ახალი აფხაზურ-რუსული სკანდალი, რომელიც ისევ ქართველებს დააბრალებს - "არიქა, რუსი ტურისტები გვიპყრობენ!.." - კვირის პალიტრა

ახალი აფხაზურ-რუსული სკანდალი, რომელიც ისევ ქართველებს დააბრალეს - "არიქა, რუსი ტურისტები გვიპყრობენ!.."

ოკუპირებულ აფხაზეთში ძუნწი რუსი ტურისტებით უკმაყოფილება გრძელდება. "დოშირაკის" მჭამელი რუსების სკანდალი თითქმის ჩამცხრალი იყო, როდესაც "აფხაზეთის კინოფონდის" დირექტორმა ალექსანდრ ბასარიამ ხელახლა გააცოცხლა ეს თემა განცხადებით, რომ რუსი ტურისტები ფულს არ ხარჯავენ რესტორნებსა თუ ექსკურსიებზე,­ "საკუთარ პატარა ანკლავებში" ისვენებენ და "ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს" წარმოადგენენ. მის ამ განცხადებას ჯერ აფხაზურ და შემდეგ რუსულ ინტერნეტგვერდებზე უარყოფითი გამოხმაურების მორიგი ტალღა მოჰყვა, რის შემდეგაც ბასარია აიძულეს ბოდიში საჯაროდ მოეხადა. მან ჯერ მედიასთან საუბარში­ ყველაფერი უკრაინულ და ქართულ ტელეგრამარხებს გადააბრალა და თქვა, რომ მისი სიტყვები დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო "რუსულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით", შემდეგ კი თავის "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა საბოდიშო ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ გულწრფელად ნანობს, რომ დაუფიქრებელი განცხადებით უმარავი ადამიანი შეურაცხყო.

ძუნწი რუსი ტურისტებით უკმაყოფილებაზე განცხადებები ივლისის მიწურულიდან დაიწყო. მაშინ ტურიზმის დე ფაქტო სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ რუსი ტურისტი ქუჩაში ფულს არ ხარჯავს, მხოლოდ იაფ "დოშირაკს" ყიდულობს და ასეთი ტურისტი არ გვჭირდებაო, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. "პრეზიდენტმა" ბადრა­ გუნბამ და "ტურიზმის მინისტრმა"­ რუსებს მოუბოდიშეს "არასტუმართმოყ­ვრული" განცხადების გამო და განცხადების ავტორი დეპარტამენტის უფროსი და მინისტრის ერთი მოადგილე თანამდებობებიდან მოხსნეს.

რუსეთის ტუროპერატორების ასოცია­ციის მონაცემებით, "დოშირაკის" სკანდალის შემდეგ, ივლისისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აფხაზეთში­ ტურების დაჯავშნა 40%-ით შემცირდა, ბევრმა კი უკვე დაჯავშნილი გააუქმა. აფხაზებში დაიწყო უკმაყოფილება, რომ მოსალოდნელი ტურისტული ბუმი არ შედგა და სოჭში ბევრად მეტი ტურისტი ჩავიდა, ვიდრე აფხაზეთში.

აფხაზური ოპოზიციური მედიის თქმით, ჩავარდნის პირას მისული ტურისტული სეზონის გადასარჩენად და რუსი ტურისტების გულის მოსაგებად "ხელისუფლებამ" უფასო კონცერტების სერია წამოიწყო. თუმცა სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა და რამდენიმე კვირაში, ახალი­ "არასტუმართმოყვრული" განცხადებით "აფხაზეთის კინოფონდის" დირექტორი ალექსადრ ბასარია გამოჩნდა. ბასარია ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ რუსი ტუროპერატორები სასტუმრო ბიზნესის, ექსკურსიებისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროებში ფასებს დაბლა აგდებენ, რის გამოც ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი ზარალდება და მოუწოდა აფხაზური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, არ ითანამშრომლონ რუსულ ტურკომპანიებთან, რომლებიც დემპინგით არიან დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ: "დოშირაკის" სკანდალი აფხაზეთში - აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები არ მოსწონთ, რუსები კი აფხაზებს დასცინიან

"სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდა დირექტორი..." - როგორ ძალადობენ ბავშვებზე ახალგორის ბავშვთა სახლში

ახალი ათონის შემოსავლების ხელში ჩასაგდებად აფხაზ მღვდლებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო

როგორ დასცინიან რუსები აფხაზებს - „გსურთ ნახოთ საბჭოთა კავშირი? ეწვიეთ აფხაზეთს, კარგი ბუნება და ველური ადგილობრივები“

ამის საპასუხოდ დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო "პროვოკაციული" გამონათქვამი და რუს ტუროპერატორებთან ურთიერთობების გაწყვეტის მოწოდებებს დამანგრეველი და "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა. "დოშირაკის" სკანდალისგან განსხვავებით, ამჯერად ბასარიას თანამდებობა არ დაუკარგავს, აღმოჩნდა, რომ "კინოფონდი" კერძო ორგანიზაციაა, ამიტომ ბასარიას მხოლოდ მობოდიშების ვიდეოს ჩაწერა დაევალა.

"ახლა მესმის, რომ სწორედ ეს პროვო­კაციული განცხადებები, რომელთა უფლებაც საკუთარ თავს მივეცი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად ვწუხვარ. ბოდიშს გიხდით ყველას", _ განაცხადა ბასარიამ.

მისი თქმით, მისი სიტყვები დაამახინჯეს­ უკრაინულმა და ქართულმა ტელეგრამარხებმა "რუსეთ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით" და მისი კრიტიკა მიმართული იყო ერთ-ერთი­ მსხვილი რუსული ტურისტული სააგენტოს მიმართ.

მობოდიშების მიუხედავად, რუსულ­ ინტერნეტსივრცეში აღშფოთებული განხი­ლვები მაინც დაიწყო. განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი კონსტანტინ ზატულინი, რომელმაც თქვა, რომ ეს არის აფხაზური ოპოზიციის მიერ "წითელი ხაზების გადაკვეთა", რადგან მათ "გადაწყვიტეს, რუსეთთან ურთიერთობა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად გადააქციონ".

დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხებმა აქტიურად დაიწყეს განხილვა, რომ ოპოზიციამ "არჩე­ვნების" წაგების შემდეგ "ომი გამო­უცხადა აფხაზეთის მომავალს" და ახლა ტურისტული სეზონის ჩაგდებასა და მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.

როგორც ე.წ. სახელისუფლებო არხი "სოვმინი" წერს, სწორედ ოპოზიციური არხები ავრცელებენ ანტირუსულ განცხადებებს, რათა ნეგატივის ახალ-ახალი ტალღა გამოიწვიონ. არხის თქმით, პირველი სკანდალი, რომელიც "დოშირაკს" შეეხებო­და, ოპოზიციურმა მედია "აბაზ ტვ"-მ გაავრცელა.

მეორე სკანდალის ავტორი ალექსანდრ ბასარიაც ოპოზიციის მხარდამჭერია, ახლა კი, როდესაც ეს მეორე სკანდალი მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ახალი პრეტენდენტი გამოჩნდა ტურისტული სეზონის ჩასაგდებად და რუსეთის იმიჯის შესარყევად. გამოცემის ცნობით, ოპოზიციურ ტელეარხ "აბაზ ტვ"-ის ინტერვიუ­ მისცა ბიზნესმენმა ბორის საჯათ-იფამ, რომელმაც რუსი ტუროპერატორები "ქვეყნის დაპყრობასა" და ინდუსტრიიდან აფხაზი მეწარმეების განდევნაში დაადანაშა­ულა. ბიზნესმენი ამბობს, რომ "დემპინგის­ დახმარებით რუსული ბიზნესი, სავარაუდოდ, 5 წელიწადში ყველა აფხაზურ კომპანიას გააკოტრებს, რათა შემდეგ ეს კომპანიები­ უსასყიდლოდ გამოისყიდოს და როგორც კი დიდი რუსული ბიზნესი შემოვა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს მუშაობას".

წაიკითხე ვრცლად