„მე ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ“ - კვირის პალიტრა

„მე ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ“

"გულში ბოროტება არ მაქვს. ნეგატივით თავს არ ვიზიანებ, ეს ის არის, რაც გადამარჩენს", - ამბობს მსახიობი მაკა შალიკაშვილი. რატომ თვლის, რომ მასთან ცხოვრება ადვილი არ არის, როგორ მოქმედებს, როცა უსამართლობას ეჯახება, რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა და რით აკვირვებს საკუთარი თავი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1977 წლის 10 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- დიქტორი. ტელევიზიის მაშინდელი წამყვანების ქეთევან მითაიშვილის, დონარა­ კინწურაშვილის, ჯულიეტა ვაშაყმაძის დახვეწილობა, აკადემიურობა მომწონდა. როგორ ისხდნენ სტუდიაში, როგორ საუბ­რობდნენ, როგორი მანერები ჰქონდათ, უზომოდ მხიბლავდნენ. დილის გადაცემა­ და "პოეზიის 5 წუთი" გამორჩეულად მიყვარდა. საბოლოოდ ისე მოხდა, მსახიობის პროფესია ავირჩიე. გივი ბერიკაშვილი ჩემი ნათლია იყო, მამასთან მეგობრობდა და სთხოვა, მოვენათლე. საოცარი ნათლია იყო - თბილი, კეთილი, ყურადღებიანი. მისი ოჯახის ყველა წევრი ჩემთვის უძვირფას\ესი ადამიანები იყვნენ. რატომღაც ჩემი და ბატონი გივის ერთ-ერთი ბოლო დიალოგი გამახსენდა - ერთ თეატრში ვთამაშობდით და იქ აღმოვაჩინე, რომ მასზე დიდი ხელფასი მქონდა. ეს რომ გავიგე, ძალიან შემრცხვა და განვიცადე. სიცოცხლეში ადამიანების სათანადოდ დაფასება გვიჭირს...

- ჩემზე ამბობენ...

- ნიჭიერიაო. ბავშვი რომ ვიყავი, მამა ამბობდა, ამ ბავშვს ფული უყვარს, დავიღუპეთო. მამასთვის ფულის სიყვარული ტრაგედია იყო, ხელგაშლილობა და ფლანგვა­ უყვარდა, არაფერი მატერიალური­ არ აინტერესებდა. 8-9 წლის ვიქნებოდი, მაღაზიაში გამაგზავნა, დიდი კუპიურა გამატანა, დანაბარებიც და ხურდაც უკლებლივ მივუტანე. როგორც ჩანს, გამომცადა, მერე ამბობდა, მაკა სანდო ადამიანი იქნებაო. ეს მიდგომა დღემდე მომყვება, როცა რაღაც მაქვს გადასახდელი, შეიძლება მშიერი დავრჩე, მაგრამ იმ თანხას აუცილებლად გადავიხდი... 17 წლის ვიყავი, თეატრალურში რომ ჩავაბარე, ახლა 47 წლის ვარ და ამდენი წელია, თბილისში ქირით ვცხოვრობ, არ მახსოვს, რომელიმე მეპატრონისთვის გადახდა დამეგვიანებინოს. ბავშვობაში თანხის შეგროვება მიყვარდა, მამა, მისი მეგობრები მჩუქნიდნენ. მიზანმიმართული მხარჯველი ვარ. გარეთ კვება, უსარგებლო ნივთების შეძენა, ჩემი სტილი არ არის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- პირველ რიგში ჩემს სახლს იგოეთში­ ლამაზად გავაკეთებდი, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში­ ბინებს შევიძენდი. შევისწავლიდი, დავადგენდი იმ კარგი და კეთილი ადამიანების ვინაობას, ვისაც ბინის პრობლემა აქვს და ყველას გავახარებდი. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, როცა ადამიანს ბინა არ გაქვს, ყოველ წამს ნიჩაბზე ხარ, არ იცი, ვის რა დროს მოუნდება საკუთარი ბინის გაყიდვა, სადაც დროებით ცხოვრობ. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- იმავე პროფესიას ავირჩევდი. პირად ცხოვრებაში ტკივილიანი დღეები მქონდა, მაგრამ მაინც იმავე გზას გავივლიდი, ისე ხომ თინანო არ მეყოლებოდა?.. ისეთი მაგარი გოგოს დედა ვარ, მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა, ღმერთმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა. იცი რას შევცვლიდი? წლების განმავლობაში დაბალი თვითშეფასება მქონდა. ახლა, ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა კარგი­ გოგო ვყოფილვარ და მაშინ ეს არ ვიცოდი, მაშინ საკUუთარ თავთან ბევრი წინააღმდეგობა მქონდა. ასაკი საინტერესო რამ არის.

- როცა უსამართლობას ვეჯახები...

- ვიბრძვი, ჩვეულებრივი მტაცებელი ცხოველი ვხდები. ადრე ბევრ რამეს ვატარებდი, ვჩუმდებოდი, ვაბედინებდი. ახლა კბილებით ვიცავ იმას, რაც დასაცავია. დღევანდელი მაკა ამიტომ მომწონს. როცა ადამიანები რაღაცაზე კამათობენ, ორივეს თავისი სიმართლე აქვს, როგორც ვაჟა-ფშავ­ელას ლექსშია, მირჩევნია, ვიყო ბალახი­, რომელსაც ცელი მოცელავს... ცელის როლში­ ყოფნა არ მინდა. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა, დიდი ამბები გავიარე, საბოლოოდ მომცელეს. "ცელ ადამიანს" საკუთარი ქცევა უკან აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ამ დროს მე ბედნიერი არ ვიქნები...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ვემსახურები საქმეს, რომელიც მიყვარს. ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანი, რომელიც არჩევანის გაკეთებისას ყანყალებს, არ იცის, რისი კეთება უნდა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- სადაც შევალ, სიკეთე და პოზიტიური განწყობა შევიტანო. ეს თუ ასე არ მოხდა, ყოველთვის მათი ბრალია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ყველას კეთილისმსურველი ვარ, გულში ბოროტება არ მაქვს. ეს ის არის, რაც მე გადამარჩენს ცხოვრებაში და მომაკვდინებელ ცოდვას არ ჩამადენინებს. საოცარი განრისხება ვიცი და შეიძლება უბედურება ჩავიდინო, დამნაშავე გავხდე. ადამიანის ნერვებზე, თავმოყვარეობაზე, გრძნობებზე თამაში არ შეიძლება.

- წყობიდან გამოვდივარ...

- როცა ადამიანები ერთმანეთზე არ ფიქრობენ. მაგალითად, ვიღაც ქუჩაში მანქანას ისე აჩერებს, არ აინტერესებს, სხვა როგორ უნდა შემოვიდეს; მთავარია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავად მოეწყოს და სხვა არ ანაღვლებს... უნდა ვცდილობდეთ, გავხდეთ მეტად ადამიანურები, ვისწავლოთ გულისხმიერება, გულშემატკივრობა... ეს ჩვენ ძალიან ძალიან გვაკლია. ხომ შეიძლება, უმნიშვნელო დეტალებით მაინც გავუადვილოთ ერთმანეთს ცხოვრება?

ერთხელ ავტობუსში ფეხზე ვიდექი, იქვე პატარა გოგონა იჯდა. წელი ძალიან მტკიოდა, ფეხზე დგომა მიჭირდა, მაგრამ იმ ბავშვს არაფერი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ გონებაში მასზე კარგს არაფერს ვფიქრობდი. მგზავრები მოგვემატნენ,­ ერთი ხანდაზმული ქალბატონი იყო, უეცრად ამ ბავშვს დაეტაკა, ადექი, ადგილს რატომ არ მითმობო? ბავშვმა უხერხულად ჩაილაპარაკა, კი ბატონო, დაბრძანდით! მივხვდი, მას ვინმეს ჯიბრი კი არ ჰქონდა, უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ ამდგარიყო. მერე ანერვიულდა, მე გულში ჩავიკარი და საკუთარი ფიქრების შემრცხვა...

- სიყვარული ეს...

- არის გრძნობა, რომელიც უნდა ისწავლო. უნდა გიყვარდეს, რომ ისწავლო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- არ მეძინა, სულ მასზე ვფიქრობდი, სადღაც დავფრინავდი, რაღაცებს წარმოვიდგენდი... ახლა შეყვარებული არ ვარ, არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება. პატარა რომ ხარ, უმიზეზოდ გიყვარს, ახლა ასეთი რამ აღარ დამემართება. ჩემთან ცხოვრება ურთულესია, რადგან თავად არ ვარ მარტივი. ხშირად ადამიანები­ ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო ამბებს სხვებს აბრალებენ, თავს კი ანგელოზებად წარმოაჩენენ. მე ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ.

- ჩემთან ცხოვრება რთულია, რადგან...

- ვარ პასუხისმგებლობით სავსე, ანგარიშიანი, კეთილი, კრიტიკული და გულწრფელი. იმავეს მოვითხოვ იმ ადამიანისგან, ვისაც ჩემ გვერდით ცხოვრება ენდომება. ურთიერთობებში თამაშს ვერ ვიტან.

- მაკვირვებს...

- საკუთარი თავი, ცხოვრებას რანაირად ვახერხებ?

maka-da-tinano-1753020517.jpg

- ჩემთვის გაუგებარია...

- ადამიანები ერთმანეთს ცუდ კომენატრებს რატომ უწერენ? ახლახან "დამსეტყვე ცაო, დამსეტყვე" ჩავწერე და ავტვირთე. ერთმა დაწერა ცაო, სურვილი აუსრულეო. გამეცინა, მაგრამ ასეთი რამ ადამიანებს რატომ ემართებათ?

- მსაყვედურობენ...

- ძალიან უბრალო ხარ, საკუთარ თავს რატომ არ აფასებო? საკუთარი თავის ფასი კარგად ვიცი, მაგრამ ეს "თავის დაფასება"­ რას ნიშნავს, ვერ ვხვდები. ყველაფერი, რაც მაქვს, ცხოვრებას გამოვგლიჯე (პირდაპირი მნიშვნელობით), უდიდესი ბრძოლით მაქვს მოპოვებული, ლანგრით არასდროს არაფერი მოურთმევიათ.

არავის თავს არ დავუხრი, "ვინაც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად". სიმართლის მთქმელი კი არავის მოსწონს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ყველაფერი რაც სისუსტეა, ჩემი სიძლიერეცაა. მაქვს ძალა ვიყო ვიღაც კაცზე მეტი "კაცი", რეალობას გავუსწორო თვალი და ვთქვა, "გამაგდეს", "არ მათამაშეს", "არ მიმიღეს"... ვაჟა-ფშაველა წერდა "...ერთი იცინის, სხვა ტირის, ასეთი არის ქვეყანა./ ვისაც არ მოგწონთ ტირილი,/ ის ნუ დასჯდებით ჩემთანა"...

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- აუცილებლად მივდივარ უფლის სახლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, სადაც ჩემი მოძღვარი მამა ადამი წირავს და ლოცვას ვესწრები.

- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევაა...

- ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ძალიან მაბედნიერებს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ძალიან მიყვარს ჩაცუცქვა. ერთხელ რეზო ესაძესთან გადაღებაზე ვიყავი­. ის საინტერესოდ საუბრობდა. მსახიობების ნაწილი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, მე ჩაცუცქული ვუსმენდი. ერთ დღეს მითხრა, თქვენ (ყველას ასე მოგვამართავდა) ქალი ხართ და არასდროს არ ჩაიცუცქოთ! ახლაც კი, როცა მინდა, ეს პოზა მივიღო, მუხლებს მოვხრი თუ არა, ბატონი რეზოს სიტყვები მახსენდება და ვსწორდები.

- დაბოლოს გეტყვით...

- უღრმესი მადლობა ამ აჩქარებულ დროში ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. მინდა იცოდეთ, რომ არც ერთ ფრაზაში ტყუილი არ მითქვამს, ბოლომდე გულწრფელი ვიყავი.

თამუნა კვინიკაძე