სკანდალური სტატია: "პუტინის ჯაშუშებმა ბრიტანელი საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს" - როგორ ცდილობს კრემლის ბინადარი ბრიტანეთის შიგნიდან ჩამოშლას
„პუტინის ჯაშუშებმა ბრიტანელი საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს“, - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, უსაფრთხოების ექსპერტი. „რუსეთს მთელ მსოფლიოში აქვს შერჩეული სამიზნეები, მაგრამ ჩვენს ქვეყანას - დიდ ბრიტანეთს იგი განსაკუთრებული ბოროტი განზრახვით უყურებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ის, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ცალკეული რუსი პირებისა და ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ლონდონის წინააღმდეგ მუშაობენ და რომელთა მიმართ სანქციები შემოიღო, იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენი ქვეყანა ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ანტიდასავლური ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ კრემლი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, პირდაპირი ომის გარდა, ყველა საშუალებას და შესაძლებლობას იყენებს. რუსეთის სამიზნეები, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოშია გაბნეული, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთს მათში პრიორიტეტული როლი მიეკუთვნება, უკრაინის მიმართ გაწეულ მხარდაჭერაში ჩვენი წამყვანი როლის გათვალისწინებით. უფრო მეტიც: ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი [უკრაინასთან ომში] გაიმარჯვებს, კრემლის მომდევნო თავდასხმის ობიექტი დიდი ბრიტანეთი იქნება და არა - აშშ, რამდენადაც ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს დონალდ ტრამპის გადაბირების იმედი.
რუსეთის მიზნებში შედის ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების სრული ჩაშლა და ჩვენი ქვეყნის შიგნით განხეთქილების განხორციელება, ჩვენთვის ზიანის მიყენება პოლიტიკურ-ეკონომიკური საბოტაჟისა და კიბერნეტიკული ომების მეშვეობით.
გავიხსენოთ, რომ წინა წლებში როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე, მთელ ევროპაში არა ერთხელ მოხდა ინფრასტრუქტურის იმ ობიექტებზე და სატრანსპორტო კვანძებზე კიბერთავდასხმები, რომლებიც უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში არიან ჩართულნი. არის მონაცემები, რომ ლონდონსა და ბირმინჰემში არსებულ საწყობებში გაჩენილი ხანძრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) აგენტების ხელით მოხდა.
ასევე დაგაინტერესებთ: შეეშინდა თუ არა პუტინს ტრამპის ულტიმატუმის ანუ კრემლის "პასუხი" თეთრ სახლს
"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?
რუსების კიბერშეტევები მიმართული იყო ბრიტანული მასმედიის - ტელესაკომუნიკაციო პროვაიდერების, პოლიტიკური ინსტიტუტების, სამთავრობო უწყება-დაწესებულებებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ 90 ათასზე მეტი კიბერშეტევა მოიგერია მტრული სახელმწიფოების მხრიდან. ბევრი შეტევა რუსეთიდან მოდიოდა, როგორც წესი, მესამე ქვეყნის მოქალაქეების დახმარებით. ჯაშუშობა და დეზინფორმაციაც რუსეთის ომის მნიშვნელოვან ელემენტებად ითვლება. ამას წინათ ბულგარეთის ექვსი მოქალაქე გასამართლდა და დაისაჯა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს. მოსკოვი უდიდეს რესურსებს ხარჯავს „ბოტ-ფერმების“ შესაქმნელად, რომელთა მეშვეობით სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინულ ნარატივს ნერგავს.
დივერსიების, კიბერომებისა და დეზინფორმაციების გარდა, მოსკოვის პოლიტიკური ოპერაციები ადამიანთა სიცოცხლის მუქარასაც შეიცავენ. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის მომენტიდან დიდი ბრიტანეთში, სულ ცოტა, ექვსი პოლიტიკური მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა იყო, რომლებიც, მაღალი ალბათობით, „გრუს“ აგენტებმა განახორციელეს. სხვათა შორის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში, რომელიც 2018 წელს სოლსბერიში მოხდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი იყო ჩარეული, რომლებსაც მოგვიანებით დაუნინგსტრიტმა სანქციები გამოუცხადა. (...)
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი, ძირითადად, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, კრემლი მთელ მსოფლიოშიც ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას, ფარული მეთოდებით. რამდენიმე წლის წინ ნატოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ რუსეთმა თავისი აგენტები ჩანერგა ევროპის ეკოლოგიურ მოძრაობაში, რათა გაზის ექსპორტი შეენარჩუნებინა.
2023 წელს, ღაზას სექტორში კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთმა სოციალური ქსელები დიდ ბრიტანეთში პროპალესტინური განწყობების გასაძლიერებლად გამოიყენა, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შეეტანა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა.
„კრემლს არავითარი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, რომ დიდი ბრიტანეთი უმოქმედოდ იქნება", - ამბობს დევიდ ლენი, საგარეო საქმეთა მინისტრი, - "ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი რაღაც-რაღაცებს ფარულად, ჩრდილქვეშ აკეთებენ. ამას ვერ მოვითმენთ. სწორედ ამიტომ ვიღებთ მკაცრ გადაწყვეტილებებს და სანქციებს ვაწესებთ რუსული ჯაშუშური ორგანიზაციების წინააღმდეგ“. მინისტრი მართალია, როცა სანქციებს აწესებს. კარგია, როცა მოკავშირეებიც მის მოქმედებას მიბაძავენ, მაგრამ რუსეთზე ეს მაინცდამაინც დიდ გავლენას არ მოახდენს. რუსეთი სულ უფრო დახვეწს თავის ძირგამომთხრელ მოქმედებას, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სულ უფრო მეტად არის გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.
ასეთ სიტუაციაში ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს დაცვის საშუალებების გაუმჯობესება და მათი სრულყოფა, როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე - დაზვერვის სფეროებში. ბუნებრივია, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინათ ბრიტანეთის გაერთიანებული სადაზვერვო კომიტეტის ერთ-ერთი უწყების - MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკალუმმა აღიარა, რომ იძულებულია, ტერორიზმთან ბრძოლის ხარჯები შეამციროს და გამოთავისუფლებული თანხა რუსეთის და სხვა მტრული ქვეყნების მუქარის გასანეიტრალებლად მიმართოს. ნურავინ იფიქრებს ერთი წამითაც კი, რომ პუტინის სპეცსამსახურები არ არიან დაინტერესებულნი ლა-მანშის სრუტეში მოცურავე ნავებით, რომლებიც მიგრანტებით არიან სავსენი და რომელთა მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანები შემოდიან, რომელთა ჭეშმარიტი მიზნები არ ვიცით. რუსები, ალბათ, მიგრანტების ნაკადს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.
მაგრამ მხოლოდ თავდაცვის ზომების მიღება არ არის საკმარისი: ჩვენ ცეცხლს ცეცხლითვე უნდა ვუპასუხოთ. „გრუმ“ და კრემლის ყველა სტრუქტურამ, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან ჩვენზე თავდასხმაში, ისეთი ფასი უნდა გადაიხადონ, რომელიც სანქციებზე მეტი იქნება. კი, საგარეო საქმეთა უწყება აცხადებს, რომ ის რუსების შეტევებს იგერიებს, როგორც ღიად, ასევე - ფარულადაც, „კულისებს მიღმაც“, მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ შესაძლებლობები, იურიდიული თავისუფლება და პოლიტიკური ნება, რომ რუსეთს აუცილებელი და გარდაუვალი ზიანი მივაყენოთ?
მოამზადა სიმონ კილაძემ