"მათრახის სცენის" გადაღებისას, ლიკა ტანზე მომეკრა, სადაც მე ვმოძრაობდი, ლიკაც თან მომყვებოდა, ერთ სულად ვიქეცით... როლში ისე შევედით, ვეღარც ვხედავდით, რა მიმართულებით ვმოძრაობდით და უეცრად ჩამესმა: "სტოპ!"
"ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გამახსენდა ჩემი ცხოვრებიდან, აღარ ვიცი, რომელ ერთზე ვილაპარაკო. თქვენი რუბრიკა საინტერესო, მაგრამ ცოტათი დამაბნეველია" - მითხრა მსახიობმა და რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა. ზოგიერთი მსახიობის ცხოვრებაში, არსებობს საბედისწერო როლები. მისთვის ასეთი აღმოჩნდა შეთეს როლი ფილმში "ნატვრის ხე". საუბარი თენგიზ აბულაძესთან პირველი შეხვედრის გახსენებით დაიწყო...
თენგიზ აბულაძე
- ბატონი თენგიზი "ნატვრის ხის" გადაღებას რომ იწყებდა, ბიძაჩემს (გია მატარაძე, რეჟსიორი) სთხოვა, ფილმისთვის კახეთში ადგილები ვნახოთო. ამ მიზნით კახეთში წამოვიდნენ ლომერ ახვლედიანი, რეზო ინანიშვილი, რეზო კვესელავა... ბუნებრივია, ტიპაჟებიც აინტერესებდათ. ეს ამბავი დედაჩემისგან გავიგე, მაგრამ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება და ვარჯიშზე წავედი. ხელბურთს ვთამაშობდით, დარბაზში ორი ადამიანი რომ შემოვიდა, მოგვიანებით გავიგეთ, რეჟისორის თანაშემწეები იყვნენ. რამდენიმე ბიჭი გადაიღეს და მათ შორის მეც... შინ რომ დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ეს ადამიანები ჩემთან ოჯახში სტუმრად იყვნენ და სუფრასთან ისხდნენ. უეცრად ის ჩემთვის უკვე ნაცნობი ორი ადამიანი აბულაძეს ეუბნება, აი, ბატონო თენგიზ, რომ გითხარით, ერთი საინტერესო ბიჭი შეგვხვდაო... თურმე მარიტა და გედია ნაპოვნი ჰყავდათ, მხოლოდ შეთეს ეძებდნენ. როგორც მითხრეს, შეთეს როლზე 600 ბიჭი ჰყავდათ გასინჯული. ამ დროს უკვე სტუდენტი ვიყავი, მაგრამ თეატრალურის არა. ტურბაზის მშენებლობაზე ვმუშაობდი ფასანაურისკენ, იქ მოვიდა ბიძაჩემი და მითხრა, შეთეს როლზე დაგამტკიცესო. ეს ამბავი სათანადოდ აღვნიშნეთ. მალე გადაღებებიც დაიწყო. როგორც ჩანს, ბატონმა თენგიზმა ჩემში ის დიდი ინტერესი დაინახა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გამოვავლინე, გვერდიდან არ მიშორებდა. ერთხელ მითხრა, შენ რეჟისორი გახდებიო... ბატონ თენგიზს ჩვევად ჰქონდა, მსახიობებს კონკრეტულ სცენასთან დაკავშირებით აზრს გვეკითხებოდა, ინტერესდებოდა ჩვენი ხედვით... ძალიან გულისხმიერი ადამიანი იყო, შეუძლებელი იყო მისდამი პატივიცემით არ განწყობილიყავი. ერთი ეპიზოდის გადაღებისას პროტესტი გამოვთქვი და მაშინვე თენგიზს დაუძახეს, იცოდნენ, მას უარს ვერაფერზე ვეტყოდი... მისგან ზრუნვას ყოველ წუთს ვგრძნობდი.
ფილმს 7 თვე ვიღებდით. ძალიან მომწონდა ის ურთიერთობა, რომელიც გადასაღებ მოედანზე და მის მიღმაც მსახიობებს შორის იყო. ბატონი თენგიზი გვეტყოდა ხოლმე, ახლა თავისუფლები ხართო, მაგრამ როდის დაგვიძახებდა, არავინ იცოდა. ჩვენ სულ მზად უნდა ვყოფილიყავით. მთავარი იყო საქმისთვის არავის გვეღალატა, ჯგუფთანაც და საკუთარ თავთანაც ყველას სუფთა ურთიერთობა უნდა გვქონოდა.
გადასაღებ მოედანს მიღმა ჯგუფი არაფრით შეზღუდული არ იყო. ბატონი თენგიზი ყოველ საღამოს პურმარილს შლიდა, ან პატივს სცემდნენ და უშლიდნენ, მოვიდოდა სუფრასთან, მთელ ჯგუფთან ისაუბრებდა, 3-4 ჭიქა ღვინოს დალევდა და მერე იტყოდა, აბა, მე წავედი, ხვალ დილის 8 საათზე გავდივართ! ეს იმას ნიშნავდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, დილის 8 საათზე ავტობუსში უნდა ვყოფილიყავით! ჩვენ შორის უდიდესი ნდობა იყო.უნდა გენახათ, სესიალია თაყაიშვილს როგორ ექცეოდა, როგორი მიდგომა ჰქონდა ლიკა ქავჟარაძისადმი. სესილიას სცენა ხომ გახსოვთ, როცა ტალახში მარტოა და უსიტყვოდ "ლაპარაკობს", იქ თავდაპირველად ტექსტი იყო, მაგრამ სესილიამ ისე ითამაშა, მაყურებელს სულში ჩაუძვრა, ყველა ემოცია ისე გადმოსცა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს რას ნიშნავს, რა დონის პროფესიონალიზმია წარმოგიდგენიათ?

"მათრახის სცენა"
- ჩემი და ლიკას ერთ ეპიზოდს, კადრში ბეღურა რომ შემოფრინდება, მათრახის სცენას ვეძახდით. ამ სცენის გადაღებისას ყველაფერი დავლეწე, ჩიტიც კი მოვკალი. 2 დუბლი გადავიღეთ და ვატყობ, ბატონ თენგიზს რაღაც არ მოსწონს, ბოლოს რუსულად ჩაილაპარაკა: "საბავშვო ბაღი". ბიძაჩემი იქვე იყო, მოვიდა და მითხრა - კაცი არ ხარო?! რეჟისორმა თქვა, ბოლო დუბლს ვიღებ, თუ გამოვა, ხომ კარგი, თუ არა და ფილმს დააკლდებაო. ცოტა გულისტკივილიც შევნიშნე... მესამე დუბლის გადაღება დავიწყეთ. ლიკა ტანზე მომეკრა, სადაც მე ვმოძრაობდი, ლიკაც თან მომყვებოდა, ერთ სულად ვიქეცით... როლში ისე შევედით, ვეღარც ვხედავდით, რა მიმართულებით ვმოძრაობდით და უეცრად ჩამესმა: "სტოპ!" ბატონმა თენგიზმა ორივე შეგვაქო, ეს ის კადრი იყო, რომელიც ფილმში შევიდა.

აბულაძისეული სკოლა
- "საბავშვო ბაღი" - ამ სიტყვებმა თითქოს თავმოყვარეობაზე იმოქმედა, ეს აბულაძისეული სკოლა იყო... ლიკას სულ სხვაგვარად ექცეოდა, მე და სოსო კაცები ვიყავით და სხვაგვარი მიდგომა ჰქონდა. თავად შენ უნდა მიმხვდარიყავი, როგორ გადაგედგა შემდგომი ნაბიჯი.
ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, ეროსი მანჯგალაძე, კოტე დაუშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ბორის წიფურია ზაზა ხალვაში, დავით კვირცხალია, სესილია თაყაიშვილი, თინა ბურბუთაშვილი... წარმოიდგინეთ მათ გვერდით მე, სოსო და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. თანხას ვკრეფდით, საკვები მოგვქონდა და ერთად ვსადილობდით. უდიდესი სკოლა გავიარე. ბატონი თენგიზის მიდგომა იყო, ასაკის მიუხედავად, ჯგუფი ერთ ორგანიზმად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ამ ურთიერთობაში ყოველთვის იყო უდიდესი პატივისცემა.
ყველა ფილმზე ისეთ ავტორიტეტებთან ვმუშაობდი, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. ყველა როლმა ჩემში რაღაც კვალი დატოვა, მაგრამ შეთე მთელი ცხოვრება მეგზურად დამყვება. შეიძლება ითქვას, რომ შეთემ განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრება. სანამ ამ როლზე მოვხვდებოდი, მოქანდაკე გრაფიკოსის პროფესია მქონდა არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან მერვე თაობა ვარ, ვინც მსახიობის პროფესია აირჩია...
"ნატვრის ხის" გადაღებებისას მითხრა ბატონმა თენგიზმა და თინა ბურბუთაშვილმაც, აუცილებლად თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრეო. ეს ჩემებს არასდროს უთქვამთ. არც კი მოვმზადებულვარ, გადაღებების პარალელურად დავდიოდი გამოცდების ჩასაბარებლად... ფილმი რომ გამოვიდა, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი.

ლიკა და სოსო
- ფილმს რომ ვიღებდით, იმ პერიოდში ცხელი წყალი მხოლოდ ერთი სასტუმროს ერთ ნომერში მოდიოდა. ლიკას ვირზე შესმის სცენას რომ ვიღებდით, სულ ტალახიანი და სველი იყო. ხელში აყვანის უფლებას კი მარტო მე მაძლევდა. გადაღებიდან ლიკა უნდა წაგვეყვანა იმ სასტუმროში, სადაც ცხელი წყალი მოდიოდა. წარმოგიდგენიათ, ჩემთვის ეს რას ნიშნავდა? მძღოლს ვეჩხუბებოდი, მანქანა შორს გააჩერე, ხელით მინდა ვატარო-მეთქი... მე და სოსოს ისეთი 10-წუთიანი ჩხუბი გვქონდა, ერთმანეთს თავ-ყბა დავალეწეთ. იმ ჩხუბიდან ფილმში მხოლოდ 56 წამი შევიდა. გამეტებით ვურტყით ერთმანეთს, სისხლჩაქცევები გვქონდა. ერთ ეპიზოდში სახეს მიწაზე მარტყმევინებდა, მიწა ამოიღეს, იქ ღრუბელი იყო ჩადებული...
მე, ლიკა და სოსო მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, ორივე ვაღმერთებდით ჩვენს მარიტას, ლიკა რომ გარდაიცვალა, დაკრძალვის დღეს ტაძრიდან მე და სოსომ გამოვასვენეთ, მერე სოსომაც დამტოვა და ახლა ეს ორი ადამიანი ძალიან მაკლია.
თამუნა კვინიკაძე