ძვირად ღირებული, მაგრამ „უპრეტენზიო“
გაზაფხულის ყინვამ ჩვენი ქვეყნის ხილის ბაღები დააზრო, მიუხედავად ამისა, მეურნეების სანუგეშოდ თუ მოსახლეობისთვის მოსავლის დიდი ნაწილი მაინც გადარჩა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მათ შორის არის კენკროვანი კულტურები, კონკრეტულად, ჟოლო, რომელიც საქართველოში არცთუ იაფად ფასობს, მეურნისთვის კი შემოსავლის წყაროა, თუკი კულტურას სათანადოდ მოუარა. რაც მთავარია, ჟოლო შესანიშნავად ხარობს მთელ საქართველოში, ვინაიდან ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არ არის, მათ შორის, საჩხერეშიც, სადაც სოფლებში ტრადიციულად უვლიან, ზოგი მხოლოდ საოჯახოდ, ზოგიც რეალიზაციისთვის. ჯემალ დეკანოიძის ოჯახშიც ჟოლო წლების მკვიდრია - სწორი მოვლის წესებით მწკრივებში გალაღებულ ჟოლოს ყოველთვის კარგი მოსავალი აქვს, გარდა ხშირწვიმიანი ზაფხულისა, როგორიც წინა წელიწადს იყო, წლეულს კი ივნისის დასაწყისიდან დეკანოიძეების ჟოლოს ბაღი რამდენჯერმე მოიკრიფა.
ჯემალ დეკანოიძე:
- მოგეხსენებათ, ზემო იმერეთი მთაგორიანი დასახლებაა, სახნავ-სათესი მიწები ნაკლებად გვაქვს. რაც გვაქვს, იმაზე ვენახის გაშენებას ვცდილობთ. მართალია, ზემოიმერული ზვრები კახეთისას ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენი შესანიშნავი ცოლიკაურითაც შესანიშნავი ღვინო დგება. შინასაოჯახო მოხმარებისთვის მოგვყავს სიმინდი და ლობიო. მინდოდა რამე ისეთი კულტურა მომეფიქრებინა, რომლის მოსავალი გაიყიდებოდა და შემოსავალი მექნებოდა, თუნდაც მცირე, მაგრამ ოჯახის ბიუჯეტს რომ წაადგებოდა. აი, ასე გადავწყვიტე ჟოლოს დარგვა. ნერგის ყიდვა არ დამჭირვებია - ჟოლო აქაურ მწირ ნიადაგებსაც შესანიშნავად ეგუება, ამიტომ ბევრს უდგას. ამასთანავე, არცთუ ბევრი მოვლა სჭირდება და თავისითაც შესანიშნავად მრავლდება, ყოველგვარი მიშველების გარეშე. თუ ჟოლო გაუშვი, ისე გამრავლდება, ჟოლოს ბაღი მეზობელთან თავისით გადავა და თუ წინააღმდეგი არ იქნება, ისიც ისარგებლებს.
- ეგ როგორ?
- ჟოლო ხომ ნახევრად ბუჩქია. მიწის ქვეშ მთავარ ფესურასთან ერთად აქვს დამატებითი გვერდითი ფესვებიც, საიდანაც ახალი ტოტები ამოდის. შემდეგ ეს ტოტები ზაფხულის დასასრულისთვის ამთავრებენ ზრდას, ივითარებენ ფესვებს, მთლიანად შორდებიან დედამცენარეს და ახალი, დამოუკიდებელი მცენარეები ხდებიან.
- ნაყოფს როდის ისხამენ?
- ჟოლო ადრე გაზაფხულზეც ირგვება და გვიან შემოდგომაზეც. შეიძლება ორივე პერიოდში დარგულმა იმ წელსვე მოგცეს ნაყოფი, მცირე რაოდენობით. თუმცა, ვისაც ჟოლოს რეალიზაცია სურს, უკეთესი იქნება, თუ ჟოლოს პირველი წლის ნაყოფის დამწიფების საშუალებას არ მისცემს და დაკრეფს. საქმე ის არის, ჟოლოს ნერგს გაძლიერება სჭირდება და სასურველია პირველ წელიწადს არ დაისხას.
რაც შეეხება დედაფესვიდან გამოზრდილ ჟოლოს ტოტს, ის პირველივე წელიწადს დამოუკიდებელ მცენარედ ვითარდება, თან ჟოლოს ისხამს. ასე რომ, უნაყოფობით ჟოლო გულს არ დაგწყვეტს. ჯობს მზიან ადგილას დავრგოთ, მით უფრო, თუ რეალიზაცია გვსურს. თუმცა ჩვენში ჟოლო მაღლარ ვენახშიც მინახავს ადგილის ეკონომიურად გამოყენების მიზნით და მეც ნაწილობრივ ასე დავრგე, ვინაიდან ბევრი მიწა არა მაქვს. ერთადერთი, რაც ამ კულტურას არ უყვარს, ნესტია, გადაბმულად წვიმიან ამინდებში არ ისხამს. სრულ მსხმოიარობას ეს მცენარე დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წელიწადს აღწევს და თუ მოუვლი, შემოსავლით გულს არ დაგწყვეტს. ერთ ჰექტარზე გაშენებულ ჟოლოს ბაღში დაახლოებით 8 ტონა მოსავალი მოდის. მე ამხელა ნაკვეთი არა მაქვს და მხოლოდ 200 კგ-მდე ჟოლო მომყავს. ივნისის დამდეგიდან, როდესაც სეზონი იწყება, 1 კგ ჟოლოს ფასი 12-13 ლარია; შემდეგ ოდნავ დაბლა იწევს ფასი, თუმცა 10 ლარს ქვემოთ არ ჩამოდის, თანაც, ჟოლო ოქტომბრის დამდეგამდე ისხამს ნაყოფს, თუკი მოუარე - ანუ ივნისიდან დაწყებული, ოჯახის შემოსავალს მცირედად მუდამ შეუძლია შეეშველოს.

- ცნობილი ამბავია, რომ ჟოლოს მაღალი და თანაც სტაბილური ფასი სამკურნალო სარგებლიანობის გამო აქვს. კიდევ რა ღონისძიებები სჭირდება, რომ ჟოლომ ნაყოფიერად დაისხას?
- მიხედვა სჭირდება, როგორც ყველა მცენარეს, მაგრამ განსაკუთრებულად დიდ შრომას ნამდვილად არ მოითხოვს. როგორც ვთქვით, ნიადაგის მიმართ ჟოლო დიდად პრეტენზიული არ არის, მაგრამ ჯობს მაინცდამაინც იმ ნიადაგში არ დავრგოთ, სადაც წინა წელიწადს კარტოფილი ან პამიდორი გვეთესა. ამ ორივე მცენარეს შესაძლოა ჰქონდეს დაავადებები, რასაც ჟოლო ადვილად შეისრუტავს. თანაც, უნდა დავრგოთ ისე, რომ რიგის სიგანე არ იყოს 40 სმ-ზე მეტი, რადგან, თუ რიგი ფართოა, შესაძლოა დაავადებებმა ადვილად აჯობოს. რიგთა შორის მანძილი დაახლოებით 2,5-მდე უნდა იყოს. ნერგის გარშემო ნიადაგი აუცილებლად უნდა დავტკეპნოთ, რათა ჟოლოს ფესვებს ნიადაგთან მჭიდროდ შეხების საშუალება ჰქონდეს, თავად ნერგი კი 10-12 სმ-ზე უნდა გადავჭრათ. სასუქი აპრილსა და ივნისის დამდეგს უნდა მივაშველოთ, ეს მათთვის, ვისაც უხვი მოსავალი და მისი რეალიზაცია სურს, თორემ საოჯახო მოხმარების ჟოლოს შეგიძლიათ სასუქი სულაც არ დაახმაროთ, მცირე რაოდენობით აუცილებლად მაინც დაისხამს. აი, გასხვლა კი ჟოლოს აუცილებლად სჭირდება, როგორც გითხარით, თუ არ "შევაჩერებთ", ისეთი აქტიურად მზარდია, აუცილებლად მეზობლების ბაღებს "ესტუმრება".
- ძალიანაც კარგი, რომ აქტიურად მზარდია. თუმცა ამის გამო გასხვლა აუცილებლად რეგულარულად სჭირდება.
- რა თქმა უნდა. ჟოლოს მსხმოიარობის განსაკუთრებული წესი აქვს - ტოტი, რომელზეც წლეულს ნაყოფი დავკრიფეთ, ხმება, მაგრამ ამავე წელს გამოსდის ახალი ტოტები, რომლებიც იმავე ციკლს იმეორებენ, რასაც მათი "წინაპარი" ტოტები, ანუ ისხამენ და ხმებიან. სწორედ ამის მიხედვით ხდება ჟოლოს გასხვლაც გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს ყველა ძველი, გამხმარი ტოტი, ასევე ხშირი ნაზარდები ამოიჭრება და შემსუბუქებული ჟოლოს ბაღი მომავალი მსხმოიარობისთვის ემზადება. ნებისმიერი, ვისაც ჟოლოს თუნდაც ერთი ნერგის დარგვის საშუალება აქვს, გარწმუნებთ, არაფერს წააგებს. პირიქით, მოიგებს ამ შესანიშნავი კულტურის ნაყოფის არომატითა და სარგებლიანობით.