გაცხადებული საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა - კვირის პალიტრა

გაცხადებული საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა

სამი წლის განმავლობაში არ განშორებიან მოციქულები თავიანთ საყვარელ მოძღვარს, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ შეიცნეს მისი ღვთაებრივი ბუნების სიდიადე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სასწაული აღსრულებულიყო მათ თვალწინ, დრო და დრო მაინც სძლევდა ხოლმე შიში და ეჭვი რწმენას მათ გულებში. არადა, ეშმაკეულის მეყვსეული განკურნებაც იხილეს, ბრმათათვის თვალთა ახელაც, მკელობელთა განმართვაც და თევზისა და პურის სასწაულებრივი გამრავლებაც.

განკაცებულ მაცხოვარს კი წინ უდიდესი ტანჯვა და ტკივილი ელოდა. მისი სიტყვის ქადაგება მოციქულებს უნდა გაეგრძელებინათ. ამიტომაც, საჭირო იყო, კლდესავით მტკიცე ყოფილიყო მათი რწმენა, ნაგვემი და ჯვარცმული მესიის ხილვას არ დაებინდა მათში ქრისტეს ღვთაებრიობის შეგრძნება. თანაც თავადაც უნდა განეცადათ ის სიტკბოება, რასაც დაბრუნებული სასუფევლის ნეტარება ჰქვია, რათა შემდეგ ადამიანთა გულები აევსოთ ამ სიტკბოების წყურვილით.

სწორედ ამიტომ ქრისტეს გოლგოთას წინ უძღოდა თაბორი ანუ ფერისცვალება თაბორის მთაზე, რომლის ხილვის ღირსი მხოლოდ სამი მოციქული გახდა - პეტრე, იაკობი და იოანე. მაცხოვარმა თან იახლა ისინი და თაბორის მთაზე ავიდა, სადაც მათ წინაშე ფერი იცვალა - "განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი" (მათე XVII, 2). უჩვენა მათ თავისი საღმრთო დიდებულება იმდენად, რამდენის დატევასაც შეძლებდნენ. უჩვენა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ, როგორც მას დიონისე არეოპაგელმა უწოდა, "დროული მარადისობა".

ფერისცვალებისას მაცხოვრის გვერდით ელია და მოსე წინასწარმეტყველები იდგნენ, რომელნიც მას იერუსალიმში მოსალოდნელ ტანჯვაზე ესაუბრებოდნენ - ქრისტემ, როგორც უფალმა და ადამიანთათვის ძველი და ახალი აღთქმის მიმცემელმა, შეაერთა ორივე თავის ეკლესიაში, რომლის სახედაც იქცა თაბორის მთა.

გაოგნებული მოციქულები დიდხანს ვერ მოდიოდნენ გონს. ბოლოს პეტრემ სთხოვა მაცხოვარს: "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ". ამის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ და მოისმა ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ". შიშისაგან პირქვე დამხობილი მოწაფეები ქრისტემ წამოაყენა. და მათ ნახეს, რომ ქრისტეს სახე აღარ უბრწყინავდა, ხოლო მოსე და ელია აღარსად ჩანდნენ. მაცხოვარმა გააფრთხილა მოციქულები, არსად ეთქვათ ნანახის შესახებ, ვიდრე არ აღესრულებოდა ჯვარცმა და აღდგომა.

როდესაც სახარების ამ ეპიზოდს კითხულობ, გიჩნდება კითხვა - რატომ მხოლოდ ეს სამი მოწაფე? იმიტომ, რომ მოციქულთაგან სწორედ ისინი მიწეულიყვნენ უმაღლეს საზომს: იოანე - სიყვარულით, იაკობი - მოწამეობით, პეტრე - სარწმუნოებით. რატომ - ელია და მოსე? ქრისტე უფალია ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომაც მთაზე ეახლნენ მას გარდაცვლილი მოსე და ელია, რომელიც ცოცხლადაა ატაცებული ზეცად. თავისი განკაცებით, ქადაგებითა და მიწიერი აღსასრულით ქრისტე მხოლოდ აღასრულებდა სჯულს - მოსეს წიგნებში ჩაწერილს, რომლის ერთგული აღმსარებელიც და ორგულთა მკაცრი მამხილებელიც იყო ელია. ამიტომაც გამოეცხადა ორივე წინასწარმეტყველი - რჯულის მომცემიცა და აღმსარებელიც, რომ დაედუმებინათ ფარისეველნი და მწიგნობარნი, ქრისტეს რომ სწამებდნენ ცილს, რჯულს არღვევს და უფალს გმობსო.

რატომ იცვალა ფერი? რათა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების ნეტარება ეჩვენებინა: პირი მისი მზესავით ბრწყინავდა. "როგორც ჩანს, ცხონება - გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინვებაში თავიანთი ღირსების მიხედვით, ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი" (მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი).

თაბორისეულმა ნათელმა დაათმენინა პეტრეს ჯვარცმა, იაკობს მან დააძლევინა სიკვდილის შიში და იოანეს გული სწორედ მან აავსო დღემდე მიუწვდომელი და განუმეორებელი სიყვარულით - ეს ნათელი მიუძღოდა წინ სამივე მოციქულს ცხოვრების გზაზე; ამ ნათელმა გაუნათა სასუფევლისკენ სავალი მილიონობით ქრისტიანს და სწორედ იგი აღავსებს ქრისტეს აღმსარებლის გულს ნუგეშითა და სასოებით უმძიმესი განსაცდელების ჟამს.

ამ ნათლის მადლი არ მოგკლებოდეთ. გილოცავთ ფერისცვალებას!

მარიამ ბურჯანაძე

(სპეციალურადსაიტისათვის)