როტშილდების უიღბლო სახლი ბათუმში
1888 წელს ქალაქ ბათუმში მოქმედებდა 16 ნავთობის მწარმოებელი ქარხანა, მაგრამ ყველასგან, როგორც სიდიდით, ისე მოწყობილობებით, როტშილდის ქარხანა გამოირჩეოდა, სადაც დასაქმებული იყო 3000 ბათუმელი. როტშილდების პირველი ქარხანა ნავთის ბიდონებს ამზადებდა. მისი თავდაპირველი პატრონები ნავთობმრეწველები ბუნგე და პალაშკოვსკი ყოფილან, ხოლო მას შემდეგ, რაც ქარხანა როტშილდებმა გადაიბარეს, ის საგრძნობლად გაიზარდა, დღე-ღამეში 30-40 ათასამდე თუნუქის ბიდონს ამზადებდა. როტშილდების სახლის დამფუძნებელმა მაიერ ამშელ როტშილდმა (XVIII ს.) პირველი ბანკი მაინის ფრანკფურტში გახსნა. მისი საქმე წარმატებით გააგრძელა ხუთმა ვაჟმა. ბათუმთან კავშირი ჰქონდა ფრანგული შტოს წარმომადგენელს, ბარონ ალფონს როტშილდს, რომლის სახელიც უკავშირდება ქალაქ ბათუმის მრეწველობის განვითარებას.
რეჟისორი და მკვლევარი შოთა გუჯაბიძე როტშილდების სახლის, ბათუმის წარსულის შესახებ გვესაუბრება.
- ვინც ბათუმში დავიბადეთ, სამყაროს აღქმა სწორედ ამ შენობიდან იწყება. შენობას მეტად მნიშვნელოვანი წარსული აქვს, ის ბარონ ალფონს როტშილდს ეკუთვნოდა. XIX საუკუნის მიწურული მსოფლიოში ეკონომიკის აღმავლობის ხანაა, რაც, ძირითადად, სამეცნიერო და ტექნიკურ პროგრესს უკავშირდება. იმ პერიოდში ბათუმში არნახული ეკონომიკური პროგრესი იწყება. პირველი დიდი ნავთობმრეწველები ნობელები იყვნენ. დღემდეა შემორჩენილი ის ავზები, მაშინ რომ აშენდა. როტშილდები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბანკირთა დინასტია იყო და მათაც ბათუმი აირჩიეს. 1883 წელს შეიქმნა ბათუმის მენავთობეთა საზოგადოება. ბათუმში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დაიწყეს ბიზნესი, ნობელების გარდა, როტშილდმა, მანთაშევმა... მსოფლიოს ნახევარზე მეტი ნავთობით ბათუმიდან მარაგდებოდა. 1894 წელს მსოფლიოში პირველად ბათუმის პორტიდან გავიდა ნავთობით დატვირთული ტანკერი. როტშილდებს სახლის ასაშენებლად მიწა ცნობილმა მეწარმემ, მილიონერმა ანანოვმა დაუთმო. არქივში ქუჩებსა და მისამართებზე უფრო ხშირად გვარებია მოხსენიებული - ანუ ქალაქის დაგეგმარება გვარების მიხედვით ხდებოდა. ქალაქი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი. ნურიე მდიდართა უბანი იყო და სწორედ იქ გადაწყდა როტშილდების სახლის მშენებლობა. როტშილდმა აგურებიც კი ევროპიდან ჩამოიტანა. თუმცა ყველაფერს ხელი პოლიტიკურმა მოვლენებმა შეუშალა და მშენებლობა 16 წლის შემდეგ დასრულდა, მერე კი რევოლუცია მოხდა და როტშილდებს ბათუმისკენ პირი აღარ უქნიათ.

- როგორი იყო იმ დროს ბათუმი?
- 1878 წელს ბათუმის ნაწილი პორტო-ფრანკოდ ანუ თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა. ამ ნავსადგურში შესაძლებელი იყო ბაჟის გარეშე შემოსულიყო ტვირთი. შემდეგ დაიწყო რუსეთის პროპაგანდის აგორება თავისუფალი ეკონომიკური ზონის წინააღმდეგ. ერთ გლეხს თურმე საბაჟოზე საცოლისთვის ნაყიდი თავშალი და ცხენი ჩამოართვეს როგორც ბაჟი. თუ საყიდლებზე ბათუმში ჩახვიდოდი და რამეს გაყიდდი, უკან ვერაფერს წამოიღებდი, იმდენად მაღალი გადასახადები იყო. შემდეგ რუსეთმა ისიც მოახერხა, რომ შემოსულ გემებს ბაჟს ახდევინებდა. ამაზე ევროპამ თვალი დახუჭა და ცალმხრივად გააუქმა თავისუფალი ვაჭრობა. მალე თავისუფალი ეკონომიკური ზონა საერთოდ გაუქმდა. არადა, მანამდე ბათუმი უმდიდრესი, მილიონერების ქალაქი იყო. მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში ნავთობი აღმოჩნდა, დიდი კონკურენცია გაუწია ბათუმის ნავთობს. ამას მოჰყვა პირველი მსოფლიო ომი და ყველაფერი მოიშალა, შემდეგ რუსეთმა დაგვიპყრო და მთელი ქვეყნის, მათ შორის ბათუმის დაღმასვლა დაიწყო. ერთ-ერთ დოკუმენტში ამ მისამართზე ვინმე იული გაი ცხოვრობდა. ერთი ვერსიით, დევნილი ხელისუფლება ამ შენობაში მართავდა სხდომებს. 1921 წლის 17 მარტს სწორედ ამ სახლში გამოაცხადეს ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. ეს არის ბოლო დღე, როცა საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება დაეცა საქართველოში. ჩვენ ამ დღედ 25 თებერვალს მოვიხსენიებთ, როდესაც თბილისი დაეცა, მაგრამ ბრძოლები კიდევ თითქმის ერთ თვეს გრძელდებოდა და ბათუმი ბოლო ქალაქი გახდა, რომელიც 17 მარტს დაეცა. დილის ექვს საათზე მაშინდელი დემოკრატიული მთავრობის ნაწილმა, ას ორმოცდათხუთმეტი პარლამენტარიდან დაახლოებით ორმოცმა დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. ვინც დარჩა საშინელი ბედი ეწია, ზოგი დააპატიმრეს, ზოგი დახვრიტეს.
1922 წელს როგორც წესი, კერძო სახლებს "კომუნხოზი" ანუ კომუნალური მეურნეობა ეპატრონებოდა. 1960-იანი წლებიდან ამ შენობაში ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი გაიხსნა.
- შენობას რამდენად აქვს შენარჩუნებული ძველი სახე?
- ასლან აბაშიძის მმართველობის დროს გაარემონტეს და ბევრი მაშინდელი არტეფაქტი განადგურდა. ინტერიერის ფოტოებიც არ შემორჩენილა. სიმღერის გავლენით "ბათუმს ქათქათას" ასლან აბაშიძის პერიოდში ყველაფერი თეთრად გადაიღება, დღეს კი ბათუმში ისეთი ჯოჯოხეთია, ფერის დადგენა კი არა, ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას ქალაქი. თუ რამ ძველი და ისტორიულია, ყველაფერს ანადგურებენ. დღეს ბათუმში თუ კიდევ რამე ღირებულია შემორჩენილი, იმდროინდელი მილიონერების აშენებულია.