შეგვიწყვეტს თუ არა ევროკავშირი უვიზო რეჟიმს?! - კვირის პალიტრა

შეგვიწყვეტს თუ არა ევროკავშირი უვიზო რეჟიმს?!

მსოფლიოში მომხდარ ავიაკატასტროფების გამოძიებას და მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენას აქვს მთავარი მიზანი - უსაფრთხოების ზომების ისე კორექცია, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა ანუ ანალოგიური მიზეზით ავიაკატასტროფა გამოირიცხოს. დიახ, ერთ ავიაკატასტროფაში შეიძლება დაიღუპოს 150-200 კაცი, მაგრამ მიზეზების დადგენა და პრევენცია მომდევნო წლებში ათასობით ადამიანს გადაარჩენს. საქართველოში, სამწუხაროდ, უბედურებებიდან დასკვნები ვერ გამოგვაქვს და ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. მაგალითად, 2015 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული უბედურების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ქვეყნის მასშტაბით გატარდებოდა პრევენციული ღონისძიებები: სტიქიურ საშიშ ადგილებზე აიკრძალებოდა დასასვენებელი/საცხოვრებელი სივრცეების მოწყობა, დამონტაჟდებოდა ადრეული შეტყობინების სისტემები და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, 8 წლის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში, შოვში უფრო მასშტაბური ტრაგედია მივიღეთ...

გასულ კვირას თბილისში კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა - თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სახლიდან პარაპეტი ჩამოვარდა და ორი კაცი იმსხვერპლა... და ისევ დაიწყო იმაზე უსაგნო ლაპარაკი, ვინ არის დამნაშავე, ექსპერტთა შეფასებები და ა.შ. ყველაზე ნაკლებად იყო საუბარი იმაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ მოხდეს. კითხვები კი ისმოდა, მაგრამ კონკრეტული პასუხები - არა. როგორც აღმოჩნდა, კორპუსი ავარიული ყოფილა. თურმე მერია ელაპარაკებოდა მობინადრეებს ფართობის ადგილმონაცვლეობაზე და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგობას აწყდებოდა. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სახელისუფლებო ორგანოებს არა აქვთ უფლება ძალის გამოყენებით ავარიული კორპუსებიდან მოსახლეობა გამოიყვანოს. კი ბატონო, ის ჯერ არ ინგრეოდა, მაგრამ პარაპეტი რომ ჩამოვარდა, ე.ი. მისი კონსტრუქცია უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, სახელისუფლებო ორგანოებმა არ უნდა დაიშურონ არც ფული და არც ადამიანური რესურსი, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დეტალურად აღწერონ და მონიშნონ, სად რა საფრთხე შეიძლება გაჩნდეს. რაც შეეხება კანონმდებლობას - თუ კანონმდებლობა უფლებას არ გაძლევს, რომ ადამიანები გადაარჩინო, მაშინ ის უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს. ვისაც გამოსვლა არ უნდა, ის უნდა გამოიყვანო ძალით და თუნდაც უარყოფითი სიუჟეტები, ანტიპიარი უფრო უნდა გიღირდეს, ვიდრე დაღუპულებზე გლოვა. როდესაც კანონიც ცვლილება-გამკაცრებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას არ ვგულისხმობთ. იგივე ითქმის საგზაო მოძრაობაზეც. გადახედეთ სოციალურ ქსელებს - ავარიებში დაღუპულთა ნეკროლოგებად არის გადაქცეული.

შეწყვეტა-არშეწყვეტა

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ევროკომისიის წერილი, რომელშიც თბილისისგან 8 პუნქტის შესრულებას ითხოვენ. პუნქტების ჩამონათვალი ასეთია: "უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა; თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBპირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს; საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით; ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით; უნდა შეიქმნას აქტივების აღდგენის და აქტივების მართვის ოფისები. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით; ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს; ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით; პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს".

სანამ ეს დოკუმენტი გამოქვეყნდებოდა, ბევრი ელოდა, რომ ის უფრო მკაცრი იქნებოდა - ერთ-ერთ პუნქტად ელოდნენ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ან პატიმრების გათავისუფლების საკითხს. ასევე იმას, რომ დოკუმენტს ერთგვარი ულტიმატუმის ფორმა ექნებოდა. ბრიუსელი თბილისისგან ცვლილებებს აგვისტოს ბოლომდე ელოდება.

რაც შეეხება თბილისის პასუხს - პრინციპში, პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ პარლამენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევას და იმ კანონების გაუქმებას, რომელთაც ევროკომისია ითხოვს, არ აპირებს. თუმცა თქვენს მონა-მორჩილს (შეიძლება ვცდები კიდეც) დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ბოლომდე ხიდებს არ წვავს. მაგალითად, პრემიერის განცხადება, რომ მზად არის დისკუსიისთვის ევროკომისიის ნებისმიერ წარმომადგენელთან, ამის მანიშნებელია. პარალელურად, ხელისუფლება მაინც ამზადებს მოსახლეობას იმისთვის, რომ შესაძლოა უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ვნახოთ, ევროკომისია შეჰყვება თუ არა დისკუსიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მთავარი კითხვა კი შემდეგია - წავა თუ არა ევროკავშირი იმაზე, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტოს? გასულ წელს ბრიუსელმა რეგულაციები შეცვალა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები გაამარტივა და შესაბამისად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ამას ვეღარ დაბლოკავს. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ევროკავშირის კულუარებში, არსებული ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგნი არიან, რომ ქვეყნის მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა შეუწყდეს. გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მისწერეს წერილი, რომელშიც აცხადებენ, რომ სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეთ ოფიციალურ პირებს და არა მოსახლეობას. თავისი პოზიცია დააფიქსირა პოლონეთმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას სავიზო რეჟიმი არ უნდა დაუწესდეს. ეს კარგი სიგნალია. მოკლედ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე: 1. ევროკომისია იზიარებს ზემოხსენებული ხუთი სახელმწიფოს მოწოდებას და სავიზო რეჟიმს უწესებს მხოლოდ ოფიციალურ პირებს. 2. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გადადეს და საქართველოში ჩამოვა ევროკავშირის დელეგაცია ზემოხსენებულ კანონებზე სასაუბროდ/დისკუსიისთვის (თუმცა ეს მაინც, ალბათ, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება იქნება) და 3. ყველაზე ცუდი სცენარი - ევროკავშირი აწესებს სავიზო რეჟიმს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

იმედია, ყველაზე ცუდი სცენარი არ იქნება. კერძოდ, ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ დასავლეთისკენ სვლა ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთაა. სწორედ დასავლეთისკენ სწრაფვისთვის სჯიდა რუსეთი საქართველოს ჰიბრიდული ომებითა თუ თავდასხმებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ემსხვერპლა. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება მათ მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვევს ბრაზს არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებაზე, არამედ ევროკავშირზეც.

უვიზო რეჟიმი მხოლოდ ის არ არის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან იაფფასიანი ბილეთით ევროპის რომელიმე დედაქალაქში პირდაპირ ჩაფრინდები, საზღვარზე უცბად გადახვალ და თბილისში არ მოგიწევს საკონსულოებთან რიგებში ყურყუტი და ზოგიერთი კონსულის დამამცირებელ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს არ არის მხოლოდ გართობა, ტურიზმი, ფეხბურთის მატჩებზე დასწრება, ხანდახან ევროპაში წამუშავება ან თუნდაც იქ მკურნალობა - ეს დიდი პოლიტიკაა. დიახ, დიდი პოლიტიკაა, რადგან უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობდა ევროპის ნაწილად, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ევროპაში სეირნობდა, როგორც საკუთარ სახლში, ანუ ხდებოდა ქართველი საზოგადოების ინტეგრაცია ევროპასთან. თუ პირველ რიგში საზოგადოების ინტეგრაცია არ მოხდა, ხვალვე ევროკავშირში რომც მიგვიღონ, არანაირი აზრი არ ექნება. უვიზო რეჟიმის შეწყვეტა იქნება ამ ინტეგრაციის გაწყვეტა და რუსეთისკენ ხელის კვრა.

გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, დიდი ალბათობით, ისედაც სუპერპოლარიზებულ გარემოში ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება. კიდევ ერთხელ დავდგებით მოვლენების რადიკალური სცენარით განვითარების საფრთხის წინაშე, მეორედ ამ ბეწვის ხიდზე შეიძლება ვეღარ გავიაროთ, გადავიჩეხოთ და უვიზო რეჟიმი კი არა, ბევრი რამე უკან დაგვრჩება. ეს უნდა გაითვალისწინონ ბრიუსელშიც და თბილისშიც, თუ ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი უნდათ.

ხაზარაძე-გახარიას ალიანსი

გასულ კვირას "ლელომ" და გახარიას პარტიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით გამოვლენ. თუმცა მთავარი საკითხია, ვინ იქნებიან ეს ერთიანი კანდიდატები. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს - ოპოზიციის ერთმა ნაწილმა "ნაცმოძრაობისა" და „"ახლის"“თამადობით ბოიკოტი გამოაცხადა და თავს ესხმიან "ლელოსა" და გახარიას პარტიას. "ლელოსა" და გახარიას მტკიცებით, „"ოცნებას" სურს 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში ისინი არ მონაწილეობდნენ (ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ბადრი ჯაფარიძემ ციხიდან გამოგზავნილ წერილში) და ამიტომაც არიან საპატიმროში. ოპოზიციის მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ "ოცნებას"“ სწორედ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა სურს და ამას ადასტურებს მიხეილ ყაველაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით, თუ ოპოზიციის ლიდერები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადებენ, ის მათ შეიწყალებს.

მოკლედ, შესაძლოა მოვლენები ასე განვითარდეს - "ლელომ" და გახარიამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიონ 4 ოქტომბერს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყოს, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილი თავისი მოწოდებებით ამომრჩევლის ნაწილს სახლში დატოვებს. თავის მხრივ, ბოიკოტი ჩაიშლება, რადგან „"ლელო"“ და გახარია არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ "ლელოსთვის" და გახარიასთვის სტრატეგიული ამოცანაა ისეთი კანდიდატების დასახელება, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში წარმატების რწმენას გააღვივებენ და ბოიკოტისტების მოწოდებებს აღარ მოუსმენენ.

აქვთ კი ასეთი კანდიდატების რესურსი? - საკითხავი აი, ეს არის.

გიორგი კვიტაშვილი