თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 1,3 მლნ ლარის გაფლანგვაში სდებენ ბრალს... - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 1,3 მლნ ლარის გაფლანგვაში სდებენ ბრალს...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ მნიშვნელოვნად გააქტიურდა კორუფციის იმ ფაქტების გამოვლინებით,რომელთა ჩადენაშიც ყოფილ მაღალჩინოსნებს სდებენ ბრალს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან(რომელსაც სუს-ი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში სდებს ბრალს) ერთი თვის თავზე სუს-ი ერთდროულად აკავებს სამ პიროვნებას,მათგან ორს,ყოფილ მაღალჩინოსანს თავდაცვის სამინისტროდან და სერიოზულ ბრალდებებს უყენებს მათ:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ. მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.“-ასეთია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან გაჟღერებული ბრალდება.

მიუხედავად იმისა,რომ სუს-ი არ აკონკრეტებს დაკავებული პირების ვინაობას და მათ მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს,ძნელად გასაშიფრი არ არის,რომ ლაპარაკია თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გიორგი ხაინდარავაზე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე ვლადიმერ ღუდუშაურზე.

საგულისხმოა,რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ეს მაღალი თანამდებობა ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვლის დასაწყისში დატოვა,სწორედ მაშინ,როდესაც რომეო მიქაუტაძე მოხსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილეობიდან.

ეს არ ნიშნავს,რომ ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრების ეს ორი ყოფილი მოადგილეები ერთსა და იმავე კორუფციული საქმის გამო „დასაჯეს“,მაგრამ ფაქტია,რომ მათ მიმართ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჯერ წელიწადნახევრის წინ წამოიწყო და საქმე დაკავებისკენ მივიდოდა მძიმე ბრალდებების წაყენებით...

„ოტკატების“ სქემით შეძენები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არახალი თემაა და ის სულ თანს დევდა ნებისმიერ ხელისუფლებას საქართველოში,ისევე როგორც არ არის უცხო ხილი თვით ყველაზე დემოკრატიულად მიჩნეულ დასავლეთის ქვეყნებშიც კი,თუმცა ეს გამართლება არ არის.

„თავდაცვის საქმეზე“ დაკავებული მესამე პირი სუს-ის განცხადებაში მოხსენებულია,როგორც „თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.“...

იმ პერიოდში, 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა ჯუანშერ ბურჭულაძეს,შესაბამისად,სუს-ის მიერ დაკავებული „თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.“ გამოდის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბურჭულაძის ახლო ნათესავი,რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს,რომ სუს-ს კითხვები ყოფილ თავდაცვის მინისტრთანაც გაუჩნდეს,მითუმეტეს,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ოფიციალურ განცხადებას,თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით,ამთავრებს ასეთი ფრაზით-„ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით“…