პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა
გერმანული რადიო „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებგვერდზე სათაურით: „ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი დამარცხდება“, გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ მწერალთან და პუბლიცისტთან - ენ აპლბაუმთან. იგი განმარტავს, თუ რატომ არის დონალდ ტრამპი მომთმენი ვლადიმერ პუტინთან მიმართებით, როგორია სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტის მიზნები უკრაინაში და რატომ უნდა ჩამოერთვას ხმის უფლება ევროკავშირში უნგრეთს. ესაუბრება ჟურნალისტი კონსტანტინე ეგერტი. აქვე შევნიშნავთ, რომ ენ აპლბაუმი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ცოლია.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ამას წინათ თქვა, რომ დონალდ ტრამპთან გოლფის თამაშის დროს პრეზიდენტს, თითქოსდა, მისთვის უთქვამს, რომ დადგა დრო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნას შემოღებულიო. თვლით თუ არა თქვენ, რომ თეთრი სახლის საგარეო-პოლიტიკურ კურსში რუსეთის მიმართ ცვლილება მოხდა?
- მე არ შემიძლია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოიქცევა და რა რეაქციას გამოამჟღავნებს დონალდ ტრამპი ამა თუ იმ მომენტში. მე ის ვიცი, რომ იგი გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად არ აზროვნებს. იგი გადაწყვეტილებებს მომენტის გავლენით იღებს - იმისგან დამოკიდებულად, თუ ვის ესაუბრება და თვლის თუ არა, რომ სიტუაცია მისთვის მოგებიანია. რასაკვირველია, საქმის კურსში ვარ, რომ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, ანტირუსული სანქციების შემოღებაზე ხელი მოაწერა 80-ზე მეტმა სენატორმა.
ისიც მართალია, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვიდან ზოგიერთ პიროვნებას ძალიან სურს, რომ პრეზიდენტმა ნამდვილად შემოიღოს სანქციები, მაგრამ მისსავე წრეში არიან სხვა ძალებიც, რომლებსაც სურთ, ვლადიმერ პუტინთან გარიგება დადონ - იმიტომ, რომ რუსეთის ლიდერთან გარიგების დადება მათთვის და, ალბათ, დონალდ ტრამპისთვისაც მოგებიანი იქნება.
MAGA-ს მოძრაობაში („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთს მხარს აქტიურად უჭერენ... ამიტომაც ჩვენ, უბრალოდ, თვალი უნდა ვადევნოთ და გავიგოთ, თუ ვინ მოიგებს ამ დისკუსიაში.
- რატომ არის დონალდ ტრამპი ესოდენ მომთმენი ვლადიმერ პუტინის მიმართ? რით შეიძლება ეს ფაქტი აიხსნას?
- ამ კითხვებზე პასუხის მოძებნას ბევრი ადამიანი ცდილობს, უკვე ათ წელზე მეტი ხანია. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მომზადდა ფართო გამოკვლევა რუსეთის გავლენის შესახებ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომლის შედეგად, არაერთგვაროვანი შედეგები იქნა მიღებული. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გავლენა იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ დონალდ ტრამპი პირადად იყო ჩაბმული ამ პროცესში და რომ მან მართლაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.
ამასთან, ჩვენთვის, ყველასთვის, კარგად არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს 30 წელია, რუსეთთან კავშირები აქვს. მისი ბიზნესი რუსულ ინვესტიციებს იღებდა. ეს შეთქმულების თეორია არ გახლავთ, ყველაფერი დოკუმენტურად არის გამოკვლეული.
ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. ისიც ვიცით, რომ იგი ნეგატიურად უყურებს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალიანსებს [მაგალითად, ნატოს]. ამაზე ბევრი რამ არის ნათქვამი თვითონ ტრამპის წიგნებშიც, რომლებიც დიდი ხნის წინათ არის დაწერილი - მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდოდა, ანუ მსგავსი ინტინქტები დონალდ ტრამპმა ათწლეულების წინ გამოავლინა.. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის ლიდერი გახდა, დონალდ ტრამპს იგი განსაკუთრებით მოსწონს და აღფრთოვანებულია მისი მსგავსი ადამიანებით, რომლებისთვისაც არ არსებობს არც დამაბალანსებელი შეკავება-საპირწონეები, არც რაიმე შეზღუდვები, არც სასამართლოები და არც ჟურნალისტები. დონალდ ტრამპს მოსწონს ისეთი შეუზღუდავი ხელისუფლება, როგორიც რუსეთშია. მისთვის ვლადიმერ პუტინი შთამბეჭდავ ფიგურას წარმოადგენს. მე, რასაკვირველია, არ ვიცი, თუ როგორ ვითარდება მათი პირადი ურთიერთობა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი საბჭოური „კაგებეს“ გამოცდილი თანამშრომელია, ბევრ ნიშნავს. მან კარგად იცის ადამიანის სისუსტეები, ასევე იცის, თუ როგორ შეიძლება, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებით მანიპულირება და მათი დარწმუნება, რომ იგი მისი მეგობარია. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მეგობრად თვლის - მან ეს პირადად განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი ბრძოლა პატარა კავკასიისთვის - მამუკა არეშიძის პროგნოზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკური "ვეშაპების" დაპირისპირებისას?!
შეეშინდა თუ არა პუტინს ტრამპის ულტიმატუმის ანუ კრემლის "პასუხი" თეთრ სახლს
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იქნებ ამით დონალდ ტრამპს სურს, აჩვენოს თავის მომხრე აუდიტორიიას, რომ იგი სიტუაციას აკონტროლებს, პუტინი მისი მეგობარია და თუ აშშ-ის პრეზიდენტი რაიმეს მოისურვებს, რუსი კოლეგა მას მეგობრულად გაუგებს და დაეთანხმება? და ზოგადად, ნუთუ მას ნამდვილად სჯერა, რომ პუტინი მისი მეგობარი შეიძლება იყოს?
- ვფიქრობ, დონალდ ტრამპი გულწრფელად არის ამაში დარწმუნებული - იგი ხომ ასეთ ფამილარულ დამოკიდებულებას სხვა ლიდერების მიმართ არ იჩენს, მაგრამ პუტინზე ხშირად ამბობს - მას დიდი ხანია, ვიცნობ და ჩემი მეგობარიაო. (...) იგი თავის მოწინააღმდეგეებს „პარაზიტებს“ უწოდებს. მისთვის იმიგრანტები „ამერიკელთა სისხლის მსმელები“ არიან.
დონალდ ტრამპის ენა ისეთია, რომლითაც ადოლფ ჰიტლერი სარგებლობდა. ასე რომ, ტრამპი ის კაცია, რომელსაც იმუნიტეტი აქვს სისასტიკის მიმართ. [იგი ომის დასრულებაზე საუბრობს], მაგრამ მას სამოქალაქო მოსახლეობის ბედი არ ადარდებს.
- თქვენი აზრით, როგორია ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინის მიმართ?
- ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს საკუთარი სტრატეგია. მას აქვს სამი მიზანი, რომლებიც გარკვეულ მომენტებში მეტ-ნაკლებად ერთმანეთს კვეთენ.
პირველი მიზანი - იმპერიის აღდგენა. მას სურს, რომ რუსეთის იმპერია [1913 წლის საზღვრებში] აღადგინოს და მისი ლიდერი გახდეს, თუნდაც - მცირე ხნით. ეს იქნება მისი ისტორიული როლი და დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. ამ მიზნის შესასრულებლად მას უნდა, რომ უკრაინა მარიონეტი, რუსეთზე დამოკიდებული სახელმწიფო გახდეს ან უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში მოექცეს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფორმატით. მას სურს უკრაინული იდენტობის მოსპობა და განადგურება. გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი კიევის აღებას სამ დღეში იმედოვნებდა, ხოლო უკრაინის ოკუპირებას - ერთ კვირაში, მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა. იგი გაბოროტებულია. ახლა მან გეგმა „ნ“ აამოქმედა, რომელიც გამოიხატება უკრაინის მაქსიმალურ დანგრევა-გამოფიტვაში;
მეორე მიზანი - იმ იდეების განადგურება, რომელმაც უკრაინის 2014 წლის მაიდანი (რევოლუცია) გამოიწვია. იგი სიძულვილით უყურებდა იმ ადამიანებს, რომლებიც კიევში ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ, ხელში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პლაკატები ეჭირათ და ავტორიტარული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ - იმ პრეზიდენტისა, რომელსაც ქვეყანა რუსეთის ორბიტისაკენ მიჰყავდა. როცა უკრაინის რევოლუცია წარმატებით დასრულდა, როცა ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა, ვლადიმერ პუტინისათვის ეს ფაქტი საგანგაშო სიგნალი იყო - მას ძალიან ეშინია მსგავსი რევოლუციების. სწორედ ამიტომ მან სასტიკად ჩაახშო 2010-11 წლის საპროტესტო გამოსვლები რუსეთში, ხოლო დემოკრატიისთვის მებრძოლი ალექსი ნავალნი, რომელიც პუტინის რეჟიმის კორუფციას და მის ანტიხალხურობას ამხელდა, დააპატიმრა და ფიზიკურად გაანადგურა;
მესამე მიზანს გლობალური ხასიათი აქვს: მხედველობაში მაქვს ის, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომელიც გამოიხატება საერთაშორისო სამართლის პრინციპების და იმ მსოფლიო წესრიგის ძირის გამოთხრაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. (...)
- სხვათა შორის, არსებობს აზრი, რომ ვლადიმერ პუტინი 2000-იანი წლების დასაწყისში დასავლეთის მიმართ უფრო მეგობრული იყო, მიუნჰენში ცნობილი გამოსვლის შემდეგ კი - შეიცვალა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მე მას არასოდეს ვთვლიდი „დიდ რეფორმატორად“ ან „დიდ მეგობრად“. თავიდანვე მაეჭვებდა მისი ენა, როგორითაც საკუთარ თავზე ლაპარაკობდა - ჩეკისტურად. ამიტომაც ჩემს თვალში ვლადიმერ პუტინი დიდ იმედებს არ იწვევდა, რომ იგი ოდესმე დემოკრატი გახდებოდა. უბრალოდ, მას, როგორც ჩანს, გარკვეული ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ დასავლეთს შიგნიდან აურევდა. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში მოგებიანი იყო დასავლეთთან „მეგობრული დამოკიდებულება“ ჰქონოდა: შევიდა „დიდ რვიანში“, ეძებდა კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან და თანხმდებოდა გარკვეულ კომპრომისებს ამერიკელ და ევროპელ ლიდერებთან... მაგრამ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის იყო და რჩება რუს იმპერიალისტად.
- თქვენი აზრით, რატომ არ ესმის დასავლეთს ვლადიმერ პუტინის და რუსეთის? და რა არ ესმის ვლადიმერ პუტინს დასავლეთში?
- ვფიქრობ, დასავლეთს არ ესმის პუტინის რეჟიმის ექსტრემიზმი, არ ესმის თვითონ პუტინიზმი. დასავლელ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ პუტინთან სამშვიდობო გარიგებების დადება შეიძლება და რომ, აი, ჯანდაბას მისი თავი, ყირიმი მივცეთ და იქნებ ბრძოლა შეწყვიტოს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო ვრცელი და ამბიციური გეგმები აქვს - ტრანსატლანტიკური ალიანსის და, ალბათ, ევროკავშირის დაშლაც.
ჩემი აზრით, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა პუტინი დამარცხდება ან, უკიდურეს შემთხვევაში, იგი დარწმუნდება, რომ ომს ვერ მოიგებს. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს მშვიდობის დამყარება, მაშინ მან მანამდე უნდა შეაიარაღოს უკრაინა და დაიცვას, სანამ კრემლი არ მიხვდება, რომ ომი წაგებულია. აი, ეს არ ესმით დასავლეთში, ან ესმით, მაგრამ ძალიან ყოყმანობენ.
- და რას ვერ აცნობიერებს ვლადიმერ პუტინი?
- მან თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა სიტუაცია. იგი, უპირველეს ყოვლისას, მოტყუვდა უკრაინელების ბუნებაში. კრემლმა ძალიან ცოტა იცის თანამედროვე უკრაინაზე. პუტინი ვერ ხვდება, თუ ვინ არიან უკრაინელები. მას არ სურდა იმის გაგება, რომ უკრაინის მთავრობა ხალხის მიერ არის არჩეული და მას მტკიცე მხარდაჭერა აქვს და რომ უკრაინელთა ეროვნული იდენტობა რეალურია... მას არ სურდა იმის გაცნობიერება, რომ უკრაინელები თავდამსხმელ რუსებს წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევდნენ და თუ კიევი დაეცემოდა, პარტიზანულ ბრძოლას გააჩაღებდნენ. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინმა, ასევე, ობიექტურად ვერ შეაფასა ევროპისა და აშშ-ის მზადყოფნა უკრაინის დასაცავად. იგი მუდმივად უშვებდა შეცდომებს.
- თუ ჩვენ ევროპას, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ ევროპას, ისე შევხედავთ, რომ ისინი საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ დაჩაგრულნი (ოკუპირებულები), მაშინ რატომ რეაგირებენ ისინი სხვადასხვანაირად პუტინის ომზე? მაგალითად - უნგრეთი და სლოვაკეთი.
- უნგრეთის პოლიტიკა რომ გავიგოთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ვიქტორ ორბანი იმ ქვეყნის ლიდერია, რომელიც ეკონომიკურად დაცემის პერიოდში იმყოფება. უნგრეთს ძალიან სჭირდება ფული და ინვესტიციები, სჭირდება იაფი ენერგომატარებლები. მას სჯერა, რომ ამ ყველაფერს იმდენად ევროპისგან კი არა, რუსეთისა და ჩინეთისაგან მიიღებს, ნაწილობრივ იღებს კიდეც. უნგრეთის პრემიერი ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომელმაც რუსეთის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. აქვე ვიტყვი, რომ უნგრელი ხალხი თანდათან ფხიზლდება და მის წინააღმდეგ გამოდის ანუ ყველა უნგრელი არ ეთანხმება ქვეყნის პრემიერს.
სლოვაკეთის მიმართ სიტუაცია უფრო რთულია. დიდი ალბათობით, აქაც საქმე ფულს და ინვესტიციებს, ასევე, რუსულ იაფ გაზს ეხება. გარდა ამისა, რობერტ ფიცოს ეშინია, რომ სლოვაკური მართლმსაჯულება და სამოქალაქო საზოგადოება მას ბევრ ცოდვას გაუხსენებს.
- სიტყვა „მშვიდობა“ ყოველთვის არ ნიშნავს პაციფიზმს. პაციფისტები ხშირად გამოდიან დიქტატორების დამაწყნარებლებად, აგრესორების დამშვიდებას ცდილობენ... როგორ ფიქრობთ, ევროპა „აზრზე მოვიდა“? დადგა დასავლეთისთვის „ჭეშმარიტების მომენტი“? ევროპელებს, საბოლოოდ, „გონება გაუნათდათ“?
- ვფიქრობ, რომ კი - ბევრს გონება უკვე გაუნათდა. დღევანდელ ევროპას უკვე აქვს საფრთხის გაცნობიერების უნარი. საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, სკანდინავია, ბალტიისპირეთი, ნიდერლანდები, იტალია და საბერძნეთიც კი, უკვე მიხვდნენ, თუ რა დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის რუსეთი. ამიტომაც დათანხმდნენ ნატოს წევრები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. ისინი ახლა უკრაინაზე ბევრად უფრო მეტად ფიქრობენ: როგორ გადავარჩინოთ უკრაინა? როგორ მოვემზადოთ საკუთარი თავდაცვისათვის? და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციას მოსახლეობაც იზიარებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ