ზელენსკის დიდი სკანდალი - მალავს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი მასშტაბურ კორუფციას და რას უპირებენ მას ამერიკელები?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის დიდი სკანდალი - მალავს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი მასშტაბურ კორუფციას და რას უპირებენ მას ამერიკელები?!

"ეს ნამდვილი სკანდალია" - ამ ფრაზით ეხმაურება ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი უკრაინაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული სტრუქტურები - ეროვნული ბიურო და სპეციალური პროკურატურა გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადადიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პირადად დაუკავშირდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ახსნა-განმარტება სთხოვა. ეს ნაბიჯი, ევროკავშირის აზრით, საფრთხეს უქმნის ამ სტრუქტურების დამოუკიდებლობას, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. უკმაყოფილება ზელენსკის უკვე გაუზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამაც. თავად უკრაინის პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ ანტიკორუფციული სისტემა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას - რუსული გავლენებისგან გაწმენდილი ფორმით. როგორ აღიქმება ზელენსკის არგუმენტი რუსული გავლენებისგან სტრუქტურების გაწმენდის საჭიროებაზე, ეს რეალური მოტივია, თუ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მცდელობა, ამის გარკვევას მირიან მირიანაშვილთან საუბრისას შევეცადეთ.

- ზელენსკიმ ანტიკორუფციული ბიურო და პროკურატურა ანუ სწორედ ის სტრუქტურები, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, თავის მმართველობაში მოაქცია. ფორმალურად, გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უმრავლესობა იქ ზელენსკისვე ეკუთვნის. ამდენად, ეს პირდაპირ მისი პოლიტიკიდან გამომდინარეობს. დასავლეთისთვის, პირველ რიგში, აშშ-ისთვის ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, იმიტომ, რომ სწორედ ამერიკის მოთხოვნით და ზეწოლით შეიქმნა ეს სტრუქტურები თითქმის 10 წლის წინ, ტრამპის პრეზიდენტობამდე. ზელენსკიმ, ფაქტობრივად, შეზღუდა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, და ეს იმ ფონზე, როცა უკრაინაში სერიოზული ეჭვებია სამხედრო დახმარების მიტაცებაზე.

- ე.ი. თვითონ ზელენსკის ან მისი გარემოცვის მიმართ შეიძლება არსებობდეს კონკრეტული ეჭვები?

- საქმეში უკვე ფიგურირებს ოლგა სტეფანიშინას სახელი, რომელიც ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე ახლოგარემოცვის წევრია. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ერმაკს - ყველამ იცის, რომ სწორედ ის მფარველობს კორუფციულ სქემებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოქვეყნება. ზელენსკიმ ამ პროცესს 10 დღით ადრე დაასწრო და, ფაქტობრივად, თემის ტაბუირება მოახდინა.

ეს უკვე სკანდალია და შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს ამერიკასთან ურთიერთობა. ტრამპმს ეჭვი აქვს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ყველა დოლარი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებოდა. ზელენსკიმ კი ისეთი მომენტი შეარჩია, ბიუროს ფუნქციის შეცვლისთვის, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთზე 50-დღიან ულტიმატუმზეა კონცენტრირებული. შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკიმ გარისკა, მაგრამ სხვა გზა, ალბათ, არც ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ პროპაგანდისტული თვალსაზრისით, საკმაოდ ჭკვიანურად იმოქმედა – დრო სწორად შეარჩია.

- როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის ანტიკორუფციულ კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა, ზელენსკის პასუხი იყო, რომ ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა მუშაობას გააგრძელებს, ოღონდ - რუსული გავლენის გარეშე....

- ზელენსკიმ საკმაოდ ეფექტიანად მიამაგრა შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგია იმ გზავნილზე, რომ ყველაფერი, რაც წინააღმდეგია მისი მმართველობის, რუსული აგენტურის ნაწილია. მისი გათვლით, ეს დასავლეთში ადვილად გასაყიდი სქემაა. ზელენსკის ფორმულა ასეთია - თუ პრობლემა არსებობს, ესე იგი - რუსულია. თუმცა აქ აბსურდამდე მივდივართ, თუკი რუსეთი მართლა ფლობს უკრაინაში კორუფციულ მასალებს, სავარაუდოა, რომ ღია გამოქვეყნებას კი არ აირჩევდა, არამედ - შეეცდებოდა ზელენსკის ადმინისტრაციის შანტაჟს და გარკვეული დათმობების მიღებას. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ რუსული გავლენის შესახებ განცხადება გათვლილია მხოლოდ შიდა და გარეაუდიტორიის მანიპულირებისთვის. ზელენსკის ნაბიჯი, როგორც ჩანს, უკავშირდება მის მცდელობას, შეინარჩუნოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეირყა. ამ კონტექსტში ისევ აქტუალურია ტრამპის ადმინისტრაციის გარკვეული ფრთის სურვილი, ზელენსკი გადადგომასთან დაკავშირებით. თუ შემოდგომაზე ტრამპის ულტიმატუმი პუტინთან წარმატებით დასრულდება, შესაძლოა, ზელენსკის გადადგომის მოთხოვნა დასავლეთშიც ისევ აქტუალური გახდეს. ამიტომ ზელენსკი წინასწარ ცდილობს, მოიცილოს არგუმენტები, რომლითაც ამერიკულმა მხარემ შეიძლება შეუტიოს - კორუფციის ბრალდებებით დაწყებული, არაეფექტიან მმართველობამდე. ამ ყველაფერს კი ის უპირისპირებს პროპაგანდისტულ გზავნილს: „ყველაფერი რუსეთიდან მოდის.“

- რამდენად რეალურია, შემოდგომისთვის ზელენსკის გადადგომის პერსპექტივა?

- თუკი ვინმე ახერხებს ამ საკითხის გადადებას, ეს გახლავთ სენატორები: ლინდსი გრემი და მარკო რუბიო. სწორედ მათმა ჩარევამ აღკვეთა ზელენსკის გადადგომის მოთხოვნის ფორმალურად გამოტანა ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმის ფარგლებში. ამბობენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ტრამპის გარემოცვაში თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. საბოლოოდ, ულტიმატუმის ფოკუსი მხოლოდ პუტინზე გადაიტანეს. თუმცა ეს დროებითი წარმატებაა. ზელენსკი აცნობიერებს, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე ზეწოლა ისევ გახდეს აქტიური და სწორედ ამიტომ ცდილობს, წინასწარ გაანეიტრალოს შესაძლო ბრალდებები და განამტკიცოს საკუთარი პოზიციები - შიდაპოლიტიკური სვლებითა და დასავლეთისთვის მისაღები გზავნილებით.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)