ძალიან მაგარი ამბავი: ნატოს ჯარისკაცები საქართველოში ბრუნდებიან - ქართულ პოლიგონებზე "მტკიცე სული" ბრუნდება - კვირის პალიტრა

ძალიან მაგარი ამბავი: ნატოს ჯარისკაცები საქართველოში ბრუნდებიან - "მტკიცე სული" ქართულ პოლიგონებზე

„მტკიცე სული“ ბრუნდება ქართულ პოლიგონებზე, მას შემდეგ, რაც „ღირსეულ პარტნიორზე“ გასულ წელს უარი გვითხრეს ამერიკიდან...

საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გამართვაც გახლდათ ქართულ პოლიგონებზე, რასაც ორ ათეულ წელზე მეტი ისტორია აქვს.

ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრი ან არაწევრი ქვეყნების არმიების განსხვავებულ კამუფლირებულფორმიანი სამხედროები ყოველწლიურად ჩნდებოდნენ ქართულ პოლიგონებზე, სხვადასხვა სწავლების ფარგლებში, რომელთა შორის თავისი მასშტაბებით, ძირითადად, ორი -„მტკიცე სული“(Agile Spirit) და „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) გამოირჩეოდნენ.

ისინი ერთმანეთის მიყოლებით, მონაცვლეობით იმართებოდნენ და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აძლევდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ...

და მოულოდნელად (თუ - სულაც არა) გასული 2024 წლის ივლისის დასაწყისში პენტაგონი ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას:

„შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი… 30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ. რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.“

ეს სერიოზული იმიჯური დარტყმა გახლდათ საქართველოს საერთაშორისო ინტერესებისთვის, რაც მაშინ ძალიან დასანანად იქნა აღქმული, თუმცა მას შემდეგ, განვლილ პერიოდში, საქართველო-დასავლეთის (პირველ რიგში კი - ევროპასთან) ორმხრივი ურთიერთობები სხვა მიმართულებებითაც უკან წავიდა, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს და მათი ცალმხრივად შეფასები დიდი შეცდომა იქნებოდა...

და ყველაფერი ამის ფონზე, ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო სამხედრო სწავლება ქართულ პოლიგონებზე ბრუნდება, ოღონდ - „მტკიცე სულის“ სახით...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას:

„25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს.

Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.

Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია და მასში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვას და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ: კოლაფსი რუსეთში და პარალიზებული მოსკოვი - "ეს რა შარში გაგხვია პუტინმა..."

როგორ აგიჟებს ილჰამ ალიევი პუტინს - აზერბაიჯანის მოწოდება უკრაინელებისთვის და... ქართველებისთვისაც

ურანის კონტრაბანდაში 3 მლნ დოლარის გადამხდელს იმედია, მისი „გამოყენება“ ბათუმშივე არ სურდა - სპეცოპერაცია აჭარაში და ურანის კონტრაბანდის ქრონოლოგია საქართველოში

„ვოლოდიმირ, მოსკოვის დაბომბვა შეგიძლიათ? სანკტ-პეტერბურგის?" - პუტინის 60 დღე ანუ რა მოხდება 1-ელ სექტემბერს?!

Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები. სწავლებაში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 „შავი ქორი“, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი პუმა AS332. სწავლების აღსრულება დაიწყება 21 ივლისს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს“.

და ეს ძალიან კარგია, რადგან ქართულ არმიას ნატოსთან და, პირველ რიგში, აშშ-ისთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელება აუცილებლად სჭირდება, იმის მიუხედავად, „გვინდა ომი თუ არა“...

ნამდვილად არ უნდა გვინდოდეს იგივე საბედისწერო შეცდომების გამეორება, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს, 1998 წლის მაისში, 2004 წლის ივლისში და 2008 წლის აგვისტოში დავუშვით, როდესაც ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებმა თავიანთი უცოდინარობითა თუ წინასწარი ბოროტი განზრახვით საშუალება მისცეს უცხო ძალებს, ჩავეთრიეთ ისეთი სახის შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიდანაც საქართველოს გამარჯვებული გამოსვლა თავიდანვე სამწუხაროდ არარეალურად მოჩანდა...

მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება შენ კი არ გინდოდეს ომი, მაგრამ ომი სურდეს სხვას და საქართველოს თავდაცვის ძალები სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინოს გარეაგრესიის შეჩერება, გარკვეული პერიოდით მაინც, გამომდინარე აგრესორი ქვეყნის სიძლიერიდან...

ის, რომ „ნატოში მიგვიღებენ“ და ალიანსი თავისი მეხუთე პუნქტის თანახმად, კოლექტიური თავდაცვის „ქოლგას“ გადააფარებს ჩვენს საქართველოს, ასეთი ოცნებები დასრულდა და არა იმიტომ, რომ საქართველო არ არის მზად, გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი, არამედ - თვითონ ნატო არ აღმოჩნდა მზად, შეესრულებინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება - საქართველო გახდება ნატოს წევრიო. ალიანს არ შეუძლია თავის თავზე აიღოს საქართველოს დაცვა აგრესორი რუსეთისგან, რაც კარგად გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის მეოთხე წელს მიმდინარე ფართომასშტაბიან ომშიც - ალიანსის წევრი ქვეყნების გაუბედაობა, ზოზინი, ურთიერთშეუთანხმებლობა, ბიუროკრატიზმი აისახება რუსი აგრესორების მიერ უკრაინის ტერიტორიის მუდმივ მცოცავ ოკუპაციაში...

და მიუხედავად იმ დიდი წყენისა, რაც ნატომ თავისი ტყუილი დაპირებით დათვური სამსახური გაუწია ჯერ საქართველოს და შემდეგ - უკრაინას, დასავლეთთან ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გაგრძელება ჰაერივით სჭირდება ქართულ არმიას და მის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს...