"ბინაში საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, ლამინატი აყრილი... სიმწრისგან ვტიროდი" - შეგვიძლია თუ არა თაღლითი მდგმურისგან თავის დაცვა?! - კვირის პალიტრა

"ბინაში საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, ლამინატი აყრილი... სიმწრისგან ვტიროდი" - შეგვიძლია თუ არა თაღლითი მდგმურისგან თავის დაცვა?!

გაქირავებული ბინის მეპატრონეებს რომ უამრავი პრობლემა ექმნებათ, ეს ბევრმა იცის. ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თაღლითი მდგმურების გაყვანას ბინიდან, რადგან არ არსებობს სათანადო კანონი, რომელიც მესაკუთრის უფლებებს დაიცავს. პრობლემა რომ მწვავეა, ცხადი შეიქნა გასულ კვირას გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიითაც სათაურით: "ფრთხილად, თქვენს ბინაში თაღლითი მდგმურია", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მივიღეთ დაზარალებული მოქალაქეების უამრავი წერილი. ისინიც იურისტ ნუგბარა როსტიაშვილის სამართლებრივი პასუხების მიღების შემდეგ გვთხოვენ, რომ გამოსავლის პოვნაში დავეხმაროთ. რომ ჩვენ, მედიამ, მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, რათა პრობლემა მოგვარდეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს სთხოვენ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს თაღლითი მდგმურებისგან. როგორც იურისტი ნუგბარა როსტიაშვილი ამბობს, მასაც არაერთი მოქალაქე აკითხავს კითხვით, როგორ გამოასახლოს ბინიდან მდგმური და როგორ დაიბრუნოს უძრავი ქონება, რომელიც გააქირავა, ან მდგმურის გასვლის შემდეგ ხელში შერჩათ დაზიანებული ბინა, გადაუხდელი ქირა და კომუნალური გადასახადები. როგორც იურისტი გვირჩევს, უნდა მივმართოთ სასამართლოს ჩვენი უფლებების დასაცავად. თუმცა ყველამ იცის, რომ ეს დიდ ხარჯსა და დროსთან არის დაკავშირებული. შეიძლება ორი წელიც კი დაგჭირდეს, რომ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ვერ აინაზღაურო ზარალი, რადგან ხშირად დამქირავებლების სახელზე ქონება არ ფიქსირდება. ხელისუფლებამ ჯერაც ვერ მოიცალა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ აღარ იყოს საჭირო გამოსახლებისთვის თუნდაც სასამართლო პროცესი. მართალია, წლების წინ იუსტიციის მინისტრი დაგვპირდა, რომ კანონპროექტს შეიმუშავებდნენ და როცა ხელშეკრულების პირობები დაირღვეოდა, მესაკუთრეს შეეძლებოდა პირდაპირ აღსრულების პროცესის დაწყება, სასამართლოს გარეშე, თუმცა მისი სიტყვები დაპირებად დარჩა. ჩვენ რედაქციაში შემოსული წერილებიდან რამდენიმეს გამოქვეყნება გადავწყვიტეთ. იქნებ ამ გზით კიდევ ერთხელ ვცადოთ ხალხის გასაჭირის მიტანა საკანონმდებლო ორგანომდე.

"მოვითხოვთ მიიღონ კანონი და დაგვიცვან თაღლითი მდგმურებისგან"

"მოგესალმებით. "კვირის პალიტრაში" დაიწერა სტატია სათაურით, "ფრთხილად, თქვენს ბინაში თაღლითი მდგმურია" და ვფიქრობ, ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ბევრი ადამიანის გასაჭირს ეხმიანება... მინდა ჩემს ამბავს მოგიყვეთ, რადგან ძალიან დაზარალებული ვარ. ვიარე პოლიციაში, მაგრამ იმედგაცრუებული დავბრუნდი, ვერ ვიპოვე სამართალი.

მაქვს სამოთახიანი ბინა "წერეთლის" მეტროსთან, რომელსაც ვაქირავებ. ეს არის ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, რადგან უმუშევარი ვარ. შემოსავლების სამსახურში ვიხდი გადასახადს, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და მინდა ჩემი უფლებებიც დაიცვას სახელმწიფომ.

სამაკლერო კომპანიის დახმარებით ბინა მივაქირავე ორ სტუდენტ არაბ ახალგაზრდას. დავდეთ ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა მოვაწერეთ ხელი. წესისამებრ ბოლო თვის ბინის ქირა სააგენტომ წაიღო. ხელშეკრულებაში გაწერილი იყო ჩემი უფლებები, რომ თუ მდგმური დაარღვევდა მითითებულ პირობებს, შემეძლო მისი გაშვება. ბინაში ყველა საჭირო ნივთი მქონდა, ტექნიკა და ავეჯი. მეორე თვეს ქირის ასაღებად რომ მივედი, სახლში ჩემი ნივთები წესრიგში იყო, მაგრამ სხვა ბიჭებიც დამხვდნენ ბინაში. მითხრეს, მეგობრები არიან და სტუმრად მოვიდნენო. მორიგ ვიზიტზე გავარკვიე, რომ ორი მდგმურიდან ერთი სხვაგან გადასულა საცხოვრებლად, რადგან ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, და სხვა ბიჭი შევიდა მის ნაცვლად. არც ამაზე შემიქმნია პრობლემა.­ ასე გავიდა ოთხი თვე. ერთ დღეს იქ მისულს ჩემი ბინის ჰოლში ძაღლი დამხვდა. ვუთხარი, რომ ძაღლი არ მინდოდა ბინაში, რადგან რემონტი ახალი გაკეთებული მქონდა. მომატყუეს, მეგობრის ძაღლია, რამდენიმე დღით წასულია დასასვენებლად და დროებით დაგვიტოვაო. ზაფხული იყო და ესეც ჩვეულებრივ ამბად აღვიქვი. მერე მეც მომიწია ქალაქიდან სამი თვით გასვლამ. სექტემბერში თბილისში რომ დავბრუნდი,­ ბინაში მივედი, რადგან ერთი თვის ბინის­ ქირა დამიგვიანეს. ბინაში ისევ რამდენიმე ბიჭი და საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, აივანი ნაგვით იყო გატენილი. ბინაში ლამინატიც კი აყრილი დამხვდა. დივანიც დაუზიანებიათ. ვიდექი და სიმწრისგან ვტიროდი. მოვთხოვე, სასწრაფოდ დაეცალათ ბინა, პოლიციაც გამოვიძახე, მაგრამ პოლიციელებმა მითხრეს, რომ სასამართლოსთვის მიმემართა, რადგან ისინი­ ვერ გაასახლებდნენ მათ და ვერც ზარალის ანაზღაურებაში დამეხმარებოდნენ. ჩემს ქვეყანაში უცხოელებისგან ვერ მიცავს პოლიცია! დავრეკე იმ კომპანიაში, რომელთანაც მქონდა დადებული ხელშეკრულება. შეწუხდნენ ძალიან, მაგრამ ისინიც ვერ დამეხმარნენ მდგმურების გასახლებაში. ერთადერთი, რასაც დამპირდნენ, ის იყო, რომ ბინის ხელახლა გაქირავებაში დამეხმარებოდნენ.

მეორე დღეს ადვოკატთან მივედი, რომ მისგან მიმეღო პასუხი, და როცა გაეცნო ხელშეკრულებას, მითხრა, რომ გამიჭირდებოდა თავის დაცვა სასამართლოში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დროს, რადგან როცა მდგმურები ბინაში შევუშვი, არ მქონდა ჩამონათვალი, თუ რა ნივთები გადავეცი მათ და რა მდგომარეობაში. ადვოკატმა 2.000 ლარი მომთხოვა მომსახურებისთვის და განმიმარტა, რომ დავას შეიძლება მინიმუმ 2 წელი დასჭირვებოდა და დაკისრებული თანხის ამოღებაც გამჭირვებოდა, რადგან ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, სტუდენტები, და მათ სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება საქართველოში. მხოლოდ მათი საბანკო ანგარიშები დაიბლოკებოდა და თუ მათ სახელზე რაიმე თანხა გადმოირიცხებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებდი აღებას.

მართალია, მდგმურები დამპირდნენ, რომ ამინაზღაურებდნენ ზარალს, მაგრამ მეორე დღეს ბინაში რომ მივედი, კარი ღია დამხვდა, წაუღიათ თავიანთი ნივთები და მას მერე არც ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობდნენ. იმ იმედით, რომ პოლიცია დამეხმარებოდა, ისევ მივედი განყოფილებაში, წარვუდგინე მდგმურების პასპორტის ასლები, ტელეფონის ნომრები და ვთხოვე­ დახმარება, მაგრამ იგივე პასუხი მივიღე, რომ ეს იყო სამოქალაქო დავა და მიმემართა­ სასამართლოსთვის. დიდი კამათის შემდეგ დამაწერინეს განცხადება, სადაც აღვწერე­ დეტალები, მაგრამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. არც კი მოუძებნიათ ისინი.

ზარალმა 5.000 ლარს გადააჭარბა, ამას ემატებოდა ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი, პლუს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადამეხადა სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. გამოდის, ორი იმდენი უნდა დამეხარჯა, რაც ვიზარალე.

სასამართლოში უნდა დამეკარგა დიდი დრო და ორი წლის შემდეგ შეიძლება მიმეღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჩემს ყოფილ მდგმურებს დააკისრებდნენ გაწეულ ხარჯებსაც, მაგრამ თუ ისინი გაასაჩივრებდნენ ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში, დავა კიდევ რამდენი წელი გაიწელებოდა, ვინ იცის. რაც მთავარია, ამასობაში შეიძლება მათ სწავლაც დამთავრებული ჰქონოდათ საქართველოში და ხელში შემრჩებოდა ფარატინა ქაღალდი, რომლის აღსრულებას ვერ შევძლებდი. ამიტომ უარი ვთქვი სასამართლოს გზით ბრძოლაზე და ბინა თავიდან გავარემონტე, 5.000 ლარზე მეტი დამიჯდა. ავეჯიც დიდი ნაწილიც თავიდან შევიძინე. უამრავი ნაგავი გავიტანე ბინიდან, ბინა ძაღლის ფეკალიებით იყო სავსე, როგორც ჩანს, ძაღლი ეზოშიც კი არ ჩაჰყავდათ სასეირნოდ. სამ თვეში ასეთი დიდი ზარალი მომაყენეს და ჩემი უფლებები ვერ დავიცავი. სად არის სამართალი? მე, რომელიც ვიხდი პატიოსნად საშემოსავლოს, ქირის 5 პროცენტს, რატომ არ უნდა მიცავდეს კანონი ჩემს ქვეყანაში? უამრავი კანონი შემოაქვთ, ამაზე კი ვერა და ვერ შემოიღეს კანონი, ჩვენ არავინ გვიცავს! უცხოეთიდან სტუდენტის სტატუსით ჩამოსული ადამიანი გვაზარალებს და მე, საქართველოს მოქალაქეს, არ შემიძლია დავიცვა ჩემი უფლებები!

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო კანონი, როცა პრობლემა იქმნებოდა, გამოიძახებდი პოლიციას და ბინიდან გაგყავდა მდგმური. ახლა ბევრი მესაკუთრე ვერც ასახლებს ბინიდან მდგმურს, იქ თვეების განმავლობაში ცხოვრობენ და არ იხდიან ქირას. მოვითხოვთ მიიღონ კანონი და დაგვიცვან თაღლითი მდგმურებისგან ბინის მესაკუთრეები".

"პოლიციელმა "მეგობრულად" მირჩია, რომ არ დამეწერა განცხადება..."

კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ, ნინო გვწერს: "წავიკითხე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატია და ვეღარ მოვითმინე, რომ არ მომეწერა. მეც ვარ დაზარალებული, სამწუხაროდ, რამდენჯერმე.

თემქაზე ვაქირავებ სამოთახიან ბინას, შევუშვი ქართველი ოჯახი, რომელიც 600 ლარს მიხდიდა თვეში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო, ორი შვილით. მეუბნებოდნენ, რომ ფულის გადახდის პრობლემა არ ჰქონდათ, რადგან ორივე მუშაობდა. მეც მიცხოვრია მდგმურად წლების განმავლობაში და ამიტომ ვცდილობდი მათთვის მაქსიმალურად შემეწყო ხელი. არც ფულის დაგვიანების გამო ვუქმნიდი პრობლემას, არც სახლში ვიზიტებით ვაწუხებდი. ერთ დღეს მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ მდგმურებმა წყალი ჩაუშვეს მის ბინაში.

დავპირდი, რომ ზარალს ავანაზღაურებდით, გავუკეთებდით, მაგრამ მან პოლიცია გამოიძახა. როგორც გავარკვიე, ჩემს მდგმურთან მოუვიდა კონფლიქტი, ამიტომ ჩემთან, ბინის მეპატრონესთან, გარიგებაზე უარი თქვა და სასამართლოში მიჩივლა.­ როგორც ვიცი, ძალიან იწელება სასამართლო პროცესები, მაგრამ მას გავლენიანი ახლობლები ჰყოლია, ძალიან მალე დაინიშნა სასამართლო და მოსამართლემ 4.000 ლარის გადახდა დამაკისრა. ამ თანხის გადახდამ მე მომიწია, მდგმურმა უარი თქვა. მეტიც, ბინის ქირის გადახდაც შემიწყვიტა, გამომიცხადა, უმუშევარი დავრჩიო, და სამი თვე იცხოვრეს ბინაში.

ვთხოვდი, ბინა მაინც დაეცალათ და ამას დიდი ბრძოლით მივაღწიე... ბინაში მისულს ჭურჭელი აღარ დამხვდა, საშინელი ანტისანიტარია იყო, ლეიბი და საბნებიც კი წაიღეს. პოლიციაში დარეკვით რომ დავემუქრე, მითხრეს, დავაბრუნებთ ნივთებსო, მაგრამ მხოლოდ ლეიბი და საბნები მოიტანეს, ჭურჭელი, ელექტროტექნიკა დაიტოვეს. მივედი პოლიციაში და განვაცხადე. პოლიციელმა "მეგობრულად" მირჩია, რომ არ დამეწერა განცხადება, რადგან გამიჭირდებოდა დამტკიცება, რომ ეს ნივთები იყო ჩემს ბინაში. გამაგებინეთ, რატომ ვერ უნდა დავიცვა ჩემი უფლებები? არჩევნების დროს ძალიან ბევრ დაპირებას იძლევიან, მოკალათდებიან სავარძლებში და მერე არავის ახსოვს ხალხისთვის მიცემული დაპირებები. მოვითხოვთ მიიღონ კანონი, რომელიც დაგვიცავს ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ბინის მესაკუთრეებს".

მსგავსი შინაარსის წერილები ძალიან ბევრია. იმედია ხელისუფლება ამ ხალხის ხმას გაიგონებს და მიიღებს კანონს, რომელიც გაუადვილებს მოქალაქეებს ბინიდან თაღლითი მდგმურების გასახლებას.