რა ჩაიფიქრა პუტინმა სომხეთში გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე? - კვირის პალიტრა

რა ჩაიფიქრა პუტინმა სომხეთში გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე?

„გიუმრიში, ჩვენი წყაროების ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში იქ განლაგებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე აქტიურად შემოდიოდა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. ყოველდღიურად სამხედრო ტვირთით დატვირთული რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი ეშვება.

ამ მარაგების დანიშნულება უცნობია - ქალაქში მხოლოდ ვარაუდები ისმის. რუსეთის ხელისუფლების სიმშვიდე სომხეთის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, სინამდვილეში, მხოლოდ მოჩვენებითია. ბაზის გაძლიერება, როგორც ჩანს, ერთგვარ დაზღვევას წარმოადგენს რეგიონში სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ არ იცოდა ამ მარაგების შესახებ. თუმცა, ამჟამინდელი, უპრეცედენტოდ სუვერენული სომხეთის მთავრობა ამაზე ღიად საუბარს ვერ ბედავს“- აი ასეთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს სომხური გამოცემა Hraparak-ი, მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ბევრი რამე იცვლება და არცთუ სასიკეთოდ კრემლისთვის...

საგულისხმოა, რომ სამი კვირის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად ფაქტობრივად ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა - „აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მოსკოვი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.

რუსეთმა დააჩქარა გიუმრიში (სომხეთი) საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით.

პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებიდან აგროვებენ რუსეთიდან, რომლებიც სამსახურს გადიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

ამას გარდა, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დამონებული ერების წარმომადგენლებიდან - კერძოდ, სამხრეთ ოსეთიდან და ადიღედან…

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყურადღებით თვალის დევნებას რუსული ჯარების გადაადგილებისთვის, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,” - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ანუ რუსეთი მართლაც აძლიერებს თავის 102-ე სამხედრო ბაზის დანაყოფებს,როგროც გიუმრიში,ისე ერევან-იუჟნის სამხედრო აეროდრომზე.

არ არის გამორიცხული,რომ ფარულ რეჟიმში ძლიერდებიან რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ დაქვემდებარებული სასაზღვრო ჯარებიც,რომლებიც ჯერ კიდევ დგანან სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე.

102-base1-1753528992.jpg

რა ჩაიფიქრა პუტინმა სომხეთთან და საერთოდ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში?

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთს ძალზე გაუჭირდა, პირიქით სომხეთიდან, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზიდან, ისევე, როგორც ცხინვალის მე-4 და გუდაუთის მე-7 საოკუპაციო ბაზებიდან სამხედრო ტექნიკას ეზიდებოდა უკრაინის ფრონტზე გადასასროლად და ამ რუსულ ბაზებზე პირად შემადგენლობასაც აგროვებდა უკრაინასთან ომში გასაგზავნად.

ახლა კი პირიქით, სომხეთში გიუმრის ბაზაზე აბრუნებს შეიარაღებასა და ცოცხალ ძალას კრემლი, როდესაც უკრაინის ფრონტზე ასე სჭირდება?

ესე იგი, პუტინმა რაღაც ჩაიფიქრა სამხრეთ კავკასიაში, რაც შეიძლება კავშირში იყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელისმოწერის მოახლოებასთან, რომელი პროცესიდანაც საერთოდ „გამოგდებულია“ რუსეთი.

გარდა ამისა, კრემლში ეტყობა ძალზე აღიაზიანებთ ამერიკელების გააქტიურება ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებით, როდესაც ერევანს მისი 49 წლით არენდით აღება შესთავაზეს.

მართალია ფაშინიანის მთავრობა ამაზე ჯერ არ დათანხმებულა, მაგრამ გამორიცხული არაფერია და თუკი მართლაც ამერიკელებმა აიღეს მართვისა და დაცვის ქვეშ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი და აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის (შესაბამისად თურქეთის) დამაკავშირებელი ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი, ეს სრული კრახი გახდება რუსეთისა და ირანისთვის...

შეიძლება სწორედ ამის არ დასაშვებადაც აძლიერებს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას კრემლი, რომელსაც მხოლოდ ეს სამხედრო ბერკეტიღა დარჩა სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში ორი საოკუპაციო ბაზის სახით, ხოლო აზერბაიჯანი გაწმენდილია რუსული სამხედრო ჩექმისგან.

მეორე ვარაუდი, რომელიც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებას ეხება, შეიძლება დაკავშირებული იყოს... სომხეთში იმ ფაშინიანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობასთან, რომელმაც ფაქტობრივად ზურგი შეაქცია მოსკოვს და ბრიუსელისკენ შეტრილდა, ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების იმედით...

ფაშინიანის ხელისუფლების რუსული ხიშტებით დამხობის შემთხვევაში კი პუტინი სომხეთის სათავეში ისევ თავის ერთგულ ქოჩარიან-სარგსიანებს დააბრუნებს, ჩაიშლება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, ვეღარც ამერიკელები მიიღებენ ზანგეზურის დერეფანზე კონტროლს და რუსეთიც კვლავინდებურად გაძლიერდება სამხრეთ კავკასიაში...