გეგმების „ცვენა“ ანუ რა განსხვავებაა პრინციპულობასა და თვითდაზიანებას შორის?!
გასულ კვირას პროკურატურამ დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმის მაგივრად, მას ბრალი უკვე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ედება - ანუ ყველაზე ცუდ ვარიანტში 4-5 წლის მაგივრად, ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს. ასეთი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან ცნობილი მოვლენები დაიწყო, პირველად მოხდა. საზოგადოების ნაწილმა ეს გარკვეულ სიგნალად აღიქვა - ხომ არ აპირებს ხელისუფლება, რომ ნაკლებად ხისტი იყოს და ამით ქვეყანაში ჩუმი დაძაბულობა ცოტა ჩააცხროს?! ვნახოთ, დაველოდოთ, ეს ერთ ცალკე აღებულ ფაქტად დარჩება თუ ტენდენცია გაგრძელდება.
სხვათა შორის, 8 ივლისს თქვენი მონა-მორჩილი კვირისპალიტრა.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ("მიხეილ ყაველაშვილის უნიკალური ბერკეტი - რისი გაკეთება შეუძლია მას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად ჩაცხრეს?!") წერდა, რომ დაკავებულებისადმი დამოკიდებულების შეცვლა პოზიტიური სიგნალი იქნებოდა.
"გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს ოპოზიციის ლიდერები, თუ ისინი პირობას დადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციის ლიდერებმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შეწყალებაზე უარი განაცხადეს. გასაგებია, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკური მანევრი იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში სტაბილურად მძიმე კრიზისია, რომელიც როდის "იბუთქებს", არავინ იცის. ვფიქრობთ, სწორედ მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია საქართველოში დუღილის ტემპერატურის მეტ-ნაკლებად დაწევაში პოზიტიური როლის შესრულება. მას ამისთვის უნიკალური ბერკეტი აქვს - შეწყალების უფლება.
სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წელი მიუსაჯა, 21 წლის მათე დევიძეს - 4 წელი, ათეულობით ახალგაზრდა ელოდება განაჩენს, იქით, ბათუმში მზია ამაღლობელს ასამართლებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებების ლოგიკას თუ გავყვებით, დიდი ალბათობით, სხვა დაკავებულებსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება. იურიდიული დეტალების განხილვაში არ შევალთ, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ზემოხსენებული სასჯელები არაპროპორციულია. კერძოდ, განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ, ალბათ, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები კი არა, სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, რა ვითარება იყო და არის ქვეყანაში, რა გარემოებებში დააკავეს ახალგაზრდები, არიან თუ არა ისინი წარსულში ნასამართლევი, საზოგადოებისთვის საშიშები და ა.შ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა, რომ დიდი უბედურება არ მოხდა. ახალგაზრდები სწორედ იმ პერიოდში არიან დაკავებული (თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არ დაუკავებიათ ის ნიღბიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში დათარეშობდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ). მათ წარსულში კანონდარღვევა არა აქვთ და ვფიქრობთ, არც საზოგადოებისთვის საშიშები არიან.
თუ ყაველაშვილი ამ ახალგაზრდებს შეიწყალებს (სასჯელმისჯილებს და იმათაც, მომავალში თუ მიუსჯიან), პოლიტიკური კრიზისის შედარებით დაცხრომაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. რა თქმა უნდა, მან ოპოზიციის ლიდერებიც უნდა შეიწყალოს ყოველგვარი წინა პირობების გარეშე. გარდა ამისა, საზოგადოების დიდი ნაწილის გულსაც მოიგებს, რომელიც ამ ღირსეულ საქციელს აუცილებლად დაუფასებს. ასევე, კარგ საქმეს გაუკეთებს ხელისუფლებას - ოპონენტები და დასავლელი პოლიტიკოსები ვეღარ იტყვიან, რომ "ოცნებას" პოლიტპატიმრები ჰყავს. თუმცა უპირველესად ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი - სამშობლო კი ერთი გვაქვს ყველას, მიუხედავად იმისა, ბარიკადების რომელ მხარეს ვართ", - ეწერა "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც აქტუალურობა არც დღეს დაუკარგავს.
რას გეგმავს ოპოზიცია?!
გასულ კვირას გიორგი ვაშაძემ ციხიდან გამოგზავნა წერილი, რომელშიც ოპოზიციას (ბოიკოტისტებს) "გამარჯვების გზა" შესთავაზა (სხვათა შორის, ვაშაძეს გეგმების წერა უყვარს. 2022 წელს აცხადებდა, რომ მალე საქართველოს ხსნის გეგმას წარადგენდა. თუმცა წარადგინა თუ არა, ან რა ეწერა მასში, არავის ახსოვს). კერძოდ, ვაშაძე ფიქრობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია (თუ "ლელო" და გახარიას პარტია დათანხმდება, კი ბატონო, თუ არადა, მათ გარეშეო) უნდა გაერთიანდეს ერთი ბრენდის ანუ ერთი სახელის ქვეშ. გარდა ამისა, ამ გაერთიანებაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ იმ პარტიათა წარმომადგენლებიც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს. ასევე, ვაშაძეს სურს აქ იხილოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პაატა ბურჭულაძე. მისი აზრით, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. ვაშაძის აზრით, ამ გაერთიანებამ ალტერნატივა უნდა აჩვენოს მოსახლეობას, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების საწინდარი იქნება. ერთიანობაზე საუბრობს ზურა "გირჩი" ჯაფარიძეც ციხიდან გამოგზავნილ წერილებში.
ამ გეგმას აკლია მთავარი - როგორ აპირებს ერთი ბრენდით გაერთიანებული ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას?! მთავარი ხომ ეს არის ოპოზიციონერი ლიდერებისთვის?! მთავარ კითხვაზე პასუხი არ არის. ვთქვათ, გაერთიანდნენ, სალომე ზურაბიშვილიც ჩაუდგა სათავეში და რა ხდება 4 ოქტომბერს?! "ოცნება" დაინახავს, არიქა, გაერთიანდნენო, შეეშინდება და საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს?! თუ ხალხი ისე აღფრთოვანდება მათი გაერთიანებით, რომ არც ერთი არ წავა არჩევნებზე და ბოიკოტი შედგება?!
არც ერთი მოხდება და არც მეორე. "ოცნება" საარჩევნო ყუთებთან თავის ამომრჩეველს მიიყვანს, "ლელო" და გახარია - თავისას. არჩევნები შედგება, ოღონდ ბოიკოტისტები ხაზარაძესა და გახარიას შეუშლიან ხელს, "ლელო" და ყოფილი პრემიერი კი - ბოიკოტისტებს. და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, თავადვე განსაჯეთ. ეს გეგმა კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა იქნებოდა. კერძოდ, ასეთი დიდი ერთობა სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მართლაც გაუჩენდა მოსახლეობის ნაწილს იმედს, რომ ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ერთიანი კანდიდატები ყველა ქალაქში და სალომე ზურაბიშვილი თბილისში - აი, მაშინ ოპოზიციისთვის ბრძოლას აზრი ექნებოდა (თუმცა თავს უფლებას მივცემთ და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ გახარია არც ამ გაერთიანებაში იქნებოდა).
ვაშაძემ თავის შეთავაზებაზე პასუხი უკვე მიიღო. გასაგებია, რომ ზურა "გირჩი" ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია მზად არიან გაერთიანებისთვის, მაგრამ "ნაცმოძრაობისა" და უშუალოდ გვარამია-მელიას პარტიის გარეშე არაფერი გამოვა. "ნაცმოძრაობის" სპიკერმა ანა წითლიძემ კი განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა მაგიდასთან და რა დიდ გაერთიანებას უნდა უხელმძღვანელოსო, იქვე დასძინა, "ლელო" და გახარია აზრზე არ არიან, ქვეყანაში რა ხდებადა ამომრჩეველს კონდიციონერიანი ოთახებიდან ელაპარაკებიანო.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ივლისის დამდეგს მანაც წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ოპოზიციის გაერთიანებას "ქართული ქარტიისა" და წინააღმდეგობის პლატფორმის გარშემო, ოღონდ ვაშაძისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილმა მიანიშნა, როგორ შეიძლებოდა დანიშნულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები - ხელისუფლება ჩამოიშლებაო. ამ გეგმის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ნაწილისგან ისეთი ბულინგი მიიღო, ალბათ, თვითონაც აღარ აქვს წინააღმდეგობის პლატფორმაზე მათი ხილვის სურვილი. რა აქვთ საერთო სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი ვაშაძის გეგმებს?! არც პირველი განხორციელდა და ვერც მეორე განხორციელდება.
პოლიტიკას თეორიული გეგმების წერა არ უყვარს. პოლიტიკას უყვარს არსებული ვითარების რეალურად გაანალიზება და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ერთია პრინციპულობა და მეორე - უაზრო და დამაზიანებელი გაჯიუტება. თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, სწორედ ასე იქცევა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე. დაზიანების მეტი არაფერი მოაქვს იმას, რომ სადაც ბრძოლაა საჭირო, იქ პასიურ მდგომარეობაში ხარ ვითომდა ბოიკოტის გამო, ხოლო სადაც პასიურობაა საჭირო, იქ ხელ-ფეხს იქნევ.
ოპოზიციის ნაწილი აქტიურ ბოიკოტზე საუბრობს და გაუგებარია, კონკრეტულად ეს როგორ წარმოუდგენიათ. საარჩევნო უბნების ბლოკირება კანონდარღვევაა და ამას დაკავებები მოჰყვება. სოფელ-სოფელ სიარული და ბოიკოტისკენ მოწოდება კი მხოლოდ იმას მოიტანს, რომ ხაზარაძე-გახარიას ოპოზიციური ალიანსის ყულაბაში ნაკლები ხმა ჩავარდება.
სხვათა შორის, ზოგიერთ ოპოზიციონერს უცნაური და ბავშვური იდეებიც "აწუხებს". მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი 200.000 დოლარს სთავაზობს ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც "ოცნების" ლიდერშიფზე კომპრომატებს გადასცემს და მათ მხარეს გადავა. იდეა "აიტაცა" მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დააზუსტა, ფულს მერე მოგცემთ, ხელისუფლება რომ შეიცვლება და მოპარულ ფულს დავაბრუნებთო. პარალელურად, პაატა ბურჭულაძემაც ისაუბრა გეგმაზე ერთ-ერთ გადაცემაში - 4 ოქტომბერს ხალხი შეიკრიბება, მშვიდობიანად დაამხობს ხელისუფლებას და 5 ოქტომბერს სხვა ქვეყანაში გავიღვიძებთო. ზოგჯერ მართლაც შეიძლება შეგეპაროს ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს ასეთი განცხადებებით.
რა ხდება ბრიუსელში?!
გასულ კვირას რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, შეუწყვეტს თუ არა ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობას უვიზო რეჟიმს.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით "რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს".
"თუმცა ევროკომისიამ თბილისს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?" - წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არაპოპულარულია: "იტალიის ხელმძღვანელობით დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება".
სხვათა შორის, საქართველოსთან დაკავშირებით იოზვიაკის ყველა პროგნოზი ამხდარა. იმედია, ესეც ახდება და ევროკავშირი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უსამართლოდ დააზიანებს.
გიორგი კვიტაშვილი