ტრამპის 50, პუტინის 60-ის წინააღმდეგ... - კვირის პალიტრა

ტრამპის 50, პუტინის 60-ის წინააღმდეგ...

რას უნდა ნიშნავდეს ციფრების ეს დაპირისპირება? საქმე ის არის, რომ 3 ივლისის ბოლო სატელეფონო საუბრისას პუტინს ტრამპისთვის თითქოს განუცხადებია, რომ ომს აგრძელებს და 60 დღეში მისი არმია სრულ კონტროლს დაამყარებს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ "ახალ ტერიტორიებად" წინასწარ გამოაცხადა კრემლმა.

14 ივლისს კი ტრამპმა ზემოხსენებული "50-დღიანი" წამმზომი ჩაურთო პუტინს ანუ ზუსტად ათი დღის შემდეგ და პუტინის "60 დღე" და ტრამპის "50 დღე" ზუსტად ერთად დღეს - 2025 წლის 1-ლ სექტემბერს იწურება. ასეთი დამთხვევა დასავლეთის ზოგიერთ წრეებში ისე შეაფასეს, თითქოს ტრამპმა გარკვეულწილად დრო მისცა პუტინს კიდევ ორი თვის განმავლობაში გააგრძელოს უკრაინის ოკუპაციაო, თუმცა..

რა მოხდება 1-ლ სექტემბრამდე? რუსეთს უკრაინის ლუგანსკის ოლქი ფაქტობრივად ისედაც აქვს ოკუპირებული, მაგრამ დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ დასაპყრობი რჩება დიდი ქალაქები, კრამატორსკი და სლოვიანსკი, ზაპოროჟიეს ოლქში თავად ქალაქი ზაპოროჟიე, ხოლო ხერსონის ოლქში თავად ხერსონისა და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ამ ოლქის დიდი ნაწილი.

თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, რომ პუტინის არმიამ ეს შეძლოს 60 დღეში, უფრო სწორად, 1-ლ სექტემბრამდე დარჩენილ ექვს კვირაში.

ასევე კიდევ არის ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ 1-ლ სექტემბერს ტრამპმა დაუწესოს (ყველასთვის ნათელია, რომ პუტინი არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ შეწყვეტს უკრაინაში აგრესიას) 500%-იანი მეორადი საბაჟო გადასახადი იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის შეძენას და არ ეხმარებიან უკრაინას.

ეს პირველ რიგში ეხება ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ რუსულ ნედლ ნავთობს, თუმცა რუსულ ბუნებრივ აირს ხომ... ჩვენი საქართველოც ყიდულობს (თუ არ ვცდებით, აზერბაიჯანულზე მეტსაც კი), უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებებს, დევნილების შეფარებას და ქართველი მოხალისეების უკრაინის მხარეზე ბრძოლას "აქტივში", ალბათ, არ ჩაგვითვლიან და აშშ-ში გასაყიდ ქართულ ღვინოს 500%-იანი ბაჟი დაედება?

დაველოდოთ 1-ლ სექტემბერს... მანამდე კი კიდევ ერთი სკანდალი აგორდა - 4 ივლისის სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელი კოლეგისთვის ასეთი რამ უკითხავს:

"ვოლოდიმირ, მოსკოვის დაბომბვა შეგიძლიათ? სანქტ-პეტერბურგის?" და პასუხიც მიიღო, თუკი რაკეტებს მოგვცემთ, დიახო...

ამავე დროს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც გასულ წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, თავის ამომრჩეველს ეუბნება, მე ვუთხარი პუტინს, რომ მოსკოვს დავბომბავდი, თუკი არ შეწყვეტდა ომს, მგონი, პუტინმა ეს მხოლოდ 10%-ით დაიჯერაო...

აშშ პირდაპირ არ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში და მისი ლიდერის ასეთი დაინტერესება "მოსკოვის დაბომბვით" ცოტა უცნაურია. თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად გააზვიადა დასავლურმა მასმედიამ იმის გასაგებად, თუ რა რეაქცია ექნებოდა პუტინს, როდესაც გაიგებდა, თუ როგორ "ათანხმებდნენ" ერთმანეთში "მოსკოვის დაბომბვას" ტრამპი და ზელენსკი... რეალურად კი ტრამპი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობს "მოსკოვის დაბომბვაზე" და არც ამის შემძლე ამერიკული რაკეტების გაგზავნას აპირებს უკრაინისთვის, თუმცა გააქტიურდა თავად ზელენსკი - კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების ყოველღამ ინტენსიური დაბომბვების საპასუხოდ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა 18-19 ივლისის ღამეს მასირებულად შეუტიეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეს, მათ შორის მოსკოვის მიმართულებითაც...