ბავშვთა გენეტიკური სიყრუე უკვე განკურნებადია
მრავალი დაავადება და ნაადრევი გარდაცვალება კვლავ დედამიწის მწვავე პრობლემაა. ერთ დაავადებას მეორე ცვლის და ადამიანს არაერთ იშვიათ სენთან უწევს ბრძოლა. თუმცა მეცნიერება ამბობს, რომ ეს პრობლემა "ნიშანში ჰყავს ამოღებული". ასე რომ, კაცობრიობა მომავალში იმის მოწმე იქნება, რამდენს შეძლებს მედიცინა, როგორ მოახერხებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არა მხოლოდ აქამდე უცნობი სიცოცხლის ფორმებზე გადართვას, არამედ სამყაროს ერთადერთი გვირგვინის, ადამიანის დახსნას სხვადასხვა დაავადებისაგან. ბიოლოგი ნინო ალავიძე მსოფლიო მედიცინის ამჟამინდელ მიღწევებზე მოგვითხრობს და მათ შორის ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად ბავშვთა გენეტიკური სიყრუის განკურნებას ასახელებს.
- ქალბატონო ნინო, ყველანი მეტ-ნაკლებად ვიცნობთ სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომელთა სიყრუე განუკურნებლად ითვლებოდა, რასაც თავადაც შეგუებული იყვნენ. უთუოდ სასიხარულო იქნება გენეტიკური სიყრუის დაძლევის შესახებ ინფორმაცია მათთვისაც.
- როდესაც განუკურნებლად ცნობილი დაავადებების განკურნების შესახებ ინფორმაციას ვეცნობი, თავადაც ხშირად მაქვს განცდა, რამხელა შვებაა მათი დაძლევა თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს. გენეტიკური სიყრუე მცირე პრობლემა არ არის კაცობრიობისათვის. ალბათ, ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენც გვაქვს სკოლები, სადაც ასეთი დაავადების მქონე ბავშვები იზრდებიან და სამყაროსთან ჟესტების ენით საუბარს სწავლობენ. ამიერიდან, როგორც ჩანს, ეს პრობლემა მოგვარდება. აქამდე გენეტიკური სიყრუის დაძლევის ერთადერთ გზად ყურში ჩადგმული იმპლანტი ითვლებოდა, რომელიც ბგერების გაჟღერებისას სასმენი ნერვის სტიმულაციას იწვევდა, ამჯერად კი სასწაული გენურმა ინჟინერიამ მოახდინა: უკვე შეიქმნა ერთგვარი არააქტიური, ჯანმრთელი გენეტიკის "ვირუსი" (მხოლოდ ყურის არისთვის), რომელიც გენეტიკური სიყრუის ბავშვებს სასმენ აპარატში გადაენერგება და სულ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ბავშვს სმენა დაუბრუნდეს. მეთოდი აუცილებლად გაუმჯობესდება და, სავარაუდოდ, ყველა სახის გენეტიკურ სიყრუეს შეეხება. ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა ალბათ მეცნიერებისთვისაც. რასაც თავადვე აღნიშნავენ სამეცნიერო სტატიებში. შვედეთის სამეფო-სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარი მაოლი დუალი წერს, როდესაც შვიდი წლის ბავშვს სმენა მიეცა, დედას უთხრა, წვიმის ხმა ცხოვრებაში პირველად გავიგონეო. სხვათა შორის, მოლოდინის მიუხედავად, ამ ოპერაციებს დიდი შედეგი აქვთ მოზრდილებშიც.
ბავშვებში იშვიათი და განუკურნებელი დაავადებების მკურნალობაზე კიდევ ერთი დიდი მიღწევა გაჩნდა.
მოხერხდა პარალიზებული ბავშვის დახმარება, რომელიც სავარძელს მიაჯაჭვა იშვიათმა სენმა, რომლის დროსაც ორგანიზმში წყდება ენზიმების, მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების წარმოქმნა. როდესაც ბავშვის დაავადების შესახებ სოცქსელში განთავსდა ინფორმაცია, გაირკვა, რომ არსებობდა კვლევა ისეთ მოლეკულებზე, რომლებიც ენზიმებს ანუ ორგანიზმის მამოძრავებელ ნივთიერებებს წარმოქნიან. ბავშვის მშობლებს, რომლებსაც შვილის გამოჯანმრთელების იმედი უკვე აღარ ჰქონდათ, ექიმებმა სწორედ ამ მოლეკულების გამოყენება შესთავაზეს ექსპერიმენტის სახით. ექსპერიმენტმა, საბედნიეროდ, გაამართლა და ფეხზე დააყენა ბავშვი.
იმედისმომცემი კვლევებია ადამიანის ტვინზეც და მათ შორის, ფსიქიკურ დაავადებებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის მასობრივ დაავადებებად ითვლება. კერძოდ, მასაჩუსეტსის კლინიკამ გამოაქვეყნა სამეცნიერო კვლევა, რომ არა მხოლოდ ბავშვებში, ზრდასრული, 78 წელს მიღწეული ადამიანების ტვინშიც მიმდინარეობს ახალი ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქიკურ ან ტვინთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებთან საბრძოლველად ტვინის მარად განახლება იქნება გამოყენებული.
- ეს ისედაც შეიძლება გვევარაუდა, როდესაც 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ადამიანი ისე აზროვნებს, რომ მისი რჩევა გასათვალისწინებელია, ეს ნიშნავს, რომ ტვინში ახალი უჯრედები ყოველთვის წარმოიქმნება.
- ნიშნავს, მაგრამ აქამდე ხომ ვერ ვიტყოდით, რომ ეს სწორედ ღეროვანი უჯრედებია, რომელთაც მკურნალობაში გადატრიალების მოხდენა შეუძლიათ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინში ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა მთლიანად ცვლის წარმოდგენას ტვინის ნეიროპლასტიკურობის პოტენციალზე, დაზიანების აღდგენაზე, განათლებასა და ა.შ. უკვე დადგინდა, რომ ფსიქოპათიის მაღალი ნიშნების მქონე პირებს ტვინის საშუალოდ 1.45%-ით ნაკლები მოცულობა აქვთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვაობაა ტვინის იმ მონაკვეთებში, რომლებიც ადამიანის ჩამოყალიბებაში, ემოციების, იმპულსების მართვაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ფსიქოპათია ძალიან რთულ და, ფაქტობრივად, გადაულახავ პრობლემად გვევლინება. თუმცა ფაქტია, ფსიქიკურ დაავადებებთან ბრძოლის გაძლიერების დრო დადგა. თანამედროვე მედიცინაში უკვე მიიჩნევა, რომ ტერმინები, რომელთაც პიროვნების დასახასიათებლად ვიყენებთ, შესაძლოა ფსიქოპათიის ნიშნებია. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ასოციალურობა, ემოციების დეფიციტი, იმპულსურობა, სინანულის დეფიციტი ან ზედაპირული ხიბლი... ამოცანის გადაჭრა იმაში მდგომარეობს, რომ მოიძებნოს მკურნალობის გზები, რომელიც მსგავს ნიშნებს არ გაამწვავებს. სხვათა შორის, კვლევებით დადგინდა, რომ მსგავსი ნიშნები დემენციის ერთ-ერთი წინა პირობაც არის. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ შიზოფრენიის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა. კვლევებით დამტკიცდა, რომ შიზოფრენიის სამკურნალო სტანდარტული მედიკამენტები იმ სრულიად განსხვავებული ტიპის ტვინის უჯრედებზე მოქმედებს, ვიდრე აქამდე ეგონათ.
- ხომ არ არის რაიმე ახალი სიმსივნის მკურნალობაში, სადაც დიდი მიღწევებია, თუმცა ბევრი რამ გადაულახავი რჩება.
- კი, არის მელანომის, კანის კიბოს მკურნალობა ჰერპესვირუსის საშუალებით. ამისთვის რა "ჩაიდინეს" მეცნიერებმა: მათ ჰერპესვირუსი გენეტიკურად შეცვალეს, კანში შეიყვანეს და მელანომას დაუპირისპირეს. ეს ექსპერიმენტი ჯერ არ დამთავრებულა, მხოლოდ ნახევარი გზაა გავლილი და უკვე აღმოჩნდა, რომ ასე გენეტიკურად შეცვლილ ჰერპესს მწვავე სტადიის სიმსივნესთან ბრძოლაც შეუძლია, იმდენად ღრმად აღწევს კანში და "ჭამს" კიბოს უჯრედებს. როგორც კვლევების ავტორები აღნიშნავენ, თერაპიაზე დადებითი რეაქციის პაციენტებში ამ ვირუსმა ის სიმსივნური წარმონაქმნებიც მკვეთრად შეამცირა, რომლებშიც ვირუსი პირდაპირ არ შეუყვანიათ.
- ჰერპესვირუსი იმდენად აგრესიულია, ეს, ალბათ, არც უნდა გაიკვირვო.
- გეთანხმებით. მით უფრო, რომ სამკურნალოდ გამოყენებული ჰერპესვირუსი ორგანიზმში მოხვედრისას ჰერპესს არ იწვევს, ისეა დამუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის დამკვიდრებას დრო და ნებართვები სჭირდება, საიმედო ჩანს.