მზის სხივებით გაჯერებული „ისტორიული სათბური“ - კვირის პალიტრა

მზის სხივებით გაჯერებული „ისტორიული სათბური“

ამჯერად კიდევ ერთი ახალგაზრდა წყვილის საოჯახო მეურნეობაზე უნდა გიამბოთ. ისინი პატარა გლდანში ცხოვრობენ და ოჯახის "ისტორიულ სათბურში" ბიოპროდუქტს აწარმოებენ. ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისი - ქეთა ფირცხალაიშვილი ჩვენი კოლეგაა, ჟურნალისტი - 6 წელიწადს "პალიტრამედიაში" ჟურნალისტად და პროდიუსერად მუშაობდა. მეუღლე, გელა ხოსიაური, მეტროს მემანქანეა. იმის შესახებ კი, რას აკეთებენ საკუთარ ეზო-კარში, თავად მოგვიყვებიან.

ქეთა ფირცხალაიშვილი:

- მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი, დეკრეტულში გავედი და ბავშვები გავაჩინე, სამსახურში აღარ დავბრუნებულვარ, საოჯახო საქმეებს მივყევი. მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენს ეზოში არსებული სათბურის მოვლა-პატრონობა ჩვენს თავზე ავიღეთ და შვილებთან ერთად მისი ამუშავება გადავწყვიტეთ.

ორგანულ და ჯანსაღ პროდუქტს შვილებისთვის სხვადასხვა ადგილას ვეძებდით, სოფლიდანაც ბებია-პაპები გვიგზავნიდნენ.

ქეთა ფირცხალაიშვილი:

ბოლოს ვთქვით, რატომაც არა, თუ ამ სათბურს ადრე ჩემი მეუღლის ბებო და პაპა ამუშავებდა, პროდუქტი მოჰყავდათ, რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ვაწარმოოთ ჯანსაღი პროდუქტი-მეთქი და მართლაც მოვსინჯეთ. ჩვენი მოყვანილით შვილების გამასპინძლება და მათი ჩართულობაც საქმეში სასიამოვნო იყო. მას შემდეგ ბოლო 2 წელია ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი.

- თავდაპირველად რა მოიყვანეთ?

- პამიდორი და კიტრი, ასევე წიწაკა (სხვადასხვა თანამედროვე ჯიში). პამიდორი ჩერი ყველანაირი ფერის (შავი, წითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, ყვითელი) გვქონდა. ჩვენს მეურნეობას პატარა გლდანში, საკუთარი ეზოში არსებულ სათბურში ვაწარმოებთ, რომელიც 1985 წელსაა აშენებული. მაშინ აქ ბებია-პაპას სხვა პროდუქტებთან ერთად, ყვავილებიც ჰქონდათ მოშენებული.

079d152b-028f-4699-86e3-c3ece3d50464-1753116614.jpg

გელა ხოსიაური:

- როცა ჩემი ბებო-პაპა აქ დასახლდა და სახლი ააშენეს, ეს სათბურიც გამართეს, რაც ნელ-ნელა ჩვენი ოჯახისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. დრო რომ აირია, 90-იან წლებს ვგულისხმობ, ეს სათბურიც დაიჩაგრა... თავიდან გაზზე მუშაობდა, მერე პაპამ ქვანახშირზე გადააკეთა, მოგვიანებით - დიზელზეც, - მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. ჩვენს უბანში ეზოებში სათბური ბევრს ჰქონდა, მაგრამ იმ რთულ წლებში დაშალეს, მასალად გაყიდეს, ჩვენმა ოჯახმა კი როგორღაც შეინარჩუნა.

სათბური იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილითაა აშენებული. ახლა ასე რომ ააშენო, ძალიან ძვირი ჯდება - თავის დრენაჟებითა და ბეტონის საძირკვლით, მყარად არის ნაშენი. ალბათ, ამიტომაც გაძლო ამდენ წელიწადს.

ეს სათბური ძეგლივით გვქონდა, თან პაპას ნახელავი რომ იყო, სხვანაირი ემოცია ახლდა. დღეს პაპაჩემი ცოცხალი აღარ არის. მოკლედ, რაღაცნაირად ვალდებულებას ვგრძნობდი, სათბური ასე უმოქმედოდ არ უნდა ყოფილიყო.

a7aa34ff-883c-4456-a92f-7a8114991218-1753116613.jpg

- და ხელახლა აამოქმედეთ...

- ეს ჩემი მეგობრის, შალვას ბიძგით მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი სათბური ნახა. ამის ასე გაჩერება როგორ შეიძლებაო, მითხრა. მოკლედ, ჩემი მეგობრის დახმარებით, მისთვის დასმული შეკითხვებითა და პასუხებით (სათბური თვითონაც აქვს) ამ საქმის გაცოცხლება გადავწყვიტე. მშობლები ამ ამბავს ეჭვით უყურებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათი, ჩემი მეუღლის, შალვასა და ბავშვების თანადგომით ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ ჩვენი ისტორიული სათბური ისევ გაცოცხლდა და თავისი დანიშნულება შეიძინა. ბავშვებსაც ვასწავლით და ვაჩვევთ შრომას. მას მერე შეიძინა ჩვენმა საქმიანობამ კომერციული დატვირთვა, როდესაც ადამიანებს ჩვენი პროდუქტი მოეწონათ.

თავდაპირველად ხის სოკო მოგვყავდა და სათბურს შეშის ღუმლით ვათბობდით. დიდი ყურადღება სჭირდებოდა. ბავშვები რომ შეგვეძინა, მათთვის იმ ყველაფრის სუნთქვა სასურველი არ არის, სოკოს სპორები ჰაერში ვრცელდება, ამიტომ თავი დავანებეთ და პამიდორსა და კიტრზე გადავერთეთ. ახლა ამ ყველაფერს ვკვებავთ მზის სხივებითა და ჩვენი სიყვარულით...

35c0d150-ba57-4f09-abb3-1c5eb3b92480-1753116614.jpg

- თესვას გაზაფხულზე იწყებთ?

- ზრუნვას ადრეულ გაზაფხულზე ვიწყებთ. ნიადაგი უნდა დავბაროთ, გავაფხვიეროთ და ბუნებრივი სასუქი შევიტანოთ. პარალელურად ჩითილები თავად გამოგვყავს. ვარჩევთ კვლებს, რომელში რა დავთესოთ. "მეგობარი" სახეობები როგორ განვალაგოთ.

ჩემს მეუღლეს მეტად ყვითელი ჩერი მოსწონს, მე კი სხვადასხვა ჯიშის და ამაზე ცოტას ვკამათობთ, მეტი რომელი გავუშვათ, მაგრამ მერე ვთანხმდებით.

- რა დრო სჭირდება პამიდორს მოსავლის ასაღებად?

- ჩითილის ამოსვლას თესლის ჩაგდებიდან 20-25 დღე სჭირდება, ხოლო თესლიდან დაწყებული სრულყოფილ ნაყოფამდე პერიოდს, დაახლოებით 3 თვე. კიტრს ნაკლები დრო უნდა. ამ ეტაპზე კიტრის მოსავალი გვაქვს და ვკრეფთ. მოგვყავს შუშა კიტრი და პიკული.

სათბური დატვირთულია გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. შარშან 700 ძირი გვქონდა. ახლაც ასეა. აქედან 200 ძირამდეა კიტრი, დანარჩენი - სხვადასხვა სახეობის პამიდორი. თითო ძირ პამიდორზე 2-3 კილოგრამი რომ ვიანგარიშოთ, 2 ტონამდე ავდივართ.

bc118e75-d24d-4790-a842-413484996837-1753116613.jpg

- პროდუქტის გაყიდვა, კლიენტისთვის მისი შეთავაზება როგორ ხდება?

- ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრმა გაგვიცნო. მეზობელი უბნებიდან ჩითილებზეც წინასწარ ეწერებიან ხოლმე. ვისაც სურვილი აქვს, მოდის და თავისი ხელითაც კრეფს. ზოგს ძალიანაც მოსწონს ეს პროცესი, ვინც კორპუსში ცხოვრობს და მონატრებულია ამას, სიამოვნებით აკეთებს, თან სათბურში რომ შემოდიან და საოცარი არომატი შეიგრძნობა, ესეც მოსწონთ. მოკლედ, გაყიდვის პრობლემა არ შეგვქმნია. ყოფილა ისეც, რომ მუდმივი კლიენტი ცოტა მოშორებით უბნიდან გვყოლია და კურიერის საშუალებითაც მიგვიწოდებია.

- ყოველდღიურად რა საქმეა სათბურში?

- მინიმუმ დახედვა უნდა, რამე ხომ არ უჭირს, რომელიმე მოწყენილი ხომ არ არის, ფოთოლი როგორ მდგომარეობაშია, მოსარწყავია თუ არა. შეიძლება ბალახი იყოს მოსაცილებელი, ან ზედმეტი ამონაყარი ჰქონდეს, რომელიც ნაყოფს ძალას ართმევს, ხელს უშლის გაზრდაში. უკვე ჩვენი გამოცდილებით ვხდებით, რა სჭირდება. რამდენიმემ მოიწყინა და სათბურიდან მოვაშორე, შეიძლება რაიმე ვირუსი დაემართოს მცენარეს და მთელ მოსავალს გადასდოს. ვცდილობთ ტრადიციული ქართული მეთოდებით მოვუაროთ, მაგალითად, ნაცრით, მაქსიმუმ, შაბიამნით შევწამლოთ.

ქეთა:

- შარშან ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, შვილისთვის ბიოპროდუქტი მინდა შევიძინო, ალერგიულია, სუფთა ორგანული პროდუქტებისთვის წალკაში დავდივართო. თქვენს ბოსტნეულს წავიღებ, თუ ჩემს შვილს ალერგიას მისცემს, დააყრის, ვიტყვი, რომ არა გაქვთ სუფთა პროდუქტი, ბოდიშს მოგიხდით და მეორედ აღარ ვიყიდი თქვენთანო. საცდელად წაიღო და რამდენიმე დღის მერე ისევ დამირეკა. მთელი სეზონის განმავლობაში მიჰქონდა. გვანდო თავისი შვილის ჯანმრთელობა. დამტკიცდა, რომ მართლები ვიყავით.

ea88fb54-f136-4fa7-be88-71c61663e813-1753116613.jpg

გელა:

- ჩვენს შვილებს უყვართ სათბურში ფუსფუსი, ამოწმებენ თავიანთ დარგულს, მორწყვა ხომ არ უნდა, ან თუ დამწიფდა. ჩვენი მიზანია შვილები ამ საქმით დაინტერესდნენ. იმაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, რომ ახლა ჯანსაღი პროდუქტით იკვებებიან. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ტრადიცია შევინარჩუნეთ. სამომავლოდ გვინდა ჩვენი სათბური უფრო გავათანამედროვოთ, რისთვისაც სახსრებია საჭირო, მაგრამ ვეცდებით მოვიპოვოთ. გვინდა სათბური მზის ენერგიაზეც ვამუშაოთ. როცა საშუალებაა, შვილების მეგობრები და მათი მშობლები გვეხმარებიან. ზოგიერთს ქოთნებში აქვს ჩითილები სართულებზე დარგული. ჩვენი ნახელავი ჩემმა თანამშრომლებმა რომ გასინჯეს, თავიანთი ეზოები და ბაღები გამოაცოცხლეს. ეს ყველაფერი ჩვენზე დადებითად მოქმედებს.

b891eada-ce5f-4142-afee-3c5a1dcd5d2a-1753116613.jpg

ქეთა:

- მთავარია, ადამიანებს სჯეროდეთ, რომ რასაც მოინდომებენ, აუცილებლად გამოუვათ. თუ პირველ ცდაზე არა, შემდეგზე მაინც.

გელა:

- მთავარია ფარ-ხმალი არ დაყარონ და შედეგი აუცილებლად ექნებათ. შეიძლება დიდ მასშტაბზე ვერ გავიდნენ, მაგრამ იმას მაინც შეძლებენ, რომ მათ შვილებს საკვებად ჯანსაღი პროდუქტი ჰქონდეთ.