აფხაზების ტურისტული თავსატეხი
ოკუპირებულ აფხაზეთში ძუნწი რუსი ტურისტებით უკმაყოფილება გრძელდება. "დოშირაკის" მჭამელი რუსების სკანდალი თითქმის ჩამცხრალი იყო, როდესაც "აფხაზეთის კინოფონდის" დირექტორმა ალექსანდრ ბასარიამ ხელახლა გააცოცხლა ეს თემა განცხადებით, რომ რუსი ტურისტები ფულს არ ხარჯავენ რესტორნებსა თუ ექსკურსიებზე, "საკუთარ პატარა ანკლავებში" ისვენებენ და "ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს" წარმოადგენენ. მის ამ განცხადებას ჯერ აფხაზურ და შემდეგ რუსულ ინტერნეტგვერდებზე უარყოფითი გამოხმაურების მორიგი ტალღა მოჰყვა, რის შემდეგაც ბასარია აიძულეს ბოდიში საჯაროდ მოეხადა. მან ჯერ მედიასთან საუბარში ყველაფერი უკრაინულ და ქართულ ტელეგრამარხებს გადააბრალა და თქვა, რომ მისი სიტყვები დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო "რუსულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით", შემდეგ კი თავის "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა საბოდიშო ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ გულწრფელად ნანობს, რომ დაუფიქრებელი განცხადებით უმარავი ადამიანი შეურაცხყო.
ძუნწი რუსი ტურისტებით უკმაყოფილებაზე განცხადებები ივლისის მიწურულიდან დაიწყო. მაშინ ტურიზმის დე ფაქტო სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ რუსი ტურისტი ქუჩაში ფულს არ ხარჯავს, მხოლოდ იაფ "დოშირაკს" ყიდულობს და ასეთი ტურისტი არ გვჭირდებაო, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. "პრეზიდენტმა" ბადრა გუნბამ და "ტურიზმის მინისტრმა" რუსებს მოუბოდიშეს "არასტუმართმოყვრული" განცხადების გამო და განცხადების ავტორი დეპარტამენტის უფროსი და მინისტრის ერთი მოადგილე თანამდებობებიდან მოხსნეს.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის მონაცემებით, "დოშირაკის" სკანდალის შემდეგ, ივლისისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აფხაზეთში ტურების დაჯავშნა 40%-ით შემცირდა, ბევრმა კი უკვე დაჯავშნილი გააუქმა. აფხაზებში დაიწყო უკმაყოფილება, რომ მოსალოდნელი ტურისტული ბუმი არ შედგა და სოჭში ბევრად მეტი ტურისტი ჩავიდა, ვიდრე აფხაზეთში.
აფხაზური ოპოზიციური მედიის თქმით, ჩავარდნის პირას მისული ტურისტული სეზონის გადასარჩენად და რუსი ტურისტების გულის მოსაგებად "ხელისუფლებამ" უფასო კონცერტების სერია წამოიწყო. თუმცა სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა და რამდენიმე კვირაში, ახალი "არასტუმართმოყვრული" განცხადებით "აფხაზეთის კინოფონდის" დირექტორი ალექსადრ ბასარია გამოჩნდა. ბასარია ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ რუსი ტუროპერატორები სასტუმრო ბიზნესის, ექსკურსიებისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროებში ფასებს დაბლა აგდებენ, რის გამოც ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი ზარალდება და მოუწოდა აფხაზური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, არ ითანამშრომლონ რუსულ ტურკომპანიებთან, რომლებიც დემპინგით არიან დაკავებული.
ამის საპასუხოდ დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო "პროვოკაციული" გამონათქვამი და რუს ტუროპერატორებთან ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებებს დამანგრეველი და "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა. "დოშირაკის" სკანდალისგან განსხვავებით, ამჯერად ბასარიას თანამდებობა არ დაუკარგავს, აღმოჩნდა, რომ "კინოფონდი" კერძო ორგანიზაციაა, ამიტომ ბასარიას მხოლოდ მობოდიშების ვიდეოს ჩაწერა დაევალა.

"ახლა მესმის, რომ სწორედ ეს პროვოკაციული განცხადებები, რომელთა უფლებაც საკუთარ თავს მივეცი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად ვწუხვარ. ბოდიშს გიხდით ყველას", _ განაცხადა ბასარიამ.
მისი თქმით, მისი სიტყვები დაამახინჯეს უკრაინულმა და ქართულმა ტელეგრამარხებმა "რუსეთ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით" და მისი კრიტიკა მიმართული იყო ერთ-ერთი მსხვილი რუსული ტურისტული სააგენტოს მიმართ.
მობოდიშების მიუხედავად, რუსულ ინტერნეტსივრცეში აღშფოთებული განხილვები მაინც დაიწყო. განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი კონსტანტინ ზატულინი, რომელმაც თქვა, რომ ეს არის აფხაზური ოპოზიციის მიერ "წითელი ხაზების გადაკვეთა", რადგან მათ "გადაწყვიტეს, რუსეთთან ურთიერთობა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად გადააქციონ".
დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხებმა აქტიურად დაიწყეს განხილვა, რომ ოპოზიციამ "არჩევნების" წაგების შემდეგ "ომი გამოუცხადა აფხაზეთის მომავალს" და ახლა ტურისტული სეზონის ჩაგდებასა და მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.
როგორც ე.წ. სახელისუფლებო არხი "სოვმინი" წერს, სწორედ ოპოზიციური არხები ავრცელებენ ანტირუსულ განცხადებებს, რათა ნეგატივის ახალ-ახალი ტალღა გამოიწვიონ. არხის თქმით, პირველი სკანდალი, რომელიც "დოშირაკს" შეეხებოდა, ოპოზიციურმა მედია "აბაზ ტვ"-მ გაავრცელა.
მეორე სკანდალის ავტორი ალექსანდრ ბასარიაც ოპოზიციის მხარდამჭერია, ახლა კი, როდესაც ეს მეორე სკანდალი მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ახალი პრეტენდენტი გამოჩნდა ტურისტული სეზონის ჩასაგდებად და რუსეთის იმიჯის შესარყევად. გამოცემის ცნობით, ოპოზიციურ ტელეარხ "აბაზ ტვ"-ის ინტერვიუ მისცა ბიზნესმენმა ბორის საჯათ-იფამ, რომელმაც რუსი ტუროპერატორები "ქვეყნის დაპყრობასა" და ინდუსტრიიდან აფხაზი მეწარმეების განდევნაში დაადანაშაულა. ბიზნესმენი ამბობს, რომ "დემპინგის დახმარებით რუსული ბიზნესი, სავარაუდოდ, 5 წელიწადში ყველა აფხაზურ კომპანიას გააკოტრებს, რათა შემდეგ ეს კომპანიები უსასყიდლოდ გამოისყიდოს და როგორც კი დიდი რუსული ბიზნესი შემოვა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს მუშაობას".
როგორც "ამრა-ლაიფი" იუწყება, "ეს არ არის განსხვავებული აზრი _ ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი. ეს ოპოზიცია არ არის _ ესენი არიან მოღალატეები, რომლებიც მუშაობენ მათთვის, ვინც ოცნებობს აფხაზეთის გაღატაკებასა და იზოლაციაზე".
სოხუმში დაპირებების ახალი სიით ჩავიდა კრემლის კურატორი სერგეი კირიენკო და მთელი აფხაზური საინფორმაციო სივრცე კურატორის ორდღიანი ვიზიტის ამბებით გაივსო. ე.წ. სახელისუფლებო არხებმა დაწერეს, რომ კირიენკომ "ხელისუფლებასთან" ერთად მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები განიხილა და განაცხადა, რომ რუსული ენის მასწავლებლების ხელფასები ხუთი ათასი რუბლით გაიზრდება; ყველა აფხაზ ახალგაზრდას სრულად ექნება წვდომა რუსულ პროექტებსა და კონკურსებზე; რუსეთი მომავალ წელსაც გააგრძელებს საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასის დანამატის გაცემას; განიხილეს ენერგეტიკის საკითხიც. ითქვა, რომ ელექტროქსელებში ენერგოდანაკარგის შემცირებისთვის სისტემის მოდერნიზაცია უნდა დაიწყოს, რათა ზამთრისთვის ელექტროენერგიის გათიშვა თავიდან იყოს აცილებული.
ასევე ფართოდ გაშუქდა კირიენკოსა და გუნბას გასეირნება სოხუმის სანაპიროზე, ლეგენდარულ "ბრეხალოვკაზე". კირიენკო დაჰპირდა აფხაზებს, რომ შემოდგომაზე დაიწყება სოხუმის სანაპიროს კაპიტალური რემონტი და მომავალი წლის მაისისთვის განახლებული, თანამედროვე სანაპირო იქნება. რამდენიმე პროექტი უკვე არსებობს და მოსახლეობა ხმის უმრავლესობით არჩევს სასურველ პროექტს, როგორი იქნება საბავშვო მოედნების დიზაინი, სკამებისა და სანათი ბოძების ფორმა და ბილიკების საფრის ფერი. როგორც ითქვა, ავიარეისებისა და სარკინიგზო რეისების შემდეგ სოჭიდან სოხუმში საზღვაო რეისებიც უნდა დაინიშნოს.
ვიზიტი ნაკლები ინტერესით გაშუქდა ოპოზიციურ მედიაში. "ნუჟნაია გაზეტას" ცნობით, კირიენკო ქვეყნის პატრონივით იქცეოდა, დასეირნობდა სოხუმის სანაპიროზე და დავალებებს აძლევდა "პრეზიდენტს", რომელიც თავისი "მინისტრების" ამალით დაჰყვებოდა უკან. "ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია სტატიაში სვამს კითხვას: "რაში გვჭირდება პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრები, თუ კირიენკო გასცემს დავალებებს და მას ყველა პრობლემის გადაჭრა ორ დღეში შეუძლია?!"
ეკატერინე ბასილაია