საშიში პროდუქტები საქართველოში: როგორ დავიცვათ თავი?! - "20-30 წუთით მაინც წყალში უნდა გააჩეროთ, ის ნიტრატების 40%-ს გამოდევნის" - კვირის პალიტრა

საშიში პროდუქტები საქართველოში: როგორ დავიცვათ თავი?! - "20-30 წუთით მაინც წყალში უნდა გააჩეროთ, ის ნიტრატების 40%-ს გამოდევნის"

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გასაყიდ ატამს წითელ საღებავს ასხამდა. ვიდეომასალას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. "ეს საღებავი კანცეროგენია, რომელიც ორგანიზმს აზიანებს და შესაძლოა საშიში დაავადებების მიზეზიც გახდეს", - გვითხრა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა, რომელსაც პრობლემის შეფასება ვთხოვეთ:

- საღებავი, რომელსაც უცნობი­ მამაკაცი­ ატამს ასხამდა, კვების მრეწველობაში­ არ გამოიყენება - ეს არის სამშენებლო საღებავი, რომლითაც ლი­თონის­ ნაკეთობებს­ ღებავენ. ის შეიცავს­ მძიმე მეტალებს, რომლებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.­ ეტიკეტზე წერია, რომ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას­ უნდა შევინახოთ, რადგან აალებადია. ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, საღებავი პროდუქტშიც გადადის და აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას.

არსებობს საღებავები, რომლითაც ნამცხვრებს ღებავენ, მაგრამ მათი გამოყენება კვების ინდუსტრიაში დაშვებულია. ჯერ მეგონა, რომ ეს პიროვნება ატამს ასეთ საღებავს ასხამდა, მაგრამ კადრი რომ დავიჭირე და ყურადღებით დავაკვირდი, მივხვდი, სამშენებლო საღებავი იყო.

- თუმცა მერე ამტკიცებდა, რომ ეს ვიდეო­ ხუმრობა იყო.

- მტკიცება, რომ ეს ხუმრობა იყო, ნაკლებად დამაჯერებელია და თუ დამტკი­ცდება, რომ შეღებილი ხილის რეალიზაცია­ უკვე მოასწრო, მისი საქმე ცუდად წავა: მის საქციელში ორგვარი დანაშაული იკვე­თება­ - სურსათის მიზანმიმართული დაბინძურება­ და მისი ფალსიფიკაცია. ასეთი­ საღებავებით მარტო ხილის კი არა, იმ ყუთების შეღებვაც არ შეიძლება, რომელშიც მას აფასოებენ. გარდა ამისა, მსგავს­ ფაქტებს სხვა უარყოფითი შედეგიც მოსდევს: მსგავსი ფაქტები ქართულ ნაწარმს სახელს უტეხს და იმ ფერმერებსაც, რომლებიც პატიოსნად შრომობენ და საიმედო პროდუქცია მოჰყავთ. ამიტომ არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს პასუხი მკაცრად უნდა მოსთხოვონ, რომ სხვას სურვილი აღარ გაუჩნდეს მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს.

- ბევრი ხილს თლის და იმედი აქვს, რომ ქიმიური დანამატებისგან ეს დაიცავს...

- ხილისა და ბოსტნეულის გათლა ეფექტიანია გარეგანი დაბინძურების შემთხვევაში, მაგალითად, როცა ზედაპირზე რაღაც ბაქტერია ბინადრობს. მე ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი ხილს არ რეცხავს და პირდაპირ თლის, რაც დიდი შეცდომაა. პროდუქტი გათლამდე აუცილებლად უნდა გაირეცხოს, რადგან ხილსა და ბოსტნეულს კარგი შეწოვის უნარი აქვს და მავნე ნივთიერებები თუ მძიმე მეტალები შუაგულში ადვილად აღწევს. საერთოდ, ადამიანის ჯანმრთელობის 80% იმ საკვებზეა დამოკიდებული, რომელსაც მოიხმარს. რისკის გარეშე არც ერთი საკვები არ არსებობს, მაგრამ ყველა საფრთხე უნდა კონტროლდებოდეს. როგორც ვიცი, მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა ორი საწარმო, რომლებიც რეგისტრირებული არ იყო და საეჭვო­ პროდუქციას უშვებდა, მაგრამ ეს უწყება ყველა წერტილს ხომ ვერ გააკონტროლებს, სადაც უხარისხო სურსათი იყიდება.

- გადაუჭრელი პრობლემაა ნიტრატებიც - სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნიტრატების შემცველობა ძალიან მაღალია საზამთროსა და ნესვში, ჭარხალში, სტაფილოსა და ხილში...

- ნიტრატების რაოდენობა ყოველთვის­ მაღალია იმ პროდუქტებში, რომლებიც სასუქის დახმარებით მოჰყავთ. უბრალოდ, ნებისმიერ პროდუქტს თავისი ზღვარი აქვს და თუ ნიტრატების რაოდენობა მას სცილდება, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გასაგებია, რომ სასუქის გარეშე ფერმერებს­ ნორმალური მოსავალი ვერ მოჰყავთ, ყველა ბიოპროდუქციას ვერ მოიწევს, მაგრამ ზომიერება ხომ უნდა დაიცვან? მით უმეტეს, ნიტრატებისა და პესტიციდების გამოყენება საქართველოში ნორმირებულია. არსებობს კარგი ხელსაწყო - ნიტრატების საზომი აპარატი, რომელიც ლაბორატორიის მსგავსად 100%-იან შედეგს ვერ იძლევა, მაგრამ მისი გამოყენება ყოველდღიურ ყოფაში ძალიან კარგია. ეს ხელსაწყო დაგვიცავს ისეთი პროდუქციის გამოყენებისგან, რომელშიც ნიტრატების დონე მაღალია. როგორც ვიცი, ეს ხელსაწყო ჩვენთან მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს და ინტერნეტით იყიდება. დაახლოებით 300 ლარი ღირს.

ჩემი ნაცნობები თუ უცნობები ხშირად მეკითხებიან, სად უნდა შევიძინოთ ხარისხიანი სურსათი? - ჩემი პასუხი ასეთია - სანდო მეწარმეებთან. თუ ვინმე სოფელში გვყავს და ვიცით, რომ ქიმიურ პრეპარატებს არ იყენებს, ან იყენებს, მაგრამ ზომას არ აჭარბებს, მასთან უნდა შევიძინოთ.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

- კარგია, თუ ბიოლოგიურად სუფთა,­ ორგანულ პროდუქტს ყიდულობთ, მაგრამ თუ არა ხართ დარწმუნებული, რომ პროდუქტი საიმედოა, 20-30 წუთით მაინც წყალში უნდა გააჩეროთ. წყალი ნიტრატების 40%-ს გამოდევნის.

ხილსა და ბოსტნეულს თავი და ბოლო უნდა მოაჭრათ - ეს აუცილებელია, რადგან ნიტრატები სწორედ ამ ადგილებშია დაგროვილი. რაც შეეხება მწვანილს, ღეროები უნდა მოაცილოთ, რადგან ნიტრატები მწვანილის ღეროებში გროვდება.

საეჭვო ნივთიერებებს საერთოდ გამოდევნის თერმული დამუშავება, რაც აუცი­ლებელია, თუმცა ზოგიერთი სახეობის ხილს და ბოსტნეულს ვერ მოვხარშავთ, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ წყალი, ვიდრე მათ სუფრასთან მივიტანთ. სხვათა შორის, ჩვენს მაღაზიებში დაფასოებული ხილი და ბოსტნეულიც იყიდება, რომელიც გარეცხილია. ფირმები, რომლებიც ხილ-ბოსტნეულს აფასოებენ, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თითოეული მათგანი რეგისტრირებულია და თავის სახელს უფრთხილდება.

ხათუნა ჩიგოგიძე