- თუ ხაზარაძე და ჯაფარიძე იმიტომ დააპატიმრეს, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა, როგორ ახსნით იმ ოპოზიციური ლიდრების დაპატიმრებას, რომლებიც ამას ისედაც არ აპირებდნენ?
- ისინი უბრალოდ ხელს გააყოლეს. ხაზარაძე და ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე არ მივიდნენ, რომელზე მისვლაც კანონით არ ეკუთვნოდათ. აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისია პოლიტიკური დევნისთვის შეიქმნა. ცალსახაა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აგებს. ავტორიტარულ მმართველობაში პოლიტიკური კონკურენცია არ არსებობს. ქვეყნისთვის აუცილებელია ერთი დომინანტური პარტია, რომელსაც ეყოლება სატელიტი ჯგუფები. ვინც ხელისუფლების თამაშის წესებს ეწინააღმდეგება, ისინი ლეგალური საჯარო სფეროდან უნდა გავიდნენ - ზოგი ციხეში, ზოგი უცხოეთში, ზოგიც სამზარეულოში...
გახარია კომისიაზე მივიდა, ითანამშრომლა, მაგრამ ახლა ისეთ საქმეს აბრალებენ, რომლისთვისაც შეიძლება 15 წლით პატიმრობა მიუსაჯონ.
- შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ ბოიკოტის მოწინააღმდეგე ელექტორატმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს "ლელოს" ან გახარიას პარტიის სასარგებლოდ?
- ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ "ლელო" ან გახარიას პარტია არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ლოკალური გამარჯვებები შესაძლებელია, რაც მომავალში უფრო დიდ წარმატებას შეუწყობს ხელს.
ხათუნა ბახტურიძე