„უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შესაძლოა პროტესტის აფეთქების სერიოზული ფაქტორი გახდეს“
ევროკომისიის წერილს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუგზავნეს, რამდენიმე დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ვრცელი განცხადებით გასცა პასუხი. პასუხის მთავარი სულისკვეთება კი ის იყო, რომ "ოცნება" არაფერს არ შეასრულებს. უვიზო მიმოსვლა კი ეგზისტენციალური საკითხი არ არის და, ბოლოს და ბოლოს, სამკურნალოდ წასვლა სხვაგანაც შეიძლება. ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო ბრიფინგზე წაკითხულს ოფიციალური უარის ფასი აქვს. ამის შემდეგ როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის რეაქცია და რა შეიძლება მოხდეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.
- მგონი, გინდა წერილი მისწერე და გინდა ნუ მისწერ, უკვე აზრი არა აქვს. ჩემი ხედვით, აქ ყველაფერი ივანიშვილმა გადაწყვიტა, დარწმუნდა, რომ დასავლეთს უნდა მისი ჩამოგდება და ცდილობს მაქსიმალურად დისტანცირდეს. თუკი ადრე ეგონა, ტრამპი მოვა და ჩემს ფულს დამიბრუნებსო, რადგან არ უბრუნებენ, გადაწყვიტა, რომ მისი ჩამოგდება უნდათ. პროტესტიც, ასე თუ ისე, არ ჩერდება და ივანიშვილს დედამიწის ზურგზე ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს პროტესტი მართლაც ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების გამოხატულებაა და არა დავალება, რომელსაც მითური "დიფ სთეითიდან" იღებენ. ამიტომ გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მყარი ჯებირი ამოაშენოს მათთან ურთიერთობაში, რათა არ ჩამოაგდონ, აქ დაამყაროს აბსოლუტური ერთმმართველობა და ამით ეკონომიკური პრობლემები, რასაც მოუტანს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება თუ სვიფტიდან შესაძლო ჩახსნა, რაღაცნაირად დააკომპენსიროს რუსეთით, ჩინეთით, არაბული ქვეყნებით და მის გარემოცვაში გამდიდრებული ადამიანებისგან ხარკის აკრეფით. ეს რომ შეიცვალოს, ალბათ, ერთადერთი შანსი იქნება, რომ ივანიშვილს დაუბრუნონ თავისი ფული და აღიარონ მისი მარადიული მმართველობა. რამდენადაც ეს არ მოხდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოსცილდეს ევროპას და ევროინტეგრაცია დაასამაროს.
- თუკი შეჩერდა უვიზო მიმოსვლა, საზოგადოებაში მასობრივად იქნება იმის აღქმა, რომ ეს "ოცნების" ბრალია?
- ხელისუფლება მაქსიმალურად იმუშავებს, რომ, თუ ეს მოხდა, ოპოზიციას დაჰბრალდეს და ამისთვის ყველანაირ პროპაგანდის ხერხს გამოიყენებს. თუ ოპოზიციაში ცოტა აზრზე არიან, უნდა მიიღონ ზომები და ხალხს დაანახონ, ეს რატომ ხდება. ამ დროს კი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და ხაზარაძე-გახარიას მიტინგებს უწყობს. რას ნიშნავს რუსული არჩევნები? რატომ რუსული და არა ქართული? ცესკოს თავმჯდომარე პუტინმა დაუნიშნა თუ არჩევნების თარიღი კრემლმა ჩაუწერა კონსტიტუციაში? როდესაც ასეთ რაღაცებს ამბობენ, არასოდეს განმარტება არ მოჰყვება.
- ის, რასაც ხელისუფლება ყოფილ წევრებს უკეთებს (გასაგებია, რომ გვარებს არ ასახელებენ), "ოცნებაში" მიმდინარე რა პროცესებზე მიუთითებს?
- შეუძლებელია ივანიშვილს აკმაყოფილებდეს ის ვითარება, ურთიერთობის ის დონე, როგორიც აქვს ამერიკასა და ევროპასთან. ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რეგიონს იმდენად არ აღიქვამს უკრაინის და ევროპის კონტექსტში, მაგრამ აღიქვამს ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში, ეს ტრამპის ინტერესს კი არ ამცირებს, უფრო ზრდის. ტრამპი დაინტერესებულია რუსეთის აქედან განდევნით. ამიტომ ასეთ ვითარებაში ბიძინა ტრამპსაც დაუპირისპირდეს, ამერიკასაც, ევროპასაც, თურქეთსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, მაშინ მართლა რუსეთის გუბერნია თუ გავხდებით, თორემ სხვანაირად ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ არა მგონია, ეს აწყობდეს. პირიქით, ცდილობს, როგორმე გადატეხოს აქ პროტესტი, ჩაითვალოს, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს და რაღაცნაირად დასავლეთი შეაგუოს იმას, რომ აქ მხოლოდ ის არის. ეს არის მისი ამოცანა და მიაჩნია, რომ დასავლეთთან დათმობები მხოლოდ მისი სისუსტის გამოვლინება იქნება. ამიტომაც კომპრომისზე არ წავა. უბრალოდ, არც თვითონ არ იცის, როგორ მოიქცევა თუ დასავლეთის ზეწოლა, სანქციები ძალიან მტკივნეული გახდება და ქუჩაშიც ბევრი ხალხი გამოვა. ამიტომ მას ეს ფული ჯერ იმისთვის სჭირდება, რომ შიდაეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს, და არც იმას გამოვრიცხავ, სხვა გზა თუ არ დარჩა, მოჰკიდებს ამ ფულს ხელს და გაიქცევა მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ არა მგონია, ახლა ამისთვის ემზადებოდეს.
ახლა რომ ვუკვირდები, რაც მან 2012 წელს გააკეთა, ძალიან დიდი რისკი იყო, ოღონდ შემთხვევით გაარტყა რაღაც მომენტებს. ამან უფრო დაარწმუნა, რომ რაღაცების გათვლა შეუძლია. მაშინ ძალიან კარგად იცოდა, რომ დასავლეთი სააკაშვილს თუ არ გააჩერებდა, ბიძიIნა არათუ ვერაფერს მოიგებდა, უბრალოდ, დაიჭერდნენ, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რატომ იყვნენ უკმაყოფილო ამერიკა და დასავლეთი სააკაშვილით, რატომ გააჩერეს და რატომ მისცეს მას გამარჯვების შანსი. გამარჯვების მერე ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ახლა ამერიკამ მასზე უნდა დადოს ფსონი და აქ მისი მარადიული მმართველობა უნდა გაფორმდეს. რადგან ეს არ გამოვიდა და მერე ამას ჩვენდა ჭირად დაემთხვა ბანკის პრობლემაც, ჩათვალა, ეტყობა, ამერიკელები ჩემით უკმაყოფილო არიან და ისევ იმის დაბრუნებას აპირებენო. ამის მერე მთელი მისი გათვლები და პოლიტიკა ამაზეა აგებული.
- ამ სიტუაციაში ევროკავშირის ეს პოზიცია, რაც წერილით გამოხატეს, რამდენად ადეკვატურია არსებული პრობლემების?
- აბსოლუტურად არაადეკვატურია და სადღაც ეს ჩვენი ოპოზიციის დამსახურებაც არის, იმიტომ, რომ არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა. ჩადის იქ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი და ელაპარაკება ერთს, მერე ჩავა გახარია და ეტყვის მეორეს. ჩავა "ლელო" და ის კიდევ რაღაც განსხვავებულს ამბობს, გვარამიას პარტია კიდევ სხვას იტყვის და იქ ვეღარ გაიგეს, რა ქნან. ამიტომ მარტივი სქემით მოქმედებენ. კარგი, ამბობთ თქვენ, ხალხი არ დავსაჯოთო, მაგრამ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხომ ფიქრობს, უვიზო რეჟიმი რომ გავაუქმოთ, ხალხი გამოვარდება ქუჩაში და დაამხობს ხელისუფლებასო. მე რომ ვინმე მეკითხებოდეს, გავაკეთებდი ასე, მოვილაპარაკებდით ოპოზიციის ერთიან ფორმატში და, თუ ევროკავშირის მიერ ხელისუფლების სანქცირება არ ხერხდება, კონკრეტული პირებისთვის მოვითხოვდით უვიზო რეჟიმის გაუქმებას და არა მოსახლეობისთვის. თუ ევროკავშირი ამას ვერ ახერხებს, ადგნენ და ეს ცალკეულმა ქვეყნებმა გააკეთონ. სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ისინი დასეირნობენ. სერბეთსა და სლოვენიაში ჩავლენ თუ არა, სულ არ ენაღვლებათ, ბალტიისპირეთში ისედაც არ დადიან, ბრიტანეთში კი ისედაც ვიზა უნდათ. წესით, შეიძლებოდა ამაზე შეთანხმება, მაგრამ არ არის კოორდინაცია. არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა იყო ყველაზე კარგი, რომ ერთიანობა და ალტერნატივა დაფიქსირებულიყო, რადგან ახლა ვიღაცები იღებენ მონაწილეობას და ვიღაცები - არა, მაგრამ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, "ნაცმოძრაობიდან" წამოსული სპექტრი, აქ ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ახლა კარგი მომენტია და მოდი, ჩავრეცხოთ არანაცური ფლანგიო. ჩერგოლეიშვილი ამას პირდაპირ ამბობს, დანარჩენები ღიად ამას არ ამბობენ, მაგრამ ზუსტად იგივე კამპანია აქვთ. რამდენად ჭკვიანურია ეს, დრო აჩვენებს. მე მგონია, მაინცდამაინც ჭკვიანური არ არის.
- გახარია-ხაზარაძის პარტიების თანამშრომლობამ შეიძლება გააჩინოს ალტერნატივის ჩამოყალიბების საფუძველი?
- შეიძლება, თუკი აქტიურად და სწორად ჩართავენ საზოგადოებრივ ძალებსაც, მაგრამ ჯერ დიდ აქტიურობას ვერ ვხედავ.
- ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ალბათობა როგორია?
- ჩვენ გვაქვს ბელარუსის მაგალითი, როდესაც მთელი ქვეყანა გარეთ იყო გამოსული და ხელისუფლებამ მაინც ჩაახშო. თუ ხელისუფლებას აქვს ეფექტური კონტროლი და საყრდენი ძალოვან სტრუქტურებში, როგორც წესი, ის ახშობს აქციებს, თუ დასავლეთის გავლენა არ არის.
"ოცნებას" დღეს ძალოვან უწყებებში აქვს დასაყრდენი. ამიტომაც ამ შემთხვევაში გარდატეხა უნდა მოახდინონ ძალოვან სტრუქტურებში, პოლიციაში, უშიშროებაში, მაგრამ ბოიკოტისტებისგან დღეს ძირითადად ის გვესმის, მოვალთ და ყველას დაგიჭერთო. პოლიციას და უშიშროებას ამას რომ ეუბნები, ცხადია, უფრო მეტად შეეკვრებიან ხელისუფლებას. მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეს, ხელისუფლება აქამდეც იქნებოდა დამხობილი, მაგრამ ჰყავს და საჭიროა მიდგომის შეცვლა. ის მაინც გაიხსენონ, "ვარდების რევოლუცია" როგორ მოხდა. ძალოვან უწყებებში აბსოლუტური ქაოსი იყო. მეტიც, რევოლუციის მხარეს იყო უშიშროების და პოლიციის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. თუ რევოლუცია გინდა, ასე კეთდება და, თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ სხვა გზები უნდა ეძებო.
რუსა მაჩაიძე