"უმძიმესი ამბავი მოხდა, უკეთილშობილესი და უწესიერესი ადამიანი წავიდა..." - ვინ არის ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში, კაშხალთან მოხდა.
38 წლის გიორგი ვაჭარაძე მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მას გული გაუჩერდა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ჩვენ გიორგის მეგობარს ვესაუბრეთ, რომელმაც ის ძალიან დადებითად დაახასიათა:
"გიორგი წლების წინ გავიცანი საერთო მეგობრების გარემოცვაში და შესაბამისად, ჩვენც დავმეგობრდით, შესანიშნავი პიროვნება იყო და მასზე წარსულში საუბარი ძალიან მიჭირს. უზომოდ მშრომელი და პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მშვიდი, გაწონასწორებული, გიჟდებოდა თავის მეუღლეზე და ოჯახზე, სულ მათზე ლაპარაკობდა და უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა, ამბობდა, რამდენი სირთულე დაგვიძლევია ერთად და აქამდე დიდი სიყვარულით მოვედითო.
გიოს საოცარი იუმორი ჰქონდა, სულ რაღაცას ხუმრობდა, ყველას თანადგომას უცხადებდა თუკი რაიმე შეეძლო და მისგან მორალური მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეიძლებოდა ჰქონოდათ მის მეგობრებს.
ძალიან განვიცდით მომხდარს და ვერ ვიჯერებთ, ვერ ვეგუებით, რომ გიო აღარაა... ნათელში ყოფილიყოს მისი კეთილი სული, უმძიმესი ამბავი მოხდა და ის ძალიან დააკლდება ყველას.
ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას".