11 მილიონი დოლარის ბილეთები გაიყიდა - რა თანხა მიიღო ჯასტინ ტიმბერლეიკმა თბილისში გამართული კონცერტისთვის?!
თბილისში გამართულმა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა - ღონისძიებას 55 000-მდე ადამიანი დაესწრო.
კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადებით, სპეციალურად ამ მოვლენისთვის, საქართველოს 20 000-მდე ტურისტი ეწვია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ფინანსური დეტალებით, რაც ღონისძიებას, მის მთავარ ვარსკვლავსა და თანმდევ პროცესს ახლდა.
საშუალო გამოთვლებით, ღონისძიებიდან გაყიდული ბილეთების საერთო შემოსავალმა, სულ მცირე, 11 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
გამოცემა Celebrity News-ის მიხედვით, ტიმბერლეიკმა თბილისში გამართული კონცერტისთვის, ჰონორარის სახით, 2-დან 5 მლნ აშშ დოლარამდე მიიღო, ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იყო კონტრაქტის პირობებზე - ბილეთების გაყიდვაზე, დასწრების რაოდენობასა და მსგავს დეტალებზე.