გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" ფრანგულად - მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" ფრანგულად - მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს

„პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარებით მაკრონი ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბობვების გაძლიერებას გამოიწვევს...

"ახლო აღმოსავლეთში, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს“, -განაცხადა გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უდიდესი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია...

„ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ "ჰამასის" პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა. ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმას, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს “, - არ დაახანა ასეთი კრიტიკული პასუხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რითაც ყველას დაანახა, რომ ვაშინგტონი კატეგორიულად შეეწინაღმდეგება პარიზის მიერ „პალესტინის სახელმწიფოს“ ოფიციალურად ცნობას.

ბუნებრივია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეაქცია კიდევ უფრო უარყოფითი გახლდათ - „ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი აპირებს „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარებას თელ-ავივის გვერდით. ეს შექმნის ირანის კიდევ ერთ სატელიტს და ხელს შეუწყობს ტერორის აღორძინებას, ისევე, როგორც ღაზაში. ღიად ვიტყვი -პალესტინელებს ისრაელის გვერდით ცხოვრება კი არ სურთ, არამედ - ისრაელის ჩანაცვლება საკუთარი სახელმწიფოთი...“

როგორც თავად ხედავთ, დაძაბულობის ახალი ესკალაცია იწყება ახლო აღმოსავლეთში, რასაც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვეს დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

რას წარმოადგენს „პალესტინის სახელმწიფო“?

1988 წელს „პალესტინის ეროვნულმა საბჭომ“ გამოაცხადა „პალესტინის სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ.

„დე-ფაქტო“ ის არ არსებობს, თუმცა „დე-იურე“, ჯერ კიდევ 1994 წელს ოსლოში ისრაელის და „პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია“ შეთანხმდნენ „პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის“ შექმნაზე, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა „პალესტინის სახლმწიფოს“ აღიარებას.

„პალესტინის სახელმწიფოს“ დროებით დედაქალაქ რამალაში ფუნქციონირებს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ადმინისტრაცია, მთავრობა და პარლამენტი, ჰყავს საკუთარი პოლიცია და ნახევრად ფორმალური შეიარაღებული რაზმები.

„პალესტინის სახელმწიფოს“ ტერიტორია ფორმალურად მოიცავს მდინარე იორდანის მარცხენა სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმს და ღაზას სექტორს, 6 ათასი კვადრატული კმ საერთო ფართობით, სადაც 5 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 147-ს აღიარებული აქვს „პალესტინის სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობა, თუმცა ეს რეალობაში ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან მდინარე იორდანის მარცხენა სანაპიროს, ისევე, როგორც ღაზას სექტორს, ფაქტობრივად, ისრაელის არმია აკონტროლებს, რის გამოც გაერო ამ ტერიტორიებს მიიჩნევს, როგორც „ისრაელის მიერ ოკუპირებულს“.

თუკი 147 ქვეყანას უკვე აღიარებული აქვს „პალესტინის სახელმწიფო“, მაშინ რაღა პრობლემაა, თუკი კიდევ ერთი, საფრანგეთი მათ სიას დაემატება?

საქმე ისაა, რომ საფრანგეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ამ საბჭოს ხუთი წევრიდან, რუსეთსა და ჩინეთს უკვე აღიარებული აქვთ „პალესტინის სახელმწიფოს“ სუვერენიტეტი. აშშ და დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგი არიან და თუკი პარიზი ამ საკითხში მოსკოვსა და პეკინს მიურთდება, დაირღვევა ბალანსი თავად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყნებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ: პირველად! უკრაინამ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დაარტყა - იქნებიან თუ არა შემდეგი სამიზნეები გუდაუთისა და ცხინვალის ბაზები?!

ექვსი ნახევრად ალყა უკრაინის ფრონტზე - საგანგაშო მდგომარეობა უკრაინის არმიისთვის

ძალიან მაგარი ამბავი: ნატოს ჯარისკაცები საქართველოში ბრუნდებიან - "მტკიცე სული" ქართულ პოლიგონებზე

კოლაფსი რუსეთში და პარალიზებული მოსკოვი - "ეს რა შარში გაგხვია პუტინმა..."

არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რის გამოც ისრაელი არაფრის დიდებით არ დაუშვებს „პალესტინის სახელმწიფოს“ დე-ფაქტოდ გადაქცევას...

ისრაელს ახლა დაუდგა ისტორიული მომენტი, როდესაც შეუძლია, რადიკალურად გადაწყვიტოს თითქმის 80-წლიანი სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა და მნიშვნელოვნად გაძლიერდეს რეგიონში - ღაზას სექტორში „ჰამასი“, ხოლო სამხრეთ ლიბანში კი - „ჰეზბოლა“ თითქმის დამარცხებულია, სირიაში ჩამოგდებულია ბაშარ ასადის რეჟიმი და ამ ქვეყანას „დაქუცმაცება“ ელოდება და რაც მთავარია, მთავარ მტერს - ირანს მიაყენა ძალზე მტკივნეული დარტყმა, რამაც თეირანი უფრო ფრთხილი გახადა ისრაელის მიმართ, თავის დამუქრებებში...

და ასეთ დროს, როდესაც ისრაელმა, ფაქტობრივად, მოიგო რამდენიმე ომი და კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს, თელ-ავივი დაუშვებს დე-იურე „პალესტინის სახელმწიფოს“ დე-ფაქტოდ გადაქცევასთან მიახლოებას?

რა თქმა უნდა, არა!

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის გუშინდელ ინიციატივას, „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარებასთან დაკავშირებით, დროში საინტერესოდ დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებაც - „აშშ-მა მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი მომლაპარაკებლები გაიწვია და ვაშინგტონი “ალტერნატიული ვარიანტების” ძიებას დაიწყებს, ვინაიდან “ჰამასის” ბოლო პასუხი “ნათლად აჩვენებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე სურვილის ნაკლებობას”.

ეს კი ნიშნავს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ღაზას სექტორს ახალი, დაუნდობელი დაბომბვები ელოდება, ისრაელის ავიაციისა და არტილერიის მხრიდან, „ჰამასის“ მეთაურებისა და მებრძოლების სრულ განადგურებამდე, რაც თეორიულადაც კი შეუძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვევს ღაზას სექტორში მაცხოვრებელ მშვიდობიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ანტაგონისტურად განაწყობს ისრაელის მიმართ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის საზოგადოებას, პირველ რიგში კი - ევროპაში, რამაც სწორედ შეიძლება დააჩქაროს „პალესტინის სახელმწიფოს“ ამღიარებელი ქვეყნების რიცხვის გაზრდაც...

ისე კი, ერთი საინტერესო შედარება, თუ რითი განსხვავდება უკრაინის რუსული დაბომბვები ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვებისგან - როდესაც რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, მოქალაქეები მეტროსა და თავშესაფრებში ჩადიან, ხოლო უკრაინელი სამხედროები ზემოთ რჩებიან და საჰაერო დარტყმების მოგერიებას ცდილობენ. ღაზას სექტორში კი პირიქითაა - ისრაელის დაბომბვების დაწყებისთანავე ღაზას დასახლებული პუნქტების ქვეშ გაყვანილ მრავალრიცხოვან გვირაბებს თავს სწორედ ავტომატიანი „ჰამასის“ წევრები აფარებენ, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა კი მიწის ზემოთ, დაუცველი ხვდება ისრაელის არმიის მიერ გამოშვებულ რაკეტებსა და ბომბებს...