„რეპეტიციას“ გიგანტური ბოცვრების გარემოცვაში გავდივარ“
ჩვენი ინტერესის სფერო ამჯერად ბოცვერია, კერძოდ, გერმანული რიზენი, იგივე გერმანული გიგანტი. პირველი გიგანტური ბოცვერი ფლანდრიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა. იყო ზომით დიდი, ძლიერი თათებით. მასიური სხეული ხშირი, მკვრივი ნაცრისფერი ბეწვით იყო დაფარული. XIX საუკუნეში ჩამოიყვანეს გერმანიაში და დაიწყო მახასიათებლების გაუმჯობესება. ადგილობრივმა სელექციონერებმა ყურადღება გაამახვილეს ჯიშის ხორციანობასა და სხეულის დიდ მასაზე. 1937 წელს მათ ოფიციალურად დაარეგისტრირეს ახალი ჯიში, სახელწოდებით `გერმანული რიზენი" (Dეუტსცჰე ღიესენ), ანუ გერმანული გიგანტი.
ამ თემაზე სასაუბროდ ცნობილი მებოცვრე და წარსულში სახელმწიფო კაპელის მომღერალი ზაზა ბურნაძე მოვიწვიეთ. ბოლო 20 წელია, მებოცვრეობა მისი საქმიანობაა. დიღომში, ტურბაზის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ის სამაჩაბლოდან გახლავთ. გიგანტურ რიზენსაც ამრავლებს და ამ ჯიშზე სწორედ ის გვესაუბრება.
- გერმანული რიზენი ნიშნავს გერმანულ დიდს. ამ ჯიშის ბოცვრის ძირი ფლანდრიის ბელგიური ნაწილიდან მოდის, იქ გამოიყვანეს და შემდგომ გერმანელებმაც გაითავისეს. ბელგიურ გიგანტს ანუ ფლანდრს აქვს სოლისებური, მოგრძო თავი და ყურებს შუა ორი თითი ჩადის. გერმანელმა სელექციონერებმა კი მას თავი დაუმსხვილეს, უფრო მრგვალი გაუხადეს. ყურები ერთად ეწყებათ, მაგრამ მათ შორის ორი თითი აღარ ჩადის. დანარჩენი - ტანი, ზომა, შეფერილობა ერთნაირი აქვთ და დაარქვეს გერმანული დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ძირი ბელგიურიდან მოდის, გერმანული დიდის სახელით არის დარეგისტრირებული.

- ფაქტია, რომ დიდი ბოცვერია.
- გინესის რეკორდების წიგნში თავის დროზე 15-კილოგრამიანი გერმანული რიზენია შეყვანილი. ამ წონისა მსოფლიოს მასშტაბით ეს ერთადერთი გამოვიდა. ჩვეულებრივი სახორცე ჯიშები, ბურგუნდიული და კალიფორნიული, 5-დან 6 კილოგრამამდეა. არის კიდევ ერთი ჯიში - გერმანული პიოსი, რომელიც 5-ნახევრიდან 7-8 კილომდე იზრდება, მაგრამ გერმანული რიზენი მართლაც გიგანტია. გამონაკლისებიც არის, როცა 12-13 კილოგრამს აღწევს ხოლმე.
- რიზენის მაღალი და სახასიათო ყურები მართლაც თვალში საცემია...
- ახლა წამოვიდა ტენდენცია - რაც მეტად მაღალი ყურები აქვს, უფრო ფასეულია. ამის გამო ცოტა სპორტული ინტერესიც შეიძინა და ასეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა.
- ბოცვერი ფრთხილი და სწრაფი ცხოველია, რიზენზე კი ამბობენ, რომ უფრო მშვიდია.
- როგორც ვთქვით, დიდი ტანის ბოცვერია, მაგრამ თუ ბუნებაში გავუშვებთ, ისიც ძალიან სწრაფია. როდესაც ფერმაში შევდივარ, ლაპარაკს ვიწყებ, რომ ჩემს უეცარ შესვლაზე არ დაფრთხნენ და შეშინდნენ. საერთოდ, ნებისმიერი ბოცვერი შიშისგან გალიაში სირბილს იწყებს. ხმაურსა და შეშინებას ვერც ერთი ჯიში ვერ იტანს.
- რამდენი წელია, რაც რიზენი გყავთ?
- 12-14 წელიწადია. პირველი სომხეთიდან შემოვიყვანე და მერე ამ ჯიშს რომ გავეცანი, მისი შემოყვანა რუსეთიდან დავიწყე. ისეთი ბოცვრები ჩამომყავდა, გერმანიაში გამოფენაზე უმაღლესი ქულები რომ ჰქონდა აღებული. იმ მებოცვრისგან ვყიდულობდი, გერმანიაში გამოფენაზე რომ ჰყავდათ აყვანილი, მერე ორ წელიწადში თაობები რომ გაზარდეს.
საერთოდ, სხვადასხვა ჯიში მყავს და ყველა სათითაოდაა გალიაში დაბინავებული - ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. ერთი, რაც გერმანულ რიზენს ახასიათებს და ბოცვრის დანარჩენი ჯიშებისგან გამოარჩევს, სიცხეს ვერ იტანს. დიდი აღნაგობისაა და ამას ესეც განაპირობებს. გერმანიასა და ავსტრიაში მათ შესაბამის ტემპერატურაზე კონდიციონერით აგრილებენ. მათთვის იდეალური ტემპერატურა - 18-დან 22°ჩ-მდეა.
ზაფხულში - ივნისში, ივლისში, აგვისტოში, აღარ ვაჯვარებ და არც ვამრავლებ. ივლისსა და აგვისტოში რიზენი მაკედ თუ იქნა, აუცილებლად მოკვდება. ამიტომ გამრავლებას ვაჩერებთ და როგორც კი ამ პერიოდს გადაიტანს, სექტემბრიდან განვაგრძობთ. საერთოდ, წლის განმავლობაში, თუ შესაბამის ტემპერატურას შევუქმნით, 6-ჯერ მრავლდებიან, 6-დან 10-12 ბაჭიამდე ყრიან.
- ამ ჯიშზე, როგორც ჩანს, მოთხოვნა არის.
- კი, ყველას მოსწონს, რადგან გოლიათური აღნაგობით ბევრს იზიდავს. რაც მეტად გრძელი ყურები აქვს, მასზე მეტი მოთხოვნაა. დეკორატიული მიზნებისთვისაც უნდათ, რომ შემდეგ გაყიდონ. სახორცე მეურნეობას ამ ჯიშით არ აკეთებენ. თუმცა მისი ხორცი ჩვეულებრივად იჭმება, რომ დაკლავ, სუფთა ხორცი 5-6 კილოგრამი გამოდის. მისგან იდეალური ჩაქაფული მზადდება.

- ფერებიც საინტერესო აქვს...
- რიზენის შვიდი ფერი არსებობს. ყავისფერი, შავ-ყავისფერი, თეთრი, ლურჯი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და შავი. მათი შეჯვარების დროს ნათესაური კავშირი არ შეიძლება. ამიტომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან შემოყვანილებს ვაჯვარებ. სისხლის არევა ჩემს ფერმაში არ ხდება.
- რით იკვებებიან?
- საქართველოში ამათთვის კომბინირებული საკვები მზადდება, არის სპეციალური საწარმოები და ოჯახებშიც ამზადებენ. მე ჩემი მეგობრის დამზადებულ საკვებს ვაჭმევ. მასში ყველანაირი მარცვლეული შედის. მარცვლეული იღერღება, გრანულატორში იყრება და მაკარონის მსგავსი კონსისტენციისა გამოდის. ამათი საკვები პროტეინებით ისინჯება. ბოცვრის განვითარებისა და გაზრდისთვის საკვებში 17-18% პროტეინი უნდა შედიოდეს. თუ დავაკლებთ, სრულყოფილად ვერ გაიზრდება. დანამატად ვაძლევ სტაფილოს, ვაშლს, კარტოფილს. ძირითადად, კომბინირებულ საკვებზე არიან.
- არიან კი რიზენები მშვიდი და გაწონასწორებული?
- მოზარდობისას გალიაში სულ მოუსვენრად დარბიან. 4 თვემდე სწრაფად იზრდებიან, ოთხიდან 6-თვემდე კი ცოტა ნელა. 6 თვიდან მათი გამსხვილება და ფორმირება იწყება. ზრდასრული უკვე მშვიდია... შეჯვარება 6 თვის მერე ხდება. 7-8 თვიდან დედლებს ცალკე ვსვამ, მამლებს - ცალკე.
- წყალიც მუდმივად უნდათ, ხომ?
- სუფთა წყალი უნდა ჰქონდეთ. სარწყულებელში წყალი ხშირად უნდა გამოვცვალოთ და ისინი უნდა გამოირეცხოს, რამე სიბინძურე რომ არ შეჰყვეს. ეს ჯიში ბადეზე არა მყავს, მძიმე წონის რომ არიან, ბადეზე სიარულისას ფეხის დერმატიტი ემართებათ. ზიანდებიან, სისხლი სდით და იარა უჩნდებათ, მერე არც დედლად ვარგა და არც მამლად. ამიტომ მათთვის გალიაში ბურბუშელამოყრილი სპეციალური ხის იატაკები მაქვს. დაახლოებით 10-სანტიმეტრიანი ბურბუშელას ფენა უნდა იყოს, რომ რბილად იარონ. ზოგს თვეში ერთხელ ვუსუფთავებ, ზოგსაც ორ კვირაში - გააჩნია, ბოცვერი როგორ აბინძურებს. ყოველდღიური ყურადღება, ზრუნვა სჭირდებათ, როგორც ბავშვებს. დათვალიერებისას რომელიმე ბოცვერს თუ რამე უჭირს, მაშინვე თვალში მხვდება. ჩემს ბოცვრებს მედიკამენტოზურადაც ვმკურნალობ. შევისწავლე ყველაფერი. ჩემი ფერმის ვეტერინარი, მუშა და დირექტორიც მე ვარ.
ამჟამად 260-მდე ბოცვერი მყავს, ხან ერთდროულად 400-ც მყავს ხოლმე, სეზონსა და გამრავლებას გააჩნია. ახლა 6 დედალი და 4 მამალი რიზენი მყავს. ბაჭიებიც ჰყავთ დაყრილი, მაგრამ ბაჭიებს მანამდე არ ვითვლი, სანამ ბუნაგიდან თვითონ არ გამოვლენ.
- რამდენ ხანს ცოცხლობს რიზენი?
- ყველა ჯიშის ბოცვერი 6-დან 8 წლამდე ცოცხლობს. როდესაც 6-7 წელს მიაღწევენ, გარეგნულადაც იცვლებიან. ასეთ ბოცვერს აღარ ვკლავ, ტყეში ვუშვებ, რომ თავისი სიბერით მოკვდეს. ხელს ვერ ვკიდებ, რადგან 6-7 წელიწადს მემსახურა და როგორც მეგობარს, ისე ვუყურებ.
- თქვენთვის ამ წლების განმავლობაში მებოცვრეობა რა არის და ამ დარგში რა აღმოჩენები გააკეთეთ?
- 20 წლის წინ მომინდა დიდი ბოცვერი მყოლოდა. დიღმის მასივში რომ ცხოველების ბაზარი იყო, იქ მივედი, მიმასწავლეს, დიდ ბოცვერს სად ყიდდნენ და მას შემდეგ დავინტერესდი... ამათთან მუშაობა ჩემთვის თითქოს მეცნიერებაა, მსიამოვნებს და მამშვიდებს. ფერმაში რომ შევდივარ, გარე სამყაროს ვწყდები და მიკროსამყაროს ვიქმნი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ.
ეს ყველაფერი ჩემი შემოსავლის წყაროა. ექვსი წლის წინ სიმღერას თავი დავანებე, სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი. დღეს ამ საქმით ვარ სრულად დაკავებული და `რეპეტიციას" ახლა ჩემს ფერმაში გავდივარ.
გერმანულ რიზენს მსურველებს ნამდვილად ვურჩევ. პირველ რიგში, ადამიანს ბოცვერი უნდა უყვარდეს. თუ არ უყვარს, არც მოუვლის. დამწყებმა მებოცვრემ ბოცვერი ისეთი ფერმერისგან უნდა იყიდოს, რომელიც ამ საქმეში პროფესიონალია. უნდა ურჩიოს, ასწავლოს, როგორ მოუაროს, რა აჭამოს, როგორ შეაჯვაროს, თან ვისგანაც იყიდის, ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვისაც თავად შემოჰყავს რიზენი საქართველოში, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ერთსა და იმავე სისხლის არ არიან. შემდეგ იმ პროფესიონალთან ხშირად კონსულტაცია უნდა გაიაროს.
ვისაც ჩემგან მიჰყავს, ყველას ვეუბნები, არ მოგერიდოთ, რჩევისთვის დამირეკეთ, თორემ საქმე გაფუჭდება-მეთქი. პრობლემები უცბად უნდა აღმოიფხვრას.