„ადამიანი მიწას კი არა, ცას უნდა გასცქეროდეს“ - კვირის პალიტრა

„ადამიანი მიწას კი არა, ცას უნდა გასცქეროდეს“

ქალის ძლიერება ქართველებს არ გვეუცხოება. თუმცა რა დრო და ეპოქაც არ უნდა იყოს, ძლიერები მუდამ ისე გნუსხავენ, თითქოს რაიმე ახალი აღმოაჩინე. თავად განსაჯეთ, როგორი განცდაა, როდესაც 80 წელს მიღწეული ქალი გეუბნება, ვითომ რა ასაკია, მაგან რა ხელი უნდა შემიშალოს ცხენზე ჯდომაშიო! მართლაც ბევრი ძლიერი ქალი გვყავს, ამ ასაკისაც და იმ ასაკისაც, ოღონდ შემჩნევა უნდა, იმიტომ, რომ ყოველდღიურობაში არ ჩაიკარგონ და მაგალითად იქცნენ. ჰოდა, მეც მივიხედ-მოვიხედე და ვიპოვე გუდამაყრიდან ჯუთაში, არაბულების სოფელში გათხოვილი 80 წელს მიღწეული ლიზა ფიცხელაური, რომელსაც დღემდე არც ცხენისთვის გაუშვია ხელი, არც ცელისთვის: რამდენჯერაც ცელი დაუბლაგვდებოდა, იმდენჯერ სოფელში უხვად მიმოფანტულ სალეს ქვებს ხელს წამოავლებდა, გალესავდა და კვლავ ცელავდა. ასე იყო დაჩვეული: ქმარი ცხვარში ჰყავდა, ცხენსა და პირუტყვს კი თივა უნდა ჰქონოდა, შვილსა და შვილიშვილს - რძე და ყველი, ამიტომ ცელიც სულ გალესილი უნდა ყოფილიყო. ჰოდა, დავსხედით მე და ლიზა ფიცხელაური და ვილაპარაკეთ ქალის ტვირთზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ქვეყანასა და შვილებზე.

cx-1753019718.jpg

- ცხენზე ამხედრებული ვიდეოში რომ გნახეთ­, თვალებს არ დავუჯერე, მონტაჟი მეგონა: ვიფიქრე, ასეთ ასაკში შეუძლებელია ადამიანი ცხენზე ასე კოხტად იჯდეს-მეთქი.

- ცხენი გასაკვირი რად არის? გგონია­, მთაში ჩემი ასაკის მარტოკა მე დავდივარ­ ცხენით? ბევრიც დადის, რადგან მთაში­ ცხენია აუცილებელი, მაგრამ ყველას ხო ვიდეოზე ვერ გადაიღებენ, არცა სცალიათ! ჩვენს სოფელ ჯუთაშიც ძნელად იპოვი ახლა ოჯახს, ცხენები რომ არ ჰყავდეს. მთა უცხენოდ ვერ იქნება. რაც გინდა ოჯახში კარგი მანქანა ბევრი იყოს, მთაში ცხენს სხვა ლაზათი აქვს!

ზაფხულობით ჯუთა სავსეა ტურისტებით და ეგენიც განა მანქანებისაკენ იხედებიან, ცხენი უნდათ, ის მოსწონთ! შესხდებიან ხოლმე და გადადიან ხევსურეთში, როშკში, ბარისახოში, მერე ცხენებითვე მოდიან უკან. ეგ გზა ერთ დღის საქმეა, თუ ცხენმა და კაცმა იჩქარეს. თუ არადა, რატომ უნდა იჩქარონ, როდესაც ჩვენი სამშობლო ასეთი ლამაზი სანახავია. უყურონ, ჩვენ ხო მაგით არაფერი გვაკლდება!

მეც მივლია მაგ გზაზე ცხენით ჩემი საჭიროებებისთვის, გადავსულვარ და გადმოვსულვარ დაღამებამდე. ცხენი რა არი, იცი? თან მეგობარია, თან მატარებელი. მიჰყავხარ და მოგდევს ფლოქვების ხმაური. მაგიტომ რაც უნდა ღამე იყოს, მაინც არაფრის გეშინია, რადგან სიცოცხლეა შენ გვერდით, იმედიანად ხარ, თანაც, ირგვლივ რაც არის, კლდე, მდინარე, ხე თუ ფოთოლი, მაგათი ხმაც მოგყვება. მაგას ხო მანქანაში ვერ მოისმენ?

- თქვენ უნდა თქვათ, სხვა თუ არაფერი, ბუნების ენით მაინც ვილაღე და ვიხარეო.

- ყველაფრითაც ვიხარე, მერე რა შრომა მქონდა, უამრავი! თავად გუდამაყარში დავიბადე, სოფელ ბაკურხევში. ბალღობიდან შემსვეს ცხენზე ჩემმა მამა-ბიძებმა. თავად სულ ცხენებზე ისხდნენ, მტერთან იყო, მოყვარესთან თუ ქვეყანასთან, სულ ცხენით დადიოდნენ. თუ არ ვცდები, მაშინ შვიდი წლის ვიყავი... გავფრინდი და მას შემდეგ ცხენიდან არ ჩამოვსულვარ. არც ახლა ჩამოვიდოდი, მაგრამ სიბერემ ცხენის მოვლა დამიშალა. ეგ ცოტა ძნელია: ცხენს მოვლა და ერთგულება უნდა, რადგან თავადაც ერთგულია. მაგისთანა მოყვარულს ბევრ სხვას ვერ ნახავ. ისე კი არ უნდა იყოს, ზოგიერთს თივის მოტანა რომ ეზარება ზამთრობით და ცხენს თოვლში უშვებს, გაჭირვებული ფლოქვებით ეძებს საკვებს, მის პატრონს კიდევ თბილ საწოლში სძინავს. Mმე ეგრე არასოდეს მიქნია.

cx2-1753019718.jpg

- თქვენისთანა ქალებს ერთგულებას ვერავინ ასწავლის, რაც, მგონი, ახლა ცოტაა.

- რათა ცოტა?! ახლაც არიან. ქმარ-შვილსაც უვლიან ჩემსავით. ეგ არის, შრომაა­ სხვა. ქალებს ჩემსავით ცელვა არა სჭირდებათ, მაგრამ, მგონი, უფრო იღლებიან შრომაში, ვიდრე ჩვენი ქალები იღლებოდნენ.

- ცელავდით, ამხელა ცელს იქნევდით?

- მარტო მე კი არა, მთელი სოფლის ქალები ვცელავდით, როცა ქმრები ცხვარში იყვნენ. აბა, სხვას ვის უნდა მოეცელა? წავიდოდით საცელავში,­ ხანდახან წავიყვანდი ჩემს სამ ბალღსაც და მთელი დღე ასე ვცელავდით. ჩვენ ჩამოგვქონდა ცხენ-ძროხისთვის თივა. თუ თივა არ გექნებოდა, ხომ დაგეხოცებოდა საქონელი ზამთარში შიმშილით. ჩვენთან განა პატარა ზამთარი­ იცის, მთელი სოფელი თოვ­ლში ვიკეტებით! მერე რა პასუხი უნდა გაგვეცა ქმარ-შვილისთვის?! ცხენი რომ ჩემი მიზეზით მომკვდომოდა, მაგას ხო ვერ გადავიტანდი!

- ასე გიყვართ?

- როგორც ადამიანი. ყველა ცხენი ჭკვიანი და ჩემი გამგონი მყავდა. რომ დამინახავდნენ, ყურებს ფრატუნი გაუდიოდათ. რამდენჯერ გულში ჩამიკრავს მაგათი თავი. ბოლოს რომ მყავდა, წითელი ცხენი, კოხტა `რიჟა~, ეგ ყველაზე ჭკვიანი იყო.

- სად წაიყვანეთ?

- არსადაც. ისეთ ადამიანს მივეცი, ვინც ჩემზე უკეთ უვლის. Kუკვე ორი ზამთარია, სანამ ჩამოთოვს, შვილებს თბილისში­ მივყავართ მე და ჩემი ქმარი, ზაფხულში ვბრუნდებით უკან და ცხენს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი, მაგრამ ცხენზე ჯდომას ახლაც არავინ მიშლის. მინდა შევჯდები და ვივლი, ეგ ხო ჯანმრთელობაა, სოფელშიც ცხენი თითქმის ყველას ჰყავს, მაგრამ შინაც ხომ ბევრი საქმე მაქვს.

- ასე რომ ფიქრობთ, მთელი სიცოცხელე ცხენის ზურგზე რომ გაატარეთ, მაგიტომაც ხართ ახლაც ლამაზი და კოხტად გამართული მხრებში.

- ეგ სწორია. იმიტომ, რომ ცხენი ზურგში მოკუზულს არ შემიჯენდა, ლაღად უნდა ვმჯდარიყავ უნაგირზე! იმიტომაც გამომაყოლა სიბერეშიც წელში გაშლა. ადამიანი მიწას კი არა, ცას უნდა გასცქეროდეს, ასე უფრო ლაღად იქნება.

- გაიხარეთ. ერთი სიამოვნებაა თქვენთან საუბარი.

- ეგ მიხარია. ადამიანს რომ ასიამოვნებ მაგაზე კარგი რა უნდა იყოს. განა დიდხანს ვართ ამ ქვეყანაზე, რომ ერთმანეთს გულები არ დავუსივოთ?! Eეგ განა რაში გვჭირდება, გასიებულ გულ განა გაშლილი გული არ სჯობს, რომ თავადაც ჯანმრთელად გამყოფოს?! მე ასე მგონია, რომ ჭკვიანი ყველა ასე იფიქრებს!