რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივობით დიდ სამამულო ომს წამოეწია და შეიძლება გადაასწროს...
1941-45 წლების გერმანია-საბჭოთა კავშირის ომი, რომელსაც დიდ სამამულო ომადაც მოიხსენიებენ, 1418 დღე- ღამე გაგრძელდა და მსოფლიო ომების ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მეზობელ უკრაინასთან დაწყებული ომი 1250 დღე-ღამეა გრძელდება, ჯერ ბოლო არ უჩანს და არის იმის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ხანგრძლივობით არათუ დაეწევა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომს, არამედ გადაასწრებს კიდეც.
რუსეთ-უკრაინის ომი თავისი მასშტაბით მართალია ჩამორჩება 80 წლის წინანდელ ომს, რომლის საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სწორედ ამავე რაიონებში მიმდინარეობდა, მაგრამ ის ევროპაში 21-ე საუკუნის ყველაზე ფართომასშტაბიან და სისხლისმღვრელ შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაიქცა.
უკრაინაზე ვერაგული თავდასხმის შემდეგ პუტინის არმიას თავდაპირველად ჰქონდა დიდი წინსვლა, მაგრამ იმავე 2022 წლის შემოდგომისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშების შედეგად მოხერხდა რუსი ოკუპანტების ნაწილობრივ გაყრა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან. 2023 წლის ზაფხულში დაგეგმილ მთავარ კონტრშეტევას კიდევ უფრო მეტი წარმატება უნდა მოეტანა უკრაინის დამცველებისთვის, მაგრამ ეს კონტრშეტევა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ჩაფლავდა, რის შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნელ-ნელა ხელში ჩაიგდეს საბრძოლო ინიციატივა და 2023 წლის მიწურულიდან მოყოლებული, წელიწად-ნახევარია, მუდმივად იერიში მიაქვთ უკრაინელების თავდაცვით ზღუდეებზე და დიდი მსხვერპლის მიუხედავად აგრძელებენ ნელი ტემპით ახალ-ახალი უკრაინული მიწების დაპყრობას.
რუსეთ-უკრაინის ომის 1250-ე დღეს ფრონტის ხაზზე ოპერატიული მდგომარეობა კვლავ დაძაბულია - რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მცირერიცხოვანი მოიერიშე ჯგუფებით მრავლობით შეტევებს, ხოლო უკრაინის დამცველებს ისევ მათი მოგერიება უწევთ.
მართალია, პუტინის აგრესორი არმია ვეღარ ახერხებს ერთ შეტევაში კილომეტრობით წინ გაჭრას, როგორც ომის საწყის ეტაპზე, მაგრამ ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს და იპყრობს უკრაინის მიწის რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს.
ამასთან, რუს ოკუპანტებს ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ, რადგან იერიშზე ძირითადად მოტოციკლეტებითა და ელექტროველოსიპედებით გადადიან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდნენ უკრაინელების თავდაცვის ზღუდეს და ვინც გადაურჩება უკრაინელების ცეცხლს, ჩასანგრდებიან, დაელოდებიან ახალი მოიერიშე ჯგუფებიდან გადარჩენილებს და მერე გაერთიანებული ძალით ისევ შეტევაზე გადადიან.
ეტყობა, ამგვარად ბრძოლა მთელ მსოფლიოში მხოლოდ რუსებსა და ჩრდილოკორეელებს თუ შეუძლიათ, რადგან ნორმალური ქვეყნების გენერლები თავიანთ ჯარისკაცებს მეტ-ნაკლებად უფრთხილდებიან.
მაგრამ ძალზე მზარდი საბრძოლო დანაკლისი როგორც სამხედრო ტექნიკაში, ისე პირად შემადგენლობაში, რუსეთის გენერალიტეტსაც აიძულებს შეცვალოს უკრაინული ქალაქების დაპყრობის სქემა და პირდაპირ შუბლა იერიშებზე აღარ გადავიდეს, როგორც ომის დასაწყისში აკეთებდა.
უკრაინული დასახლებული პუნქტების ფლანგებიდან შემოვლით, მათი ნახევრად ალყაში მოქცევით და დალოდებით, თუკი უკრაინელი სამხედროები ალყის შეკვრის შიშით უკან დაიხევენ, რუსი ოკუპანტები ამ სოფლებსა და ქალაქებს შედარებით იოლად იღებენ, ხოლო თუკი უკრაინის დამცველები გაჯიუტდებიან და ბოლომდე დარჩებიან ქალაქის დაცვაში, პუტინის არმია ნახევრად ალყის სრულ ალყად გადაქცევასა და "ტომრისთვის" ყელის შეკვრას შეეცდება, რაც უკრაინისთვის სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა.
დღეისთვის, 2025 წლის 28 ივლისისთვის, უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში მართლაც საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა. პუტინის არმია ერთდროულად არანაკლებ ხუთი ნახევრად ალყის სრულ ალყად გადაქცევას ლამობს, ანალოგიური სიტუაცია იქმნება ჩრდილოეთ ფრონტზე, სუმის მიმართულებაზეც.
უკრაინული ინტერნეტრესურს DeepState-ის ოპერატიული რუკის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით შექმნილია ხუთი ნახევრად ალყა: პირველი კუპიანსკთან, რომლის დაკარგვა რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს უკრაინის გენშტაბს, რადგან რუსი ოკუპანტები შეეცდებიან აღმოსავლეთიდან გააგრძელონ იერიშები ხარკოვის მიმართულებით და ასევ შეურთდნენ ჩრდილოეთიდან, ვოვჩანსკთან შემოჭრილ თანაოკუპანტებს.
მეორე ნახევრად ალყა იკვეთება კუპიანსკის ქვემოთ, ბოროვასთან, საიდანაც რუსული შეტევა აღმოსავლეთით, იზიუმისკენ განვითარდება.
უკვე ოკუპირებული ლისიჩანსკიდან აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებით, იკვრება მესამე ნახევრად ალყა.
ჩასოვ-იარიდან და ტორეცკიდან რუსი ოკუპანტები მეოთხე ნახევრად ალყის განვითარებით კონსტანტინოვკის სრულ ალყაში მოქცევას შეეცდებიან, რითაც კარგი პოზიციები გაუჩნდებათ პუტინის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხის გადასაწყვეტად - კრამატორსკსა და სლოვიანსკზე გადამწყვეტი შეტევების დასაწყებად. ეს ორი, შედარებით დიდი უკრაინული ქალაქი უკვე ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის დაუპყრობელი ნაწილია, რომლის გარეშეც რუსეთის ფედერაციაში "მიღებული" "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" კრემლისთვის არასრულფასოვანი რჩება.
უფრო ქვემოთ კი, სამხრეთისკენ, წარმოქმნილია მეხუთე ნახევრად ალყა პოკროვსკთან, რომლის აღებას რუსი ოკუპანტები ერთი წელია ცდილობენ, რადგან სწორედ პოკროვსკიდან გადის ძირითადი კომუნიკაციები დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების, პავლოგრადისა და დნეპროს მიმართულებით, რომელთა დაპყრობაც ასევე შედის კრემლის გეგმებში.
მეექვსე ნახევრად ალყა კი შექმნილია ჩრდილოეთ ფრონტზე საზღვრისპირა რაიონში, ნოვო-მიკოლაევკასთან, ქალაქ სუმიდან 20-25 კმ-ში, და ის დიდ საფრთხეს ქმნის სუმისკენ შეტევების გაფართოებისთვის.
ფრონტის ხაზის გასწორებას ნებისმიერ ომში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძნელია ბრძოლა მაშინ, როდესაც ფლანგებზე შენივე არმიის დანაყოფები გეგულება და იქ მათ ნაცვლად მოულოდნელად მტრის მოიერიშე ჯგუფები გამოჩნდებიან.
რამდენად ოპერატიულად მოახერხებს უკრაინის გენშტაბი ამ ექვსი და შეიძლება კიდევ სხვა ნახევრად ალყების "გამოსწორებას", უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
P.შ. სანამ ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველების მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, უკრაინული კამიკაძე-დრონები ახალ მიმართულებებს "ითვისებენ" რუსეთის ფედერაციის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად.
და პირველად რუსეთ-უკრაინის ომში ამ მიზნით გამოყენებულ იქნა... საქართველოს საჰაერო სივრცეც.
უფრო სწორად, 2025 წლის 24 ივლისის ღამეს პირველად განხორციელდა უკრაინული კამიკაძე-დრონების საჰაერო შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის მხრიდან.
რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რომელსაც დროებით ადგილობრივი სეპარატისტები აკონტროლებენ, დაფიქსირდა ძალიან დაბალ სიმაღლეზე უკრაინული კამიკაძე-დრონის Aნ-196 "Lყუტყ გადაფრენა, რომელსაც მგეზავ ტყვიებს ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ - უკრაინულმა უპილოტო "თებერვალმა" თავის მიზანს მიაღწია.
მიზანი კი გახლდათ საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 1,5 კმ-ში, სირიუსის დასახლებაში განთავსებული "ლუკოილის" ნავთობბაზა, რომელიც უკრაინულმა "ლიუტმა" ააგიზგიზა.
გარდა ამისა, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა იერიში მიიტანეს ქალაქ სოჭთან მდებარე სხვა სტრატეგიულ ობიექტებზეც და მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო რამდენიმე უკრაინული უპილოტოს ჩამოგდება, მათმა ნამსხვრევებმა ქალაქში ხანძარი გააჩინა და რაც მთავარია, გამოიწვია უდიდესი პანიკა იმ რუს დამსვენებლებს შორის, რომლებითაც გადაჭედილია რუსეთის სამხრეთის ეს ცნობილი საკურორტო ქალაქი.
აქ უმთავრესია ის, რომ უკრაინულმა მხარემ გამოიყენა მოულოდნელობის ეფექტი და როდესაც სოჭი-ადლერის სანაპირო ზოლის დამცველი რუსი მეზენიტეები უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ზღვის მხრიდან ელოდნენ, ამ დროს "ლიუტებმა" რკალი შემოხაზეს, ჯერ შეფრინდნენ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის განთიადი-ლესელიძის სანაპირო ზოლის მონაკვეთის თავზე და იქიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მიიტანეს საჰაერო იერიში "ლუკოილის" ნავთობბაზაზე.
იყო მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან უკრაინული კამიკაძე-დრონები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თავზეც გამოჩნდებოდნენ, რათა საჰაერო დარტყმები მიეყენებინათ რუსული საოკუპაციო ბაზებისთვის ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო აეროდრომსა და ოჩამჩირის პორტზე. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის თავზე უკვე გამოჩნდნენ უკრაინული უპილოტო "ლიუტები", შეიძლება იმას მოასწავებდეს, რომ რუსი სამხედროები მალე ვერც ოკუპირებულ ქართულ მიწებზე იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ.