"სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!
„მიწისქვეშა ბუნკერებში ანუ „კაფსულებში“, საიდანაც ამერიკული ბირთვული რაკეტების მართვა ხდება, გაშვებული რაკეტის შემჩერებელი „დიდი წითელი ღილაკი“ არ არის. ჯერ ერთი, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება შესაბამისი ბრძანებების გაშიფვრასა და კოდების გადამოწმებას მოითხოვს, მრავალი გასაღებისა და ტუმბლერის ერთდროულ, სინქრონულ გადართვას, რასაც ერთ კაფსულაში მყოფი ორი ოპერატორი (მერაკეტე) ასრულებს; მეორე - მათი მოქმედება სინქრონული უნდა იყოს, სათადარიგო კაფსულის მექანიზმებთან და თუ რაკეტის გაშვების მექანიზმი ჩაირთვება და რეაქტიული ძრავა ამუშავდება, მას უკვე ვერანაირი წითელი ღილაკით ვეღარ შეაჩერებ. ეს დუბლირებული ზომები იმისათვის არის აუცილებელი, რომ არც ერთ არაავტორიზებულ ოპერატორს არ უნდა შეეძლოს არც რაკეტის გაშვება და არც მისი დაბლოკვა“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „მიწისქვეშა ბუნკერში, ამერიკული ბირთვული რაკეტების ქვედანაყოფთან ერთად“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.
„ეკონომისტის“ ჟურნალისტმა, სარაკეტო ბუნკერში ჩასვლის მიზნით, სპეციალური სწავლება გაიარა აშშ-ის ვაიომინგის შტატში მდებარე ფრენსისის ავიაბაზაზე, სადაც დისლოცირებულია აშშ-ის გლობალურ დამრტყმელ ძალთა სარდლობის მე-20 საჰაერო არმიის 90-ე სარაკეტო დივიზიონი. სასწავლო სიტუაციაშიც კი საშინელებაა იმის წარმოდგენა, თუ რა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ტუმბლერის საბოლოო გადატრიალებას. უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია: პულტის ეკრანზე გამოხატული კვადრატები, რომლებიც სარაკეტო შახტებში არსებულ რაკეტებს აჩვენებს, ფერს იცვლიან - წითელი („მზადყოფნა“) ყვითელით („გაშვება დადასტურებულია“) იცვლება. ყველაფერი წამებში ხდება: თუ თქვენ კიდევ დაგრჩათ რაკეტა, იმასაც უშვებთ. თუ აღარ გაქვთ, ამ ინფორმაციას სხვა ბაზებს გადასცემთ. შემდეგ მხოლოდ მოწინააღმდეგის საპასუხო დარტყმას ელოდებით, რომელიც აუცილებლად განხორციელდება - ის აფიქსირებს თქვენ მიერ რაკეტის გაშვებას და თავისას უშვებს.
შეიძლება სავარძელში ჩაჯდეთ და თავზე ჩაფხუტი დაიფაროთ ან ილოცოთ, რომ მოწინააღმდეგის რაკეტა პირდაპირ არ მოგხვდეთ. თქვენ იმედი გაქვთ, რომ დაგიცავთ მიწის ქვეშ ათეული მეტრის სიღრმეზე ყოფნა, უმტკიცესი ფოლადის ფეთქებადმედეგი სქელი კარი, ამორტიზატორები, ელექტროენერგიის ავტონომიური უზრუნველყოფა, ვენტილაცია, აგრეთვე, გადაგარჩენთ ჟანგბადის, საკვები პროდუქტებისა და წყლის მარაგი... მაგრამ როცა მიწის ზედაპირზე ამოხვალთ (თუ მოახერხებთ საერთოდ), რას დაინახავთ?
გარანტირებული ურთიერთგანადგურების შემაძრწუნებელი ლოგიკა, რომლის თანახმად, „ბირთვული აპოკალიფსის გაჩაღებისათვის მზადყოფნა უზრუნველყოფს მისი განხორციელების თავიდან აცილებას“, ცივი ომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსიდან გაქრა. სამწუხაროდ, დიდი ქვეყნების მეტოქეობის ახალ ეპოქაში ბირთვული შეჯახების საფრთხე ისევ არსებობს. თებერვალში ვადა გასდის იმ ბოლო ხელშეკრულებას, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ არსენალებს ზღუდავს, მაგრამ მის ნაცვლად ახალი დოკუმენტი არ მზადდება. ბირთვულ იარაღს სწრაფად აგროვებს ჩინეთი, რომელსაც, პენტაგონის ვარაუდით, 2030 წლისათვის 1000 საბრძოლო ბირთვული ქობინა ექნება. ეს რაოდენობა ხუთჯერ ნაკლებია, აშშ-ისა და რუსეთთან შედარებით, მაგრამ მაინც დიდ საფრთხეს მოასწავებს.
სამაგიეროდ, აშშ თავისი ბირთვული „ტრიადის“ - მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო ბაზირების - კომპონენტების მოდერნიზებას ახდენს: ზოგიერთი რაკეტა და შახტი უკვე 50 წელს ითვლის. „მინიტმენ-3“ (Minuteman III) ტიპის რაკეტები „სენტინელებით“ (Sentinel) უნდა შეიცვალოს, რაკეტმზიდი B-2 ბომბდამშენები - B-21-ით, ხოლო „ოჰაიოს“ ტიპის წყალქვეშა ატომური ნავები - „კოლუმბიის“ ტიპით.
ამერიკული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურა ძალიან დიდია: 400 რაკეტა განლაგებულია შახტებში, რომლებიც, ძირითადად „დიდი ვაკის“ არეალში არიან გაფანტულნი. 45 გამშვებ-სამეთაურო პუნქტს ერთმანეთთან კაბელების „აბლაბუდა“ (ქსელი) აკავშირებთ. ძირითადი მოწყობილობები და დანადგარები მიწისქვეშ არის განლაგებული, თითოეული ქვედანაყოფი ელიფსურ კაფსულაში იმყოფება, ზემოთ კი მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი დამხმარე ნაგებობები მოჩანს. შახტების უსაფრთხოებას სპეციალური ძალები უზრუნველყოფენ, მათ შორის - ჰაერიდანაც.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალზე ძვირია. 2024 წლისათვის Sentinel-ის პროგრამის ხარჯებმა 141 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 80%-ით მეტია თავდაპირველ გათვლებზე. (...)
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა
სასტიკი მოხუცები, რომლებიც მსოფლიოს ანგრევენ?! - რატომ უწოდა ნატოს გენმდივანმა ტრამპს "მამიკო"
"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?
რამდენად აუცილებელია აშშ-ისთვის მიწისქვეშა სარაკეტო შახტები? ზოგიერთი სამხედრო სპეციალისტის აზრით, მათი არსებობა, თანამედროვე სიტუაციის გათვალისწინებით, მადესტაბილიზებელ ფაქტორს წარმოადგენს. როგორც ამბობენ, უმჯობესია არა „ტრიო“, არამედ „დუეტი“ - საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტების წყვილები. იმის გათვალისწინებით, რომ სახმელეთო მიწისქვეშა შახტების ადგილმდებარეობა საიდუმლო არ არის, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, კრიზისის შემთხვევაში, ისინი მოწინააღმდეგეების უპირველესი სამიზნეები იქნებიან. პრეზიდენტს (უმაღლეს მთავარსარდალს) სიტუაციის გასარკვევად და გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მცირე დრო რჩება: ან რაკეტები უნდა გაუშვას, ან არ გაუშვას, რაც თეორიულად ბაზის თავიდანვე განადგურებისათვის გაწირვას ნიშნავს. უფრო მეტად საიმედოა წყალქვეშა ბირთვული არსენალი (ბირთვულრაკეტებიანი წყალქვეშა ნავების სახით), რომელიც მუდმივად იცვლის ადგილმდებარეობას და მისი აღმოჩენა ძნელია, რაც გარანტიას იძლევა, მისი მეშვეობით, პირველი დარტყმის შემდეგ მეორეც განხორციელდეს.
რა თქმა უნდა, არიან ექსპერტები, რომლებიც ტრიადის შენარჩუნებას ემხრობიან: სტაციონარული შახტების არსებობა მოწინააღმდეგეს იძულებულს გახდის, მეტი ყურადღება დაუთმოს აშშ-მდე მანძილის ფაქტორს, რაც თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონისათვის დროის მოგებასაც ითვალისწინებს. ამ ლოგიკას იზიარებს ჩინეთიც, რომელმაც ბოლო წლებში ასობით მიწისქვეშა სარაკეტო შახტი ააშენა.
ზოგიერთი სპეციალისტი წინადადებას აყენებს, რომ საკონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტების ნაწილი მობილური გახდეს - ისე, როგორც ეს რუსეთს და ჩინეთს აქვს, განლაგდეს სარკინიგზო [ან საავტომობილო] პლატფორმებზე. ეს იდეა ცივი ომის დროსაც არსებობდა, მაგრამ შემდეგ, სიძვირის გამო, უარყოფილი იქნა. ახლა მისი შესწავლა ისევ დაიწყეს, მაგრამ როგორც პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, დღესაც ძვირად ღირებულად და არაპოპულარულად იქნა შეფასებული.
ღირებულებასთან ერთად უფრო ფუნდამენტური პრობლემაც არსებობს: ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შეზღუდვები აღარ ექნებათ და 1550 რაკეტის ნაცვლად ბევრად მეტის უფლება მიეცემათ. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სანამ ახალი მოლაპარაკება დაიწყება (თუ საერთოდ დაიწყო!), უნდა გაგრძელდეს რაკეტების ამ რაოდენობის მიმართ არაფორმალური მხარდაჭერა.
სანამ ექსპერტები და გენერლები დავობენ, ავბედითი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა ოფიცრების მხრებზე გადადის, ანუ მათზე, ვინც კაფსულებში სხედან - ისინი ჩვეულებრივ, ლიტენანტები და კაპიტნები არიან, მათ შორის - ქალებიც. ისინი წყვილ-წყვილად მორიგეობენ სადღეღამისო რეჟიმით, დასვენების დროს სერიალებს უყურებენ. კაფსულის კედელზე წარწერაა: „სიკვდილი მიწისქვეშეთიდან“, რომლის რეალიზებაც, იმედი აქვთ, არასოდეს მოუწევთ.
მოამზადა სიმონ კილაძემ