დათბა თუ არა თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში?!
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები გამოჩნდა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესში, გამოითქვა ვარაუდი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორც იქნა, მოიცალა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და საკუთარი პოზიციაც მეტ-ნაკლებად ჩამოაყალიბა. "ქართული ოცნების" მომხრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ აშშ-ში საქართველოს ახლახან დანიშნული ელჩის თამარ ტალიაშვილის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემას, თუმცა ექსპერტების ნაწილის აზრით, ეს პროტოკოლური ღონისძიება მნიშვნელოვან წინსვლად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ნამდვილად ვერ ჩაითვლება. როგორ შეიძლება შეფასდეს ამ ეტაპზე აშშ-ის პოზიცია სამხრეთ კავკასიის შესახებ, ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილთან:

- რთული სათქმელია, ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, ჩამოაყალიბა თუ არა თავისი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის მიმართ. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი, თუნდაც წყნარი ოკეანისა და ტაივანის თემები, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ვაშინგტონის გამოჩენა.
ყველამ მშვენივრად ვიცოდით აქამდეც, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების რეალური დამოუკიდებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქ არსებული კონფლიქტები დასრულდება. ეს არის კონფლიქტები, რომელთაც წლების განმავლობაში აღვივებდა და აღვივებს რუსეთი. ამჯერად ფაშინიანი არ დათანხმდა მოსკოვის გეგმას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ამავე მდგომარეობაში უნდა შენარჩუნებულიყო, ანუ არც ომი და არც მშვიდობა - ეს იყო მოსკოვის გეგმა, სურდათ ყურებით ჰყოლოდათ დაჭერილი სომხეთიც და აზერბაიჯანიც.
საქმე ახლა იქით მიდის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს, გაიხსნება საზღვრები, ზანგეზურის დერეფანი და გაჩნდება ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რაც ადრე არ ჩანდა - სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკას ექნება საერთო ინტერესი, უსაფრთხოების ერთობლივი დაცვა, რათა არავისგან ემუქრებოდეთ დამოუკიდებლობის დაკარგვა და ინტერვენცია.
საქართველოს შეუძლია ამ პროცესის ლიდერობა იმის გათვალისწინებით, რადგან ჩვენი გასასვლელი დასავლეთში ძალიან დიდი აქტივია, რომელიც უაზრო ვაჭრობაში კი არა, სერიოზული პერსპექტივებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
ფაქტია, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც შეუძლიათ იყვნენ როგორც დერეფანი თუ ბაზარი ევროპისთვისდა საერთოდ, მსოფლიოსთვის. შეფასებები, არიქა, ზანგეზურის დერეფანი თუ გაიხსნება, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია შემცირდებაო, სრულიად უსაფუძვლო მგონია. გარწმუნებთ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემდეგ ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის შედეგად, რასაც მალე შეიძლება ინდოეთისა და ევროპის ურთიერთობაც დაემატოს, ეს სივრცე - ჩვენზე გამავალი სატრანზიტო გზაც და ზანგეზურის დერეფანიც ისე დაიტვირთება, თუ ავუვალთ ტვირთების გატარებას, ეს იქნება საკითხავი. ასე რომ, ამაში საფრთხეს ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ ვიყოთ იმდენად ძლიერი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად დავსხდეთ და დავიწყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურად. დარწმუნებული ვარ, ამაში აშშ და ევროპაც დაინტერესებული არიან. ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმება რაც მალე დაიდება, უკეთესია, თუმცა დაძაბულობა ერთხანს, ალბათ, მაინც შენარჩუნდება, მით უფრო საზოგადოებების დონეზე. ამაშიც შეუძლია საქართველოს დადებითი როლის თამაში, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც ამ ორივე ერის წარმომადგენლები მშვიდად ცხოვრობენ და არა აქვთ ერთმანეთთან პრობლემები.
- დღეს საქართველოს ხელისუფლებას როგორც ევროპასთან, ისე აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მოგეხსენებათ, რეალურია ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე, ამასთანავე, აშშ-ის მიერ ე.წ. მეგობარი აქტის მიღება თითქოს გადაიდო, თუმცა დღის წესრიგიდან ნამდვილად არ მოხსნილა. ამ ორიოდე დღის წინ გავრცელდა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცდაა. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე [პაველ ჰერჩინსკიზე] პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში".
- ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სრულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები სრულიად უმეცარია, თურმე ევროკავშირი გვაიძულებს სექსუალურ უმცირესობად ქცევას. 3000 წელია ამ ქვეყანაში მამაკაცები ისე ცხოვრობენ, მთავრობები არ დასჭირვებიათ, ბოდიში და, საკუთარი უკანალის დასაცავად. ახლა კობახიძის დასაცავი გახდა ეს ყველაფერი. მარაზმია, ამაზე სერიოზული ლაპარაკიც კი არ შეიძლება. სერიოზული ერთადერთი თემაა, ხელისუფლების სათავეში არიან პირები, რომლებიც ნორმალური კონკურენციის პირობებში ვერასდროს მოხვდებოდნენ ამ თანამდებობებზე. ისინი ბიძინა ივანიშვილმა ყურებით დაიჭირა, მოიყვანა საიდანღაც და ჩასხა სავარძლებში, რადგან მათში დაინახა ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე ხელმომწერები არიან. მათთვის მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, რასაც ვერაფრით მოახერხებენ დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებში - ეჭვი მაქვს, თავისუფალ არჩევნებში ბევრ მათგანს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემენ ხმას. ამიტომ ვერ იტანენ ისინი დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს, რადგან ისინი მათგან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ითხოვენ. ევროინტეგრაციის გაგრძელება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიული პროცესი.
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მათი ძირითადი მოტივაცია და არა ის, რომ ყველანი რუსეთის აგენტები არიან. უბრალოდ, ყველა არადემოკრატს მართვის ერთი და იგივე ხელწერა ახასიათებს - შეზღუდოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, დაიჭიროს ოპოზიცია და შექმნას პრობლემები თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შემყურე საზოგადოებას ახსენდება, თუ ვინ არის მართვის ამგვარი სტილის ფლაგმანი - რა თქმა უნდა, რუსეთი. პეტერ ფიშერით დაწყებული, ჰერჩინსკით დასრულებული, დედამიწის ზურგზე ყველას გადაეკიდნენ, ვინც კი ცდილობს საქართველოში დასავლური ღირებულებების დაცვას.
გავითვალისწინოთ, რომ იმ ვითარებასა და პოლიტიკის პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა, სისტემური მიდგომები კი არ ქმნის პოლიტიკას, არამედ პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს - ანუ ივანიშვილის, კობახიძისა და სხვების პიროვნული ბოღმები, შეხედულებები ახდენს ძლიერ გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ავტორიტარული სახელმწიფოსი, როდესაც ინსტიტუტები და სისტემები კი არა, პიროვნებები განსაზღვრავენ პოლიტიკას.
როგორც არ უნდა მოგვწონდეს "ქართული ოცნება", მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ძალამ იცის, რა წონაც აქვს დღევანდელ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. რომ ნახოთ, როგორ გაიზარდა ბოლო ხანს სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა, რაც საქართველოზე გადის, რამდენად დიდი კომპანიები შემოვიდნენ ქართულ პორტებში, უმსხვილეს ფრანგულ და გერმანულ კომპანიებზეა ლაპარაკი. დიდი ბრიტანეთიც ამზადებს დიდ პაკეტს, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ნაკადის ათვისებაში. შესაბამისად, ამ ყველაფრით ვაჭრობას ცდილობენ. ივანიშვილი ვაჭრობს საკუთარი კაპიტალისთვის, დანარჩენები - საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. თუმცა გუნდში საკმაოდ დიდი დაპირისპირებები აქვთ, სერიოზული ბზარებია გაჩენილი, რაც, ჩემი აზრით, დააქცევს "ქართულ ოცნებას".
ის, რომ დღეს ამერიკელები ნატოს ეგიდით ატარებენ საქართველოში წვრთნებს, ეს ჩემი აზრით, ლოგიკურია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ისეთი მარტივი ფიგურა, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ ოპოზიციაში. ყველა ხიხოს ეძახის, მაგრამ დღემდე ყველა პარტია მოუგო ოპოზიციურ პარტიებს. ივანიშვილს არ უნდა გაიზიაროს ის ბედი, რაც ბევრ ოლიგარქს დაემართა რუსეთში. ამბობენ, რომ მას საქართველოს რუსეთში შეთრევა სურს, რაც მცდარი შეფასებაა - კაცმა მთელი ქვეყანა იღლიაში ამოიდო და ახლა ვინმეს დაუთმობს?! მშვენიერი სავაჭრო კაპიტალი აქვს დასავლეთსა და ყველა დანარჩენთანაც. ასე რომ, იქნება ეს დასავლური სწავლებებიც, არაფრის წინააღმდეგ არ წავა, ითანამშრომლებს ყველასთან, ოღონდ თავისი პირობებით, რომლებიც ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ეს ქვეყანა მისია, მან უნდა მართოს და შიდა დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები არავინ უნდა მოსთხოვოს. დანარჩენზე ყველაფერზე თანახმა იქნება. დღეს ის ვაჭრობს სწორედ საქართველოს, როგორც დერეფნის ფუნქციით და ისე წარმოადგენს, რომ ეს მისი საკუთრებაა.
- ოპოზიციური პარტიები კი ისევ იმაზე დავობენ, უნდა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არა... "სტრატეგია აღმაშენებლის" პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის შესასრულებლად გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.
- ოპოზიციის ნაწილის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომლის პოზიციაც დაახლოებით ასეთია, თუ მე არ ვიქნები პოლიტიკური პროცესების ცენტრში, წყალსაც წაუღია ყველაფერიო. ვინაიდან ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ მისი გათავისუფლების საკითხი იქნებოდა მთავარი თემა მომავალი არჩევნებისთვის, ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციური ერთობა არ შემდგარიყო. ამით ის აჩვენებს თავის ძალას, რომ მას შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის ჩაშლა... ის, რომ ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში შეეძლო თბილისის მოგება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს ქვეყანაში, იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ დაგენახა.
არჩევნების ბოიკოტით შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ვერ ჩატარდება, რაც ჩვენი კანონმდებლობით სრულიად შეუძლებელია, რადგან მარტო კობახიძეც რომ მივიდეს ურნასთან, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. მოკლედ, უტოპიას გვისახავენ მიზნად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მტკნარი სიცრუეა იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმს უზრუნველყოფენ; ან
რომ გვეუბნებიან, ერთობა ნებისმიერ ფასადო, ესეც უტოპიაა. ერთობა უნდა შედგეს კარგი საქმისთვის და არა სისულელისთვის. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: როგორ აპირებენ ბოიკოტით შედეგის მიღებას? ბოიკოტით გამარჯვება ნიშნავს არჩევნების არჩატარებას, არჩევნები კი აუცილებლად გაიმართება.
- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების გამო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცავები, რომლებიც "იარაღს არ ისვრიან", ჯილდოდ 200 000 დოლარს მიიღებენ.
- თქვენი ყურადღება მის სხვა ფრაზასაც მინდა მივაპყრო: "საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური...". უბედურება ის არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერაფერი ისწავლა. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკოსთა საქციელმა პრინციპით: "მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო". ვინმეს თუ მოკლე მეხსიერება აქვს, ეს მისი პრობლემაა. როგორც ჩანს, ამ პარტიაში დღესაც ვერ ხვდებიან, რომ 2012-ში მათი მარცხის, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ენმ-ის კატეგორიული მიუღებლობის, მათდამი ზიზღის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ლიდერთა მსგავსი აზროვნება იყო.
გარდა ამისა, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ზოგჯერ მეეჭვება, მართლაც ფული ხომ არ აქვთ აღებული... როცა ამას ამბობ, ის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ივანიშვილის ხელისუფლებით და ფიქრობს, რომ აღარ მისცეს "ქართულ ოცნებას" ხმა, ისევ უიმედობაში ვარდება და ისევ "ქართული ოცნების" გარშემო კონსოლიდირებაზე იწყებს ფიქრს. თანაც, მმართველ პარტიაში ეროზიაა დაწყებული, ასეთი განცხადებებით კი ამ ეროზიას ადუღაბებ ისევ. მთელი პოლიტიკური კლასის პრობლემა ერთია - ყველა ცდილობს ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს. ვინმესგან გაგიგონიათ ლაპარაკი, რომ თვითმმართველობის გაძლიერებაა საჭირო? არაერთხელ გამოიცვალა მართვის სისტემა ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, ახლა იქნება ნამდვილი დემოკრატიაო, საბოლოოდ კი ყველა ხელისუფლება ავტორიტარიზმამდე მივიდა. აღარ დარჩა მართვის სისტემა, რომელიც არ მოვსინჯეთ, არ ვიცი, აწი აბსოლუტურ მონარქიას თუ გამოვაცხადებთ. არაფრის გაგება არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. პოლიტიკური სპექტრი ჩხუბობს მეორეხარისხოვან საკითხებზე, რადგან პირველხარისხოვანზე ჭკუა არ ჰყოფნით.