პირველად! უკრაინამ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დაარტყა - იქნებიან თუ არა შემდეგი სამიზნეები გუდაუთისა და ცხინვალის ბაზები?! - კვირის პალიტრა

პირველად! უკრაინამ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დაარტყა - იქნებიან თუ არა შემდეგი სამიზნეები გუდაუთისა და ცხინვალის ბაზები?!

2025 წლის 24 ივლისის ღამე დიდხანს დაამახსოვრდებათ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რადგან პირველად განხორციელდა უკრაინული კამიკაძე-დრონების საჰაერო შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან...

რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რომელსაც დროებით ადგილობრივი სეპარატისტები აკონტროლებენ, დაფიქსირდა ძალიან დაბალ სიმაღლეზე უკრაინული კამიკაძე-დრონის - An-196 "Lyuty"-ის გადაფრენა, რომელსაც მგეზავ ტყვიებს ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ - უკრაინულმა უპილოტო „თებერვალმა“ თავის მიზანს მიაღწია...

1-liuti-1753343325.jpg
სწორედ ასეთმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა, An-196 "Lyuty"-მ ოციოდე მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა საქართველო-რუსეთის საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, ადლერის მიმართულებით და სირიუსის დასახლებაში, „ლუკოილის“ ნავთობბაზაზე „დაეშვა“...

მიზანი კი გახლდათ საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 1,5 კმ-ში, სირიუსის დასახლებაში განთავსებული „ლუკოილის“ ნავთობბაზა, რომელიც უკრაინულმა „ლიუტმა“ წარმატებით ააგიზგიზა...

2-liuti-1753343325.png

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 1,5 კმ-ში, სირიუსის დასახლებაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობბაზის თანამგზავრული ფოტო

გარდა ამისა, უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევები განხორციელდა ქალაქ სოჭთან მდებარე სხვა სტრატეგიული ობიექტების მიმართულებითაც და მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო რამდენიმე უკრაინული უპილოტოს ჩამოგდება, მათმა ნამსხვრევებმა ქალაქში ხანძარი გააჩინეს და რაც მთავარია, გამოიწვიეს უდიდესი პანიკა იმ რუს დამსვენებლებს შორის, რომლებითაც გადაჭედილია რუსეთის სამხრეთის ეს ცნობილი საკურორტო ქალაქი, ზაფხულის პერიოდში...

3-liuti-1753343326.jpg
ასე გამოიყურებოდა „ლუკოილის“ ნავთობბაზა უკრაინული კამკაძე-დრონის შეტევამდე...

აქ უმთავრესია ის, რომ უკრაინულმა მხარემ გამოიყენა მოულოდნელობის ეფექტი და როდესაც სოჭი-ადლერის სანაპირო ზოლის დამცველი რუსი მეზენიტეები ელოდნენ უკრაინული კამიკაძე-დრონების ზღვის მხრიდან, დასავლეთიდან შემოტევებს, ამ დროს „ლიუტებმა“ რკალი შემოხაზეს, ჯერ შეფრინდნენ ოკუპირებული აფხაზეთის განთიადი-ლესელიძის სანაპირო ზოლის მონაკვეთის თავზე და იქიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიტანეს საჰაერო იერიში „ლუკოილის“ ნავთობბაზაზე...

4-liuti-1753343324.png
„ლუკოილის“ აგიზგიზებული ნავთობბაზა უკრაინული „ლიუტის“ შეტევის შემდეგ...

სხვათა შორის, ამავე ბლოგში ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ადრე თუ გვიან უკრაინული კამიკაძე-დრონები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თავზეც გამოჩნდებოდნენ, რომ საჰაერო დარტყმები მიეყენებინათ რუსული საოკუპაციო ბაზებისთვის ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო აეროდრომსა და ოჩამჩირის პორტზე...

ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ ის ფაქტი,რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის თავზე უკვე გამოჩნდნენ უკრაინული უპილოტო „ლიუტები“, შეიძლება იმას მოასწავლებდეს, რომ რუსი სამხედროები მალე ვერც ოკუპირებულ ქართულ მიწებზე იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ...