პირველი „ოქროს თაობა“, რომელსაც ისტორიის დაწერამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა
დღემდე არ გაგვნელებია ის სიხარული, რომელიც საქართველოს ნაკრებმა "ევრო 2024-ზე" გასვლით და იქ თამაშით მოგვანიჭა. ამ ნაკრებს "ოქროს თაობა" უწოდეს - ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, მამარდაშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი და სხვები და სხვები ჩვენთან წარმატებასთან ასოცირდება. ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ მსოფლიო დონის ვარსკვლავად ყალიბდება... თუმცა კიდევ იყო ერთი "ოქროს თაობა", რომელსაც წესით, დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. 90-იანი წლების დასაწყისში ერთი ნაბიჯი დააკლდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყო და მაშინდელი ჩაბნელებული საქართველო სიხარულით გაენათებინა. ქინქლაძე, ძმები არველაძეები, ჯამარაული, ქეცბაია, ცხადაძე, შელია და სხვები. სწორედ მათთან ასოცირდება პირველი დიდი სიხარულიც და პირველი დიდი გულისწყვეტაც.
პირველ "ოქროს თაობას", 1994 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასეთი მეტოქეები არგუნა. გერმანია (1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და ამ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა), ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთი (1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი), ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული უელსი და მოლდოვა. თუმცა ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა ამბიცია - უნდა გავსულიყავით!
გავიხსენოთ წინა საუკუნის 90-იანი წლების თბილისი. რამხელა დრო გავიდა მას შემდეგ. დღეს, ალბათ, ვერც წარმოვიდგენთ იმდროინდელი ყოფის ჩვეულ სურათს - რიგები პურზე, ნავთზე, გადაჭედილი ავტობუსები, ქუჩებში ათასი პრობლემით მოსიარულე ადამიანები. ეს ის დრო იყო, როდესაც შუქის მოსვლა ბავშვივით გვიხაროდა, ოჯახებში კი გაზის მაგივრობას ნავთი და თურქულ-ირანული "ტურბოები" გვიწევდა. სწორედ ასეთ რთულ და მძიმე დღეებში აერთიანებდა ქართველ ხალხს ფეხბურთის სიყვარული ევროპის შესარჩევი ეტაპის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ინგლისში უნდა გამართულიყო.

პირველი სიმწარე და პირველი სიხარული
საქართველომ პირველი მატჩი მოლდოვასთან თბილისში გამართდა. მაშინდელი თაობის ფეხბურთელები დღემდე ვერ პოულობენ კითხვას პასუხზე - როგორ წავაგეთ მატჩი, რომელიც დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. დიახ, მოლდოველებმა ერთხელ დაარტყეს და გოლი გაიტანეს, ქართველებმა კი ხუთჯერ-ექვჯერ შეაზანზარეს კარის ძელები, მეტოქე საკუთარ საჯარიმოში ჰყავდათ მომწყვდეული, მაგრამ... 0:1 წავაგეთ.
შემდეგმა თამაშმა უკვე ბულგარეთთან მოგვიწია, მატჩის წინ კი ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე სიხარულს ვერ მალავდა და ამბობდა: "სხვა დროს ბევრი მატჩი წამიყვანია, მაგრამ დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი უცხო ქვეყნიდან, თან ისეთი დონის მატჩი, როდესაც ჩვენი მეტოქე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი გმირი, ბულგარეთის ნაკრებია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მე ბედნიერი ვარ, რომ მომიწევს ამ მატჩის წაყვანა. ვღელავ, ბუნებრივია, ისევე როგორც ყველა. ღმერთი ჩვენკენ და ყველაფერი კარგად დამთავრდება". მატჩი საკმაოდ უხეში და დაძაბული გამოდგა, 58-ე და 63-ე წუთებზე დუბლით თავი გამოიჩინა ბულგარელმა შემტევმა კოსტადინოვმა და საქართველო ბულგარეთთან 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საქართველო პირველი გაიტანდა გოლს ამ თამაშში, მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად სხვანაირად განვითარდებოდა, რაზეც ბულგარეთის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა: "ბულგარელი ფეხბურთელები და მე ამ ორი დღის განმავლობაში, როდესაც ქართველი ფეხბურთელების ჩანაწერებს ვუყურებდით, დავრწმუნდით მათ ოსტატობაში და ვიცოდით, რომ წინ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ბულგარეთის ნაკრებმა შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, არ დაიბნა და გავიმარჯვეთ ისე, რომ გოლი არ გავუშვით".

აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი დაეთანხმა ჩივაძეს, რომ თუ საქართველო პირველი შეძლებდა გოლის გატანას, თამაში შეიძლება სხვანაირად დასრულებულიყო.
საქართველოს ნაკრების შემდეგი ოპონენტი უელსი გახლდათ და ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩია საქართველოს ნაკრების ისტორიაში, მით უმეტეს, წინ ორი მარცხი უძღოდა იმ დიდ წარმატებასა და სიხარულს, რასაც ფეხბურთის ფორტუნა გვიმზადებდა. ოფიციალურ თამაშებში პირველი ისტორიული გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა და 31-ე წუთზე საქართველო ერთი ბურთით წინ გადის. ზუსტად ათ წუთში ქართველი გულშემატკივრის გახარება ქინქლაძემაც შეძლო და მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, საქართველო უკვე 2:0 იგებს. პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრები უფრო მეტი თავდაჯერებითა და სტიმულით გამოდის, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა - 49-ე წუთზე ისევ გოლი და ისევ ქეცბაია! უელსი თბილისში 3:0 მარცხდება. თემურ ქეცბაიას მეორე გოლს კვლავ ათ წუთში ამჯერად გოგრიჭიანი უმატებს 59-ე წუთზე, შემდეგ კი საბოლოო წერტილს უელსელი ფეხბურთელების იმედს შოთა არველაძე უსვამს და 67-ე წუთზე ანგარიში უკვე 5:0-ია. ამ გამარჯვების შემდეგ ნაკრებმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა.
შემდეგი მატჩის ჩატარება საქართველოს ნაკრებს უკვე სტუმრის ამპლუაში ალბანეთში მოუწია, სადაც შოთა არველაძის გოლით ერთი ბურთის სხვაობით მოიგო...

ქართული ამბიციები გერმანული მანქანის წინააღმდეგ
და აი, 1995 წლის 29 მარტს საქართველოში სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული გერმანია ჩამოდის. ვინც იმ დროს სტადიოზე იყო, ის სურათი არასოდეს დაავიწყდება. 110 000 კაცი სტადიონზე, სარბენ ბილიკებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით განლაგენული სხვადასხვა ფორმაში ჩაცმული, წვერგაუპარსავი პოლიციელები თუ სამხედროები, ზოგი ადგილისთვის ჩხუბობს, ზოგი კი სანთლებს ანთებს და ღმერთს სთხოვს ჩვენი ფეხბურთელების დახმარებას.
გერმანიას თუ დავამარცხებდით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურზე რეალური შანსები გვქონდა. თუმცა... იურგენ კლინსმანმა 24-ე და 45-ე წუთზე მოგვიმთავრა საქმე და ანგარიში არ შეცვლილა.
გულშემატკივარს საშინელი იმედგაცრუება დაეუფლა. არადა, წარმოვიდგინოთ დღევანდელი გადასახედიდან - ახალბედა ფეხბურთელებით, რომლებსაც არც ფორმები ჰქონდათ და ცხელი წყალი ფუფუნების საგანი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების დამარცხება გვინდოდა. იმედი მალევე დაბრუნდა...
კერძოდ, საქართველომ კვლავ დაამარცხა ალბანეთის ნაკრები, ამჯერად უკვე თბილისში - 2:0. არველაძემ მატჩის მე-2 წუთზე შეძლო ჩვენი ნაკრების დაწინაურება, შემდეგ კი თემურ ქეცბაიამ 42-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ახლა ისევ უელსის ჯერი იყო. ჩვენი ბოლო დაპირისპირების მსგავსად ეს მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა. მეორე თამაშში, 74-ე წუთზე, თავი ისახელა ქინქლაძემ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.

დადგა ჩვენი გერმანიაში ვიზიტის დროც. თუ ვიგებდით, გასვლის შანსებს ვინარჩუნებდით. წარმოიდგინეთ, საქართველოს ნაკრები მატჩში შემტევი შემადგენლობით გავიდა. დაბარებულივით მატჩის დაწყების წინ თბილისის დიდ ნაწილში დენი გაითიშა (საქართველოს სხვა რეგიონებს ისედაც არ ჰქონდათ ელექტროენერგია). ამიტომაც მატჩის რადიორეპორტაჟის იმედად ვიყავით. წარმოიდგინეთ, ქეცბაიამ 28-ე წუთზე გაიტანა გოლი და სიხარულით ნახევარი თბილისი "ინგრეოდა", თუმცა... გერმანული მანქანა "ჩაირთო", ოთხი უპასუხო გოლი გაგვიტანეს და ამით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც კი მოგვესპო.
თუმცა პირველმა "ოქროს თაობამ" ისტორიის დაწერა მაინც შეძლო. საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ბულგარეთი ესტუმრა. შოთა არველაძემ მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა და 1:0 დავწინაურდით, მეორე გოლის გასატანად კი გიორგი ქინქლაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. თუმცა მატჩის მიწურულს ლეგენდარულმა სტოიჩკოვმა შეამცირა ბულგარელთა ჩამორჩენა და მატჩი 2:1 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. სხვათა შორის, სტოიჩკოვი გალახვას გადაურჩა, რადგან მარცხით გამწარებულმა ავტოგრაფისთვის მისულ ბავშვს წყალი შეასხა, რამაც გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია.
სამაგიეროდ, მოლდოვა კიდევ ერთხელ გავახარეთ. ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და კიშინიოვში 2:3 წააგო.
ამით დასრულდა პირველი ევროპული თავგადასავალი. არადა, ოდნავ გამართლება (თუნდაც მოლდოვასთან ორი მატჩის სულელურად არწაგება და ბულგარეთში მოსაგებ მატჩში გამარჯვება) და ისტორიას, ჯერ კიდევ 25 წლის წინ დავწერდით. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს...
ნიკოლოზ თევდორაშვილი