რისგან "იცავს" ადამიანებს სოციალური დაცვა - კვირის პალიტრა

რისგან "იცავს" ადამიანებს სოციალური დაცვა

საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებისთვის 30-ლარიანი დახმარება დააწესა და ამით საქართველოს მოსახლეობის სოლიდური ნაწილის წინაშე (დაახლოებით 600 ათასი კაცი) თავისი მოვალეობა ამოწურულად მიიჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანმა თვეში ჭამისა და საერთოდ, არსებობისთვის, 30 ლარი უნდა იმყოფინოს, ხოლო ავადმყოფობისას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გამოიყენოს (ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებაზე). ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სისასტიკეა. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც, რომლებმაც უკვე კარგად უწყიან, რას ნიშნავს თვეში 30 ლარის იმედზე ყოფნა.

ამის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ ნაწილსაც სურს, სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მოიპოვოს და მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურებში განცხადებები შეაქვს, შემდეგ კი სოციალური სააგენტოების მუშაკებს უჩივის, რომ მაღალი სარეიტინგო ქულა მიანიჭეს და სოციალური დახმარება ვერ მიიღო. მაგალითად კი მეზობელი მოჰყავს, რომელსაც "მასთან შედარებით ყველაფერი ბევრი აქვს" (სოციალური დახმარების საკითხზე გაღვივებული შუღლი ნამდვილად იმსახურებს ფსიქოლოგების ყურადღებას). ზოგიერთმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ ხალხში ამ თემის გამო მათხოვრულმა ფსიქიკამ გაიღვიძა. თუმცა ალბათ ეს სიმართლე არ იქნება, - სახელმწიფოში, სადაც წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანს იმის გარანტიაც არ აქვს, რომ ის მცირე საარსებო წყაროც არ შეუწყდება, რაც გააჩნია.

ყველაზე დიდი საშინელება ავად გახდომაა, განსაკუთრებით, ბავშვის. უბრალო გრიპიც კი საკმარისია, რომ ოჯახმა მთელი თავისი ბიუჯეტი ამოწუროს. სერიოზული ავადმყოფობა კი არა მხოლოდ ოჯახისთვის იქცევა ტრაგედიად, არამედ მეზობელ-ნათესავებისთვისაც. ეს განსაკუთრებით სოფლებში ხდება, სადაც თითქმის არავის აქვს იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე ყოველდღიური ხარჯები მოითხოვს. ამ დროს იმ ბავშვების (და არა მხოლოდ) ბედი, რომელზეც სახელმწიფომ აიღო ხელი, მეზობლების ხელში გადადის, რომელთაც საკუთარი თავიც ვერ შეუნახავთ, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის დასახმარებლად ხალხმა ფული უნდა შეაგროვოს...

საბედნიეროდ, ურთიერთთანადგომის ასეთი მექანიზმი ჩვენში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, პრობლემები ნაწილობრივ მაინც გვარდება. თუმცა ის ფსიქიკური თუ ფიზიკური ტრავმები, რომელსაც ასეთ დროს ავადმყოფის პატრონი იღებს, სამუდამოდ გამოუსწორებელი რჩება და ამის მოწმე ყველა ჩვენგანია, მათ შორის მეც.

მსგავსი შემთხვევის მოწმე სულ ცოტა ხნის წინ გავხდი კასპის რაიონის სოფელ თვალადში. შოკში ჩავვარდი, როცა ცისნამი შარმანაშვილმა საათ-ნახევრიანი საუბრის შემდეგ შინ შემიყვანა და იქ სრულ სიბნელეში საწოლზე გაშოტილ ადამიანში ბავშვი შევიცანი. პირველად იმან გამაოგნა, რომ თურმე 7 წლის გოგონა ამდენი ხნის განმავლობაში გვისმენდა, მაგრამ იმდენად იყო დათრგუნვილი, დედისთვის დაძახებაც ვერ გაბედა! შემდეგ მისმა მდგომარეობამ შემძრა. საქმე ის არის, რომ ცისნამისთან სულ სხვა შემთხვევის გამო აღმოვჩნდი, - მისმა მეზობლებმა მთხოვეს, მივსულიყავი შარმანაშვილების სამშვილიან ოჯახში, სადაც სამი ობოლი ბავშვი, სიღარიბის მიუხედავად, სოციალურ დახმარებას ვერ იღებდა. გარდა ამისა, ცისნამის ორი შვილი სახლში ჰყავდა გაჩენილი, რის გამოც კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო რეესტრი ბავშვებს დაბადების მოწმობებს არ აძლევდა, შესაბამისად, პატარები სკოლაშიც ვერ დადიოდნენ. ამ აბსურდის მოგვარება, საბედნიეროდ, მარტივად შევძელით, მაგრამ პატარა ნინო შარმანაშვილის ჯანმრთელობის პრობლემის სრულფასოვნად მოგვარება, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ცისნამიმ მითხრა, ბავშვი სახლის სახურავზე სათამაშოდ აიპარა და იქიდან ჩამოვარდა.

- იმ დროს შინ ვიყავი და სახურავიდან ვარდნის ხმაც გავიგონე. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი იქნებოდა. გულმა არ მომითმინა და სახლის უკან გავედი. ბავშვი უგონოდ ეგდო, ხელი დავტაცე და უახლოეს მეზობელთან წავიყვანე. გონს ძლივს მოვიყვანეთ, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ლაპარაკობდა. მერე კასპში წავიყვანეთ ექიმთან. იქ ხერხემლისა და თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება მოგვთხოვეს, მაგრამ ამის ფული არ გვქონდა. მეზობლებმა 150 ლარი შეგვიგროვეს და ამით მხოლოდ თავის ქალა გადავუღეთ, მეტზე ფული არ გვეყო. ექიმებმა მითხრეს, რომ თავში მძიმე ფორმის დაჟეჟილობები და ტვინის შერყევაა განვითარებული, აუცილებელია ხერხემლის გადაღებაც, ბავშვს შესაძლოა ისიც დაზიანებული ჰქონდესო. ნინო ერთი თვეს სიბნელეში უნდა იწვეს გაუნძრევლად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები უნდა აჭამოთ, მაგრამ თუ ხერხემალიც დაზიანებულია და ბავშვი არ განიკურნა, ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებთო...

აქ კი ცისნამიმ ტირილი დაიწყო... საავადმყოფოების სიძვირემ ხალხი ვალებში ჩააგდო, ხოლო ვინც ფული სასესხებლად ვერ იშოვა, ავადმყოფობამ დააინვალიდა. მსგავსი მდგომარეობა, ავად გახდომის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის იმ აბსოლუტურ უმრავლესობას ემუქრება, რომელსაც დაზღვევა არ აქვს. ხელისუფლება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევას უახლოეს ოთხ წელიწადში გვპირდება, - პეტრეს მოსვლამდე თუ პავლეს ტყავი გააძრეს, პავლესთვის პეტრეს მოსვლას არანაირი აზრი აღარ ექნება. რაც შეეხება პატარა ნინო შარმანაშვილს, საბედნიეროდ, ის საწოლიდან კი წამოდგა, მაგრამ გამუდმებული თავის ტკივილები დარჩა, ეს კი გოგონას გამოჯანმრთელებაზე ნამდვილად არ მეტყველებს.

(სპეციალურად საიტისთვის)