ორი ზ-ს ბრძოლა ანუ ჩაანაცვლებს თუ არა ზალუჟნი ზელენსკის - დიდი სკანდალი უკრაინაში: "საუბარია 80 მილიარდი დოლარის არამიზნობრივ გამოყენებაზე" - კვირის პალიტრა

ორი ზ-ს ბრძოლა ანუ ჩაანაცვლებს თუ არა ზალუჟნი ზელენსკის - დიდი სკანდალი უკრაინაში: "საუბარია 80 მილიარდი დოლარის არამიზნობრივ გამოყენებაზე"

უკრაინის ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამო ქვეყანაში დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპროტესტო ტალღის შემდეგ უმაღლეს რადას ახალი კანონპროექტი წარუდგინა, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაცვისა და რუსეთის ზეგავლენის გამორიცხვის მიზნით სამოქალაქო სექტორისა და დასავლელი პარტნიორების შეშფოთება ჯერაც არ დამცხრალა. უკრაინის ქალაქებში კი გრძელდება პროტესტი და აქტიური მოთხოვნები პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის გაუქმებაზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. უფრო ვრცლად ამ საკითხზე ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრა.

- როგორც უკრაინელი "ტრამპისტები" იუწყებიან, ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს - მარკო რუბიოს შორის მკაცრი სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუბიომ მუქარის ტონით აცნობა ზელენსკის, რომ ის და სენატორი ლინდსი გრემი შეწყვეტენ მის პოლიტიკურ მფარველობას და მეტიც, ორგანიზებულ პროვოკაციაში დაადანაშაულებენ. რუბიოს აზრით, ზელენსკი მის წინაშე ვალდებულია, რადგან თავის დროზე გადაარჩინა დონალდ ტრამპისგან. როდესაც ტრამპმა პუტინისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის წაყენების იდეაზე ისაუბრა, მისი მთავარი მესიჯი ამგვარად ჩამოყალიბდა: პუტინი უნდა გაჩერდეს, ზელენსკი უნდა გადადგესო, მაგრამ რუბიოს ჩარევამ აღკვეთა ზელენსკის გადადგომის მოთხოვნა და ულტიმატუმი მთლიანად პუტინის წინააღმდეგ იქნა მიმართული.

- რატომ მფარველობენ რუბიო და გრემი ზელენსკის?

- მას შემდეგ, რაც გრემმა და რუბიომ ზელენსკი მასკისგან დაიცვეს, ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური მფარველები გახდნენ. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინაში ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო ტრამპისტული პარტიის ჩამოყალიბება, რომელსაც მასკი ზელენსკის წინააღმდეგ იყენებდა. რეალურად, პარტიას მასკი ქმნიდა, უბრალოდ, ტრამპის მოსატყუებლად არქმევდა მის სახელს. მსგავსი სქემები მან პოლონეთსა და რუმინეთშიც გამოიყენა. სწორედ ეს ფაქტი გამოიყენეს რუბიომ და გრემმა ტრამპის მასკისთან დასაპირისპირებლად. დღეს რუბიო, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ამერიკაში, ზელენსკი კი მისი პროტეჟეა. როგორც ირკვევა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზელენსკიმ საკანონმდებლო ცვლილება ისე განახორციელა, რომ რუბიო საქმის კურსში არ ჩააყენა. ისიც ფაქტია, რომ რუბიოს საუბარმა ზელენსკიზე ძლიერი გავლენა იქონია. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გამართა პრეზიდენტმა პრესკონფერენცია, სადაც იმგვარი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ახალი კანონპროექტი წარადგინა. უკვე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ორგანოები (ეროვნული ბიურო და სპეციალური პროკურატურა) გენპროკურატურას დაუმორჩილა, ბოლომდე უარის თქმა პრესტიჟისთვის მეტისმეტად საზიანოდ მიიჩნია, ამიტომ ვითარებიდან გამოსავლის მიზნით შემოაგდო ახალი ინიციატივა, რომელიც თითქოს ანტიკორუფციულ სტრუქტურებს მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს. ფაქტი ერთია: იმ საქმეების შეჩერება, რომლებიც ერმაკისა და სტეფანიშინას კორუფციულ საქმიანობას ამხელდა, ზელენსკიმ სწორედ ამ ორგანოების კონტროლში მოქცევით სცადა. ის მეტისმეტად რაციონალურია და შეუძლებელია არ გაეთვალა ანტიკორუფციული სტრუქტურების გენერალურ პროკურატურაზე დაქვემდებარების შედეგები, მაგრამ, როგორც ჩანს, სტეფანიშინასა და ერმაკთან დაკავშირებული საქმეების პოტენციური გამოქვეყნებით გამოწვეული რისკები უფრო სარისკოდ მიიჩნია. საბოლოოდ, უკრაინული სამოქალაქო სექტორისა და დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებებმა ზელენსკი იძულებული გახადა უკან დაეხია.

უკრაინას ამ კონფლიქტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და კერძო დონორებისგან მიღებული აქვს 400 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო, არასამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის. მაგალითად, უორენ ბაფეტის შვილმა 500 მილიონი დოლარი შესწირა. ამ კოლოსალურ დახმარებებში კორუფციის წილის გარკვევას არაერთი დასავლური ორგანიზაცია ცდილობს. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპის ინიციატივით საგამოძიებო ჯგუფიც კი დაიქირავა, რათა გამოეთვალათ კორუფციის ინდექსი.

საუბარია 80 მილიარდი დოლარის არამიზნობრივ გამოყენებაზე. როგორ ნაწილდება ეს თანხა, არავინ იცის, რადგან დასავლეთში ამ თემაზე საუბარი უკრაინის დისკრედიტაციის შიშით გარკვეულწილად ტაბუირებულია. თუმცა ტაბუ კონფლიქტის დასრულებისთანავე მოიხსნება. ზელენსკი ვარაუდობს, რომ სექტემბრისთვის რუსეთი შეიძლება ზავზე წავიდეს, რაც ავტომატურად ტაბუს გაუქმებას და მის წინააღმდეგ დაგროვილი ანტიკორუფციული დოსიეების გააქტიურებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ მიიღო წინასწარი ზომები.

- დღეს კონფლიქტის დასრულების არც გეგმა ჩანს და არც ულტიმატუმით დათმობის შანსი, მაშინ რას ეფუძნება ზელენსკის შიში?

- მსოფლიოში ცოტას სჯერა, რომ თუ ტრამპის ულტიმატუმი შესრულდება, პუტინი შეძლებს ომის ძველი ტემპით გაგრძელებას. ასეთი შესაძლებლობისთვის პუტინს ორი რამ სჭირდება: ჩინეთმა უნდა გააასამაგოს რუსეთის მომარაგება წლიურად დაახლოებით 120 მილიარდ დოლარამდე, რადგან სანქციების შემთხვევაში რუსეთს ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა ემუქრება; და მეორე - ტრამპის ულტიმატუმი მხოლოდ სიტყვიერ მუქარად უნდა დარჩეს.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამ ომში 15 მილიონამდე მსხვერპლის უპრობლემოდ გაღება შეუძლია.

- როგორც ვალდაიზე, ისე პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსმა სპიკერებმაც რამდენჯერმე თქვეს, 10-15 მილიონი კაციც შეგვიძლია შევწიროთო. ქართველმა ექსპერტებმა ეს რიტორიკა სიტყვასიტყვით გადაიღეს. რეალურად კი რუსეთს ფიზიკურად არა აქვს 15 მილიონი მამაკაცის გაღების რესურსი. არაკანონიერ სექტორში მყოფი პირების, მათ შორის პატიმრებისა და მარგინალიზებული ფენების საერთო რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია და ამ რესურსის დიდი ნაწილი უკვე ამოწურულია - თითქმის 700 ათასი კაცი დაღუპულია, უამრავი დაჭრილი და დაინვალიდებულია. ფაქტობრივად, რუსეთში მამაკაცების სერიოზული სასაკლაოა. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს აღარ ექნება ომის უმტკივნეულო ტემპით გაგრძელების რესურსი - უკვე შემოდგომისთვის მოუწევს ან მასობრივი მობილიზაცია, ან ომის დასრულებისთვის გზის ძიება. ასე აფასებს სიტუაციას თავად რუსეთის ხელმძღვანელობა.

- ე.ი. თქვენს ვერსიაში ზელენსკის არც ომის დასრულება აწყობს, არც ზავის დადება?

- ის, რასაც ზელენსკი აკეთებს, ჩვენს ინტერესებშიც შედის. ჩვენთვის, უკრაინის ბრძოლა და რუსეთის დასუსტება სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაგრამ შეცდომაა ზელენსკის გმირად გამოცხადება მხოლოდ იმის გამო, რომ კიევი არ დატოვა. უკრაინული ელიტის ნაწილს, სავარაუდოდ, თავად ზელენსკის ჩათვლით, ომის დასრულება არ აწყობს უპირველესად იმიტომ, რომ მას შეიძლება მოუწიოს პასუხისგება სამხრეთ უკრაინის გარკვეული ტერიტორიების რუსეთისთვის უპირობოდ ჩაბარებაზე. რუსებმა დნეპრი ყირიმის მიმართულებიდან გადალახეს და უკრაინის სიღრმეში 200 კილომეტრით გადაიწიეს. დნეპრის სამხრეთ და ჩრდილოეთ შენაკადებზე, ანტონოვის მთავარი ხიდის ჩათვლით, სულ 19 სტრატეგიული ხიდია. ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ხიდები განაღმული იყო. ვინ გასცა ამაზე ბრძანება? სწორედ ეს გახდა გამოძიების დაწყების მიზეზი ევროპელებისა და ამერიკელების ინიციატივით.

- თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უკრაინის უსაფრთხოების სტრუქტურებში რუსული სპეცსამსახურების გავლენა სერიოზული იყო. ხომ არ შეიძლება ეს დივერსიად ჩაითვალოს?

- როცა უშიშროების სტრუქტურაში ამდენი რუსი აგენტი გყავს და ამას გიბედავენ, ეს უკვე ცალკე, უმძიმესი თემაა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუსებს თავდაპირველი შეტევისას ჰოსტომელის აეროდრომი უნდა დაეკავებინათ. აეროდრომი დანაღმული იყო. ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე განაღმეს, მიზეზად დაასახელეს, რომ იქ მდგარი უზარმაზარი ექვსძრავიანი "მრია", ანტონოვის სატვირთო თვითმფრინავი, ევროპაში უნდა გაფრენილიყო.­ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი განაღმეს, თვითმფრინავი კი არსად გაფრენილა, ორ-სამ დღეში იქ უკვე რუსები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, ჰოსტომელის აეროპორტთან შეტევის პირველ ფაზაში, როცა უკრაინას­ ჯერ არ ჰყავდა მობილიზებული ჯარები, რუსებს ქართველები შეებრძოლნენ. მათი როლი კიევის დაცვაში უდავოდ გადამწყვეტი იყო.

რეალურად, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთზე არიან გადაბმული. რუბიომ ლავროვსაც პირდაპირ უთხრა, თქვენი გავლენიანი აღმოსავლეთუკრაინელი ელიტა იყო ის, ვინც პრეზიდენტად მოიყვანა და როცა ზავს არ აწერთ ხელს, სწორედ ამით უნარჩუნებთ მას სავარძელსო. ზავის დადების შემდეგ აუცილებლად დადგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ზელენსკის პოლიტიკურ გადარჩენას უკვე შანსი აღარ ექნება, მით უმეტეს, ისეთი სერიოზული კონკურენტის გამო, როგორიც ვალერი ზალუჟნია.

ომის ფაზაში მყოფი ქვეყნის ლიდერის დისკრედიტაცია სერიოზული დარტყმაა როგორც ფრონტისთვის, ისე მოსახლეობის მორალურ მდგრადობაზე. ამიტომ რუბიოს მიდგომა "შევეშვათ ომის დასრულებამდე" მართებულია. თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება. რუბიო შეხვდა უკრაინელ ტრამპისტებს, რომლებიც ზელენსკის წინააღმდეგ აქციების ორგანიზებას აპირებდნენ, და პირდაპირ უთხრა: თუ ახლა ზელენსკის გადააყენებთ, ჩვენ თქვენ შორის ვერავის დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის პოზიციაზე და ძალიან დიდი შანსია, ზელენსკი მასკის კანდიდატმა ჩაანაცვლოს და ტრამპიც მის მხარეს აღმოჩნდეს, ეს კი თქვენც ძვირად დაგიჯდებათ და ქვეყანასაცო.

- რა მოხდება შემოდგომაზე, როცა ზელენსკის საკითხი კვლავ დადგება?

- ზელენსკი ძალიან ნიჭიერი და მოქნილი ადამიანი აღმოჩნდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან გაძევების შემდეგ კვლავ შეძლებდა ურთიერთობის აღდგენას ტრამპსა და სხვა საკვანძო ფიგურებთან? მიუხედავად ამისა, დაუმეგობრდა ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებს და რუბიოს მეშვეობით მოიგერია მასკი. სექტემბერში ის აუცილებლად ეცდება რეალობას მოერგოს და კვლავ შეინარჩუნოს პოზიცია, მაგრამ არსებობს დაუძლეველი გარემოებები და მგონი, ეგეთ კატეგორიაში გადის რუსულ-უკრაინული ზავის საკითხი. როგორც კი ზავი გაფორმდება, ზელენსკის პოლიტიკური მისია, ფაქტობრივად, დასრულდება.

ხათუნა ბახტურიძე