ქართველი საბჭოთა მზვერავების ტრაგიკული ბედი - როგორ ნადირობდა ლავრენტი ბერია ქართველ ემიგრანტებზე
საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს ყოველთვის მოჰქონდათ თავი და დიდად ტრაბახობდნენ ემიგრაციის წინააღმდეგ დაგეგმილ-განხორციელებული სპეცოპერაციებით. ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ, როგორც საბჭოთა პოლიტიკურ, ასევე - სამხედრო დაზვერვას, ყოველთვის მრავალი აგენტი ჰყავდა ემიგრაციაში. 1918 წლიდან მოყოლებული, მრავალმა ათასმა ადამიანმა “წითელი რუსეთი” დატოვა და სიცოცხლის გადასარჩენად დასავლეთის თუ აღმოსავლეთის ქვეყნებს მიაშურა.
1921 წლის მარტის შემდეგ, ბოლშევიკების ტერორის შიშით, საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა ნაკადმაც იმატა, განსაკუთრებით - 1924 წლის „აგვისტოს აჯანყების“ შემდეგ. ქართული ემიგრაცია, ძირითადად, ევროპაში (უმთავრესად თურქეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიასა და ინგლისში) დასახლდა. სწორედ ისინი გახდნენ საბჭოთა სპეცსამსახურების მთავარი სამიზნეები. შესაბამისად გაძლიერდა საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტურები ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების დედაქალაქებში. საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის არქივებში სულ რამდენიმე ქართველი ეროვნების ჩეკისტი-მზვერავის ბიოგრაფიაა მოცემული, რომლებიც 1921-1940-იან წლებში საზღვარგარეთ ასრულებდნენ სადაზვერვო მისიას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა მათი ვინაობა და კონკრეტულ სპეცოპერაციებში მონაწილეობა, 80-90 წლის გასვლის შემდეგაც - კვლავ გასაიდუმლოებული და სხვადასხვა არქივებში ჩაკეტილი. დღეს დავით კილაძის, ვარლამ კაკუჩაიას, პეტრე შარიას და რამდენიმე არაქართველი ჩეკისტი-მზვერავის საქმიანობას გავეცნოთ.
დავით სიმონის ძე კილაძე (1885-1937), 1905 წლიდან „ბოლშევიკი“. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს „გასაბჭოების“ სადაზვერვო-დივერსიულ და სამხედრო ოპერაციებში. 1922 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის „ჩეკა“-„გეპეუს“ ორგანოებში. 1925-1926 წლებში იყო საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი თურქეთში (ოპერატიული მეტსახელი - „სამსონი“). 1933–1934 წლებში იყო საქართველოს „გეპეუს“თავმჯდომარე. დახვრიტეს 1937 წლის 27 ივლისს.
დავით კილაძე
ვარლამ ალექსანდრეს ძე კაკუჩაია (1905-1982), გენერალ-მაიორი (1945 წ.). 1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს „გეპეუ“-„ენკავედეს“ სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. ითვლებოდა ლავრენტი ბერიას ერთგულ კადრად და მისი თანამდებობრივი წინსვლა ბერიას ზეობის პერიოდს უკავშირდება. მსახურობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოფიციალური წყაროების თანახმად, ვ. კაკუჩაია1937-1939 წლებში არა ერთხელ იყო მივლინებული თურქეთში, როგორც „საქჩაის“ წარმომადგენელი. ბუნებრივია, ეს მხოლოდ „ოპერატიული ლეგენდა“ იყო, კაკუჩაიას სადაზვერვო დავალებების შესანიღბად.1953 წლის გაზაფხულზე სულ ერთ თვეს იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი.1953 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გაათავისუფლეს1968 წელს. გარდაიცვალა მოსკოვში.
ვარლამ კაკუჩაია
პეტრე შარია (1902-1983 წ) - „ბოლშევიკების“ პარტიის წევრი 1920 წლიდან. 1922-1923 წლებში მსახურობდა საქართველოს „ჩეკაში“. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გაიცნო ლავრენტი ბერია. შემდგომ წლებში მუშაობდა სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით, მოსკოვსა და თბილისში. 1934 წლიდან პარტიულ საქმიანობას ეწევა. 1936-1938 წლებში იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ სკოლებისა და მეცნიერების განყოფილების გამგე. ლავრენტი ბერიას ერთგული კადრი პეტრე შარია 1938 წლის სექტემბრიდან საბჭოთა „ენკავედეს“ ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს და ბერიას გადაწყვეტილებით, სამდივნოს ხელმძღვანელად დაინიშნა. თუმცა ამის შემდეგ, გენერალ პავლე სუდოპლატოვის მტკიცებით, სამდივნოში საქმეები სულ აირია და შარიას ანალიტიკურ-მეთოდურ საქმიანობაზე დაბრუნება მოუხდა: ის ხელმძღვანელობდა „ენკავედეს“ სპეციალურ ბიუროს, რომელიც დოკუმენტების დამუშავებასა და სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზთან იყო დაკავშირებული. ომის პერიოდში (1941-1943), ლ. ბერიას გადაწყვეტილებით, პეტრე შარია საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა და გენერლის სპეციალური წოდებაც მიიღო.
პეტრე შარია
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბერიას დავალებით, პეტრე შარია მივლინებული იყო პარიზში, ქართველი ემიგრანტების სამშობლოში რემიგრაციის, ფაქტობრივად კი - ჩამოსატყუებელი სპეცოპერაციის შესასრულებლად. ომის შემდეგ, 1948 წლამდე, პეტრე შარია საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის მდივანია. იმ პერიოდში ის დიდი მონდომებით ებრძოდა ქართველ მეცნიერებსა და მწერლებს. აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე იხსენებდა, რომ შარიამ „შეუწყნარებლობა და მრისხანება გამოიჩინა შალვა ნუცუბიძის წიგნის: „რუსთაველი და დასავლური რენესანსი“ საჯარო განხილვისას“. ასეთი შემთხვევა კი იმ პერიოდში ძალზე ბევრი იყო. თუმცა სულ მალე პეტრე შარიას თავზეც შეიკრა შავი ღრუბლები. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად იდეალისტური პოემის ავტორობა და მისტიციზმი იქნა დასახელებული. სინამდვილეში კი ის, როგორც ლავრენტი ბერიას ერთგული კადრი, მოსკოვიდან დაგეგმილ რთულ პარტიულ ინტრიგებს შეეწირა. პეტრე შარია 1952 წლის თებერვალში, სტალინის პირადი განკარგულების საფუძველზე, დააპატიმრეს, როგორც ე.წ. მეგრელთა საქმის აქტიური მონაწილე. საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ, მალევე - 1953 წლის 10 აპრილს, ბერიას ბრძანებით, პეტრე შარია გაათავისუფლეს და ციხიდან გამოსული პირდაპირ სსრკ-ის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბერიას თანაშემწედ დანიშნეს.თუმცა ორ თვეში, ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კვლავ დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გაათავისუფლეს 1963 წელს. მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ფილოსოფიის ინსტიტუტმა მას სამუშაოზე მიღებაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად პეტრე შარიას წარსული და რთული პიროვნული თვისებები სახელდებოდა. გარდაიცვალა თბილისში 1983 წელს.
ასევე დაგაინტერესებთ: "დააპატიმრეთ და სცემეთ": სატელეფონო ზარი სტალინისგან - დიდი ბელადის ქართული აგენტურა, ორგანიზაცია "კავკასია" და გერმანელები
ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი?
სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?
ქართველ „მზვერავ-ჩეკისტებს“ შორის განსაკუთრებული ადგილი ევგენი ვასილის ძე დუმბაძეს (1899-1941) უკავია. ევგენი დუმბაძე 1918 წლიდან „წითელ არმიის“ რიგებში იმყოფებოდა. 1921-1923 წლებში ამიერკავკასიის სფსრ „ჩეკას“ თანამშრომელი იყო (ოპერატიული მეტსახელი – „როქუა“). მუშაობდა თბილისში, შემდეგ - ფოთში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს „ცეკავშირის“ სისტემაში მიავლინეს. 1925 წლიდან სწავლობდა“ ა. ს. ენუქიძის სახელობის ლენინგრადის ცოცხალი აღმოსავლური ენების ინსტიტუტში“. ამის შემდეგ იწყება ევგენი დუმბაძის სადაზვერვო კარიერა. 1928 წლის მარტში, „ინოსა“-სა და კომინტერნის დავალებით, მიავლინეს სტამბოლში, საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობაში, საფინანსო განყოფილების თანამშრომლის ლეგენდით. იმავე წლის ივნისში, საბჭოთა დაზვერვის დავალებით, გაემგზავრა საფრანგეთში, ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ მუშაობის მიზნით. ყველასთვის მოულოდნელად 1930 წელს გამოვიდა საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკით და პარიზში გამოსცა წიგნი: „ჩეკასა და კომინტერნის სამსახურში“. არსებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა საფრანგეთის დაზვერვის დავალებებს პარიზსა და ბრიუსელში.
ევგენი დუმბაძის მოგონებების წიგნი
თუმცა ყოფილი (?) „ჩეკისტის“, ე. დუმბაძის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 1941 წლის 29 მარტს ის... საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ე. დუმბაძე 1941 წლის 4 აპრილს დააპატიმრეს და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 13 ივლისს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1996 წლის 26 ნოემბერს ე. დუმბაძე რეაბილიტირებული იქნა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ე. დუმბაძე იმდენად მიამიტი იყო, რომ ყველაფრის შემდეგ პატიების იმედი ჰქონოდა. ჩემი აზრით, ამ „უცნაურ“ ფაქტს შემდეგი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ათი წლის მანძილზე ე. დუმბაძე კვლავ საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი იყო და მისი „გაქცევა“ ოპერატიული კომბინაციის ნაწილს შეადგენდა. ე. დუმბაძეს ეგონა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩინ-მედლებს არ მოაკლებდნენ. პირიქით კი მოხდა: მას ორმაგ აგენტობაში დასდეს ბრალი და დახვრიტეს. შესაძლებელია მეორე ვერსიაც: ე. დუმბაძე საბჭოთა დაზვერვამ მოიტაცა და ძალდატანებით დააბრუნა „საბჭოთა სამოთხეში“ („ჩეკისტებს“ ამგვარი სპეცოპერაცია მანამდეც და მის შემდეგაც მრავალჯერ ჩაუტარებიათ), სამაგალითოდ დასასჯელად. 1922 წლიდან საბჭოთა საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის (შემოკლებით ასფსრ, რომელშიც გაერთიანდნენ: აზერბაიჯანის სსრ, საქართველოს სსრ და სომხეთის სსრ) სპეცსამსახურების (დაზვერვისა და კონტრდაზვერვის) სხვადასხვა ეროვნების (ქართველები, რუსები, სომხები, ებრაელები, უკრაინელები, ლატვიელები და სხვ.) თანამშრომლები. მათ საერთო ამოცანა მოსკოვიდან ჰქონდათ დასახული: ყველა გზითა და საშუალებით „ბოლშევიკური“ ძალაუფლების შენარჩუნება, საზღვარგარეთ არსებული ემიგრანტული ორგანიზაციების შიგნიდან დაშლა, დეზინფორმაციული ოპერაციებით და მათი ყველაზე აქტიური წევრების ფიზიკური ლიკვიდაცია ან აგენტად გადაბირება. 1930 წელს ბერლინში დაიბეჭდა საბჭოთა კავშირიდან კიდევ ერთი გაქცეული „ჩეკისტის“, გიორგი აღაბეკოვის (ნამდვილი გვარი: არუთინოვი) მოგონებების წიგნი:„ჩეკისტის ჩანაწერები“, სადაც ჩვენთვის საინტერესო მრავალი ფაქტია მოყვანილი. ირკვევა, რომ ამ სომეხ „ჩეკისტს“, რომელიც თეირანსა და სტამბოლში საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი იყო, ქართულ ემიგრაციაში აგენტურის შეგზავნის ოპერაციებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. აღაბეკოვის მოგონებების ობიექტურობაში ეჭვის შეტანა არამართებულად მიმაჩნია, რადგან აღაბეკოვი „ცხელ კვალზე“ იხსენებდა მოვლენებს, რომლებიც სხვადასხვა წყაროთი გადამოწმების შემდეგ, ძირითადად დასტურდება.
გ. აღაბეკოვი (1895-1937)
გ. აღაბეკოვი მოგონებებში იხსენებს ერთ საინტერესო ფაქტს, კერძოდ, საუბარს კოლეგა „ჩეკისტთან“ - ნიკოლაი კევორქიანთან, რომელიც მოსკოვში, „ლუბიანკა-2“-ის შენობაში, დაახლოებით 1928-1929 წლებში შემდგარა. ირკვევა, რომ „ოგეპეუში“ კევორქიანის მუშაობის ძირითადი მიმართულება უცხოეთში მყოფი ქართველი „მენშევიკების“, აზერბაიჯანელი „მუსავატების“ და სომეხი „დაშნაკების“ წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარება იყო. ნ. კევორქიანსა და„ოგეპეუს“ ხელმძღვანელობას (მათი მეშვეობით კი - იოსებ სტალინსაც) ამომწურავი ინფორმაცია ჰქონიათ ქართველი ემიგრანტების შესახებ. თუნდაც ის, რომ პარიზიდან კონსტანტინოპოლში სადაზვერვო ოპერაციების დასაგეგმად ხშირად ჩადიოდა ნოე რამიშვილი. უფრო მეტიც: საბჭოთა აგენტები, რომლებიც ქართველი ემიგრანტების საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში მრავლად იყვნენ, მოსკოვში გზავნიდნენ საიდუმლო პარტიული სხდომების ოქმებსაც კი. გ. აღაბეკოვის მოგონებებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საბჭოთა მზვერავი ტიტე ლორთქიფანიძე („ცაგარელი“), რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურაში ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ ოპერატიულ კომბინაციებს ხელმძღვანელობდა, მალევე გაიშიფრა და იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. ირკვევა ისიც, რომ საბჭოთა დაზვერვამ პრაღაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რიგებიდან მოახერხა ერთი პირის (მისი ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა) გადაბირება და სპეციალური დავალებით გაგზავნა პარიზში, იქ მოქმედ ე.წ. ემიგრანტულ ცენტრში, ქართველი მენშევიკების გარემოცვაში სამუშაოდ.
ალექსანდრე კოროტკოვი(1909-1961)
აღაბეკოვი წერს, რომ ახალი აგენტის მუშაობა„ოგეპეუს“ არ მოეწონა და უკეთეს კანდიდატურას ეძებდნენ. აღაბეკოვმა პარიზში ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ სამუშაოდ სომეხი ჩეკისტი, ვინმე სურენ მაკარიანი შეარჩია და „ოგეპეუს“ თავმჯდომარის მოადგილეს, აბრაამ ტრილისერს წარუდგინა. ბიუროკრატიულ ბრძოლაში გამობრძმედილმა ტრილისერმა, შიდაუწყებრივი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აღაბეკოვს დაავალა სრულიად საიდუმლო წერილის გაგზავნა თბილისში, ამიერკავკასიის სფსრ-ის „გეპეუში“, რათა მათ შეერჩიათ პარიზში გასაგზავნი მზვერავის კანდიდატურა. 1929 წლის 27 ოქტომბერს გ. აღაბეკოვი კონსტანტინოპოლში არალეგალურ რეზიდენტად გაგზავნეს საფრანგეთის ქვეშევრდომის, ვაჭარ ნერსეს ოვსეპიანის ყალბი დოკუმენტებით. აღაბეკოვს იქ რეზიდენტის თანაშემწის სტატუსით დახვდა ქართველი მზვერავი „ქიქოძე“ (მისი ვინაობის დადგენაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა).1930 წლის ზაფხულში გ. აღაბეკოვი კონსტანტინოპოლიდან პარიზში გაიქცა და პრესის საშუალებით მწვავედ გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლება. საბჭოთა დაზვერვას დიდი ზიანი მიაყენა გ. აღაბეკოვის მოგონებების წიგნების გამოცემამ, სადაც გაქცეული „ჩეკისტი“ ასახელებდა მისთვის ცნობილი აგენტების გვარებს, ასევე „ინოს“ მუშაობის მეთოდებსა და ხერხებს. ამით მან საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მისი ლიკვიდაციის ბრძანება პირადად სტალინს გაეცა. შვიდი წელი გრძელდებოდა „ნადირობა“ აღაბეკოვზე, თუმცა ის ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა „ინოს ლიკვიდატორებს“ (გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა საგარეო დაზვერვაში სპეციალურად შეიქმნა ამგვარი დანაყოფი, რომელსაც ცნობილი „მზვერავი-ბოევიკი“ იაკობ სერებრიანსკი ხელმძღვანელობდა), თუმცა გ. აღაბეკოვს სიხარბემ სძლია და ძვირფასი თვლების იაფად ყიდვა მოინდომა. ასე შეიტყუეს „ინოს ლიკვიდატორებმა“ 1937 წლის აგვისტოს ერთ ცხელ დღეს პარიზის ერთ-ერთ ბინაში აღაბეკოვი და დანებით აჩეხეს. „ინო“ ამ სპეცოპერაციას და მის შემადგენელ „ოპერატიულ კომბინაციებს“ რამდენიმე წელი ამზადებდა. აღაბეკოვის ლიკვიდაციაში უშუალოდ მონაწილეობდა 28 წლის საშა კოროტკოვი (მეტსახელად „გრძელი“ ) - მომავალში გენერალი და საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს ნამდვილად სიმბოლურია.
(მეშვიდე ნაწილის დასასრული)