"ნატოს სწავლება მისანიშნებელია რუსეთისთვის, რომ რეგიონი არ არის რუსეთის უკანა ეზო"
საქართველოში დაიწყო "მტკიცე სული 2025"-ის მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები. Agile Spirit 2025 აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმილია და ის ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ხელმძღვანელობით ტარდება. საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ ბულგარეთი, გერმანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და უკრაინა. ნატოს სწავლება "მტკიცე სული 2025"-ის სამხედრო-თავდაცვითი და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:
- Agile Spirit 2025 ანუ "მტკიცე სული 2025" საქართველოში პირველად 2011 წელს ჩატარდა. თავიდან ის იყო აშშ-ის საზღვაო ქვეითების პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართველი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ ავღანეთში ISAF-ის მისიისთვის. წვრთნები ტარდებოდა ნატოს ეგიდით. შემდგომში, როცა დასრულდა ავღანეთის მისია, დაიწყო მისი სახეცვლილებაც. წელს სწავლება 21 ივლისს დაიწყო თურქეთში, კერძოდ, ადენაში, ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო-სადესანტო ოპერაციით. სწავლებას ატარებს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალები. Agile Spirit 2025-ში, რომელიც საქართველოში იმართება, ჩართულია ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიაც. სწავლების დროს დამუშავდება ტაქტიკური კონვოირება სენაკი-ვაზიანის მიმართულებაზე, იქნება კომბინირებული წვრთნები საბრძოლო სროლებით, სპეცდანიშნულების ძალების ერთობლივი მოქმედებები კრწანისში, ვაზიანში, ნორიოში, მუხროვანსა და სენაკში. სწავლება ითვალისწინებს ასევე საბრძოლო სროლებს, საშტაბო მუშაობას, წვრთნებს და ა.შ. მასში გამოყენებულ იქნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ჯავშანტექნიკა. აშშ-დან შემოყვანილია საბრძოლო მანქანები, ქვეითთა საბრძოლო მანქანა MRAP, ჯავშანმანქანა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ავღანეთის ტიპის საომარი მოქმედებისთვის. როგორც ვიცი, წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას ამერიკული მრავალფუნქციური ვერტმფრენი UH60 ბლექჰოკი და თურქული "პუმა AS332". ამ მოვლენის მეტი გაშუქება უფრო კარგი იქნებოდა და რატომ "ვმორცხვობთ" და რატომ არ გვინდა მტერსაც და მოყვარესაც ვაჩვენოთ, თუ რამე კარგი ხდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, გაუგებარია. ვინმეს არ ვაღიზიანებთ?.. ამ სწავლებაში მონაწილეობენ საქართველო, ამერიკა, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა და უკრაინა (რაც ძალიან საინტერესოა), დამკვირვებლებად კი სომხეთი და იაპონია იქნებიან.
საქართველო უნდა იყოს ძლიერი მოკავშირის გვერდით, აღარასოდეს უნდა იყოს რუსეთთან! ეს გეგმური სწავლებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში საქართველოც მონაწილეობს. მასში მონაწილე დანაყოფი (თუნდაც თურქეთში მყოფი საჰაერო-სადესანტო ბრიგადა) მოწინავე განლაგების ბრიგადაა, რომელიც განთავსებულია იტალიასა და გერმანიაში და მისი ამოცანაა საგანგებო ვითარებაში სწრაფი რეაგირება. შესაბამისად, მისი მონაწილეობა თურქეთში რეგიონის მზადყოფნისა და იმის მაჩვენებელია, რომ შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის მნიშვნელოვანია ისევე, როგორც აშშ-სთვის. უამრავი რამ იცვლება, ჩვენს რეგიონში ამხელა ომი მიმდინარეობს, დიდი დაპირისპირებები იყო და არის არა მარტო უკრაინა-რუსეთის, არამედ ირან-ამერიკისაც და ორივე დიამეტრულად განსხვავებულია ერთმანეთისგან როგორც საბრძოლო მოქმედებებით, ასევე გამოყენებული ტექნიკის, ტაქტიკისა და ოპერატიული ხელოვნებითაც. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ისიც გაშუქდებოდა, რა სცენარებით მიმდინარეობს ნატოს სწავლება... იმ ოფიცრებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელთაც ავღანეთის საბრძოლო გამოცდილება უკვე აღარ აქვთ, ეს არის საშუალება, გამოცდილება შეიძინონ.
ნატოს სწავლება მისანიშნებელია რუსეთისთვის, რომ რეგიონი არ არის რუსეთის უკანა ეზო. აქ თავისი ინტერესები აქვს როგორც ნატოს, ასევე თურქეთს. ნატო არ თვლის, რომ ეს რეგიონი ეკუთვნის რუსეთს. შავი ზღვა ძალზე მნიშვნელოვანი ხდება და ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება ენერგომატარებლებისა და სამხრეთის დერეფნების მიმართულებით - საქართველო იქნება ეს თუ ზანგეზურის დერეფანი, არა აქვს მნიშვნელობა, სამხრეთი მიმართულება მაინც ამ რეგიონზე გაივლის. ძალზე მნიშვნელოვანია ირანის ბირთვული პროგრამის მომავლის საკითხიც. ბოლო პერიოდში აზერბაიჯან-რუსეთის, სომხეთ-რუსეთის არცთუ მარტივი დამოკიდებულების გათვალისწინებითაც ძალიან კარგია, რომ საქართველოშიც გაიქნიეს ხელ-ფეხი, სადღაც რომ გამოვჩნდით და რადარზე ავისახეთ.
- გასულ წელს პენტაგონმა შეაჩერა სწავლება "ღირსეული პარტნიორი", როცა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო... როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა აზრი აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ?
- "ღირსეული პარტნიორი" ჩემთვის ძალზე ძვირფასია, ჩემს დროს დავიწყეთ. ის იყო წმინდა ამერიკულ-ქართული, "მტკიცე სული" კი ნატოს ეგიდით ტარდება. დასანანია, რომ სომხეთმა აიღო ინიციატივა და "ღირსეული პარტნიორი" სომხეთში ჩატარდა. დიდი იმედი მაქვს, ამ Agile Spirit 2025-ის შემდეგ განიხილავენ, რომ საქართველოში ჩატარდეს "ღირსეული პარტნიორი", იმიტომ, რომ თუკი დრო გავა, 2-3 წლის შემდეგ თუ ამერიკის სარდლობა გადაეწყობა, სომხეთისთვის სწავლების ჩატარებას ისეთი ლოგისტიკური დაგეგმარება დასჭირდება, მერე ისევ უკან გადმოთამაშება ძნელი იქნება...
ვერ გეტყვით, დათბა თუ არა პენტაგონი. ეს ნატოს სწავლებაა სხვათა შორის, 2021 წელს საქართველოში იყო 150 ამერიკელი მედესანტის დესანტირება და არა თურქეთში. ძალიან კარგია, სწავლება საქართველოში რომ ტარდება, ამდენი ქვეყანაა მონაწილე, მათ შორის არის უკრაინაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს იმის მაჩვენებელია, რომ დავრჩით ნატოს რადარებზე და არა მგონია, ეს მხოლოდ ქართული ხაჭაპურის და ლამაზი მთების გამო ხდებოდეს. ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონული პოლიტიკური მომენტი და აქცენტი კეთდება ზუსტად ნატოსთვის უსაფრთხოების რეგიონულ მნიშვნელობაზე.
- მაინც რითია მნიშვნელოვანი სწავლებაში უკრაინის მონაწილეობა?
- პირველ რიგში იმით, რომ უკრაინასთან საბოლოო კავშირი არ არის გაწყვეტილი, თუნდაც სამხედრო დონეზე, რაც კარგია; მეორე - გამოცდილების გაზიარებაა. იმედია, ერთი დღე იქნება უკრაინელების მოსმენა ფრონტზე საომარ მოქმედებებზე, მაგალითად, რა სიახლეებია, თუნდაც ტაქტიკური. არ გამოვრიცხავ, რომ ჩამოსული არიან საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრები და სამეთაურო შემადგენლობა.
- 21 ივლისს ერთდროულად დაიწყო ორი სამხედრო წვრთნა: კასპიის ზღვაში რუსეთ-ირანისა და შავი ზღვის რეგიონში - აშშ-ის, რომელსაც თურქეთი მასპინძლობს. ეს რა გზავნილია, რუსეთი აზერბაიჯანს აშინებს თუ რის დემონსტრირებას ცდილობს?
- ვერ ვიტყოდი, რომ ეს საგანგებოდ დაამთხვიეს Agile Spirit-ს, ვინაიდან ეს გეგმური სწავლებაა და 2011 წლიდან თავისი გრაფიკით იმართება. კასპიის ზღვაში მანევრები უფრო მიმართულია აზერბაიჯანისთვის კუნთების საჩვენებლად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ირანი ისრაელისა და აშშ-ის პირისპირ მიატოვეს, მაინც ცდილობენ აჩვენონ, რომ ირანთან პარტნიორული ურთიერთობა აქვთ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ინარჩუნებენ.
- რა რეაგირებას ველით რუსეთისგან, რომელმაც 23 ივლისს სადაზვერვო სამუშაოები დაიწყო? რა კონკრეტული გზავნილია რუსეთისთვის ნატოს "მტკიცე სული 2025"?
- დღეს ნატო რუსეთისთვის რეალური და არა ვირტუალური მოწინააღმდეგეა. შესაბამისად, მისი ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სწავლება გულისხმობს, რომ თვალთვალი უნდა გააძლიეროს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისევე როგორც რუსეთის სწავლებას აკვირდებიან ნატოს ქვეყნები, საქართველოც უნდა აკვირდებოდეს ნებისმიერ სწავლებას, რომელიც მის საზღვრებთან მიმდინარეობს, იქნება ეს რუსულ-აფხაზური, რუსულ-ოსური თუ რუსულ-ირანული. რუსეთისთვის მის მახლობლად ნატოს ნებისმიერი სწავლება შემაშფოთებელია და ეჭვი არ შეგეპაროთ, აქ საჰაერო დაზვერვის გარდა, სხვა დაზვერვებიც აქტიურად მუშაობენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, საზღვართან მიმდინარეობს პოტენციური მოწინააღმდეგის სწავლება და რუსეთი თვლის, რომ საქართველო მისი მოსაზღვრეა.
- რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, თუ არის ტაქტიკური სიახლეები? ტრამპის პუტინისთვის დათქმული 50 დღეც მალე გავა და რა იქნება ულტიმატუმის ამოწურვის მერე?
- ტაქტიკურ სიახლეებზე ვერაფერს გეტყვით, ფაქტობრივად, არც არის, რაც ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც მზადდებოდეს. ასევე, ცუდად მენიშნება ისიც, რომ რუსეთი ჯავშანტექნიკას არ იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ ჯავშანტექნიკის შეგროვება დარტყმისთვის სჭირდება. ამჟამად მიმდინარეობს ზაფხულის კამპანიის მეორე ფაზა და შეიძლება ის 160-ათასკაციანი დაჯგუფება, რომელიც რუსებმა ჩამოაყალიბეს, კონკრეტულ მიმართულებაზე იქნეს გამოყენებული. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ 50 დღის განმავლობაში რაღაც გარდატეხა იქნება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ეს 50 დღე უფრო რუსეთის მოკავშირეებისთვის იყოს მიცემული, რომ დროულად შეძლონ გადართვა რუსეთის ეკონომიკური კავშირებიდან სხვა კავშირებზე, ვგულისხმობ ნავთობისა და გაზის ყიდვას და სხვა. ამჟამად რუსები წინ მიიწევენ, მაგრამ ძალიან ნელა. საუბარი სავარაუდო ალყაზე, რომელიც პრესაში ვრცელდება, გაზვიადებულია, ვინაიდან ალყას სჭირდება ხალხის დიდი რაოდენობა და სწრაფი ტემპი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, 3 და 5-კაციანი ჯგუფებით ალყის გაკეთება რთულია. ამ 50 დღეში რუსეთისთვის შედეგი იქნება მეტრები და კილომეტრები, დონბასის საზღვარზეც ვერ გავა. ფაქტობრივად, პუტინს მიცემული აქვს ფორა, მარტივად რომ ვთქვათ, გაძლევ დროს და თუ რამე შეგიძლია, გააკეთეო. რუსების ერთ-ერთი ტაქტიკური ცვლილება მოქმედებაში შეიძლება ის იყოს, თუკი ადრე ცდილობდნენ გვერდი აეარათ დასახლებული პუნქტებისთვის, რათა ტემპი არ დაეგდოთ, ახლა ცდილობენ დასახლებულ პუნქტებში შევიდნენ, ვინაიდან იმ 3-5 კაცისთვის უფრო ადვილია ნანგრევებში გამაგრება, ვიდრე ტრიალ მინდორში ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილება. რუსების ეს ტემპი და ყველა მიმართულებიდან არაკონცენტრირებული შეტევა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სადღაც მოხდეს ოპერატიული ან თუნდაც ოპერატიულ-ტაქტიკური გარღვევა. ეს უკრაინელებს აძლევს საშუალებას მოემზადონ, რათა უკან დახეულმა ნაწილებმა დაიკავონ პოზიციები. ასე რომ, რუსებს მარტივად არა აქვთ საქმე, მიუხედავად იმისა, რომ წინსვლას აგრძელებენ...