"დააპატიმრეთ და სცემეთ": სატელეფონო ზარი სტალინისგან - დიდი ბელადის ქართული აგენტურა, ორგანიზაცია "კავკასია" და გერმანელები - კვირის პალიტრა

"დააპატიმრეთ და სცემეთ": სატელეფონო ზარი სტალინისგან - დიდი ბელადის ქართული აგენტურა, ორგანიზაცია "კავკასია" და გერმანელები

საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორიის ოცდაათწლიანი პერიოდი (1921-1953 ) იმით არის გამორჩეული, რომ იმ წლებში საბჭოთა კავშირისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის ამოცანების ფორმირება და საკადრო-საორგანიზაციო საკითხები უშუალოდ “დიდი ბელადის”, იოსებ სტალინის ნება-სურვილის მიხედვით წყდებოდა. საზღვარგარეთ მივლინებამდე ქართველი ეროვნების მზვერავების კანდიდატურებს ხშირად პირადად სტალინთან ათანხმებდნენ. ასე რომ, ყველაფერი კრემლიდან იმართებოდა. ქართველი ემიგრანტების სიძულვილი საბჭოთა დიქტატორს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ამიტომაც იყო, რომ ქართველი ეროვნების საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის მთავარი მიმართულება ქართული ემიგრაცია იყო.

დღეისათვის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინააღმდეგ მოქმედი მხოლოდ ორ ათეულამდე ქართველი "ჩეკისტი-მზვერავისა" და აგენტის ვინაობაა ცნობილი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი რაოდენობა, განსაკუთრებით, 1921-1953 წლებში, გაცილებით მეტი იყო. საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის არქივებს დღეს რუსეთის "ჩეკისტური ხელისუფლება" აკონტროლებს, ამიტომ ჯერჯერობით მიუწვდომელია სრული ინფორმაცია მათ შესახებ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამგვარი ვითარება ადრე თუ გვიან შეიცვლება. მანამდე კი, სხვადასხვა საარქივო დოკუმენტის შესწავლასთან ერთად, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მოგონებებისა და მემუარული ლიტერატურის კრიტიკულმა ანალიზმაც უნდა მოგვცეს ობიექტური სურათი.

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ 1922-1953 წლებში საზღვარგარეთ სადაზვერვო მისიით გაგზავნილ ქართველი ეროვნების საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომელთა საქმიანობას შევეხები. იმ პერიოდში ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ მოქმედი "ჩეკისტები" და აგენტები იყვნენ: დავით კილაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, გიორგი გეგელია, შალვა ბერიშვილი, იონა ნამიჭეიშვილი, ილია თავაძე, ვარდო მაქსიმელიშვილი, დავით მატარაძე და სხვ. მათგან ნაწილი ლეგალური პოზიციებიდან დაზვერვას ახორციელებდა, ხოლო ნაწილი - ქართულ ემიგრაციაში შეგზავნილი აგენტები იყვნენ.

1920-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საბჭოთა (იგივე საქართველოს სსრ) საგარეო დაზვერვას მიზნად ჰქონდა დასახული ქართული ემიგრაციის ლიდერების გარემოცვაში მინიმუმ ერთი აგენტი მაინც ჰყოლოდა, რასაც მიაღწია კიდეც: სპირიდონ კედიასთან - გიორგი გეგელია; ევგენი გეგეჭკორთან - იონა ნამიჭეიშვილი; ნოე ჟორდანიასთან - შალვა ბერიშვილი ( რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ ნოე რამიშვილზე იყო მიჩენილი) - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ქართველი ეროვნების საბჭოთა დაზვერავის აგენტებისა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოქმედებდნენ ქართულ ემიგრაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი?

რატომ ეშინოდათ სტალინსა და ბერიას ქართველი ემიგრანტების?! - როგორ "ნერგავდნენ" ჩეკისტებს სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულეებში

სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?

დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან აგენტზე - გიორგი გეგელიაზე ვისაუბროთ. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში "ჩანერგილ" საბჭოთა აგენტზე "ღია წყაროებში" ასეთი ინფორმაცია იძებნება: „გიორგი დიმიტრის ძე გეგელია დაიბადა 1904 წლის 26 ივნისს, სოფელ ჭალადიდში (ახლანდელი სენაკის რაიონი), გარდაიცვალა 1972 წლის 7 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1925 წელს, მეორე კურსიდან სასწავლებლად წავიდა უცხოეთში. ორი წელი სწავლობდა ბერლინში, შემდეგ - პარიზში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1932) და იქვე არსებული კრიმინალისტიკის ინსტიტუტი. პარიზშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა საფრანგეთის არმიაში და როგორც ფრანგული, გერმანული და რუსული ენების მცოდნე, ჩარიცხეს უცხოელთა ლეგიონში. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და საზრიანობისათვის სწრაფად დაწინაურდა, მიენიჭა ვიცეპოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სამხრეთ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურის მოადგილედ. 1944 წელს აქტიურად ჩაება 1921 წელს საფრანგეთში გატანილი საქართველოს ეროვნული განძის უკან დაბრუნებისათვის დაწყებულ საქმიანობაში. 1948 წელს (სხვა წყაროებით, 1947 წელს –ბ.ა.) დაბრუნდა სამშობლოში. ჯერ უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში მუშაობდა, შემდეგ - თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას: ფრანგულად თარგმნა კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია", ფრანგულიდან ქართულად პრ. მერიმეს "შარლ IX-ის მეფობის ქრონიკა", რ. როლანის "კოლა ბრუნიონი", "ბეთჰოვენის ცხოვრება და სხვ. ლიტერატურა".

ზემოთ მოტანილ "დავარცხნილ-გალამაზებულ" ტექსტში არაფერია ნათქვამი გ. გეგელიას უცხოეთში „სასწავლებლად წასვლის“ ნამდვილ მიზანსა და იქ საქმიანობის მთავარ მიმართულებაზე: საბჭოთა დაზვერვის აგენტობაზე. სიმართლე გითხრათ, ეს ძალზე გასაკვირია. გ. გეგელიას ამ "გალამაზებული ბიოგრაფიის" შემქნელებმა ნუთუ არ იციან, რაც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი: გასული საუკუნის 20-40-იან წლებში გ.გეგელია, როგორც საბჭოთა დაზვერვის აგენტი, აქტიურად მოქმედებდა და რეგულარულად აწვდიდა საბჭოთა დაზვერვას ინფორმაციას ქართული ემიგრაციის შესახებ. ერთად გავიხსენოთ რეალური ფაქტები გ.გეგელიას ცხოვრებიდან.

ახალგაზრდა გიორგი გეგელია 1925 წელს პარიზში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს დავალებითა და დაფინანსებით ჩავიდა. მიზეზი ძალზე სერიოზული და საპატიო იყო: "სწავლის გაგრძელება”. გეგელიამ პირადად ლავრენტი ბერიასგან, რომელიც სულ ხუთი წლით იყო მასზე უფროსი, მიიღო ინსტრუქციები ქართველ ემიგრაციასთან, უპირველესად - ყოფილი მთავრობის წევრებთან დასაახლოებლად და მათ შესახებ ინფორმაციის შესაკრებად. ცნობილია, რომ გეგელია ნათესავად ეკუთვნოდა თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ფუძემდებელსა და ლიდერს - სპირიდონ კედიას, რომელიც 1923 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა, საფრანგეთში. სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოებამ გადაწყვიტა გეგელიას პერსონით საბჭოთა დაზვერვის დაინტერესება. როგორც ირკვევა გ. გეგელია მოულოდნელად გამოჩენილა სპ. კედიას გარემოცვაში და საკმაოდ მოურიდებლად ცდილობდა იქ შეღწევას და დამკვიდრებას.

სპირიდონ კედიას ქვრივი სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში "ნასმენ-ნახული" იხსენებს (სტილი უცვლელია - ბ.ა.): "...ყოველ პარტიაში მას (იგულისხმება საბჭოთა დაზვერვა - ბ.ა.) თავისი კაცი ჰყავდა, რომელიც შიგნით შხამს ატრიალებდა... გეგელია კი არ გვერიდებოდა, თითქმის ყოველდღე ოტელის სალონში იჯდა, ისე, რომ კიბეზედ ჩასულებს ის გვხვდებოდა. პირველ წლებში კიდევ ახლომახლო ტრიალებდა, მაგრამ ყმაწვილებმა (იგულისხმება ემიგრაციაში მყოფი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების ჯგუფი - ბ.ა.) ეჭვის თვალით შეჰხედეს და ნელ-ნელა დაშორდნენ". ჩანს, რომ თავდაპირველად გეგელია სათანადოდ არ იცავდა კონსპირაციას და ქართველ ემიგრაციაში მასზე, როგორც ოგე-პე-უს აგენტზე, ეჭვი გასჩენიათ.

picture1-1753163508.jpg

სოფიო ჩიჯავაძე და სპირიდონ კედია

კვლავ ქ-ნ სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მოვუსმინოთ (სტილი უცვლელია - ბ.ა.): "გეგელია არწმუნებდა თავის ამხანაგებს, რომ შოკოლადის ქარხანაში მუშაობს და იქიდან მოტანილი შოკოლადით ხშირად კიდეც უმასპინძლდებოდა ამ უმუშევარ ემიგრანტებს. მაგრამ ეს შოკოლადის ქარხანა, რაღაც საეჭვოდ ჰქონდათ მიჩნეული. ერთხელ ერთ-ერთმა მოინდომა ფეხდაფეხ გაჰყოლოდა ამ შოკოლადის ქარხნისკენ მიმავალ გზაზედ. ეს ცნობისმოყვარე მიადგა რუსეთის საკონსულოს კარებს, გეგელიასთან ერთად; როდესაც ჰკითხა, იქ რად დადის, გეგელიას პასუხი იყო, რომ საქართველოში მას ჰყავს ბიძა, რომელიც "დიდი კაცია და ის ამ საელჩოს საშუალებით პატარა თანხას აწვდის... ეს საკმარისი იყო, რომ მას თავის წრეში ნდობა დაეკარგა". თუმცა, მიუხედავად დასაბუთებული ეჭვისა და უნდობლობისა, გეგელიამ თანდათანობით მაინც მოიპოვა ქართველ ემიგრაციაში ნდობა და განაგრძობდა აქტიურ მუშაობას საბჭოთა დაზვერვისთვის.

1931-33 წლებში გ. გეგელია საბჭოთა მზვერავის, ტფილისში დაბადებული პეტრე ზუბოვის (1898–1952) ხელმძღვანელობით მოქმედებდა. 1933 წლის შემდეგ საბჭოთა დაზვერვის პარიზის რეზიდენტურაში ხელმძღვანელობა ძალზე სწრაფად იცვლებოდა. თავად განსაჯეთ, რეზიდენტები იყვნენ: 1933-36 წლებში - სმირნოვი ("მიხაილოვის" ფსევდონიმით); 1936-38 წლებში - კოსენკო ("კისლოვის" ფსევდონიმით); 1938-1939 წლებში - ს. გლინსკი ("პეტრეს" ფსევდონიმით); 1939-1941 წლებში - ლ. ვასილევსკი ("ტარასოვის" ფსევდონიმით); ხოლო 1944-1948 წლებში რეზიდენტი ივანე აღაიანცი იყო.

lev-vasilevski-1753163488.jpg

ლევ ვასილევსკი (1903–1979)

1936 წლიდან გ. გეგელია, საბჭოთა დაზვერვის დავალებით, ემიგრანტული ორგანიზაცია "კავკასიის" აქტიური წევრი გახდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა საბჭოთა დაზვერვას. დაღესტნელი ჰეიდარ ბამატის (1890-1965) ხელმძღვანელობით მოქმედ ამ, ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციას გერმანიისა და იაპონიის დაზვერვები ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით აფინანსებდნენ. საბჭოთა დაზვერვის არქივებში არსებული საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კა-გე-ბეს ვეტერანმა, გენერალ-მაიორმა ლევ სოცკოვმა (1932-2022) გამოსცა წიგნი "უცნობი სეპარატიზმის" სახელწოდებით. ამ ნაშრომში ჩვენთვის, პირველ რიგში, არა ავტორის სუბიექტური და შოვინისტური ანალიზ-დასკვნები, არამედ - ემიგრანტულ ორგანიზაცია "კავკასიაში" საბჭოთა აგენტურის მუშაობის დოკუმენტური წყაროების გაცნობაა საინტერესო. ლევ სოცკოვს კი საბჭოთა საგარეო დაზვერვის არქივებთან დაშვების არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

საქართველოს მხრიდან "კავკასიის" ორგანიზაციის წევრები უპირატესად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები: ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გიორგი კვინიტაძე, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი და გიორგი გეგელია იყვნენ. დასამალი არაა: უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი ემიგრანტი ნოე ჟორდანიასთან დაპირისპირებული და ანტიმენშევიკური განწყობისა იყო. არსებობს ინფორმაცია, რომ გ.გეგელია ამ ორგანიზაციის წევრად შ. ამირეჯიბის რეკომენდაციით მიიღეს.

1937 წლის მეორე ნახევრიდან „კავკასიის“ საქმიანობა საბჭოთა დაზვერვისთვის „ხელის გულზე“ იდო, რაც სწორედ გ. გეგელიას დამსახურება იყო. „კავკასიას“ ბერლინთან კავშირი, ძირითადად, ჰ. ბამატის და ქართველი ემიგრანტების: ვ. ახმეტელისა და შ. ამირეჯიბის მეშვეობით ჰქონდათ. 1938 წლის ბოლოს ჰ. ბამატმა და შ. ამირეჯიბმა, ბერლინში ვიზიტის შემდეგ, სადაც გერმანიის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პარიზში "კავკასიის" აქტიურ წევრებთან გამართეს შეხვედრა და გერმანელებთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ლ. სოცკოვი აღნიშნავს, რომ ბამატისა და ამირეჯიბის შეხვედრებმა ბერლინში ქართველი ემიგრანტების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ საუბრის შინაარსი საბჭოთა აგენტურის მეშვეობით სწრაფადვე გახდა ცნობილი მოსკოვისთვისო. ამ შეხვედრაში გიორგი გეგელიაც მონაწილეობდა და განსაკუთრებით აქტიურობდა. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს აგენტის მიერ საბჭოთა საგარეო დაზვერვაში გაგზავნილი საიდულო ცნობიდან:

"გეგელია: რა ინტერესები აქვს გერმანიას და რას მოითხოვს ჩვენგან დახმარების სანაცვლოდ?

ბამატი - გერმანელების ინტერესები კავკასიაში ეკონომიკური ხასიათისაა.

გეგელია - მე მინდა ვიცოდე, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, ემიგრანტებმა გერმანიისთვის და რა როლი გვენიჭება ამ საქმეში?

ბამატი - ჩვენი პროპაგანდით უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კავკასიურ-გერმანული ურთიერთობებისათვის, ჯერჯერობით სხვა კონკრეტული საკითხი ჩვენ მიერ დამუშავებული არ არის".

picture3-1753163431.jpg

ჰეიდარ ბამატი

მიუხედავად იმისა, რომ ლ. სოცკოვი არ ასახელებს საბჭოთა აგენტის გვარს, ცნობილია, რომ ის გ. გეგელია იყო, რომელიც სისტემატურად აწვდიდა აგენტურულ ცნობებს "ცენტრს".

1939 წლის სექტემბრის დასაწყისში გეგელია, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, საყოველთაო მობილიზაციას დაექვემდებარა და საფრანგეთის არმიის ჯარისკაცი გახდა, ხოლო 1940 წლის იანვრიდან უკვე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, გერმანელთა წინააღმდეგ. 1940 წლის ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, გეგელია სხვა დემობილიზებულ ჯარისკაცებთან ერთად პარიზში დაბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ ის ფრანგ კომუნისტებს დაუკავშირდა და "წინააღმდეგობის მოძრაობაში" ჩაერთო, ამიტომ 1939 წლის სექტემბრის ბოლოდან 1940 წლის ივნისამდე საბჭოთა რეზიდენტურასთან კავშირი გაუწყდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარიზში დაბრუნდა, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტ ლევ ვასილევსკისთან (რომელიც საბჭოთა დაზვერვის პარიზის რეზიდენტურას 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა) კავშირის აღდგენა არ უნდა გართულებულიყო. გ. გეგელია "საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის" რიგებში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლიდან, გეგელია აქტიურად ჩაება ქართველი ემიგრანტების ჩამოტყუება-მოტაცების ოპერაციებში, რისთვისაც ის თან დაჰყვებოდა მოსკოვიდან საფრანგეთში სპეციალურად გაგზავნილ "სტალინ-ბერიას ემისრებს": პეტრე შარიას და ილია თავაძეს.

ilia-tavaze-1753163396.jpg

ილია თავაძე (1905–1973)

სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში "ნასმენ-ნახული" იხსენებს (სტილი უცვლელია - ბ.ა.):" ჯერ გაჩნდა პროფესორი შარია. შემდეგ თავაძე, რომელიც კარ-კარ დადიოდა და ყველას ეპატიჟებოდა სტალინის სამოთხეში... ერთ დღეს ჩვენც მოგვადგა ეს თავაძე, სპირიდონმა უთხრა: "დააბრუნეთ ციმბირიდან გადასახლებული ქართველობა, გაიყვანეთ რუსული ჯარი, გააბატონეთ სიტყვის და პრესის თავისუფლება (იქ დამსწრე გოგი გეგელიამ თითი გაიქნია: "არა პრესის თავისუფლება არა"), მაშინ მთელი ემიგრაცია დაბრუნდებაო. დავიხურავ ქუდს და წამოვალო". ი. თავაძე და პ. შარია პარტიული მუშაკები და ლ. ბერიას „გუნდის“ წევრები იყვნენ და მათი საბჭოთა უშიშროების ორგანოებში მივლინება (1938 წლის სექტემბრიდან პეტრე შარია, ხოლო 1946 წლიდან - ილია თავაძე) პირადად ბერიას ინიციატივა იყო, რაც შემდეგ სტალინმა დაამტკიცა.

ilia-tavaze-meuglestan-ertad-1753163374.jpg

ილია თავაძე მეუღლესთან ერთად პარიზში

20 წელზე მეტხანს გაგრძელდა გიორგი გეგელიას სადაზვერვო მისია, თუმცა, როგორც სოფიო ჩიჯავაძე-კედია წერს, სპირიდონ კედია ბოლო დრომდე ვერ იჯერებდა, რომ გეგელია კომუნისტების აგენტი იყო. იმ პერიოდში გ.გეგელია ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა საბჭოთა დაზვერვის ქართველი ეროვნების თანამშრომლებთან, რომლებიც პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოს დიპლომატების ლეგენდით მოქმედებდნენ. ესენი იყვნენ: ილია თავაძე, ვარდო მაქსიმელიშვილი, დავით მატარაძე და სხვ.

1948 წელს, მას შემდეგ, რაც გეგელია ემიგრანტულ წრეებში საბოლოოდ გაიშიფრა და ფარული სადაზვერვო საქმიანობის გაგრძელება, პრაქტიკულად, აღარ შეეძლო, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ ის საქართველოში დააბრუნა. სამი წლის შემდეგ, 1951 წლის 17 ნოემბერს, ე.წ. მეგრელთა საქმის გამო, სტალინის (რომელიც კარგად იცნობდა მის სადაზვერვო საქმიანობას) პირადი მოთხოვნით, გეგელია დააპატიმრეს, როგორც: "საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი-კონტრრევოლუციონერების" და ”საფრანგეთის დაზვერვის აგენტი“.

ნიკოლოზ რუხაძე, 1948 წლის 12 იანვრიდან 1952 წლის 9 ივნისამდე - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სტალინთან გამართულ სატელეფონო საუბარს ასე იხსენებდა:

„სტალინი: დაპატიმრებულია თუ არა გეგელია?

რუხაძე: არა, ამხანაგო სტალინ, ის არ დაუკავებიათ.

სტალინი: რატომ?

რუხაძე: ჩვენ მასზე ვმუშაობდით, მაგრამ ჯერ ვერაფერ რეალურს მივაღწიეთ.

სტალინი: დააპატიმრეთ, სცემეთ, დახვრიტეთ!

რუხაძის ჩანაწერი: „დაპატიმრების ბრძანება იმავე დღეს შესრულდა“.

სტალინი: შარია დაპატიმრებულია?

რუხაძის შენიშვნა: „ღამით ბელადმა ჩარკვიანს შარიას დაპატიმრება უბრძანა და დილით ჩვენ ის დავაპატიმრეთ.

რუხაძე: დაპატიმრებულია, ამხანაგო სტალინ!

სტალინი: საფუძვლიანად მიხედეთ. გაარკვიეთ, ვინ გაგზავნა პარიზში, რა მისიით, ვისთან ჰქონდა იქ კონტაქტი და ვისთვის ჯაშუშობდა.

სტალინი: ბარამია ნამდვილი ჯაშუშია. ის უნდა გამოაშკარავდეს, ის უდავოდ დაკავშირებული იყო გეგეჭკორთან, უნდა გამოვავლინოთ ეს არხი.

რუხაძე: ყველაფერს გავაკეთებ, ამხანაგო სტალინ...“

მრავალ ინტრიგაში გახვეული ნ. რუხაძე, სტალინის ბრძანებით, 1952 წლის 11 ივლისს დააპატიმრეს, როგორც „სამშობლოს მოღალატე“. „დიდი დიქტატორის“ გარდაცვალების შემდეგ ლ. ბერიამ რუხაძე ციხეში დატოვა, 1953 წლის 26 ივნისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ „ხრუშჩოვ-მალენკოვის“ დაჯგუფებამ რუხაძე კვლავ ციხეში დატოვა. 1955 წლის 15 ნოემბერს კი ის დახვრიტეს. მან ხომ ძალზე ბევრი იცოდა! ყოველთვის ასეა: დიქტატორული სისტემა არც თავის მიერ გამოზრდილ ჯალათ-შემსრულებლებს ინდობს!

პ.ს. ილია თავაძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ქართულ ენაზე იძებნება, არაფერია ნათქვამი, რომ ყოფილი პარტიული მუშაკი, შემდეგ „დიპლომატი-მზვერავი“ და 1955-1973 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, 1952 წლის დასაწყისიდან 1953 წლის აპრილამდე და 1953 წლის ივლისიდან - 1955 წლის გაზაფხულამდე კა-გე-ბეს ციხეებში იმყოფებოდა. ჯერ როგორც „საფრანგეთის დაზვერვის აგენტი“, შემდეგ კი, როგორც „ხალხის მტრის“, ლავრენტი ბერიას „ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფების“ წევრი. შესაშური „კონსპირაციაა“!

(მეექვსე ნაწილის დასასრული)